საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთის ხმა - პირველი სტიპენდიატი მარგარეტ დაიაურია

23:43 - 13 აპრილი 2023 hits 8947

შატილის ახალაშენებული, სამმილიონიანი ჰესი რომ გაფუჭდა და პირიქითა ხევსურეთის ყველაზე ხალხმრავალი სოფელი ისევ უშუქოდ დარჩა, მარგარეტ დაიაურმა სოციალურ ქსელში ერთი თხოვნით იმდენი თანხა შეაგროვა, შატილში მცხოვრებ ყველა ოჯახს, ვისაც არ ჰქონდა, გენერატორი და საწვავი შეუძინა. ბევრი იშრომა, რომ შატილში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეც მოეწყო. სოციალური დატვირთვის ბიზნესიდეის დაფინანსებაზე ორჯერ რომ უარი უთხრეს, მესამედ კიდევ სცადა და მოიგო კიდეც - ციხე-კოშკში მოწყობილ საამქროში ხევსურულ სამკაულსა და სხვადასხვა ნაკეთობას ამზადებს, ზაფხულში გაყიდის კიდეც და თანხას ისევ სოციალური საწარმოს განვითარებას მოახმარს. მთავარი მაინც ის არის, თბილისში სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, ოთხი წლის წინ, ახალგაზრდა ქალი, ქალაქიდან მშობლიურ კუთხეში რომ დაბრუნდა და შატილის სკოლაში ხელოვნების მოხალისე მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. შატილში, 21-ე საუკუნეში პირველი ოჯახიც მარგარეტმა და გიორგი ჭინჭარაულმა შექმნეს. გიორგი თბილისიდან პირიქითა ხევსურეთში, საგვარეულო კოშკში საცხოვრებლად მარგარეტის ჩასვლამდე 3 წლით ადრე დაბრუნდა.

ახალგაზრდა წყვილს ბევრი უსაყვედურეს შატილის ისტორიული და უნიკალური ციხე-კოშკების ნგრევაზე ხმა რომ ამოიღეს და გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება მოითხოვეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობამ, გიორგის, რომელიც შატილის კოშკების მომვლელად მუშაობს, სამსახურიდან წასვლაზე განცხადებაც კი დააწერინა, მაგრამ ვეღარ გაათავისუფლეს.

ემიგრაციაში წასვლასაც აპირებდნენ, გადაიფიქრეს და მარგარეტი აქტიურადაა ჩართული, შატილს სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ცენტრი რომ ჰქონდეს, ადამიანები პირველადი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობის არქონის გამო რომ არ მძიმდებოდნენ და კვდებოდნენ, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ხევსურეთის ერთადერთი გზა დათვიჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო 5-6 თვით ჩაკეტილია, ღრუბლიან ამინდში კი უღელტეხილს იქით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ვერ აღწევს.

სწორედ მარგარეტია „მთის ხმის“ პირველი სტიპენდიატი - მთაზე ზრუნვისა და მთის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის. სტიპენდია ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და გურული დღიურების ფონდმა, „მთის ამბებთან“ ერთად დააფუძნეს.

„მე პირადად, ეროვნულ ბიბლიოთეკას, მოძრაობა „ეკვილიბრიუმს“ და სხვა დანარჩენ პროექტებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაკავშირებს „მთის ამბებთან“ და იმ ადამიანებთან, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი იყო „მარტოკაცების ბიბლიოთეკა“, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე ადამიანს, რომელიც მთაში მარტო ცხოვრობს, ბიბლიოთეკა მოვუწყეთ და მალე ამ მიმართულებით მუშაობას განვაახლებთ. ვფიქრობთ, მთის ბიბლიოთეკების მოწყობას, რაც გულისხმობს მაღალმთიან სოფლებში სამკითხველოების გაკეთებას თანამედროვე ლიტერატურით და აი, დაიბადა იდეა, რომ შემოგვეღო ერთგვარი სტიპენდია „გურული დღიურების ფონდის“ ეგიდით და ამავდროულად „მთის ამბების“ მხარდაჭერით, რომლის მიზანიც იქნება მთაში მცხოვრები იმ ადამიანების წახალისება, რომლებსაც წვლილი შეაქვთ მთის ცხოვრებაში სხვადასხვა მიმართულებით - მხოლოდ მთაში მცხოვრები ადამიანი არ არის ამ სტიპენდიის ადრესატი, არამედ ადამიანი, რომელიც იქ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.

მარგარეტ დაიაური ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როგორ ახერხებს ადამიანი, რომ დაუბრუნდა მთის სოფელს, აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სწორედ ამ აქტიურობით ახერხებს, ის ყოველდღიურობა, რომელიც შატილშია, ცხადი გახადოს დანარჩენი საქართველოსთვის და არამხოლოდ საქართველოსთვის.

ის მასწავლებელიც იყო შატილის სკოლაში, ახლაც ძალიან ბევრ ბავშვს ეხმარება. ყოველდღიურად გვაწვდის ინფორმაციას პირიქითა ხევსურეთთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ის ღირსეული სტიპენდიატია.

ეს არის ერთწლიანი სიმბოლური სტიპენდია. როგორც წესი, ჩვენ ასე ვმუშაობთ - გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სტიპენდიის თანხას ყოველთვიურად საკუთარი ხელფასიდან იხდიან. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ძალიან ბევრი ადამიანი გამოჩნდება და ჩვენ არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე სტიპენდიატი გვეყოლება.

სტიპენდიატების შერჩევაში ჩვენი მთავარი დამხმარე „მთის ამბები“ იქნება, რომლის რეკომენდაციითაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბევრ ადამიანს მივაგნებთ და გამოვარჩევთ.

ჩემი მოტივაცია პირველ რიგში ის არის, რომ ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ადამიანის შერჩევა და მისი გამორჩევა იმის გამო, რომ მე თვითონაც ვცხოვრობდი პატარა ქალაქში და თავის დროზე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მომიხდა. ყველა ის ადამიანი, რომელიც რაღაც ფორმით გვერდით დამიდგა, ძალიან კარგად და ზუსტად მახსოვს. შესაბამისად, ახლა ვცდილობ, იგივე გავაკეთო სხვა ადამიანებისთვის“, - უთხრა „მთის ამბებს“ გიორგი კეკელიძემ.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, მთის პირველი ბიბლიოთეკაც შატილში, საგამოფენო-საგანმანათლებლო სივრცეში შეიქმნება.

სხვა ინიციატივებთან ერთად, ესეც მარგარეტ დაიაურის ანგარიშზეა: „მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ გამხნევება და გვერდში დგომა, ეს სტიპენდია კი დიდი მოტივაციაა. ისინი აფასებენ გულწრფელ სურვილს, მთა განვითარდეს და კიდევ მეტი პოპულარიზაცია ჰქონდეს. სტიპენდია საერთოდ რომ არ იყოს, მხარდაჭერის გამოხატვაა ჩემთვის ყველაზე წამახალისებელი. ასეთი დამოკიდებულება და ქმედება იმედს გაძლევს, რომ მარტო არ ხარ. ხალხის გამოხმაურებაც ისეთი დადებითი იყო, ვაცნობიერებ, დიდი პასუხისმგებლობაც არის, იყო „მთის ხმის“ პირველი სტიპენდიატი. მეტი ძალითა და შემართებით ვეცდები მთისთვის აუცილებელი საქმეების კეთებას“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში