საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ვაშლოვანის პარკში მომხდარის გამო დაკავებულ მესაზღვრეს პატიმრობა შეეფარდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:42 - 02 ივნისი 2023 hits 8069

თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს, 29 წლის იმედა ცისკარაულს, რომელმაც ვაშლოვანის ეროვნულ პარკში უცხოელ ტურისტებს უკანონოდ ხელბორკილები დაადო და ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა სამსახურებრივი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

„28 მაისს, ღამით, დაახლოებით 3 საათზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მესაზღვრე იმედა ცისკარაულმა, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წინაპირობების არარსებობის მიუხედავად, სამსახურებრივად მიმაგრებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა ერთი უმისამართო გასროლა. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, იმედა ცისკარაული მივიდა სასაზღვრო პოლიციის მიჯნისყურის სასაზღვრო პოსტის მიმდებარედ, კარვებში დაბანაკებულ ტურისტებთან და მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთხელ ჰქონდათ გავლილი შესაბამისი დოკუმენტური შემოწმება, ზოგიერთ მათგანს მოსთხოვა პასპორტი. შემოწმებისას იმედა ცისკარაულმა ალექსეი ნურსევიჩს გამოართვა სიგარეტის კოლოფი და თმაზე ხელი მოქაჩა. ამის შემდეგ, იმედა ცისკარაულმა პოლიციის შესახებ კანონის დარღვევით გამოიყენა სპეციალური საშუალება, ხელბორკილი ერთ ხელზე დაამაგრა ალექსეი ნურსევიჩს, ხოლო მეორე ნაწილი ალექსანდრე ჯეიმს თომასს და ისინი კარვებისგან მოშორებით გაიყვანა. რამდენიმე წუთში, ხელბორკილების მოხსნის შემდეგ, ალექსანდრე ჯეიმს თომასი დაბრუნდა კარავში, ხოლო ალექსეი ნურსევიჩი სთხოვდა სიგარეტის დაბრუნებას. იმედა ცისკარაულმა მოისროლა პომიდორი და სიგარეტის დაბრუნების სანაცვლოდ, ალექსეი ნურსევიჩს მოსთხოვა მისი პოვნა და მოტანა, რა დროსაც ხელი ჰკრა მხრის არეში“, - ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

პროკურატურამ დაკავებული მესაზღვრისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

მოსამართლე თამარ კაპანაძემ ბრალდებულს განუმარტა, რომ ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

იმედა ცისკარაულმა დუმილის უფლება გამოიყენა.

ადვოკატმა იშუამდგომლა, სასამართლოს მხედველობაში მიეღო შემდეგი გარემოებები: „იმედა არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე, სამი წლის შვილი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მისი მეუღლე არის ორსულად და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი. იმედა მე-9 წელია მსახურობს სასაზღვრო პოლიციაში“. ადვოკატმა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება ითხოვა.

პროკურორის განცხადებით, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახე - პატიმრობა გამოიყენა, რასაც ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში