საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რაჭის ტყეების ოკუპაცია [ჟურნალისტური გამოძიება]

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:48 - 17 ივლისი 2023 hits 72326

ეს დაუჯერებელი ამბავი რაჭველებმა ერთი წლის წინ გაიგეს. რაჭის მესამედი ნახევარი საუკუნით პუტინის გარემოცვასთან დაახლოებულ დავით ხიდაშელს გადაეცა.

ამბროლაური, ონი, ნიკორწმინდა, ურავი, მრავალძალი, შქმერი, უწერა, ჭიორა, ღები, გლოლა, პიპილეთი, წედისი, ირი და რაჭის კიდევ 70 სოფლის ირგვლივ არსებული ტყეები ერთი კაცის გამგებლობაში აღმოჩნდა.

 

ევტუშენკოვის მეგობარი და ხელქვეითი

დავით ხიდაშელი - რუსული კორპორაცია „სისტემის“ ვიცე-პრეზიდენტი 2007-2014 წლებში. „სისტემა“ ყირიმის ანექსიის მხარდამჭერი მსხვილი კონგლომერატია. მის შემადგენლობაში შედის მობილური ტელესისტემების რუსული კომპანია, ხე-ტყის საწარმო, კლინიკების ქსელი და სხვა. მასვე ეკუთვნის კომპანია „კრონდშადტი“, რომელიც 2021 წლიდან სამხედრო დრონებს აწარმოებს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ემსახურება.

„სისტემის“ მფლობელი ვლადიმერ ევტუშენკოვია - 2022 წლიდან სანქცირებული დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, უკრაინის, ახალი ზელანდიის მიერ. ევტუშენკოვი პუტინის უახლოესი გარემოცვაა.

უკრაინაში ომის დაწყების დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს, როცა პუტინი ოლიგარქებს შეხვდა, ევტუშენკოვი პირველ რიგში, მესამე სკამზე იჯდა. დავით ხიდაშელი ამ კაცის მეგობარი და ხელქვეითია.

„დიახ, ჩემი მეგობარია ვლადიმერ ევტუშენკოვი, რომელსაც ვიცნობ 30 წელიწადზე მეტია“, - ადასტურებს ხიდაშელი. ამჟამად ის „ინტრაკომ ტელეკომ სოლუშენის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობს. ეს კომპანიაც ევტუშენკოვის „სისტემასთან“ არის დაკავშირებული.

ერთი წლის წინ გავრცელებული ფარული ჩანაწერის მიხედვით, ხიდაშელი „მესენჯერი“ იყო ევტუშენკოვსა და ივანიშვილს შორის.

- ივანიშვილი: ვალოდია, გამარჯობა.

- ევტუშენკოვი: ბორინკა, გამარჯობა ძვირფასო.

- ივანიშვილი: მიხარია შენი ხმის გაგონება.

- ევტუშენკოვი: ბორია, კი, კი. მეც ძალიან მიხარია.

- ივანიშვილი: სიტუცია ძალიან სასიხარულო არ არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, რას იზამ.

- ევტუშენკოვი: სხვა რა გზაა. ცხოვრებამ იმდენი გვცემა, რომ გამძლეობას მიგვაჩვიეს. ბორია, არის იდეა, რომელიც მინდოდა... დავითი ჩამოიტანს. ნუ, შენ ნახე ალი...

- ივანიშვილი: კი, კი, კი!

- ევტუშენკოვი: უზდენოვი... მარცვლეულთან დაკავშირებით. ეს შენთვისაც საინტერესოა და სხვებისთვისაც, მაგრამ თუ შენ ამ საქმეში ჩაერთვები, წავალ ამ საქმეზე.

- ივანიშვილი: ოქეი. დავითთან? დარეკავს?

- ევტუშენკოვი: არა, ალი ჩემს წინ ზის. უბრალოდ, ის და დავითი ჩამოვლენ იქ.

- ივანიშვილი: ოქეი, კარგი. აქ დავხვდები“.

ევტუშენკოვმა და ხიდაშელმა ჩანაწერის ნამდვილობა ნაწილობრივ დაადასტურეს.

„პირველი შემთხვევაა, როცა უნიკალურ ტყეს ითვისებს რუსული კონტექსტი.

ვიღაც იტყვის, რომ ხიდაშელი არის ქართველი ბიზნესმენი, მაგრამ კარგად გამოაშკარავდა, ძალიან არ უნდა გინდოდეს, იცოდე, რომ ხიდაშელი არის რუსი ბიზნესმენი.

იგივე გარეჯის საქმესთან დაკავშირებით ჩართული იყო და გმირად შერაცხეს. რაღაც ბანალური რუკები ჩამოიტანა, რომელიც ყველგან არსებობს. აგერ, ჩემს ოთახშიც უამრავი ამ ტიპის რუკაა განთავსებული. ამით შემოიყვანეს საქართველოში, გააპიარეს როგორც ქართველი ბიზნესმენი, როცა არაფერი მას საერთო ქართულთან არ აქვს, გარდა გვარისა“, - ამბობს პოლიტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.

დავით გარეჯის საქმეზე იდგა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია #გარეჯისაქართველოა, 2020 წელს. ხელისუფლებამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააპატიმრა. მათ ედავებოდნენ, თითქოს, წინა ხელისუფლებისგან მიღებული დავალების შესაბამისად, დავით გარეჯის მიმდებარედ, საზღვრის მონაკვეთი საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეათანხმეს, რის გამოც გარეჯის ძეგლისა და სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს აღმოჩნდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაპატიმრებული კარტოგრაფები სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა და თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ტერიტორიები სხვას გადასცა და ანტიეროვნული დანაშაული ჩაიდინა, უნდა გაუქმდეს.

 

ივანიშვილის მადლობა

რუკა, რომელსაც საქართველოს პროკურატურამ მთელი ბრალდება დააფუძნა, რუსეთიდან დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა. საქმის მთავარმა ფიგურანტმა ამ დამსახურებისთვის ივანიშვილის მადლობაც დაიმსახურა:

„არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო დავით ხიდაშელს. დათო ხიდაშელი, რომელმაც ეს რუკები მოიპოვა, საკუთარი კაპიტალი საკმაოდ ბევრი დახარჯა და იმის იქითაც ქვეყანას საკმაოდ ბევრს ახმარს. ეს კაცი ჩემზე არანაკლები ქველმოქმედია, არანაკლები პატრიოტი. რაც მან ქვეყანას გაუკეთა, მე ვთვლი, რომ ეს არის ჭეშმარიტი გმირობა. ჩვენს მეზობელთან კამათსაც გადაგვარჩინა და სირცხვილსაც, რომ ჩვენი კულტურის ძეგლი ლამის შუაზე იჭრებოდა. ეს გააკეთა გულწრფელად, თავისი გონებით, შემართებით, თავისი რესურსებით. ჩემი აზრით, ის არის ჭეშმარიტი გმირი და ნამდვილი პატრიოტი და ძალიან საყვარელი ადამიანი. მე პირადად უამრავი მადლობა გადავუხადე მას და სულ ვთვლი, რომ ვალი მიმყვება მაგ კაცის, ეს არის ჭეშმარიტად დიდი კაცი და დიდი პიროვნება“.

ამ ინტერვიუდან ორ კვირაში დავით ხიდაშელს მადლობა უკვე ოფიციალურად გაუფორმეს - მთავრობა დასთანხმდა მისთვის 104 712 ჰექტარი ტყის, 49 წლით გადაცემას.

„ერთი მიტოვებული სოფელი ვართ. კაციშვილი მთაში ვეღარ ადის, სათიბ-საძოვრებს ისედაც რუსეთი დაეპატრონა და ახლა უნდათ, ეს ხეობაც წაიღონ? ვინ იყოს ის ხელმძღვანელი, ვინ მოაწერა ხელი?“, - კითხულობს წედისელი ქალი.

ის ხელმძღვანელი გიორგი გახარია იყო. ივანიშვილის სატელევიზიო მადლობიდან ზუსტად 17 დღეში, 2021 წლის 29 იანვარს, ოლიგარქის იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა მთავრობის 134-ე განკარგულებას, რომლითაც ექსკლუზიურად ხიდაშელის კომპანიაზე მორგებული სალიცენზიო პირობები დაამტკიცა.

წედისელი ქალი: „რა უფლებით გაყიდა ჩვენი ტყეები“?

ალეკო სარდანაშვილი, რაჭველი ფერმერი: „არ მინდა ვიცხოვრო მუდმივი საფრთხის ქვეშ და მე ვუშვებ ამას იმიტომ, რომ 2008 წელს, რაჭაც დაიბომბა. ახლა რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს, უნდა ვფიქრობდეთ, რომ საქართველოში ასეთი ხელშეწყობით, ეს არის სამხედრო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. არ მინდა, ჩემს ირგვლივ ტყეები ნახევარი საუკუნით მტრულ სახელმწიფოს ჰქონდეს“

პაატა ზაქარეიშვილი პარალელს ავლებს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტყეების მითვისებასთან - „ბიჭვინთაში იყო სახელმწიფო, საბჭოთა აგარაკები. ეს ნაგებობები და ეზო ეკუთვის რუსეთს, რა თქმა უნდა, უკანონოდ. აფხაზები ამას იტანდნენ. ახლა რუსეთს უნდა, მის გარშემო ბიჭვინთის მთელი ტყეები მიითვისოს. აფხაზები ამას სასტიკად ეწინააღმდეგებიან. იქაც 50 წელზეა ლაპარაკი“.

იმას, რასაც ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამსახურში მყოფი დეფაქტო ხელისუფლებაც კი წინააღმდეგობას უწევს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით, მთელი ენთუზიაზმით აკეთებს რაჭის ტყეების ოკუპაციის საქმეში.

„49 წელი იქნება თუ 50, ეს ტყე რომ ექნება, ის უკვე მისია, მაშ ვისია?! კიდევ უფრო ართულებს, ეს კაცი რუსეთთან რომ არის დაახლოებული.

რუსეთი დღეს მზაკვრული ხერხით შემოდის. ვითომ მშვიდობაა, მაგრამ როცა საღამოს საზღვარი სხვაგან არის და დილით უკვე გადმოწეულები არიან, ეს არ არის დარღვევა, არ არის ოკუპაცია?

ასე მშვიდობიანად თუ შემოვიდა, ასე თუ დაიკავა ჩვენი ტერიტორიები, თავისთავად მისი გავლენის ქვეშ ვიქნებით. 30 წელი და მეტი იბრძოდა საქართველო, რომ დამოუკიდებლობა მოეპოვებინა. არ გვინდა ჩვენ რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა“, - იმ სოფლის შემოგარენი, სადაც მედიკო მაისურაძის ოჯახი ცხოვრობს, 2008 წლის აგვისტოში დაიბომბა. ჭურვის ნამსხვრევებმა მათი თანასოფლელი იმსხვერპლა. ზუსტად ერთ წელიწადში კი, ორ სხვა მეზობელს, სათიბში წასულ მამა-შვილს რუსი სამხედროები თავს დაესხნენ, გაკოჭეს და ხარები წაართვეს. წედისი საოკუპაციო ხაზისპირა სოფელია, რუსული კონტროლი მათ ირგვლივ ტყეებზე ორმაგად სახიფათოა.

საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, კავკასიონის ქედამდე, ტყეები, ახალი გადაწყვეტილებით დავით ხიდაშელს აქვს გადაცემული და პირდაპირ ებმის რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში უკვე ოკუპირებულ ტყის მასივს.

პაატა ზაქარეიშვილი: „რაც არ უნდა ლამაზად გააფორმო, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. მიწას ასხვისებ სად, ვისზე? რუსეთზე.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მთელი ტერიტორია უკვე მიკუთვნებული აქვს რუსეთს და ამას ებმება რაჭის თითქმის ნახევარი. მთელი ჩრდილოეთ საქართველოს ცენტრალური გული უკვე რუსეთის კონტროლის ქვეშაა“.

 

გლეხების მამაპაპისეული ნაკვეთები ხიდაშელის „საოკუპაციო საზღვარში“

რაჭის ტყეების გადასვლა რუსეთის კონტროლქვეშ შეიძლება არამხოლოდ ეროვნულ უსაფრთხოებას დაემუქროს, არამედ უკვე იქცა საფრთხედ რაჭველების კერძო საკუთრებისთვის.

უწერა მდინარე რიონის ვიწრო ხეობაშია გაშენებული. ისედაც მცირემიწიან რაჭაში, ეს გამორჩეულად მცირემიწიანი სოფელია. ადგილობრივებს მეურნეობისთვის ტყისპირას მდებარე პატარა მდელო აქვთ დარჩენილი. ნაკვეთები იმდენად მცირეა, რომ ღობითაც არ არის გაყოფილი, სხვა შემთხვევაში ტრაქტორს მობრუნებაც გაუჭირდებოდა.

ირმა რეხვიაშვილს მაქსიმუმ 380 კვადრატული მეტრი ეკუთვნის, ნაკვეთის მეორე ნახევარი მეზობლისაა - „25 წელია რაც უწერაში ვცხოვრობ. აქ მომყავს კარტოფილი და ლობიო. ჩემამდე, ამაზე დიდხანს, ჩემი მეუღლის დედ-მამა ხნავდნენ და ამუშავებდნენ“.

უწერლებმა ეს მამაპაპისეული მიწები 2020 წელს, საკუთრებად, ოფიციალურად, ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაირეგისტრირეს.

ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემის შემდეგ ერთ თვეში გლეხებს კერძო საკუთრება დაუყადაღეს.

ხელისუფლება რაჭის რეგიონში თაღლითობის გზით მიწის ნაკვეთების მიტაცებას 224 მოქალაქეს ედავება. გამოძიება ერთი წელია მიმდინარეობს, თუმცა, პროკურატურას, მაგალითად, უწერაში მცხოვრებთაგან, ერთი მოქალაქეც კი არ დაუკითხავს მოწმის სტატუსით, არათუ ვინმეს მიერ თაღლითობის ჩადენა დაემტკიცებინა და ბრალი წარედგინა. ამის მიუხედავად, წელიწადზე მეტია უწერლებს კერძო საკუთრების უფლება შეზღუდული აქვთ. ყველა დაყადაღებული ნაკვეთი ხიდაშელისთვის გადაცემული ტყეების ფარგლებში ექცევა.

უწერაში ეს ერთადერთი თავისუფალი ადგილია, სადაც მშენებლობა მოსახერხებელია და ტურისტული ბიზნესისთვისაც მიმზიდველია. ხიდაშელის დეკლარირებულ გეგმებში კი გარკვევით წერია, რომ ის ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას აპირებს.

„მეც ხომ ადამიანი ვარ, არსებობა ხომ მინდა. ეს ნაკვეთი მაქვს და ამის წართმევაც უნდათ. შარშან მივიტანე საბუთები და სატყეოს ადგილში შეჭრილხარო, მითხრეს. 35 წელია ამ ყანაში მომყავს ლობიო და კარტოფილი. იქითაც დამტკიცებული აქვს მეზობელს, აქეთაც, სატყეო როგორ არის? ახლა მათაც ედავებიან“, - ლილი მეტრეველს და მის სხვა თანასოფლელებს, რომლებმაც მამაპაპისეული ნაკვეთების რეგისტრაცია ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემის შემდეგ დააპირეს, კერძო საკუთრებად რეგისტრაციაზე უარი უთხრეს.

საქმე აღძრულია არამხოლოდ გლეხების, სახელმწიფო მოხელეების მიმართაც - მათ სამსახურებრივ სიყალბეს ედავებიან, თითქოს ეს ნაკვეთები გლეხებს არ ეკუთვნოდათ და ისე გაუფორმეს.

რომიკო ქაფიანიძე ონის მიწათმოწყობის სამმართველოში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა, 2004 წლამდე. ის ადასტურებს, რომ ამ ნაკვეთებით გავლენიანი პირები ადრეც დაინტერესებულან, მაგრამ ხალხს მიწა ვერ წაართვეს: „ამ ნაკვეთებს უწერის მცხოვრებლები იყენებდნენ საბჭოთა მეურნეობის ჩამოყალიბებამდეც. მერე, საბჭოთა პერიოდში მანდ ფერმა იყო. ფერმას ადგილი სჭირდებოდა. კოლმეურნეობები როცა დაიშალა, ეს ხალხი მიუბრუნდა. სინამდვილეში, პატრონმა ისევ დაიბრუნა. არვიცი რატომ ედავებიან. ახლა ვის უნდა ეგ ტერიტორია?“

 

გადაწყვეტილება საზოგადოების მონაწილეობის გარეშე და ონის მერის სამსახურებრივი სიყალბე

საქართველოს მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისგან ფარულად მიიღო. გასაიდუმლოებული ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლო დავა „მთის ამბებმა“ ერთი წლის წინ წამოიწყო. ხელისუფლება ამ დრომდე არ გვაძლევს დოკუმენტების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც კანონის თანახმად, საჯაროა.

დავის შედეგად ნაწილობრივ მოპოვებულ მტკიცებულებებში მითითებულია, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობასთან შეთანხმებული იყო. ჩვენ რაჭის 30-ზე მეტი და ქვემო სვანეთის ორივე სოფელი მოვიარეთ, რომლებსაც ახლა უკვე ხიდაშელის ტყეები ესაზღვრება და ერთი ადამიანიც ვერ ვნახეთ, ვისაც აზრი ჰკითხეს.

გარემოს დაცვის სამინისტრომ, შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკასთვის“, რომლის მეპატრონეც დავით ხიდაშელია, ტყეების გადაცემის გადაწყვეტილების მიღებამდე, პოზიციების წერილობით წარდგენა სთხოვა ლენტეხის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებს.

ონის მერმა ამაზე მყისიერად უპასუხა:

„მერიამ უზრუნველყო მუნიციპალიტეტის შესაბამის სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირება მერის წარმომადგენლების მეშვეობით. წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის საფუძველზე, მერია თანახმაა, სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის 49 წლის ვადით გაცემის მიზნით, გამოცხადდეს აუქციონი“.

„მთის ამბებმა“ ონის მერიიდან წერილობით გამოითხოვა საქმისწარმოების სრული მასალა, რათა დაგვედგინა - რას დაეყრდნო მერის ოფიციალური თანხმობა. მერიას ერთი დოკუმენტიც არ აღმოაჩნდა, რაც დაადასტურებდა, რომ რწმუნებულებს ასეთი დავალება ნამდვილად მიეცათ, შეხვედრები ნამდვილად გაიმართა და მოპოვებული ინფორმაცია ვინმემ შეისწავლა.

თანხმობაზე ხელმოწერიდან ოთხ თვეში, ონის მერი ემზარ საბანაძე ხიდაშელის კომპანიის, „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ დირექტორად დაინიშნა და პირველივე 7 თვეში, ხელფასის სახით 32 ათასი ლარი მიიღო.

ემზარ საბანაძისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მამა იყო, არავის მოუთხოვია პასუხი სამსახურებრივ სიყალბეზე, თითქოს მოსახლეობის ინფორმირება რწმუნებულების საშუალებით მოახერხა და მათგან თანხმობა მიიღო.

ნოდარ გობეჯიშვილი, სოფელ ღების რწმუნებული: „მაგაზე ლაპარაკიც კი არ გვქონია მოსახლეობასთან, რომ ტყეები უნდა გადაეცეს. არანაირი თანხმობა არ მიმიცია არავისთვის“.

- პაატა ჯაფარიძე, სოფელ ფარახეთის რწმუნებული: „ჩემ ტერიტორიას არ ეხება.

- მთის ამბები: რას არ ეხება, ფარახეთის თემში რომელი სოფლები შედის?

- რწმუნებული: ფარახეთი, ჭიბრევი, შარდომეთი, სევა, ახალი ჩორდი.

- მთის ამბები: კი, ყველა ამ სოფლის გარშემო მდებარე ტყე ხიდაშელს აქვს გადაცემული.

- რწმუნებული: არვიცი.

- მთის ამბები: ვინმემ დაგავალათ, რომ ამის შესახებ მოსახლეობისთვის მიგეწოდებინათ ინფორმაცია, აზრი გეკითხათ და მერე ხალხის პოზიცია მერიისთვის გაგეცნოთ?

- რწმუნებული: არა, არა, გამორიცხულია. არც ვინმეს დაუვალებია და არც მე მიკითხავს არაფერი მოსახლეობისთვის.

რწმუნებულებთან ჩვენს შეხვედრას ონის მერის პირველი მოადგილე შემოესწრო.

„დეზინფორმაციას ავრცელებთ თქვენ. ხალხი შეცდომაში შეგყავთ“, - მერის მოადგილე გიორგი ნოდარიშვილი ჯერ ამტკიცებდა, რომ რაჭის ტყეები არავის გადასცემია. მთავრობის მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე რომ მივუთითეთ, შემდეგ ამტკიცებდა, რომ საკითხს არ იცნობს. როცა დოკუმენტები ვაჩვენეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა და ახლა ონის მერის პირველმა მოადგილემ პირობა მოგვცა, რომ შეისწავლის საკითხს, რის საფუძველზე დაეთანხმა ონის მერია რუსი ბიზნესმენისთვის რაჭის ერთი მესამედის გადაცემას.

ამბროლაურის მერმა დავით მხეიძემ გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ მიმართვას ორი სხვადასხვა წერილით უპასუხა. პირველში ვკითხულობთ:

„მუნიციპალიტეტი საჭიროდ მიიჩნევს მეტ კომუნიკაციას ადგილობრივ მოსახლეობასთან, თუ რამდენად იქნება მათი ინტერესები გათვალისწინებული, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ისე დასაქმების თვალსაზრისით და ა.შ. მუნიციპალიტეტი მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნევს საკითხის განხილვას მიზანშეწონილად“.

ოთხ თვეში, ისე, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს ამბროლაურის მერიისთვის ოფიციალურად, განმეორებით აღარ მიუმართავს, მერმა პოზიცია შეცვალა და მეორე წერილი გაგზავნა:

„გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტი აღნიშნული პროექტის განხორციელების, რომელიც ხელს შეუწყობს ინვესტიციების შემოდინებასა და სამუშაო ადგილების შექმნას, მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, წინააღმდეგი არ არის“.

ამბროლაურის მერს ვკითხეთ, იყო თუ არა მოსახლეობის ინტერესი გათვალისწინებული - „თანახმა ვარ, თუ მოსახლეობასთან მოხდება განხილვა და შეთანხმება. ეს ნიშნავს თანხმობას? იყო თუ არა გათვალისწინებული ხალხის ინტერესი, ეგ ახლა მოიკითხეთ მასთან, ვინც ნებართვა გასცა.

- მთის ამბები: ბატონო დავით, ანუ თანხმობა არ გაგიციათ?

- დავით მხეიძე: რა თქმა უნდა, არ გამიცია. კი ბატონო, არ გამიცია იმიტომ, რომ თუ მოსახლეობის ინტერესი არ იქნებოდა გათვალისწინებული, თავისთავად წინააღმდეგი ვიყავი. ასე ჩანს ხომ მაგ წერილიდან, გრამატიკულად ასეა გამართული.

- მთის ამბები: ვეღარ გავიგე, თანხმობა მიეცით თუ არა?

- დავით მხეიძე: ეგ არის პროვოკაციული შეკითხვა. მიწერია მანდ როგორც არის და გაიგე გრამატიკულად. ხომ ხარ ქართველი? გრამატიკა ხომ ისწავლე სკოლაში? გამანებე თავი“.

ამბროლაურის მერს მის გაუგებარ გრამატიკაზე პასუხი და წერილობითი თანხმობის გაუქმება მოქალაქეებმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მოსთხოვეს. სხდომის ოქმის თანახმად, მერმა განმარტა, რომ მას თანხმობა არ მიუცია:

„საკრებულოს სხდომაზე საბოლოოდ შეჯერდნენ, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვეტილება მოსახლეობასთან შეხვედრებისა და თანხმობის გარეშე მიიღო და თუ მოსახლეობა მერიას წერილობით მიმართავდა ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, მერი შესაბამის წერილს გაუგზავნიდა გარემოს ეროვნულ სააგენტოს“.

რაჭველმა აქტივისტებმა ხელმოწერები შეაგროვეს, მაგრამ ამბროლაურის მერმა საკუთარი პირობა არ შეასრულა.

 

დარღვევები ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემის საქმეში

ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენის დავით ხიდაშელის კომპანიას, ტყე მთელი რიგი პროცედურული დარღვევებით გადასცეს.

ლიცენზია ისე გაიცა, რომ კომპანიას თავის განცხადებებში ეს არც მოუთხოვია. ასევე, არცერთ განცხადებაში არ მიუთითებიათ სავალდებულო ინფორმაცია ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზების, შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ. ცნობილია, რომ ლიცენზია სამონადირეო მეურნეობის მოწყობას გულისხმობს. საბუთებიდან კი არ ჩანს, ვინ და როგორ დაიცავს ან ნადირს, ან ტყეს, ან ადამიანებს 105 ათას ჰექტარზე.

„ვიცით, რომ ეს იქნება ნადირობა ცეცხლსასროლი იარაღით. ამ ტერიტორიაზე საკმაოდ სახიფათოა ადამიანების გადაადგილება. გაცემული ლიცენზიიდან არ ჩანს, როგორ შეიძლება შპს-მ უზრუნველყოს ადამიანების უსაფრთხოება. 105 ათასი ჰექტარი არის ძალიან დიდი ფართობი ერთი ორგანიზაციისთვის. სახელმწიფოსაც კი აქვს ასეთი დიდი მასშტაბის ტერიტორიის დაცვის პრობლემა“, - ამბობს ნინო გუჯარაიძე, „მწვანე ალტერნატივის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ხიდაშელის ლიცენზიის პირობაა - სანადირო სახეობების, კერძოდ, კეთილშობილი ირემის და დომბას, იგივე ევროპული ბიზონის რეინტროდუქცია სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

ლიცენზიის პირობა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას - კეთილშობილი ირემი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ნადირობა კატეგორიულად აკრძალულია, ევროპული ბიზონი კი ნადირობას დაქვემდებარებული სახეობების ჩამონათვალში არ არის.

როგორ გახდება შესაძლებელი ნადირობა აკრძალულ ცხოველებზე - გარემოს ეროვნული სააგენტო განმარტავს, რომ სამონადირეო მეურნეობის ტერიტორიაზე ამ სახეობების გასამრავლებლად სანაშენე მოეწყობა.

კანონმდებლობით, სანაშენე მეურნეობას ცალკე ლიცენზია სჭირდება, რომელიც ხიდაშელის კომპანიას არ გააჩნია.

საქართველო, როგორც ბერნის კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა, ვალდებულია შექმნას და დაიცვას ეგრეთ წოდებული ზურმუხტის ქსელი.

ზურმუხტის ქსელი საერთაშორისო დაცული ტერიტორიაა, რომლის 6 საიტი ზუსტად იმ არეალში მდებარეობს, სადაც ხიდაშელს, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ტყეები გადასცეს.

ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, ზურმუხტის ქსელში ან მის სიახლოვეს ნებისმიერი საქმიანობის ზეგავლენა წინასწარ უნდა იყოს შესწავლილი და შეთანხმებული ევროკომისიასთან. 

„მსგავსი არაფერი მომხდარა. ამ შემთხვევაში ხიდაშელის კომპანიას სალიცენზიო პირობებში გაუწერეს, რომ პოსტფაქტუმ ჩაატაროს შეფასება, რაც კანონმდებლობის უხეში დარღვევაა“, - გვეუბნება ირაკლი მაჭარაშვილი, ორგანიზაციის - საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო) დირექტორი.

ხიდაშელის მრავალწლიანმა მცდელობამ, ეს ტერიტორია ხელში ჩაეგდო, კიდევ რამდენიმე წლით შეაფერხა რაჭის ეროვნული პარკის შექმნა. საბოლოოდ პარკი კი შეიქმნა, მაგრამ არა ბუნების, ქვეყნის, ადამიანების, არამედ რუსი ბიზნესმენის ინტერესების გათვალისწინებით.

ამ რუკაზე მწვანე ფერით ეროვნული პარკია აღნიშნული, ნარინჯისფრად ხიდაშელის ტყეები.

დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭა იმას, რაც ხიდაშელს გადაურჩა, ძირითადად, მწვერვალებს, უღელტეხილებსა და მიუვალ ადგილებს. ამ სურათზე,  სინამდვილეში, ეკოლოგიურ აბსურდს ვხედავთ.

ირაკლი მაჭარაშვილი: „ეროვნული პარკის საზღვრები უნდა იყოს მთლიანი, არ უნდა იყოს ფრაგმენტირებული. რაც მთავარია, მასში უნდა შედიოდეს ეკოსისტემები მთლიანად. ახლა ჩვენ გვაქვს ეროვნული პარკი, რომელიც არის ფრაგმენტირებული, შუაში არის ამოჭრილი წიაღის ლიცენზიების და სავარაუდოდ, კიდევ გასაცემი ლიცენზიების ფართობები. ამოჭრილია ყველა მდინარე, არცერთი მდინარე არ შედის, რაც აბსურდია ეკოლოგიური და დაცული ტერიტორიის დაგეგმარების თვალსაზრისით. ასევე, ჯერ-ჯერობით ეროვნული პარკის შუაგულშია, ხიდაშელისთვის, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საბაბით გადაცემული ტყეების დაახლოებით 7000 ჰექტარი“.

შედარებით დიდი ზომის დაცული ტერიტორიის შექმნა ქვეყანას მეტ შემოსავალს მოუტანდა. საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, რომელსაც ბუნების კონსერვაციაში მრავალი მილიონი აქვს ჩადებული, ხიდაშელის „ტარიფზე“ (11 ლარი) 10-ჯერ მეტს, ჰექტარზე  45 აშშ დოლარს იხდის. საქართველოს ბიუჯეტმა რამდენიმე მილიონით იზარალა.

ხიდაშელისთვის გადაცემულ ტყეებში, საბჭოთა წლებში დარიშხანს მოიპოვებდნენ. აქვეა, ოქროს, ბროლის, ლალის და სხვა ძვირფასი ლითონების საბადოები. გამოვლენილია ვოლფრამიც, რომელსაც სამხედრო წარმოებაში იყენებენ. დღეისათვის დახურულ კარიერებში მადანი ჯერ კიდევ დარჩენილია და ის ხიდაშელის კონტროლქვეშ არის მოქცეული.

„რაღაც მახეა, ყველა ასე ვფიქრობთ. სხვა განზრახვაა ამ ტყეების გადაცემაში ჩადებული. ირმისა და ბიზონის მოშენების პირობა მხოლოდ თვალის ასახვევადაა“, მიაჩნია რაჭის ბოლო, საზღვრისპირა სოფელ ღებში მცხოვრებ ვეფხია გავაშელს.

რაჭის ტყეები პუტინის კარის ოლიგარქის პარტნიორს მრავალი კანონდარღვევით გადაეცა - ამ ტყეებით მოსარგებლე ადამიანებისგან საიდუმლოდ, გარემოსდამცველების, სათემო ორგანიზაციების, მედიისთვის ფარულად.

ათობით ათასი ჰექტრის გადაცემამ საფრთხე შეუქმნა რაჭველების კერძო საკუთრებას, სარჩო-საბადებელს.

ეს გადაწყვეტილება არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს, ქმნის ეკოლოგიურ და ისტორიულ აბსურდებს - საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით გავაფორმოთ ოკუპანტის კონტროლი ქვეყანაში.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში