საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ქვეშეთი-კობის მშენებარე გვირაბში მუშების დაღუპვასა და დაშავებას სამინისტრო უარყოფს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:00 - 09 თებერვალი 2023 hits 17755

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ქვეშეთი-კობის მშენებარე გვირაბში რამდენიმე მუშის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ.

„მთის ამბებს“ ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა წყაროებმა, მათ შორის, გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულმა პირებმა დაუდასტურეს, რომ სავენტილაციო სისტემა 2 დღის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, რის გამოც გვირაბში დიდი რაოდენობით მხუთავი გაზი დაგროვდა.

„ერთ-ერთი დაშავებული ადგილობრივი მკვიდრია. გვირაბში მანქანით იყო შესული. გამოსვლა რომ დააგვიანა, მის მოსაძებნად შევიდნენ. დაახლოებით 5 კილომეტრის სიღრმეში იმყოფებოდა. ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ის როცა გამოჰყავდათ, მაშინ უნახავთ, რომ რამდენიმე მუშა გარდაცვლილი იყო. გვირაბში აღარავინ შეუშვეს. ინფორმაციაც გაასაიდუმლოეს. სამსახურის დაკარგვის შიშით ხმას ვერავინ იღებს“, - გვითხრეს ადგილობრივებმა.

„მთის ამბებისთვის“ ცნობილია გვირაბში დაშავებული პირის ვინაობა. კონფიდენციალობის პირობით თვითმხილველებმაც დაგვიდასტურეს გვირაბიდან მისი გამოყვანისა და საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტი, თუმცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიც არის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კატეგორიულად უარყოფს მშენებარე გვირაბში არამხოლოდ მუშების გარდაცვალების, არამედ დაშავების ფაქტსაც.

„მთის ამბებმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. შსს-ს განცხადებით, ქვეშეთი-კობის გვირაბში მუშების გარდაცვალების ან დაშავების თაობაზე მათ ინფორმაცია არ აქვთ და შესაბამისად, არც გამოძიებაა დაწყებული.

ქვეშეთი-კობის მშენებარე გვირაბში მხუთავი აირისგან ერთი მუშა დაიღუპა და ორი დაშავდა გასული წლის ზაფხულშიც. აღსანიშნავია, რომ არცერთმა სახელმწიფო უწყებამ მომხდარის შესახებ მაშინ ინფორმაცია არ გაავრცელა და მთელი დღის განმავლობაში „მთის ამბებს“ მუშების დაშავებისა და დაღუპვის ფაქტებს არ უდასტურებდნენ. შსს-მ მხოლოდ მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განმარტა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

მხუთავი გაზი გვირაბის მშენებლობისთვის აფეთქების დროს სიღრმიდან გამოდის - არც სუნი აქვს, არც გემო და ადამიანისთვის სრულიად შეუმჩნევლად ვრცელდება, მაღალი კონცენტრაციის დროს ძლიერ მოწამვლას ან სიკვდილს იწვევს.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე დღის განმავლობაში აკრძალული იყო და დღეს, გვიან საღამოს აღდგა.

„მთის ამბები“ ცდილობს დამატებითი დეტალების დაზუსტებას და ინფორმაცია განახლდება.

ქვეშეთი-კობის 9 კილომეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა 2021 წლის მაისში დაიწყო და მისი ბურღვა კლდოვან ქანებში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ჯამში 23 კმ-იანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი და 5 გვირაბი უნდა აშენდეს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ახალი გზა ქვეშეთიდან კობამდე მანძილს 11 კმ-ით შეამცირებს, გზის გავლას კი 1 საათის ნაცვლად, 15 წუთი დასჭირდება. პროექტის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობა აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის არის დაგეგმილი. ახალი გზა ხადის ხეობაზე გადის და საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის ნაწილია. ჯვრის უღელტეხილზე დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, არსებული გზა, ზამთარში, ხშირად ზედიზედ რამდენიმე დღით იკეტება და ორივე მხარეს, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის გადამზიდავი კომპანიების სატვირთო მანქანების გრძელი რიგები დგას. ჯვრის უღელტეხილი როცა ჩაკეტილია, ეს პრობლემებს უქმნის ყაზბეგის მცხოვრებლებსაც.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში