საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჭიათურის მერს გადათხრილ სოფლებში უსაფრთხო გზების მოწყობის მოთხოვნით მიმართეს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:02 - 23 ივნისი 2023 hits 2586

საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“, „მწვანე ალტერნატივამ“ და „მომავლის ჭიათურამ“ ერთობლივი წერილით მიმართეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს. ორგანიზაციები მერისგან ითხოვენ, შეასრულოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს სოფლებში ხალიფაურსა და თაბაგრებში მცხოვრები მოსახლეობა უსაფრთხო გზებით, რათა ადგილობრივ მცხოვრებლებს საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან სხვა გადაუდებელ სახელმწიფო სერვისებზე.

„ჭიათურის არაერთ სოფელში მცხოვრები მოსახლეობა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. განადგურებული და უკიდურესად დაზიანებული გარემო საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ეს საფრთხე გამოწვეულია შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ, მანგანუმის მოპოვებისა და გამდიდრებისათვის მიმდინარე საქმიანობით.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 2006 წლიდან კრიტიკულად არღვევს წიაღისეულის მოპოვებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებსა და სამთო მოპოვებით წესებს. 2013-2017 წლებში კომპანიის მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 416 მილიონ ლარად შეფასდა. ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების საბაბით, 2017 წელს, სახელმწიფომ კომპანიაში სპეციალური მმართველი შეიყვანა, რის შემდეგაც, დაკისრებული ჯარიმები, გაუმჭვირვალედ, თითქმის მთლიანად ჩამოაწერეს.

საწარმოში სახელმწიფო სპეციალური მართვის რეჟიმი დღემდე გრძელდება. ამ პერიოდში, კომპანიამ ღია კარიერული წესით მადნის მოპოვების ფართობი გააორმაგა, რამაც გაზარდა ადგილობრივ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მიყენებული ზიანი.

ლიცენზიის მიღებიდან 15 წლის შემდეგ, კომპანიის საქმიანობის შედეგად შეუქცევადი ზიანის წინაშე დგას არაერთი სოფელი - ხალიფაური, თაბაგრები, მღვიმევი, დარკვეთი, ითხვისი, რგანი და სხვა. ამ დასახლებებში ზოგიერთ უბანთან, სადაც უკიდურესად მძიმე პირობების მიუხედავად, ხალხი დღემდე ცხოვრობს, ავტომობილით მისასვლელი უსაფრთხო გზაც აღარ არსებობს. მანგანუმის ამოსაღებად ტერიტორიების მასობრივად გადათხრის შედეგად,სოფლების შიდა გზები იმდენად არის დაზიანებული, რომ ცუდი ამინდის შემდეგ ფეხით გადაადგილებაც კი სახიფათოა. დასახლებულ პუნქტებში, საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში მიმდებარე ტერიტორიებზე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიტოვებული უზარმაზარი თხრილები წყლით არის სავსე. ე.წ. კარიერების სიახლოვეს ხშირია მიწის ჩაქცევები. დღის ბნელ მონაკვეთში ტერიტორია არ არის განათებული. ზუსტად ასეთ შემთხვევას ემსხვერპლა 2020 წელს, სოფელ დარკვეთში, 30 წლის გიორგი ღუღუნიშვილი.

ადრე არსებული შიდა სასოფლო გზების უმეტესობა სანაყაროდ არის ქცეული, რაც ხელს უწყობს მეწყრული მოვლენების განვითარებას და საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მცხოვრებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათ შორის, ბავშვების, რომლებსაც ხალიფაურში დაახლოებით 3 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, რომ სავალდებულო სასკოლო განათლების მისაღებად სკოლაში იარონ.

ხელოვნურად მოწყობილი საფეხმავლო ბილიკები სამრეწველო ნარჩენებზე გადის, სადაც განსაკუთრებით მაღალი ტენიანობისას ხანგრძლივ უამინდობაში მძაფრი სუნი დგას.  სავარაუდოდ, ნიადაგის ქვედა ფენების ზემოთ მოხვედრის შემდეგ, მძიმე მეტალების სულფიდები თანდათანობით განიცდიან ჰიდროლიზს და გამოიყოფა გოგირდწყალბადი, რომელიც სუნს განაპირობებს.

ხალიფაურსა და თაბაგრებში არაერთ უბნამდე სამანქანო გზების ფაქტობრივად არქონის გამო, ფიზიკურად შეუძლებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო და სამაშველო ბრიგადების გადაადგილება დანიშნულების ადგილებამდე. შესაბამისად, ამ უბნებში მუდმივად თუ სეზონურად მცხოვრებ, გარკვეული სამუშაოების ჩასატარებლად მოკლე ვადით თუ ხანგრძლივად მყოფ ადამიანებს საჭიროების შემთხვევაში გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ“.

საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ:

  • სათანადო გზის არარსებობა არღვევს ადამიანების თავისუფლად გადაადგილების უფლებას;
  • რადგან ხალიფაურსა და თაბაგრებში მცხოვრებლებს ხელი არ მიუწვდებათ გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისებზე, ადგილი აქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლების დარღვევას.
  • ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, სხვადასხვა ფორმით, მათ არაერთხელ მიმართეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას, საკრებულოს და სათანადო გზის მოწყობა მოითხოვეს, რაზედაც ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უარი მიიღეს იმ მითითებით, რომ „ვიდრე კომპანია კონკრეტულ სოფლებში მანგანუმის მოპოვებას არ დაასრულებს, გზა ვერ გაკეთდება“. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მხრიდან, ადგილი აქვს ხალიფაურსა და თაბაგრებში მცხოვრები მოსახლეობის ტერიტორიული ნიშნით პირდაპირ დისკრიმინაციას (რადგანაც ისინი ცხოვრობენ იმ ტერიტორიაზე, სადაც კომპანია მადანს მოიპოვებს).

იმ შემთხვევაში, თუ წერილის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი სათანადო რეაგირებას არ მოახდენს, საზოგადოებრივი ორგანიზაციები უსაფრთხო გზების მოწყობის დავალების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში