საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შს სამინისტრომ დაადასტურა, რომ შოვში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:59 - 03 აგვისტო 2023 hits 14689

„მთის ამბების“ ინფორმაციით, კურორტ შოვში დღეს განვითარებულ სტიქიურ პროცესებს მსხვერპლი მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ სტიქიის ზონაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

„მთის ამბები“ შოვში მყოფ რამდენიმე ადამიანს ტელეფონით ესაუბრა, რომლებიც ოჯახის წევრებს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის გამო შოვში დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და კურორტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შესაბამისად, იქ მყოფ პირებთან კომუნიკაცია გართულებულია.

სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ დაღამებამდე 3 ფრენა შესრულდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:15 საათზე ჩამოწვა, რამაც ხეობაში ღვარცოფი გამოიწვია. აქტიური სტიქიური პროცესები საათზე მეტხანს გაგრძელდა. კურორტის ტერიტორიაზე სასტუმროები და კოტეჯები ჭალაშია აშენებული, ღვარცოფმა კი მთელი ჭალის ტერიტორია მოიცვა. განადგურებულია მცირე ზომის რამდენიმე კოტეჯი, დაზიანდა სასტუმროებიც. ღვარცოფმა ავტომობილები წაიღო.

სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია თითქმის 3 საათის დაგვიანებით დაიწყო.

შოვამდე მისასვლელი ერთადერთ სამანქანო გზაზე ღვარცოფმა ხიდები დაანგრია. მაშველებმა სტიქიის ზონაში შესვლა მხოლოდ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოახერხეს.

მოსალოდნელი სტიქიური პროცესების შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს მოსახლეობა გაფრთხილებული არ ჰყავდა.

გარემოს ეროვნული სააგენტო ახლა ავრცელებს ინფორმაციას, რომ 3 აგვისტოს დღის ბოლოდან 5 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონებში (განსაკუთრებით კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში