საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რამ აიძულა წარმატებული ახალგაზრდა თუში ფერმერი ემიგრაციაში წასულიყო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:28 - 07 დეკემბერი 2022 hits 25229

გიორგი ქარსამაული, 31 წლის, ვესტომთა - თუშეთში, ფერმერულ მეურნეობაში გამორჩეულ გუდის ყველს ამზადებდა, მის მიერვე შექმნილი დაძველების ტექნოლოგიით. სოფლამდე სამანქანო გზა არ ჰქონდა, არც ახლა აქვთ, სამშენებლო მასალა ცხენებით აზიდა და სახლი საოჯახო სასტუმროდ გადააკეთა. თუშეთის და მეცხვარეების პრობლემებზე ბევრს ხმაურობდა. სოფელში, სადაც რამდენიმე ათეული წელია მუდმივად აღარავის უცხოვრია, აგროტურისტული ცენტრის მოწყობას გეგმავდა, მაგრამ მე-9 თვეა ემიგრაციაშია. წავიდა და უმცროსი ძმაც წაიყვანა.

გიორგი საქართველოდან წასვლის რამდენიმე მიზეზს ასახელებს - მეცხვარეობის დარგში არსებულ პრობლემებს, ბიუროკრატიას, იმედგაცრუებას და უპერსპექტივობის განცდას.

უარი გვითხრა, ემიგრაციაში წასვლამდე პოლიციასთან შექმნილ პრობლემებზე ისაუბროს, თუმცა „მთის ამბებისთვის“ ცნობილია, რომ თუშეთში, სახლში გაუფორმებელი ავტომატი ჩაუდეს. მამას შვილები რომ გადაერჩინა, „დანაშაული“ საკუთარ თავზე აიღო, პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ პროკურატურასა და რობიზონ ქარსამაულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება 2021 წლის 20 ოქტომბერს დაამტკიცა.

გიორგი 12 წლის იყო, პირველად, მამას, გამოცდილ მეცხვარეს ცხვარში რომ გაჰყვა. ალვნიდან ვესტომთამდე გზა ფეხით გაიარა, აბანოს უღელტეხილიც გადალახა. მერე, ყოველ ზაფხულს მთაში, ცხვარში ატარებდა. მეცხვარეობა თუშებისთვის არა მხოლოდ შემოსავლის წყაროა, არამედ ამ გზით, მომთაბარე ცხოვრებით კავშირს ინარჩუნებენ თუშეთთან, სადაც სახლები აქვთ, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, სადაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ.

სკოლის დამთავრების შემდეგ ეკოლოგის პროფესიას დაეუფლა, მაგრამ მთლიანად მეცხვარეობაში ჩაერთო. 250 დედა ცხვრიდან რაოდენობა 800-მდე გაზარდეს. ბოლო 2-3 წელში ძალიან გაუჭირდათ: „ცხვარში წასვლა არავის უნდა. ყველა ერიდება, მძიმე სამუშაოა, დღე და ღამე მინდორში ყოფნა გიწევს. კარგია თუ ცუდი ამინდი, დილის 5 საათზე უნდა ადგე და საქმე გააკეთო. ანაზღაურებაც გაიზარდა. წელს ზაფხულში ყოველთვიური ხელფასი 3000 ლარამდე იყო, მაგრამ ფიზიკურად მუშახელი აღარაა, ახალგაზრდები მასობრივად წავიდნენ საზღვარგარეთ.

მეორე პრობლემა საძოვრებია. ისეთ პირებს აქვთ აღებული, საქონელი რომ არ ჰყავთ და ჩვენ, ვინც მეცხვარეობას მივდევთ, მათგან გვიწევს ქირაობა, დიდი გასადახადების სანაცვლოდ. 300 ჰექტრიანი ბინა რომ დამექირავებინა, 50-60 ათასი ლარის გადახდა მიწევდა. ამას ემატება სხვა ხარჯები და უშველებელ თანხაზე ადის. ამის გამო მეცხვარეობა ყოველ წელს უკან და უკან მიდის. გადასარეკი ტრასების პრობლემაც მრავალი დაპირების მიუხედავად ამ დრომდე ვერ მოგვარდა. შირაქიდან ალვნამდე გზის პირას ცხვრის გასაჩერებელი ადგილები სულ გაყიდეს. ხელისუფლების წარმომადგენლები გვპირდებოდნენ, რომ მონაცვლეობის პრინციპით ამ ადგილებს უკან დაიბრუნებდნენ, მაგრამ პირიქით, რაც დარჩენილი იყო, იმასაც ყიდდნენ. ყოველ წელს, ცხვრის გადარეკვის დროს ჩხუბი და აყალმაყალია. მე ახმეტის მუნიციპალიტეტისგან მქონდა იჯარით აღებული საძოვარი. აღმოჩნდა, რომ ჩვენი განაცხადი დააიგნორეს და ისეთს მისცეს, არავითარი შეხება რომ არ ჰქონდა იმ საძოვართან. ყველგან ვიყავი, სადაც კი შემეძლო - სოფლის მეურნეობის სამინისტროში, დაცული ტერიტორიების სააგენტოში. ყველგან მითხრეს, რომ კარგი ბიჭი ვიყავი, მაგრამ მაგ საქმეს არაფერი ეშველებოდა“, - გიორგი ამბობს, რომ არასდროს ჰქონია გეგმაში საქართველოს დატოვება: „თქვენც მიცნობთ და ვინც იცის, ყველანაირად ვცდილობდი, რომ მანდ, შემექმნა ჩემი, ძველი რაც მქონდა დანატოვარი, ეგ გამეგრძელებინა. ყველაფერი გავაკეთე და ფაქტია, რომ ბოლოს არაფერი გამომივიდა, მაინც მომიწია წამოსვლა ემიგრაციაში.

ხშირად ვამბობდი, ყველა ტოვებს ამ ქვეყანას და რამდენიმე ადამიანი მაინც უნდა დავრჩეთ, ვინც ძველ, ტრადიციულ საქმეს გავაგრძელებთ მეთქი. ახალგაზრდები, თორემ არის ასაკოვანი ხალხი, რომლებიც რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად გაყიდიან ცხვარს და დარჩება თუშეთი ცხვრისა და თუში მეცხვარის გარეშე“.

გიორგი ახლა 21 წლის ძმასთან ერთად ქალაქ კორკში ცხოვრობს. კუნძულ ირლანდიაზე ეს სიდიდით მეორე ქალაქია დუბლინის შემდეგ. ძმები მშენებლობაზე მუშაობენ. ირლანდია ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანაა საქართველოდან ემიგრაციაში წასვლის მსურველთათვის. გიორგი 150-ზე მეტ მხოლოდ თუშს ითვლის ქალაქ კორკში, ვისაც იცნობს და ვისთანაც ურთიერთობა აქვს. ძირითადად, ახალგაზრდები არიან, 45 წელს ქვემოთ - „ირლანდიაში ბევრად მეტნი ვართ, ქუჩაში ყველგან ისმის ქართულ ენაზე საუბარი. ყველას თავისი პრობლემა აქვს, ვინც აქ ჩამოვიდა. ძირითადად, აქედან ოჯახი უნდა არჩინონ. მეც მეუღლე და სამი შვილი დავტოვე - 4 წლის, 2 წლის და მესამე ახლა სამი თვისაა. მაშინ დაიბადა, როცა მე უკვე ემიგრაციაში ვიყავი.

ჩემი სული და გული მანდ არის, მაგრამ საერთო მიზეზი, რაც წამოსულებს გვაერთიანებს, იმედგაცრუებაა. საქართველოში ახალგაზრდისთვის არ არის განვითარების პერსპექტივა, თუ ვინმე არ გყავს ისეთი, ვინც წინ წაგწევს“.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 351-მა საქართველოს მოქალაქემ, ქვეყანაში დაბრუნდა 38 526 ადამიანი, საზღვარგარეთ დარჩა 40 825.

2013-2021 წლებში ქვეყანა დატოვა 618 128 საქართველოს მოქალაქემ, დაბრუნდა 450 693. ამ პერიოდში საზღვარგარეთ დარჩა 167 435 ადამიანი.

მომდევნო ინტერვიუ კიდევ ერთ თუშთან გვექნება. 28 წლის გიორგი აბულიძე წარმატებული კოოპერატივის „ალაზნისთავის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეპატრონე იყო - თუშური გუდის ყველი ექსპორტზე ისრაელსა და ამერიკაშიც გაიტანა. შექმნილი პრობლემების გამო საქართველოდან გიორგიც წავიდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში