საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

      

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნას 8 ადამიანი ემსხვერპლა

19:27 - 29 ივლისი 2022 hits 40964

გუდაურში სამაშველო ოპერაციის დროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი „მი 8“ ჩამოვარდა და აფეთქდა. შემთხვევა გუდაური-კობის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პირველ გვირაბთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი. ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა, რომ ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა.

სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის დახმარებით, გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს ე.წ. „კუდის როტორი“ დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

ამ თემაზე - შს მინისტრმა დაადასტურა, რომ გუდაურში 8 ადამიანი დაიღუპა

ვინ არიან გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულები

სავარაუდოდ, ქარის გამო მოხდა - შამილ ქორთოშიძე გუდაურის ტრაგედიაზე

რა ღირს სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი

გაფრთხილებთ, ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს!

საქართველოს სასაზღვრო პოლიციას რამდენიმე „მი 8“ აქვს. აღნიშნული ვერტმფრენი მეოცე საუკუნის 60-იან წლებში მოსკოვის საავიაციო ქარხანაში შეიქმნა და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მრავალფუნქციური საბჭოთა შვეულმფრენია. საქართველოში მას იყენებენ არამხოლოდ მესაზღვრეების გადასაყვანად მაღალმთიან ადგილებში, არამედ საგანგებო სიტუაციების დროს - სამაშველო ოპერაციებისთვის, ხანძრების ჩასაქრობად.

2017 წელს, სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი „მი 8“, ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულაზე წყლის აღების დროს ჩამოვარდა. ვერტმფრენი ხანძრის ქრობის სამუშაოებში მონაწილეობდა. მსუბუქად დაშავდა ეკიპაჟის 4 წევრი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ვერტმფრენს სარეგლამენტო შემოწმება ორი დღის წინ ჰქონდა ჩატარებული და გამართული იყო. წყალსაცავში ჩავარდნილი ვერტმფრენი წყლიდან მეორე დღეს ამოიღეს, მოგვიანებით შეაკეთეს და გამოსაყენებლად სასაზღვრო პოლიციას დაუბრუნდა.

2018 წლის 12 ივლისს, კახეთში, ართანის მთებში ჩამოვარდა სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი, ფრანგული წარმოების Super Puma-ს ვერტმფრენი, რომელიც 90 მილიონ ლარად იყო შეფასებული. ოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დაშავდა - შსს-ს სამი მფრინავი, ერთი მესაზღვრე და საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი.

საქართველოს არცერთი სპეციალური სამაშველო ვერტმფრენი არ აქვს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ვაკანსიები მთაში

თავში