საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთვრალი მესაზღვრეები და სროლა ვაშლოვანის პარკში ტურისტების მიმართულებით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:10 - 29 მაისი 2023 hits 4321

ამბავი, რომელიც 2 დღის წინ, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მოხდა, რამდენიმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, მიჯნისყურის მიმდებარედ, სასაზღვრო პოლიციის მთვრალი თანამშრომლები პატრულირებდნენ. შეიარაღებულმა მთვრალმა მესაზღვრეებმა ერთ-ერთ ბელორუს ტურისტს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და 2 საათის განმავლობაში ხელბორკილს არ ხსნიდნენ იმ მიზეზით, რომ თითქოს გასაღები დაკარგეს. ერთ-ერთმა მთვრალმა მესაზღვრემ ტურისტების კარვების მიმართულებით იარაღიდან გაისროლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა და ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ყველა ამ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია დამალეს და საგამოძიებო უწყებებს არ მიაწოდეს. ყოველ შემთხვევაში, ასე უთხრეს „მთის ამბებს“ როგორც შსს-ში, ასევე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. 

იმ ტერიტორიაზე, სადაც ტურისტებს ბანაკი ჰქონდათ, არც სატელეფონო და არც ინტერნეტკავშირი არ არის. ამიტომ, ვიდრე მოლაშქრეებმა ვაშლოვანის ეროვნული პარკი არ დატოვეს, მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდა.

რაც დავაზუსტეთ

  • სასაზღვრო პოლიციის დედოფლისწყაროს სამმართველოს ორი თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა, მიჯნისყურის საბანაკე ადგილზე მყოფ ბელორუს ტურისტს ხელბორკილები დაადო და კარვების მიმართულებით იარაღიდან გაისროლა. მიმდებარე ტერიტორიაზე ასამდე ვიზიტორი იყო დაბანაკებული. მთვრალი მესაზღვრე რუს ტურისტებს აძალებდა, ალკოჰოლური სასმელი მასთან ერთად მიეღოთ.
  • სროლის ხმაზე მთვრალ მესაზღვრეებს მიჯნისყურის სასაზღვრო სექტორიდან (მანძილი დაახლოებით 700 მეტრი) რაციით შეეხმიანნენ იმის გასარკვევად, სად და რატომ გაისროლეს. ვიდრე სექტორიდან საბანაკე ადგილზე კიდევ ერთი მესაზღვრე ჩავიდოდა, იქ მყოფი მთვრალი მესაზღვრეები (ერთ-ერთი გადატენილი იარაღით) ფანარით კარვებში ანათებდნენ და რუს და ბელორუს ტურისტებს სექსუალური დატვირთვის მქონე ეპითეტებით მიმართავდნენ.
  • ტურისტს თითქმის საათნახევრის განმავლობაში ხელები ბორკილებით ჰქონდა შეკრული. მთვრალი მესაზღვრე ამბობდა, რომ გასაღები დაკარგა და ხელბორკილს ვერ გახსნიდა. ვიდრე სექტორიდან მესამე მესაზღვრე არ მივიდა, ტურისტს ხელბორკილი არ მოხსნეს.
  • მიჯნისყურის საბანაკე ადგილზე მისულმა მესამე მესაზღვრემ იქ მყოფ მთვრალ მესაზღვრეებს მოსთხოვა, ტურისტებისთვის ბოდიში მოეხადათ და იქიდან წაიყვანა.
  • გამთენიისას ტურისტებთან სასაზღვრო პოლიციის მიჯნისყურის სექტორიდან კიდევ ერთი მესაზღვრე მივიდა და უთხრა მათ, რომ ბოდიშს უხდიდნენ ღამით მომხდარის გამო, „მესაზღვრეებს შვილები ჰყავდათ და ნუ გაწირავდნენ“.
  • ინციდენტის დროს მიჯნისყურის საბანაკე ადგილას იმყოფებოდა ვაშლოვანის ეროვნული პარკის სულ მცირე ერთი რეინჯერი. „მთის ამბები“ ცოტა ხნის წინ ესაუბრა სალაშქრო კლუბ „ჯეო მეგზურის“ წარმომადგენელს, ლევან ენუქიძეს. რეინჯერს მოლაშქრეებისთვის უთქვამს, რომ ღამით მომხდარის შესახებ არაფერი გაუგია.

ორი დღე გავიდა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, სავარაუდოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ოფიციალურად გამოძიება დაწყებული არ არის. ეს იმას ნიშნავს, რომ მესაზღვრეებმა და რეინჯერმა ჩადენილი დანაშაულის შესახებ დამალეს ან ხელმძღვანელობას აცნობეს, მაგრამ თავად უწყებამ დამალა ყველაფერი. შინაგან საქმეთა სამინისტროში „მთის ამბებს“ უთხრეს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ.

„ჯეო-მეგზურის“ ტურის ერთ-ერთმა მონაწილემ, თვითმხილველმა ნანუკა ავალიანმა სოციალურ ქსელში დაწერა:

„2012 წლიდან ლაშქრობებზე დავდივარ და ასეთი შემთხვევა პირველად და იმედი მაქვს უკანასკნელად შემემთხვა მე და არამარტო მე, სხვა ტურისტებსაც. 27-28 მაისს ვიყავით ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, 13 ადამიანი. სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეთა პოსტი გავიარეთ, გადავიხადეთ მოსაკრებელი, მივედით ბანაკამდე.

გვგონია, რომ დაცულ ტერიტორიაზე ვართ, სადაც რეინჯერების გარდა მესაზღვრეებიც არიან. მოკლედ, მაქსიმალურად დაცულად ვგრძნობდით თავს, ვიდრე არ დაღამდა. ამინდის გამო ცოტა ადრე მოგვიწია კარვებში შესვლა და ღამე 00:00-01:00 ზე გვაღვიძებს, როგორც შემდეგ გავარკვიეთ მესაზღვრის ხმა. თავიდან გვეგონა, რომ ვიღაცამ დალია და თავისთვის ბოდიალობდა, მაგრამ არა!

მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელორუსი და რუსი ტურისტი, რომლებსაც აბულინგებდა. ხელბორკილი დაადო, რომელზეც უთხრა, გასაღები არ მქონიაო. მერე დავარდნილი პომიდორის აღება უბრძანა, იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით. მეორედ გადატენა და იქვე დაიდო! კარვებს შორის გაიარა ტყვიამ! ხალხო, ტყვიამ გაიარა ჩვენს კარვებს შორის.

არ დაგვავიწყდეს ის, რომ მეორე მხარეს აზერბაიჯანელი მესაზღვრეებიც მოძრაობენ. შოკში ვარ! ნამდვილად არ მაინტერესებს, ვის რამდენი შვილი ჰყავს შესანახი და ვის როგორი ოჯახები ჰყავს სარჩენი. ჩვენც გვყავს ოჯახები, ჩვენც გვყავს შვილები და ის ტყვია, რომელიმე ჩვენგანს რომ მოხვედროდა, მითხარით, ვინ გასცემდა პასუხს ჩვენს ოჯახს? თუ ამ მესაზღვრის დაჭერა იქნებოდა საკმარისი დედაჩემისთვის?“

ნანუკა ავალიანს ვკითხეთ, იციან თუ არა ამ მესაზღვრეების ვინაობა. „ერთ-ერთს კობა ერქვა. მან უთხრა მეორეს, აგრესიულს, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ არ გაჩერდა“.

რადგან სავარაუდო დანაშაულები სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ არის ჩადენილი, მისი გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ევალება. საგამოძიებო სამსახურში „მთის ამბებს“ განუცხადეს, რომ ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მომხდარის თაობაზე მათთან შეტყობინება არ შესულა და შესწავლას ახლა დაიწყებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აკრძალული აქვთ მთვრალ მდგომარეობაში ყოფნა, მითუფრო იარაღის ტარება, თუმცა ვაშლოვანის ეროვნულ პარკში მომხდარი ინციდენტი, პირველი ასეთი შემთხვევა არ არის, რაც გახმაურდა. „მთის ამბების“ არქივი ბოლო პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მთვრალი თანამშრომლების მიერ ერთმანეთის ან სხვების მოკვლის სულ მცირე რამდენიმე ფაქტს ინახავს.

---------------

დღის ბოლოს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლოვანის ნაკრძალში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ, ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყების საფუძველი 2023 წლის 29 მაისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, 28 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ  განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ თემაზე:

ვაშლოვანის ნაკრძალში ტურისტების მიმართ ძალადობის ფაქტზე მესაზღვრე დააკავეს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში