საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პოლიციის მაღალჩინოსანი „მთის ამბების“ რედაქტორს ფულის გამოძალვაში ადანაშაულებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:56 - 14 სექტემბერი 2023 hits 11223
ტარიელ ჩიხაშვილი, დუშეთის პოლიციის განყოფილების უფროსი
ახალი ამბები
ტარიელ ჩიხაშვილი, დუშეთის პოლიციის განყოფილების უფროსი

„შენ ხალხს ფულს სძალავ. შენ არც საქართველოზე ფიქრობ, არც ხალხზე ფიქრობ. ფულის მეტს არაფერს შოულობ ამ გაშუქებით. სოფლელ ხალხს ფულს სძალავ. შენა ხარ ეგ კაცი. ...მაღლა ფრინავ. შენ ხევსურეთში არ უნდა გიშვებდნენ“, - შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის სამმართველოს განყოფილების უფროსმა ტარიელ ჩიხაშვილმა, „მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულა.

ფულის გამოძალვა სსკ-ის 181-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა და სასჯელის სახით, ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად, პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებისგან. პოლიციელმა უნდა შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება.

სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია დანაშაულის შეუტყობინებლობაც - მოხელის შემთხვევაში სამსახურებრივი გულგრილობა, რომ მას დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ან აქვს და არ ახორციელებს სათანადო საგამოძიებო ქმედებებს, რითიც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები ილახება.  

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ პასუხობს „მთის ამბების“ შეკითხვას, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ ან მასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე საჩივარი ან განცხადება შესული შსს-ში ფულის გამოძალვასთან დაკავშირებით და მიმდინარეობს თუ არა გამოძიება.

„მთის ამბები“ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს“, საჯაროდ იქნას უარყოფილი გავრცელებული არასწორი, შეურაცხმყოფელი ინფორმაცია, რომლითაც განზრახ შეილახა ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის ღირსება და პატივი, ასევე, „მთის ამბების“ საქმიანი რეპუტაცია.

ჟურნალისტი, 9 სექტემბერს, საზღვრისპირა ხევსურეთის უშუქო სოფლების მცხოვრებლების მიერ გამართული მეორე საპროტესტო აქციის გასაშუქებლად იმყოფებოდა. მდინარე როშკის ხიდთან, სადაც აქცია უნდა გამართულიყო, იმაზე ბევრად მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული, ვიდრე აქციის მონაწილე. პოლიციელები ქვათაცვენის საბაბით ცდილობდნენ შეკრებაში მონაწილეობის მსურველი პირების შეფერხებას და არხოტის გადასახვევთან გზა მანქანებით გადაკეტეს. სინამდვილეში, ბარისახოდან როშკის ხიდამდე, იქ, სადაც აქცია უნდა ჩატარებულიყო, ქვათაცვენა არსად იყო.

ხევსურეთის 20-ზე მეტ სოფელში ხალხი ლამფის შუქზე ცხოვრობს. ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, „მთის ამბებმა“ გამოავლინა, რომ მაშინ, როცა ხევსურეთის დაცლილ სოფლებში შემორჩენილ ადამიანებს შუქი არ აქვთ, როშკის ხეობაში ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ახალაშენებულ ჰესებში კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმები იყო მოწყობილი.

„მთის ამბებს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან სასამართლო დავა აქვს იმის გამო, რომ სამინისტრო არ იძლევა საჯარო ინფორმაციას - რატომ ჩამორჩება 20, 30 და 40 %-თაც კი, არაერთი ახალაშენებული ჰესის ფაქტობრივი გენერაცია თავდაპირველად პროექტით გათვალისწინებულს. „მთის ამბები“ უწყებიდან სხვადასხვა დოკუმენტს ითხოვს. ჰესებში კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმების მოწყობაზე რეპორტაჟის გამოქვეყნების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო იძულებული გახდა ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანია 30 ათასი ლარით დაეჯარიმებინა, ჰიდროელექტროსადგურებში კი კრიპტოვალუტის ფერმების დემონტაჟი მოხდა და გამომუშავებული ელექტროენერგია სახელმწიფო სისტემას მიეწოდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის სამმართველოს მაღალჩინოსნის მიერ გაკეთებული ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებების მსგავსი მუქარებით უტევდნენ „მთის ამბების“ რედაქტორს რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გაშუქებისას.

„ქართული ოცნების“ მიერ „მთის ამბების“ წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული კამპანია საფრთხეს უქმნის ჩვენი ჟურნალისტების ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და პროფესიულ საქმიანობას. პარლამენტის თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის და სხვა საჯარო პირების დაუსაბუთებელი და უპასუხისმგებლო განცხადებები ახალისებს ძალადობის სახიფათო ფორმებს.

ამ თემაზე - „მთის ამბების“ რედაქტორმა შს სამინისტროს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში