საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჩრდილოეთ საქართველოს გული უკვე რუსეთის კონტროლის ქვეშაა - ზაქარეიშვილი რაჭის ტყეებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:00 - 24 ივლისი 2023 hits 4126

„რუსეთი ჩქარობს. ჩქარობს არამხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვიდრე ჯერ კიდევ გავლენიანი სახელმწიფოა საქართველოსთვის, უნდა მიისაკუთროს მიწები, ტყეები. რაც არ უნდა ლამაზად გააფორმო მიწის გასხვისება, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ვერც გააფორმებ. მიწას ასხვისებ სად, ვისზე? რუსეთზე. ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორია უკვე მიკუთვნებული აქვს რუსეთს და ამას ებმის რაჭის ნახევარი მაინც. მთელი ჩრდილოეთ საქართველოს ცენტრალური გული უკვე რუსეთის კონტროლის ქვეშაა“, - აცხადებს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

 - ბატონო პაატა, რა საფრთხეებს გვიქმნის პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გადაცემა - 104 712 ჰექტარი, 2071 წლამდე.

- დიდი საფრთხეა. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი საქართველოს ეკონომიკურად ითვისებს. ამის სამწუხარო მაგალითი სომხეთია. სომხეთში ახლა ანტირუსული მოძრაობა დაიწყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა, რომ რუსეთი სომხეთს მის მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად არ ეხმარება. როგორც კი პროტესტი იწყება, ვიღაცები ამბობენ არგუმენტს, რომ რას ხმაურობთ, მთელი სომხეთი ეკონომიკურად ჩაბმულია რუსეთზე, ერთი ხელის მოსმით დაახრჩობს რუსეთი სომხურ ეკონომიკას. ასეთი პროცესი მიდის საქართველოშიც, ნელა-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ლუკმა-ლუკმა, სხვადასხვა ფორმით.

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ტყეებთან და მიწასთან. თითქმის ამ ტიპის ღონისძიება ხორციელდება აფხაზეთში ბიჭვინთის მონაკვეთზე. ბიჭვინთაში იყო სახელმწიფო, საბჭოთა აგარაკები, რომლებიც უკვე დანგრეულია, ამორტიზებულია და იქ ცხოვრება შეუძლებელია. ეს ნაგებობები რუსეთს ეკუთვნის, რადგან მათ ააშენეს. ახლა რუსეთს უნდა, აგარაკების გარშემო მთელი ბიჭვინთის ტყე მიითვისოს. ეს პირველი შემთხვევაა აფხაზეთში. ამდენ ხანს შენობა ეზოსთან ერთად რუსეთს ეკუთვნოდა, რაც ნებისმიერ შემთხვევაში უკანონობა იყო, მაგრამ აფხაზები ამას იტანდნენ. ახლა მთელი ტყის მითვისება მოინდომეს. მოგეხსენებათ, ბიჭვინთაში უნიკალური ტყეა, ამითაა ცნობილი. იქაც 50 წელზეა ლაპარაკი. აფხაზები ეწინააღმდეგებიან რუსეთისთვის ბიჭვინთის ამ უნიკალური ტყე-პარკის 50 წლით გადაცემას. დაახლოებით ამ ტიპის ქცევასთან გვაქვს საქმე რაჭაში.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსული კონტექსტი რაჭის უნიკალურ ტყეს ითვისებს. ვიღაც იტყვის, რომ ხიდაშელი არის ქართველი ბიზნესმენი, მაგრამ უკვე კარგად გამოაშკარავდა, ძალიან არ უნდა გინდოდეს, იცოდე, რომ ხიდაშელი არის რუსი ბიზნესმენი.

ის გარეჯის საქმეშიც იყო ჩართული და გმირად შერაცხეს. რაღაც ბანალური რუკები ჩამოიტანა, რომელიც ყველგან არსებობს. ჩემს ოთახშიც კი უამრავი ამ ტიპის რუკაა განთავსებული. ამით შემოიყვანეს საქართველოში, გააპიარეს როგორც ქართველი ბიზნესმენი, როცა არაფერი მას ქართული არ აქვს, გარდა გვარისა. მისი ბიზნესი არის რუსული.

მისი სახელით და მისნაირი, რუსეთში მოღვაწე რუსი ბიზნესმენების მეშვეობით, რუსეთს სურს, საქართველო ეკონომიკურად მაქსიმალურად ჩაიბას. როცა დადგება დრო და „ქართული ოცნება“ არ იარსებებს, ღმერთმა ქნას, ეს მალე მოხდეს, უკვე საქართველოს ახალ ხელისუფლებას რომ გაუჭირდეს ამ ბმების ჩაჭრა.

მე ამას ვხედავ. ჩვენ გვაქვს სხვა უნიკალური მხარეები, ტყის მასივები, სადაც ნებართვა არის და საქართველოს თუ უცხოეთის ბევრი მოქალაქე ნადირობს. რუსეთის საზღვარზე, რუსი ბიზნესმენისთვის ასეთი დიდი ტერიტორიის გამოყოფა, სერიოზულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფრთხეებს შეიცავს, როცა აღმოჩნდება, რომ ჩვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული ბიზნესის საკუთრებაშია.

- ხიდაშელის კომპანიისთვის გადაცემული ტყეები ახლოსაა საოკუპაციო ხაზთან, ასევე, საქართველო-რუსეთის საზღვართან. ვიცით, რომ მამისონის უღელტეხილი 2009 წლიდან რუს სამხედროებს აქვთ ოკუპირებული. მამისონზე გადის ე.წ. ოსეთის სამხედრო გზა, რომელიც საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთს (ალანია) აკავშირებს. ამ გზის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობდა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი დავით საგანელიძე, არც ისე დიდი ხნის წინ, 2020 წლის 2 სექტემბერს, ონში, მოსახლეობასთან შეხვედრისას. რუსეთის მხარეს ამ გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. გასული წლის ბოლოს, ნიჟნი ზარამაგამდე, რომელიც მამისონის უღელტეხილთან მდებარე უახლოესი ადმინისტრაციული ცენტრია, ნახევარკილომეტრიანი გვირაბიც გახსნეს.

- ჩვენ გვაქვს უნიკალური კურორტი გუდაური და კარგად ვიცით, რომ გუდაურს ხშირად, უფრო მეტადაც კი, რუსი ტურისტები იყენებენ. დარწმუნებული ვარ, ასეა დაგეგმილი, რომ ამ ტყეებს, რაც ხიდაშელს გადაეცა, პირველ რიგში რუსეთის მოქალაქეები, რუსი მონადირეები გამოიყენებენ, რომლებიც აქ თავისი ინტერესების რეალიზაციას ახდენენ. ყველაფერი რომ წესრიგში გვქონდეს და აშკარად არ ჩანდეს, რომ ყველა მიმართულებით, ყოველდღიურად რუსეთს ვებმით, პოლიტიკა იქნება, გეოპოლიტიკა, ეკონომიკა თუ კულტურა, მხოლოდ ეს ეპიზოდი შეიძლება საკამათოც ყოფილიყო - რამდენად გვაბამს ჩვენ ეს რუსეთს. მაგრამ, როცა მთელ კომპლექტში ვიღებთ ამ ბმებს და ზემოდან ვუყურებთ, ეს ძალიან ბუნებრივად და ორგანულად ჯდება იმაში, რომ ამ მონაკვეთზეც რუსეთის ინტერესების რეალიზაცია ხდება.

ჩვენ იმდენი ბმა გვაქვს რუსეთთან, განსაკუთრებით ენერგეტიკაში, საერთო ნუსხაში რომ ვთქვათ, რომელია ყველაზე უფრო სერიოზული ბმა რუსეთზე და ჩამონათვალი გავაკეთოთ, არა მგონია ეს პირველ ხუთეულში მოხვდეს. სამწუხაროდ, ეს ადგილები უკვე დაკავებულია, მაგრამ პირველ ათეულში იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტყესთან ქართული მოსახლეობის ბმა. ადგილობრივი ხალხი, რომელიც მიჩვეულია თავისი ტყის გამოყენებას, იქნება ეს ზომიერი ფორმით შეშის მოპოვება თუ სხვა. ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი, როგორც ადგილობრივი, ასევე, ჩასული, იქ ისვენებს. რაჭაში დასვენება ერთ-ერთი საუკეთესო და მოთხოვნადია. ეს მიუწვდომელი გახდება. ტყესთან იქნება ღობეები, ნიშნები, სადაც უკვე აშკარად გამოჩნდება, რომ ბევრ ადამიანს არ შეესვლება.

როცა საქართველო რუსეთისგან დისტანცირებას დაიწყებს, ერთ-ერთი მტკივნეული და რთული საკითხი იქნება, როგორ გამოვისყიდოთ ამხელა ტყე, თუ არ დადგა რამე სერიოზული რევოლუციური გადაწყვეტილებები, მაგალითად, ჩამორთმევა. ვერ წარმომიდგენია, როგორც შეიძლება სამართლებრივი ფორმით ამის უკან დაბრუნება.

რუსეთი ჩქარობს. ჩქარობს არამხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რა პრობლემა აქვს მას, აფხაზეთი განკარგოს. მიუხედავად ამისა, ჩქარობს, მიისაკუთროს რაღაცები. აშკარად ატყობს, რომ უკრაინაში წაგების შემდეგ, მას შეიძლება ბევრ რამეზე უარი ეთქვას. ვიდრე ჯერ კიდევ გავლენიანი სახელმწიფოა საქართველოსთვის, იგივე აფხაზეთისთვის, უნდა მიისაკუთროს მიწები, ტყეები. აფხაზეთში სანაპიროებზეცაა ლაპარაკი. ეს შემდეგ ძვირი დაუჯდება საქართველოს, როცა იგი მოახერხებს შერიგებას აფხაზურ მხარესთან. იმედია, ეს დროც მალე დადგება. იქაც დაგვხვდება ეს გადაწყვეტილებები.

ხიდაშელისნაირი ოპერაციები ხორციელდება სხვა ადგილებშიც. ეს პატარ-პატარა საქმეები დიდ ტერიტორიებს მოიცავს.

მერე მოგვიწევს ამაზე ცალკე მუშაობა. ერთი არის კონფლიქტის მოგვარება, მეორე - რუსების გასტუმრება, მესამე კი იმ ნაღმების განაღმვა, რასაც რუსეთი დაგვიტოვებს ჩვენს ტერიტორიაზე, რაც სულაც არ იქნება იოლი. იმედია მე ამას მოვესწრები, მაგრამ ეს დროში გაწელილი იქნება.

- ხელისუფლებამ ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემის გადაწყვეტილება საზოგადოებისგან სრულიად ფარულად მიიღო. გასაიდუმლოებული ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლო დავა „მთის ამბებმა“ ერთი წლის წინ წამოიწყო. ხელისუფლება ამ დრომდე არ გვაძლევს დოკუმენტების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც კანონის თანახმად, საჯაროა. რისი ეშინია მთავრობას?

- ეს ჩვეულებრივი ამბავია „ქართული ოცნებისთვის“. ამის ყველაზე საშინელი ნიმუშია ის რუსული კანონი, ვითომ ჯაშუშების შესახებ, რომლებიც ვითომ დემოკრატიულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობენ. მოულოდნელად დააყენეს დღის წესრიგში და რომ არა ქართული საზოგადოების ამოსუნთქვა და ქუჩაში გამოსვლა, ეს კანონი დაკანონდებოდა. ამის ეშინიათ „ქართულ ოცნებაში“.

ქართველებს მიწის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. მიწა ყველაზე ძვირფასი ღირებულებაა, რაც ქართველებს ერთმანეთთან გვკრავს. რაც არ უნდა ლამაზად გააფორმო მიწის გასხვისება, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ვერც გააფორმებ. მიწას ასხვისებ სად, ვისზე? რუსეთზე. ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორია უკვე მიკუთვნებული აქვს რუსეთს, იმედია, დროებით და ამას ებმის უკვე რაჭის ნახევარი მაინც. მთელი ჩრდილოეთ საქართველოს ცენტრალური გული უკვე რუსეთის კონტროლის ქვეშაა. რა თქმა უნდა, გამოხსნა იქნება რთული. ამიტომ მალავენ ამ ფაქტს, უამრავ სხვა ფაქტსაც. როდესაც საქმე შედგება, უკვე მერე ხდება ამის გამოაშკარავება, სასამართლოს გამოყენებით ან თუ ვიღაც პატიოსანი ადამიანი გამოიტანს რამე ინფორმაციას. საზოგადოების მღელვარების შეეშინდათ და ამიტომ დამალეს ყველაფერი“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში