საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

300 ათასამდე ლარი ბიუჯეტიდან დეპუტატის ერთი სასტუმროდან მეორემდე გზის დასაგებად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:11 - 08 მაისი 2023 hits 19932

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია 300 ათასამდე ლარის დახარჯვას აპირებს, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის კუთვნილი ერთი სასტუმროდან მეორე, ახალაშენებულ სასტუმრო კოტეჯებამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის. ვენახებს შორის არსებული ვიწრო გზის გასწვრივ არავინ ცხოვრობს. ამ მონაკვეთს, ოფიციალურად ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სტატუსიც კი არ აქვს.

ამბროლაურის საკრებულომ, სოფელ სადმელში, „სასტუმროების კომპლექსთან ენუქიძეების და ოშხერლების უბნის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია“ 2023 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტების სიაში, 24 აპრილს შეიტანა.

პროექტი ორ ნაწილად იყოფა: 290 ათასი ლარია გათვალისწინებული პირველი მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის, რომელიც სასტუმრო „კარსეს“ დაახლოებით 250 მეტრში მდებარე ახალაშენებულ კოტეჯებთან აკავშირებს, რის შემდეგაც გზა ვენახებს შორის გრძელდება და ძირითად საუბნო გზას უერთდება. მეორე მონაკვეთი (ოშხერლების უბანი), რომლის გარშემოც ხალხი ცხოვრობს და მის მოასფალტებას წლებია ითხოვენ, მხოლოდ მოიხრეშება, რისთვისაც 36 ათასი ლარი დაიხარჯება.

„მთის ამბებმა“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან 3 მაისს გამოითხოვა ამ პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტები. კანონმდებლობით მერიას საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა გადმოეცა, რადგან მოსაძიებლად დრო არ სჭირდებოდათ, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მოგვაწოდეს.

ჩინოვნიკების მობილიზება ენუქიძის დასაცავად

სოფელ სადმელში, „კარსეს“ მიმდებარედ ვითარების ადგილზე გასაცნობად რამდენიმე წუთის მისულები ვიყავით, რომ სასტუმროში სამსახურებრივი მანქანით რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ქრისტინე კობახიძე მივიდა. კობახიძე გუბერნატორის მოადგილედ ერთი წლის წინ დაინიშნა. მანამდე დეპუტატ ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი იყო და რაჭაში მისი ნდობით აღჭურვილი პირია. ამბროლაურის საკრებულოს ოპოზიციონერ წევრთან, ამირან ლომთაძესთან ინტერვიუს ჩაწერა დავიწყეთ თუ არა, ადგილზე მოვიდნენ მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე ელიზბარ კობახიძე და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი. ლომთაძესთან ინტერვიუს ენუქიძის კოტეჯებთან ვწერდით, ქუჩაში, კერძო საკუთრების გარეთ.

- „უცხო პირებს რა გინდათ აქ, ვისი ნებართვით ხართ“? - გვეკითხება ელიზბარ კობახიძე.

- ვიზა გვჭირდება რაჭაში, საჯარო სივრცეში სამუშაოდ?

„რატომ ეძებთ მაინც და მაინც ისეთ წერტილებს, სადაც შეიძლება რამე კითხვის ნიშანი იყოს. თუმცა, არ არსებობს კითხვის ნიშანი“, - გვითხრა ამბროლაურის მერმა ზვიად (დავით) მხეიძემ.

- „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატის, მილიონერი გოჩა ენუქიძის ერთი სასტუმროდან მეორე სასტუმრო კოტეჯებამდე დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის რატომ უნდა დაიხარჯოს 300 ათასი ლარი ბიუჯეტიდან?

- ეგ არავის საქმე არ არის. თუ აქვს, თავისი პატიოსანი შრომით აქვს ნაშოვნი და არავის საქმე არ არის, არავინ ითვლის სხვის ქონებას და სხვის მილიონებს.

- ვითვლით ბატონო ზვიად, ვითვლით.

- ძალიან ცუდ კითხვას სვამთ და თავშივე ეტყობა მაგ კითხვას თქვენი მიზანი.

- სავარაუდოდ, კორუფციული ინტერესია და ამიტომ ვიკვლევთ.

- კორუფციულ ინტერესს რაში ხედავთ? და ბრალდებისთვის პასუხი რომ მოგთხოვოთ ახლა... კორუმპირებული თქვენ ხართ, პირდაპირ გეტყვი მაშინ რა.

- რითი ვარ კორუმპირებული?

- რითი და „იმენა“ ცუდ იმას ეძებთ, რა ჰქვია. ვიღაცის თემაზე დადიხართ. რა შუაშია კორუფცია, ვერ გავიგე.

კორუფცია არის „საჯარო მოსამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით. აგრეთვე, მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა.“

მერის 3 „არგუმენტი“

  • სასტუმროდან (იგულისხმება „კარსე“) აქამდე (კოტეჯებამდე) არის 200 მეტრი და იქით არის კილომეტრი;
  • აქ ჩერდება ეს გზა? ამის იქით გრძელდება და აი, იქ, მთის ძირამდე ადის. ხალხი ცხოვრობს აქ და მოსახლეობაა. 37 ოჯახის ხელმოწერა გვაქვს. სხვა გზა, უმოკლესი გზა მოსახლეობამდე არ არსებობს. ამიტომ, რადგან ვიღაც ცხოვრობს, გადავაფრინდეთ ამ იმას, გამოვტოვოთ ეს მონაკვეთი თუ რას ემსახურება თქვენი მიზანი? ეს გზა ამოკლებს მანძილს იმ უბნებიდან ცენტრალურ გზამდე. ზოგს ბავშვი დაჰყავს ბაღში, ყველას არ ჰყავს მანქანა, რომ გრძელი გზით იაროს.
  • გოჩას თემას რომ იძახით, აქ გოჩას გარდა არავის აქვს ნაკვეთები? ყველას უნდა რაღაცის გაკეთება ხომ?

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძის მიერ ჩამოთვლილი ყველა „არგუმენტი“, რომლითაც ის ენუქიძისთვის გზის დაგების გამართლებას ცდილობს, მცდარია.

სინამდვილეში, ენუქიძის სასტუმრო „კარსედან“ მისივე ახალაშენებულ კოტეჯებამდე მანძილი 265 მეტრია. კოტეჯებიდან იქამდე, სადაც სავენახე გზა ძირითად საუბნო გზას უერთდება, 195 მეტრი.

დავითვალეთ, რამდენით შეუმცირებს მანძილს „ენუქიძის გზა“ სადმელის ზედა უბნის („ოშხერლების“) მცხოვრებლებს ალპანა-ამბროლაურის ცენტრალურ გზამდე. არსებული, შიდა სასოფლო გზით, რომელიც ოშხერლების უბნამდე ბეტონის საფარით არის მოწყობილი, მანძილი 1160 მეტრია. „ენუქიძის გზით“ 1324 მეტრი, ანუ 164 მეტრით მეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდეს, ჩვენ გამოვარკვიეთ, რომ ის 37 ხელმოწერა, რომლითაც მუნიციპალიტეტის მერი სპეკულირებს „ენუქიძის გზის“ რეაბილიტაციის გასამართლებლად, ძირითადად, ოშხერლების უბნის მცხოვრებლებს ეკუთვნით და მათი მთავარი მოთხოვნა, საუბნო გზის აღდგენაა. ოშხერლების უბნის გზა კი ძირითად სასოფლო გზას უერთდება და არა „ენუქიძის გზას“.

უძრავი ქონების რეესტრის მონაცემებით, გზის ამ მონაკვეთის (ენუქიძის გზა) გასწვრივ ყველაზე დიდი ფართობის ნაკვეთები, საერთო ჯამში 21 418 კვ.მ. გოჩა ენუქიძის კომპანიების საკუთრებაა.

საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას ამტკიცებენ მუნიციპალიტეტის ორგანოები. როგორც წესი, იგი 3 წელიწადში ერთხელ გადაისინჯება. საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 დეკემბრის №58 დადგენილება, რომელშიც ბოლოს ცვლილება 2016 წლის 26 დეკემბერს არის შეტანილი. სოფელ სადმელში ადგილობრივი მნიშვნელობის გზებს შორის ე.წ. „სასტუმროების კომპლექსთან ენუქიძეების და ოშხერლების უბნის დამაკავშირებელი გზა“ საერთოდ არ იძებნება.

„ეგრე საჩხერე ონის დამაკავშირებელი გზაც არ არსებობდა იმ დროისთვის, მაგრამ ახლა გზა არის ხომ?“, - ასე უპასუხა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძემ „მთის ამბების“ კითხვას - როგორ შეიტანეს 2023 წელს განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტებში დეპუტატ ენუქიძის ერთი სასტუმროდან მეორე სასტუმრომდე დამაკავშირებელი მონაკვეთის რეაბილიტაცია, როცა მას ოფიციალურად ადგილობრივი მნიშვნელობის გზის სტატუსიც კი არ აქვს. „მერე მივანიჭებთ, რა პრობლემაა“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ.

ენუქიძის ბიზნესობიექტამდე ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამანქანო გზის რეაბილიტირების პირველი შემთხვევა არ არის. სოფელ სადმელში, ამბროლაურის აეროპორტიდან 5 წუთის სავალზე, დეპუტატმა სასტუმრო „კარსე“ რომ გახსნა, კომპლექსამდე მისასვლელი მეორე სამანქანო (შემოვლითი) გზის მშენებლობაც მუნიციპალიტეტმა დააფინანსა.

გოჩა ენუქიძე საქართველოს პარლამენტის წევრია 2008 წლიდან. პირველად ის ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გახდა. 2012 წელსაც კენჭი ამავე პარტიიდან იყარა. ხელისუფლებაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პარტიის მოსვლის შემდეგ, ენუქიძემ „ქართულ ოცნებაში“ გადაინაცვლა. 2016 წელს ის ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. დეპუტატი სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულია 42 კომპანიასთან. მისი კომპანიები მოიცავს ნავთობის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კომერციული უძრავი ქონების, ტურიზმის ინდუსტრიებს. პირდაპირ წილებს ფლობს 8 საწარმოში. არის „ლიბერთი ბანკის“ აქციონერი, შპს „იბერკომპანის“ 100%-ის მეწილე, შპს „არქი თაუერის“ 25%-ის მფლობელი, 2021 წლიდან არის სს Tesla Inc (აშშ კალიფორნია) აქციონერი და ა.შ.

2015 წლის მარტში, შპს „იბერკომპანიმ“, პირდაპირი პრივატიზაციის გზით, 800 000 ლარად მიიღო ქალაქ თბილისში, აკადემქალაქის მიმდებარედ არსებული 3,526 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. კომპანიას საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, 2018 წლის 25 სექტემბრამდე 4 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, რაც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის თანახმად, არ შესრულებულა.

გოჩა ენუქიძემ 2018 წელს დააფუძნა შპს „ნაბერაული ვაინსი“ და იმავე წელს სახელმწიფოსგან 600 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო, რომლითაც სოფელ სადმელში ღვინის საწარმო ააშენა.

ენუქიძის კომპანიას, „იბერკომპანი პეტროლიუმს“ რუსეთიდან ნავთობი შემოჰქონდა, რომელსაც გამარტივებული შესყიდვით, მათ შორის, მისივე სამაჟორიტარო ოლქის სახელმწიფო უწყებები ყიდულობდნენ.

მხოლოდ ერთი კომპანიის - შპს „იბერკომპანის“ აქტივები 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 44 მილიონ ლარად არის შეფასებული. საწარმოს წლიური საერთო მოგება 2021 წლისთვის, 8 მილიონი ლარი იყო.

იმ თანხით, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ენუქიძის სასტუმროების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის უნდა დახარჯოს, მთელ მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემის გადაწყვეტაა შესაძლებელი. რაჭა მიგრაციის მაჩვენებლით საქართველოს რეგიონებში პირველ ადგილზეა. ხალხისგან დაცლის ერთ-ერთი მიზეზი უტრანსპორტობით გამოწვეული იზოლაციაც არის.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში