საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რუსეთიდან გამოქცეულ ჟურნალისტს საქართველოს მთავრობა 6 დღეა ქვეყანაში არ უშვებს

23:37 - 18 ივნისი 2022 hits 3270
ინსა ლანდერი
ახალი ამბები
ინსა ლანდერი

ჟურნალისტი და ბლოგერი ყაბარდო-ბალყარეთიდან ინსა ოგუზი (იგივე, ინსა ლანდერი), რომელიც საქართველოში თავშესაფარს ითხოვს, მეექვსე დღეა ქართველ პოლიციელებს დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ჰყავთ გაჩერებული და ქვეყანაში არ უშვებენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს, ლიეტუვას ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომ მზადაა, ინსა ოგუზი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე მიიღონ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ოგუზს მესამე ქვეყანაში გასვლის შესაძლებლობასაც არ აძლევს.

რუსეთიდან გამოქცეულ ჟურნალისტთან შეხვედრის შესაძლებლობა არც საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელს მისცეს. ინსა ოგუზი „დარიალის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის (Duty Free) ტერიტორიაზე იმყოფება, აქვს მაღალი ტემპერატურა, თუმცა მას არც ექიმს ახვედრებენ.

„ის უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს საზღვარზეა. არ აქვს წყალი და საჭმელი. სკამზე სძინავს, იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში არ შემოუშვა. ის ბლოგერია ნალჩიკიდან და შინაპატიმრობიდან გაიქცა.

საბედნიეროდ, მოახერხა და კვირას რუსეთის საზღვარი გადმოკვეთა. რუსეთში დაბრუნება რომ სცადოს, საზღვარზე მაშინვე დაიჭერენ და ციხეში მრავალი წლის გატარება მოუწევს“, - აღნიშნა „ფონდი თავისუფალი რუსეთის“ წარმომადგენელმა, იგორ კურაპეტოვმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინსა ოგუზი საქართველოს საზღვარზე 12 ივნისს შემოვიდა, თუმცა საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს. შსს ამ გადაწყვეტილების საფუძვლად რამდენიმე მიზეზს ასახელებს: „იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ. მეორე დღეს, 13 ივნისს, აღნიშნული მოქალაქე კვლავ გამოცხადდა დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე და მოითხოვა საერთაშორისო დაცვა. მისი განმარტებით, ის ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით და სასამართლოს მიერ შეფარდებული აქვს შინაპატიმრობა საქმის არსებით განხილვამდე. მისივე განმარტებით, მან დაარღვია შინაპატიმრობის წესები, მოიხსნა ე.წ. „სამაჯური“ და საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ აპირებდა საქართველოში შემოსვლას. აღსანიშნავია, რომ მასობრივი ინფორმაციის წყაროებიდან ნამდვილად იკვეთება, რომ აღნიშნული პიროვნება არის ბრალდებული ისეთ მძიმე საერთაშორისო დანაშულში, როგორიც არის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის საკითხი თანხვედრაში უნდა იყოს საზღვრის კვეთის შესაბამის მოთხოვნებთან. თუკი პირი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს, მათ შორის, თუკი პირის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს ან თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ისეთ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: ტერორიზმი, ნარკოტიკების კონტრაბანდა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ასეთ პირს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას სახელმწიფო ინტერესის გათვალისწინებით“.

ინსა ლანდერი ცნობილია როგორც ბლოგერი, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობდა და ინტერნეტში თაღლითობის ფაქტებს ამხელდა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ის ქალაქ ბაქსანში 2021 წლის დეკემბერში დააკავა და ბრალად ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობა წარუდგინა. მის წინააღმდეგ ჩვენება ახალგაზრდა კაცმა მისცა. ინსა ლანდერი აცხადებდა, რომ საქმე ეხება მის პირად მიმოწერას, რომელიც 2014 წელს ჰქონდა.

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიას თქმით, სამინისტროს განცხადება, ინსა ოგუზის ბრალეულობაზე საუბრისას, თავად ოგუზის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობა. მასში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ სავსებით შესაძლებელია, ინსა ოგუზის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის უკან, მისი ჟურნალისტური და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა იდგეს.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვისა და  „წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ“ კონვენციების თანახმად, არც ერთმა მხარე-სახელმწიფომ არ უნდა მოახდინოს პირის გაძევება, დაბრუნება, (refouler) ან ექსტრადიცია სხვა სახელმწიფოში, როდესაც არსებობს სერიოზული საფრთხე, რომ მის მიმართ, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს წამება ან ადამიანის უფლებების სხვა სერიოზული დარღვევა. „აღნიშნულ დებულებასთან სრულ თანხვედრაშია ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც დაუშვებლად აღიარებს უცხოელის იმ ქვეყანაში გაძევებას, სადაც მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. მოცემულ საქმეზე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული რუსეთის ფედერაციაში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და ა.შ.

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, მისცეს ინსა ოგუზს უსაფრთხო ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის შესაძლებლობა, ასევე სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში უზრუნველყონ მისთვის ღირსეული საარსებო პირობები, მათ შორის, დაუყოვნებლივ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე 1227 პირი ცხოვრობს. აქედან 493 ლტოლვილის სტატუსით, ხოლო 734 ჰუმანიტარული სტატუსით სარგებლობს. რაც შეეხება საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა წარმოშობის ქვეყნებს, უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის, უკრაინის, ერაყის და სირიის მოქალაქეები არიან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში