საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კიდევ 700 ჰექტარი რაჭაში რუსი ოლიგარქის ბიზნესპარტნიორს - ოქროს მოსაპოვებლად

20:53 - 23 მარტი 2023 hits 14019

რაჭის და არამხოლოდ რაჭის მოსახლეობამ ახლაც „მთის ამბებისგან“ შეიტყო, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ 700 ჰექტარი გადასცა რუსი ოლიგარქის ბიზნესპარტნიორის კომპანიას. ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება იქამდე აქვს მიღებული, ვიდრე დავით ხიდაშელს, რაჭასა და ქვემო სვანეთში, ნახევარი საუკუნით, 105 ათასამდე ჰექტარ ტყეს მისცემდა ირმებისა და ბიზონების მოშენების საბაბით.

სქემა 700 ჰექტარი მიწის გადაცემის დროსაც იგივეა, რაც დავით ხიდაშელის შემთხვევაში.

კომპანია, რომელსაც ხელისუფლებამ ღებში, გლოლაში, შოვში, ურავსა და გადამშში, 2036 წლამდე ოქროს მოპოვების ლიცენზია მისცა, ერთი შეხედვით ქართულია და თბილისშია დაფუძნებული.

საწარმო 2015 წელს არის რეგისტრირებული და დაფუძნებიდან 2021 წლის ჩათვლით, 94 % წილის მფლობელი ალექსანდრე ხარებავა იყო. 2021 წლის ნოემბერში, ალექსანდრე ხარებავამ „ქართული პერსპექტივის“ 94% ნასყიდობის ხელშეკრულებით, 200 ლარად, მურმან წოწორიაზე გაასხვისა. ამ დროისთვის შპს „ქართული პერსპექტივა“ ონის მუნიციპალიტეტში უკვე ფლობდა ოქროს მოპოვების ოთხ ლიცენზიას:

მურმან წოწორია „დიზონ ლიმითედის საქართველოს წარმომადგენლობის“ დირექტორია, რომლის დამფუძნებელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 2006 წელს რეგისტრირებული „დიზონ ლიმითედია“. ეს კომპანია ძმებს, ალექსანდრე და თენგიზ ხარებავებს ეკუთვნით. 2006 წელს, მოსკოვის ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის მიხედვით, „დიზონ ლიმითედის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში ალექსანდრე ხარებავა იყო და საწარმოც მის საკუთრებაში არსებულ ფართში დარეგისტრირდა.

თენგიზ ხარებავა საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა. ის კალუგის ოლქში რეგისტრირებული, აქტიური ფარმაცევტული ნივთიერებების მწარმოებელი კომპანიის, შპს „ბიონის“ 17 %-ს ფლობს. ამავე კომპანიის ყველაზე დიდი წილი, 62 % შპს „ფარმაპოლისს“ ეკუთვნის, რომლის 99.9%-იანი წილის მფლობელია შპს „სამრეწველო ინვესტიციები“. ეს საწარმო რუსი ოლიგარქის მიხაილ შელკოვის მიერ არის დაფუძნებული და წილის 99 %-ის მესაკუთრეა.

მიხაილ ევგენის ძე შელკოვი კორპორაცია VSMPO-AVISMA-ს ძირითადი აქციონერია - ფლობს კორპორაციის წილების 65.3%-ს და არის კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. VSMPO-AVISMA ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. ტიტანი ქიმიურ და სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება. შელკოვს უკრაინის მთავრობამ სანქციები ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე დაუწესა.

შელკოვი „როსობორონექსპორტში“ მუშაობდა, სადაც, როგორც თვითონ აცხადებდა, სერგეი ჩემეზოვის წყალობით მოხვდა. Forbes წერს, რომ ჩემეზოვი პუტინის მეგობარია და ის დე ფაქტო მართავდა „როსობორონექსპორტს“. აღნიშნული სახელმწიფო ორგანიზაცია სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის, სერვისებისა და ტექნოლოგიების ექსპორტს ახორციელებს. ამჟამად სერგეი ჩემეზოვი სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ გენერალური დირექტორია. „როსტეხი“ 2007 წელს პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის შედეგად შეიქმნა.

ერთი წლის წინ, „მთის ამბებმა“ გაახმაურა, რომ რაჭასა და ქვემო სვანეთში, 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საქართველოს ხელისუფლებამ დავით ხიდაშელის კომპანიას გადასცა. ხიდაშელისთვის გადაცემული ტყის ფონდი, ერთად - ლაგოდეხის, ვაშლოვანის, ჯავახეთის, ერუშეთის ეროვნულ პარკებზე ბევრად დიდია. დავით ხიდაშელი კი უმსხვილესი რუსული კორპორაციის „სისტემის“ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის პარტნიორი და მეგობარია. სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემული ტერიტორია რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.

2022 წლის დეკემბრის მიწუულს, რაჭაში, მამისონის უღელტეხილთან მდებარე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ჯგუფებმა 18 მეტრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის უფლება მიიღეს. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ შოვში, აპარტამენტებს, უმეტესად, რუსეთის მოქალაქეები იყიდიან, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში საცხოვრებლად მასობრივად გადმოდიან. საზღვრისპირა რეგიონში რუსეთის მოქალაქეების მიერ კერძო საკუთრების ქონა კი საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის. კურორტი შოვი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად საზღვრებში ბოლო პუნქტია ე.წ. ოსეთის სამხედრო გზაზე, რომელიც მამისონის უღელტეხილის გავლით, საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთს (ალანია) აკავშირებს. მამისონის უღელტეხილი 2009 წლიდან რუსეთს აქვს ოკუპირებული. საოკუპაციო ხაზს იქით არის დარჩენილი ნასოფლარი ღურშევი, მდინარე ჭანჭახის ხეობის ნაწილი და მამისონისკენ მიმავალი საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი. ამ გზის გახსნის აუცილებლობაზე საუბრობდა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი და ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი დავით საგანელიძე, 2020 წლის 2 სექტემბერს, ონში, მოსახლეობასთან შეხვედრისას. რუსეთის მხარეს ამ გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, 2022 წლის 13 დეკემბერს კი, ნიჟნი ზარამაგამდე, რომელიც მამისონის უღელტეხილთან მდებარე უახლოესი ადმინისტრაციული ცენტრია, ნახევარკილომეტრიანი გვირაბიც გახსნეს. ღონისძიებაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დისტანციურად მონაწილეობდა.

რაჭის მკვიდრი, ვაჟა ცეცაძე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჯერ საქართველოში, შემდეგ კი უკრაინაში, ომში იბრძოდა, დარწმუნებულია, რომ რუსეთის მიზანია ხელში ჩაიგდოს ზემო რაჭა, რომელიც წიაღისეულით განსაკუთრებით მდიდარია - ხალხისგან დაცლილი სოფლები ერთი მხრივ საქართველოს მთავრობას უადვილებს რუსული გადაწყვეტილებების მიღებას, მეორე მხრივ კი რუსეთს, რომ ქართულ მიწებს უფრო მარტივად დაეპატრონოს.

რაჭა საქართველოში ხალხისგან ყველაზე მეტად დაცლილი რეგიონია. ბოლო 20 წელში კლება 40%-მდეა. ზემო რაჭის 13 სოფელში მუდმივად ერთი ან ორი ადამიანიღა ცხოვრობს, 6 სოფელი უკვე ნასოფლარია. სიკვდილიანობა შობადობას სამჯერ აღემატება.

რაჭის 30%-ზე მეტი, 49 წლით, დღეისათვის პუტინის მოკავშირეების ხელშია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც წლების განმავლობაში რაჭაში ეროვნული პარკის შექმნას ხელს უშლიდნენ, სწორედ ეს არის.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში