საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ამ ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით, სტიქია ყველგან ხდება - გარემოს დაცვის მინისტრი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:58 - 07 აგვისტო 2023 hits 2513

„სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა, რომელსაც თავიდან ვერ ავიცილებდით. ადრეული გაფრთხილების სისტემები რომც ყოფილიყო დამონტაჟებული, იმდენად სწრაფად მოხდა ეს პროცესები, შეიძლება მაინც ვერ ყოფილიყო ეფექტური. მყინვარის დნობა არის კლიმატის ცვლილების შედეგი, რაც გამოწვევაა მთელს მსოფლიოში. სტიქია ხდება ყველგან. ჩვენ ვაკვირდებით, რომ განვითარებულ ქვეყნებში, სადაც გაცილებით უფრო მეტად არის ეს სისტემები, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისინი ვერ ახერხებენ სტიქიის პრევენციას. ეს სამწუხაროა, რა თქმა უნდა, მაგრამ ასეა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, შოვში 3 აგვისტოს მოვარდნილ ღვარცოფზე, რომელმაც კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა. 7 აგვისტოს მონაცემებით, დაღუპულია 18 და დაკარგულია 16 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ზოგიერთი შეფასება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გუშინ გამოქვეყნებული პირველადი დასკვნიდან:

  • სტიქია დაიწყო შემდეგნაირად - მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოვიდა, შეეჯახა მყინვარს და მოხდა გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შემდგომში უკვე გამოიწვია თანმდევი მეწყრული პროცესები, მერე კი ეს ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში. ჩვენი სპეციალისტების გათვლებით, 8-10 წუთის განმავლობაში მოხდა ეს პროცესი, ვიდრე ის ჩავიდოდა სტიქიის ზონაში.
  • მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ასევე იყო საუბარი, რომ იქ ადგილი ჰქონდა ორდღიან დაგუბებას და ა.შ. სხვადასხვა არასწორი ინფორმაცია გვესმოდა ჩვენ ამ დღეების განმავლობაში.
  • მდინარე ჭანჭახზე არსებობს ჰიდროლოგიური სადგური, რომლიდანაც აღებული მონაცემებით, მდინარეზე არც სტიქიამდე და არც სტიქიის პერიოდში ასე ვთქვათ წყლის დონის სხვაობა არ ფიქსირდება. ამის საფუძველზე სპეციალისტები ამბობენ, რომ იქ, რაიმე სახის დიდ, ხანგრძლივ შეგუბებას ადგილი ვერ ექნებოდა, რადგან ეს პირდაპირ აისახებოდა მდინარის ხარჯისა და დონის მაჩვენებელზე.

მინისტრმა განმარტა, რატომ არ იყო ბუბას ხეობაში ადრეული გაფრთხილების სისტემები დამონტაჟებული: „ეს ხეობა არ იყო მიჩნეული კრიტიკულად საშიშ ხეობად, ვინაიდან, ბოლო 100 წლის განმავლობაში აქ არ იყო რაიმე, ღვარცოფული ან კატასტროფული მოვლენა არ ფიქსირდებოდა.

რაჭა, რა თქმა უნდა არის გარკვეული ღვარცოფებისა და რისკების შემცველი, თუმცა კონკრეტულად ამ მონაკვეთში, ამ ანალიზიდან გამომდინარე, არ იყო შეფასებული როგორც ვთქვით, ასეთი კატასტროფის განვითარების რისკი. შესაბამისად ვერ იქნებოდა განხილული, რომ პირველივე შემთხვევაში აქ უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემები.

ჩვენ ძალიან აქტიურად დავიწყეთ ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში მონიტორინგის მთელი ქსელის განვითარება. აბსოლუტურად არ არსებობდა, მოშლილი იყო სრული სისტემა. ნულიდან დავიწყეთ ამის კეთება. 2014 წლიდან დაიწყო ეს პროცესი და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ქვეყანაში მონიტორინგის სისტემა სრულად მოშლილი იყო. ჩვენ არ გვქონდა არც მეტეოროლოგიური სადგურები, არც ჰიდროლოგიური სადგური. ეს არ არის ერთ დღეში ან ერთ წელიწადში განსახორციელებელი საქმე, თუნდაც რომ გვქონდეს ყველანაირი დაფინანსება. ძალიან დიდი ბიუჯეტიც კი არ ეყოფა, რომ ყველგან ყველაფერი... არც არის ეს მიზანშეწონილი. სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ, სად რა ღონისძიებები უნდა გატარდეს, მიზანშეწონილი უნდა იყოს ამ სისტემების დაყენება იმ ხეობებში“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში