საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:30 - 13 ივნისი 2022 hits 6848

ქვეშეთი-კობის მშენებარე გზის კობი-წკერეს მონაკვეთზე, სათადარიგო გვირაბის მშენებლობისას, სამუშაოებზე დასაქმებული ჩინეთის ერთი მოქალაქე დაიღუპა, 2 დაშავდა. გარდაცვლილი 33 წლის არის.

შემთხვევა გვირაბში, დაახლოებით 3 კილომეტრის სიღრმეში, 13 ივნისს, დილით მოხდა, თუმცა მაშველებმა ცხედარი შუადღემდე ვერ გამოიტანეს, რადგან დიდი რაოდენობით მხუთავი გაზი იყო დაგროვილი.

მხუთავი გაზი წარმოადგენს უფერო, უსუნო და უგემო ძლიერ მომწამლავ გაზს და გარემოში ვრცელდება ადამიანისთვის სრულიად შეუმჩნევლად. ადამიანის ორგანიზმზე მისი მოქმედება დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და ზემოქმედების პერიოდზე. რაც მეტია მხუთავი გაზის კონცენტრაცია, მით მეტია ადამიანის ძლიერი მოწამვლის ან ლეტალური შედეგის დადგომის ალბათობა. 

"მთის ამბებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. საქმეს შრომის ინსპექციაც სწავლობს, მაგრამ არცერთმა უწყებამ მომხდარის შესახებ დღეს ინფორმაცია არ გაავრცელა.

ქვეშეთი-კობის გზას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩინური კომპანია აშენებს. პროექტის ღირებულება 1.240 მილიარდი ლარია. სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებენ.

ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტის ნაწილია. დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ხუთი ხიდის, ხუთი გვირაბის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა.

ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის მიხედვით, ახალი გზის სიგრძე 23 კმ იქნება, რაც მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დრო ერთი საათით შეამცირებს. ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის და ჯვრის უღელტეხილის გავლით. მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში