საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რუსეთი საქართველოს ენერგეტიკაში და ახალი ჰესები „ინტერ რაოს“ საფარქვეშ

12:09 - 11 აგვისტო 2022 hits 36742
დარიალი ჰესის გახსნა - საქართველოს მთავრობის წევრები მევლუდ ბლიაძესთან ერთად. 2017 წლის აპრილი
ახალი ამბები
დარიალი ჰესის გახსნა - საქართველოს მთავრობის წევრები მევლუდ ბლიაძესთან ერთად. 2017 წლის აპრილი

საქართველოში მდებარე რომელი ჰესებია რუსული კომპანიებისა და რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში? რატომ არის ეს ჰიდროელექტროსადგურები ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? როგორ უწყობდა ხელს ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ და ახლა „ქართული ოცნება“, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების გაზრდას? რატომ აფორმებს საქართველოს მთავრობა უკრაინაში ომის პარალელურად ახალი ჰესების მშენებლობაზე კონტრაქტებს რუსეთის კომპანია „ინტერ რაოსთან“ დაკავშირებულ პირებთან, მითუფრო, რომ „ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელები სანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ.

 „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“

ორივე ჰიდროელექტროსადურის დადგმული სიმძლავრე ერთად 227.2 მგვტ-ია. „ხრამჰესი I“-ის ინსფრასტრუქტურის ნაწილია წყალსაცავი, რომელიც 312 მლნ. კუბურ მეტრ წყალს იტევს. წყლის დაგროვება აპრილში იწყება და ივლისამდე გრძელდება, რაც ჰესის მთელი სიმძლავრით მუშაობას უზრუნველყოფს. „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“ საბჭოთა კავშირის პერიოდში ააშენეს და ექსპლუატაციაშიც 1947 და 1963 წელს გაუშვეს. დაგეგმილი იყო ხრამის კასკადის მშენებლობა, რომელიც ოთხ ჰესს მოიცავდა, მაგრამ მესამე და მეოთხე ჰესების მშენებლობის პროექტები აღარ განხორციელდა.

„ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“ სააქციო საზოგადოებებად 1996 წელს დაფუძნდა. აქციების 100 %-ის მფლობელი საქართველოს სახელმწიფო იყო. 1999 წლის 22 დეკემბერს, „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“ მართვისა და დივიდენდების მიღების ექსკლუზიური უფლებით, სახელმწიფომ, 25 წლის ვადით, კომპანია „AES Georgia Holdings B.V“-ს გადასცა. 2003 წელს კომპანია „AES Georgia Holdings B.V“ რუსულმა კომპანია „ინტერ რაომ“ იყიდა, რომლის საკონტროლო პაკეტსაც რუსეთის სახელმწიფო კომპანიები ფლობენ.

2011 წლის 31 მარტს, საქართველოს სახელმწიფოსა და „ინტერ რაოს“ შორის დაიდო მემორანდუმი „ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის შესახებ.“ მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის სპეციალური დებულების N717 საფუძველზე, „ხრამჰესი I“-ის და „ხრამჰესი II“-ის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, „ხრამჰესი I“-ის და „ხრამჰესი II“-ის აქციების 100 % საკუთრებაში გადაეცა ნიდერლანდებში დაფუძნებულ „Gardabani Holding B.V.“-ს, რომელიც „ინტერ რაო“-ს შვილობილი კომპანიაა.

საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აცხადებდა, რომ „ინტერ რაოს“ ორივე ჰესში 104 მილიონი აშშ დოლარი 2011 წლის ნოემბრამდე უნდა გადაეხადა. ასევე, „ინტერ რაომ“ აიღო ვალდებულება, რომ 2016 წლამდე, მდინარე ხრამის აუზში, სამ ახალ ჰიდროელექტროსადგურს ააშენებდა, რომელთა დადგმული სიმძლავრე 90-100 მგვტ იქნებოდა. რუსულ კომპანიას ახალი ჰესების მშენებლობაში 193 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. 

„ინტერ რაომ“ სამიდან არცერთი ახალი ჰესი არ ააშენა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან, 16 მარტს, წერილობით გამოვითხოვეთ „ხრამჰესი I“-ის და „ხრამჰესი II“-ის წილების პრივატიზების ხელშეკრულება იმის გასარკვევად, რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა კონტრაქტი ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. საჯარო ინფორმაციის გასაცემად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა ვადა გავიდა, მაგრამ სამინისტრომ დოკუმენტი არ მოგვაწოდა. „მთის ამბებმა“ ამ საკითხზე ადმინისტრაციული დავა დაიწყო.

საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 2018-2028 წლების გეგმის მიხედვით, „ხრამი ჰესი 3“ - დადგმული სიმძლავრით 16 მგვტ, „ხრამი ჰესი 4“ - სიმძლავრით 15 მგვტ და „ხრამი ჰესი 5“ - სიმძლავრით 20 მგვტ, კვლევის ეტაპზეა. დოკუმენტში, რომელიც მთავრობას 2017 წლის 8 დეკემბერს აქვს დამტკიცებული, სამიდან არცერთი ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების თარიღი არ არის მითითებული. 

„ინტერ რაოს“ მთავარი აქციონერია რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტეგაზი“ (27.63 %). აქციების 8.57 % ეკუთვნის „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური ქსელის კომპანიას“ (ФСК ЕЭС), რომლის 80 %-საც რუსული კომპანია „როსსეტი“ ფლობს. თავის მხრივ „როსსეტის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი „როსნეფტეგაზია“. „ინტერ რაო კაპიტალის“ წილი 29.56 %-ს შეადგენს, აქციების 34.24 % თავისუფალ მიმოქცევაშია. 

„ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა ბორის კოვალჩუკი. ის, 2022 წლის 11 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებულთა სიაში მოხვდა. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა დმიტრი შუგაევი, რომელიც ამავე დროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორია. 2022 წლის 12 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული იქნა როგორც რუსეთის თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანი. შუგაევი სანქცირებულია ავსტრალიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობების მიერაც. „ინტერ რაოს“ დირექტორთა საბჭოს არა-აღმასრულებელი თავმჯდომარეა იგორ სეჩინი - რუსი ოლიგარქი, ყოფილი სახელმწიფო მაღალჩინოსანი, რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანია „როსნეფტის“ მთავარი აღმასრულებელი დირექტორი. 2022 წლის 24 თებერვალს მოხვდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ სანქცირებულთა სიაში, 10 მარტს კი ფინანსური სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. 

„ხრამჰესი I“-ს და „ხრამჰესი II“-ს სამეთვალყურეო საბჭო მართავს, რომლის შემადგენლობაშიც არიან: რუსეთის მოქალაქეები სერგეი პერევედენცევ (თავმჯდომარე); სვეტლანა ივანიჩკინა და ანდრეი ჩურილოვ (წევრები).

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, ორივე ჰიდროელექტროსადგურმა 2020 წელს 399.1 მლნ.კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც გამომუშავებული ელექტროენერგიის 3.6 %-ია. 2021 წელს „ხრამჰესი I“-მა და „ხრამჰესი II“-მა  529.1 მლნ.კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 4.18 %-ია.

აუდიტორული კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ხრამჰესი I“-ის აქტივები 58 მლნ ლარი იყო, „ხრამჰესი II“-ის 103 მლნ ლარი. 2016-2020 წლებში „ხრამჰესი I“-ს 37.7 მილიონი ლარის მოგება დარჩა, „ხრამჰესი II“-ს კი 53.7 მილიონი.  

ორივე ჰიდროელექტროსადგური მარეგულირებელი ტიპისაა. რას ნიშნავს მარეგულირებელი ჰესი? ესაა წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც გამომუშავების რეგულირება შეუძლია. 

საქართველოში სულ 7 მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურია: ენგურჰესი, ვარდნილჰესი, ხრამჰესი I, ხრამჰესი II, შაორჰესი, ძევრულჰესი და ჟინვალჰესი. 

რა პრობლემებს შექმნის ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მუშაობაში „ხრამჰესი I“-ის და „ხრამჰესი II“-ის გათიშვა? საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის პირველი მოადგილის, ზვიად გაჩეჩილაძის განმარტებით, ხრამის ჰესების გათიშვა ისეთივე მძიმე ეფექტის იქნება, როგორც დასავლეთში ენგურჰესი რომ გაითიშოს. ენგურჰესი უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურია, დადგმული სიმძლავრით 1300 მგვტ. 

„ამ 7 მარეგულირებელი ჰესიდან, სიხშირეს, ძირითადად, ენგურჰესი, ხრამჰესი I და ხრამჰესი II გვირეგულირებს. ჟინვალჰესი ან შაორჰესი რომ გამოირთოს, არ იქნება ისეთი მტკივნეული, როგორიც ხრამის ჰესების გათიშვა.

პირველ რიგში სიხშირე გაუარესდება, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბალანსი არ იქნება დაცული. შესაძლოა, შეიქმნას ელექტროენერგიის დეფიციტი და იმპორტი დაგვჭირდეს“, - აღნიშნავს ზვიად გაჩეჩილაძე. 

„ხრამჰესი I“-ს და „ხრამჰესი II“-ს ერთი და იგივე დირექტორი ჰყავს - დევი კანდელაკი, რომელიც 2021 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით, შპს „მცირე ენერჯის“ წილის 100 %-ის მესაკუთრე იყო. თავის მხრივ, „მცირე ენერჯი“ იყო შპს „პრაიმ ენერჯის“ მესაკუთრე. „მცირე ენერჯი“ ფლობდა ქობულეთის რაიონში მდებარე მცირე ჰიდროელექტროსადგურს - აჭიჰესს, რომელმაც 2021 წელს 6.3 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, „პრაიმ ენერჯი“ კი ინწობაჰესს ყვარლის რაიონში. გასული წლის 21 ოქტომბერს, დევი კანდელაკმა შპს „მცირე ენერჯი“ 3.7 მლნ აშშ დოლარად შპს „სი-სი-ეიჩ ჰაიდრო VIII“-ზე გაასხვისა. ამ კომპანიის მესაკუთრე სინგაპურში რეგისტრირებული „კავკასუს ქლინ ენერჯი ჰოლდინგზ პტე. ლიმიტედია“.

„თელასი“

რუსული კომპანიის „ინტერ რაოს“ საკუთრებაშია სააქციო საზოგადოება „თელასი“, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ერთადერთი კომპანიაა - ემსახურება 697 400 აბონენტს.

„თელასი“ სააქციო საზოგადოებად 1995 წლის მაისში დარეგისტრირდა და სახელმწიფო საწარმო იყო. 1998 წელს კომპანიის აქციების 75 % ამერიკულმა კომპანიამ „AES Silk Road Holdings B.V“-მა შეიძინა. 2003 წლის აგვისტოში კომპანია „AES Silk Road Holdings B.V“ ფინურმა კომპანიამ „RAO Nordic Oy“-მ იყიდა, რომლის მფლობელი რუსული კომპანია „ინტერ რაო“ იყო. დღემდე „თელასის“ 75 %-ს „ინტერ რაო“ ფლობს. აქციების 25 % 2020 წლის აგვისტომდე საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს - „საპარტნიორო ფონდს“ ეკუთვნოდა, რომლისგანაც 10.5 მლნ აშშ დოლარად კერძო კომპანიამ შპს „ბესტ ენერჯი გრუპმა“ იყიდა. „ბესტ ენერჯი გრუპის“ 100 % წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა, რომელიც მსხვილი ჰოლდინგური კომპანია CBS ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჰოლდინგი აერთიანებს „თბილისის მიკროავტობუსს“, „თბილისი ენერჯის“, „კავკასუს ონლაინის“ აქციათა 51%-იან პაკეტს, „ეროვნული ლატარიის კომპანიას“ და სხვა აქტივებს. ჰოლდინგს ეკუთვნის ქვეყნის მესამე უმსხვილესი მობილური ოპერატორის - „ვიონის“ წილები. „ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ ბრენდით არის წარმოდგენილი. კომპანიის წილებს ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანია ფლობს: შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 71 %-ს და „ინვესტიკო ალიანსე“ – 29 %-ს. „ბილაინის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ვიონი საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფის „VEON“-ის ნაწილია, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. „VEON“-ის აქციების 47.9 %-ს „Letterone Investment Holdings S.A“ ფლობს, რომლის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.

თბილისის ელექტროქსელის საერთო სიგრძე 6 289 კილომეტრია. „თელასის“ საკუთრებაშია 36 დამადაბლებელი და 2 169  სატრანსფორმატორო ქვესადგური, დასაქმებულია 1890 ადამიანი.

„თელასის“ გენერალური დირექტორია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სერგეი კობცევ. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა დიმიტრი ვოლკოვი - „ინტერ რაოს“ ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელი; საბჭოს წევრები არიან - ალექსანდრ აბრამკოვი, ბანკი გპბ (სს) გამგეობის თავმჯდომარის მრჩეველი;  იური მახოვი - სს „ობორონენერგოს“ ჩრდილო-დასავლეთის ფილიალის დირექტორის მოადგილე ელექტროენერგიის ტრანსპორტირების დარგში; სერგეი სამარინი - „ინტერ რაოს“ წარმოების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი ტექნიკური პოლიტიკის დეპარტამენტიდან; საბჭოს ორი ქართველი წევრიდან კობა ღურწკაია საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეა.

ქართულ-სომხური პარტნიორობა „ინტერ რაოს“ საფარქვეშ - „ცხენისწყალი 1 ჰესი“და „ზესხო 1 ჰესი“

„თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს მეორე ქართველი წევრი ზურაბ გელენიძეა. ის საბჭოს დირექტორის მოადგილეა.

ზურაბ გელენიძე წილის 85 %-ს ფლობს შპს „ჰაიდრო ინვესტში“ და ამავე კომპანიის დირექტორიცაა. საწარმო 2021 წლის 23 მარტს არის რეგისტრირებული. თავის მხრივ, „ჰაიდრო ინვესტი“ წილის 50 %-ის მესაკუთრეა იმავე წლის 25 მარტს რეგისტრირებულ შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“-ში. წილის დანარჩენი ნაწილი (50 %) სომხეთის მოქალაქეს კარენ ჰარუტუნიანს ეკუთვნის.

„ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ორი ჰესის მშენებლობაზე აქვს განაცხადი გაკეთებული. 

მდინარე ცხენისწყალზე 21.85 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ცხენისწყალი 1 ჰესი) ასაშენებლად, პროექტი ითვალისწინებს მდინარე ცხენისწყლის თითქმის 8 კილომეტრზე (7788 მეტრი) 2.4 მ. დიამეტრის ლითონის მილსადენში მოქცევას. პროექტის ღირებულება 21 მილიონი აშშ დოლარია. 

იგივე კომპანიას მდინარე ზესხოსა და ყორულდაშზე 20.3 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის (ზესხო - 1 ჰესის) მშენებლობა სურს. სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 2022 წლის 3 მაისს, 14:00 საათზე, სოფელ ცანაშია დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, მდინარე ზესხოს 3.1 კილომეტრზე, ხოლო მდინარე ყორულდაშს 5.3 კილომეტრზე ლითონის მილსადენში მოაქცევენ. პროექტის ღირებულება 9 მილიონ აშშ დოლარზე მეტია. სკოპინგის დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 5 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი.

ზესხო-ცანის ხეობაში კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, „ზესხო 2 ჰესის“ მშენებლობაა დაგეგმილი. 

„მთის ამბების“ მიერ მოკვლეული ინფორმაციით, „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ 50 %-იანი წილის მესაკუთრე კარენ ჰარუტუნიანი „სომხეთის ელექტროქსელების“ გენერალური დირექტორია. 

2006 წლიდან, სააქციო საზოგადოება „სომხეთის ელექტროქსელები“ რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ რაოს“ შემადგენლობაში შედიოდა. 2015 წლის 30 სექტემბერს, „ინტერ რაოსა“ და კომპანიების ჯგუფ „ტაშირს“ შორის, ხელი მოეწერა შეთანხმებას სომხეთის ელექტროენერგეტიკული აქტივების შესყიდვის შესახებ. ამას წინ უძღოდა „ინტერ რაოს“ გადაწყვეტილება, სომხეთში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაზე, რასაც ერევანში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. ტარიფი აღარ გაიზარდა, თუმცა „ინტერ რაომ“ ვალების დაგროვებისა და წაგებაზე მუშაობის თაობაზე განაცხადა. „ტაშირისთვის“ „სომხეთის ელექტროქსელების“ გადაცემა, მაშინ, ერევანში დადებითად შეფასდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ სომხეთის ენერგეტიკა რუსული გავლენისგან გარკვეულწილად გათავისუფლდა, თუმცა ექსპერტები იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ეს „რუსული პროექტი“ იყო და რუსეთი თავის გავლენას არ კარგავდა.

„ტაშირი“ აერთიანებს 200-ზე მეტ კომპანიას რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში. „ტაშირის“ პრეზიდენტია სამველ კარაპეტიანი. იგი სომხეთის ქალაქ ტაშირში, 1965 წელს დაიბადა, 1990-იან წლებში კი რუსეთში გადავიდა და ქალაქ კალუგაში დასახლდა. 1999 წელს დააფუძნა კომპანია „ტაშირი“, რომელიც 20 წლის განმავლობაში ფედერალური მნიშვნელობის უმსხვილეს ჯგუფად გადაიქცა.  

„ტაშირის“ ჯგუფის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება ენერგეტიკაა. კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, 2015 წლიდან „ტაშირის“ შემადგენლობაში შევიდა „სომხეთის ელექტროქსელები“, რომლის ძირითადი საქმიანობა სომხეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის განაწილება და რეალიზაციაა.

„სომხეთის ელექტროქსელების“ 70 %-ს „ტაშირ კაპიტალი“ (Tashir Capital) ფლობს, ხოლო 30 %-ს კვიპროსში, 2010 წელს დაფუძნებული Liormand Holdings Limited-ი. 

„აზიის განვითარების ბანკის“ ანგარიშში, რომელიც „სომხეთის ელექტროქსელების“ მხარდაჭერის პროექტთან დაკავშირებით მომზადდა, აღნიშნულია, რომ Liormand Holdings Limited-ის აქციების 100 %-ის კვიპროსში დაფუძნებული კომპანია Tashir International Holding Limited-ი ფლობს. როგორც „ტაშირ კაპიტალი“, ისე Tashir Holdings-ის მფლობელი ბიზნესმენი სამველ კარაპეტიანი და მისი ოჯახია. ამგვარად, სამველ კარაპეტიანი და მისი ოჯახი „სომხეთის ელექტროქსელების“ 100 %-იან მფლობელებს წარმოადგენენ.

ფოტოზე - კარენ დარბინიანი და კარენ ჰარუტუნიანი  /  ფოტო © tert.am

2022 წლის 15 აპრილს, შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, კარენ ჰარუტუნიანმა, საკუთარი წილის 50 %-დან, ჯამში 33.2 % უსასყიდლოდ დაუთმო სომხეთის მოქალაქეებს, 1993 წელს დაბადებულ არა და 1994 წელს დაბადებულ აიკ დარბინიანებს. ორივე მათგანი, ერევანში, ერთი და იგივე მისამართზეა რეგისტრირებული - აჩაპნიაკი, შირაზის ქ. სახლი 48, ბინა 61.

სომხეთის რესპუბლიკის ელექტრონული რეესტრის მონაცემებით, ამავე მისამართზეა რეგისტრირებული „სომხეთის ელექტროქსელების“ დირექტორთა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კარენ დარბინიანი. არა და აიკი მისი შვილები არიან. ეს ინფორმაცია „მთის ამბებს“ „სომხეთის ელექტროქსელების“ მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნატალია სარჯანიანმა დაუდასტურა.  

„ლარსი ჰესი“ და „შილდა ჰესი“ 

შპს „ენერგია“, რომელიც საქართველოში ორ ჰიდროელექტროსადგურს (ლარსი ჰესი და შილდა ჰესი) ფლობს, 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 70 %-ის მესაკუთრე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეა, 30 %-ს კი შპს „ფერი“ ფლობს. „ლარსი ჰესი“ ყაზბეგის რაიონში, საქართველო-რუსეთის საზღვრის ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, მდინარე თერგზე, 2013 წელს აშენდა. მისი დადგმული სიმძლავრე 19.5 მგვტ-ია. 2021 წელს 74.4 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. 

„შილდა ჰესი“ კახეთში, ყვარლის რაიონში, მდინარე ჩელთიზე 2013 წელს აშენდა. ჰესის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია და გასულ წელს 18 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. წლიურად მას 30 მლნ. კვტსთ ელექტროენერგია უნდა გამოემუშავებინა. ეკონომიკის სამინისტრომ არ მოგვაწოდა საჯარო ინფორმაცია, რატომ ჩამორჩება ფაქტობრივი გენერაცია თავდაპირველად პროექტით გათვალისწინებულს, მაგალითად, შილდაჰესის, ლარსიჰესის და სხვა ჰესების შემთხვევაში. სამინისტრომ არც იმაზე გვიპასუხა, ბოლო 5 წელში ჰესების პოტენციური გამომუშავების შესაძლებლობების დასაზუსტებლად, განხორციელდა თუ არა რაიმე სახით ინსპექტირება/შემოწმება.

მევლუდ ბლიაძე 1952 წელს საქართველოშია დაბადებული. უმაღლესი განათლებაც თბილისში მიიღო, ხიდებისა და გვირაბების მშენებელია. 1993 წლიდან ხელმძღვანელობს დახურულ სააქციო საზოგადოება „პილონს“, რომელიც სანკტ-პეტერბურგის საგზაო-სამშენებლო სფეროში წამყვანი კომპანიაა. გზებისა და ხიდების ინდუსტრიის განვითარებაში დამსახურებისთვის მევლუდ ბლიაძეს მიღებული აქვს „რუსეთის საპატიო მშენებლის“ ჯილდო.

„დარიალი ჰესი“

შპს „ენერგია“ ამჟამად სააქციო საზოგადოება „დარიალი ენერჯის“ აქციონერიცაა. კომპანია ყაზბეგში, საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე დარიალი ჰესს ფლობს, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია. ჰესის დადგმული სიმძლავრე 108 მგვტ-ია. 2021 წელს 509.6 მლნ. კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც გასულ წელს ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის 4 %-ზე მეტია. 

თავდაპირველად, 2011 წელს, როცა საქართველოს მთავრობამ ჰესის მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის შესახებ „დარიალი ენერჯისთან“ მემორანდუმი გააფორმა, შპს „ენერგია“ კომპანიის დამფუძნებლებს შორის არ ყოფილა. მემორანდუმის გაფორმების დროისთვის „დარიალი ენერჯი“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება იყო და ორი მესაკუთრე ჰყავდა: აშშ-ში რეგისტრირებული „რობბინს კომპანი“ (the Robbins Company) 30 %-იანი წილით და შპს „ფერი“ - 70 %-იანი წილით. 

2011 წლის სექტემბერში, რეორგანიზაციის შედეგად, შპს „დარიალი ენერჯი“ სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. კომპანიის ახალი აქციონერი „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გახდა, რომლის 100 %-ის მფლობელი სახელმწიფოა. ფონდმა „დარიალი ენერჯის“ სააქციო კაპიტალის 30 %, 10 მლნ აშშ დოლარად იყიდა. შპს „ფერს“ აქციების 70 %-დან მხოლოდ 40 % დარჩა.

„მწვანე ალტერნატივის“ ანგარიშის თანახმად, 2013 წლის აგვისტოში, სს „დარიალი ენერჯიმ“ განაცხადა, რომ ფინანსური პრობლემების გამო, საფრთხის ქვეშ დგებოდა პროექტის განვითარება და პროექტის დასრულებას, შესაძლოა, გაურკვეველი ვადით გადაეწია. 2013 წლის 14 აგვისტოს, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძისათვის მიწერილ წერილში, კომპანია არსებული ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად მინისტრს შემდეგს სთავაზობს: „პროექტის დასრულებისათვის აუცილებელია საბანკო დაფინანსება, რასთან დაკავშირებითაც კომპანია დიდი ხნის მანძილზე აწარმოებს სამუშაოებს ქართულ და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან. სესხის დამტკიცების წინაპირობად ბანკები ითხოვენ, რომ კომპანიამ მოიზიდოს დამატებითი კაპიტალი 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სს „დარიალი ენერჯიმ“ მოიძია შესაბამისი რესურსი - შპს „ენერგია“ მზად არის განახორციელოს შენატანი კომპანიის კაპიტალში 10 მილიონი აშშ დოლარის სახით და გამოუყოს კომპანიას აქციონერთა სესხის სახით დამატებითი 10 მილიონი აშშ დოლარი, რომლის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება წლიური 10%-ით. სანაცვლოდ შპს „ენერგია“ ითხოვს, რომ კომპანიას ჰქონდეს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ს საკუთრებაში არსებული აქციების ყიდვის ოფცია ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ 15 მილიონ აშშ დოლარად. სხვა გზა სს „დარიალი ენერჯის“ მიერ დამატებითი 20 მილიონი აშშ დოლარის მოპოვებისა ამ ეტაპზე არ არსებობს“. 2013 წლის 1-ელ ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ კომპანიის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

დარიალი ჰესი ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. 

„შილდაჰესი 1“

შპს „ენერგიას“ დირექტორები დავით და გაიოზ უგრელიძეები არიან. დავით უგრელიძე 2014 წელს რეგისტრირებული შპს „ჰიდროენერჯის“ 50 %-ის მესაკუთრეა. ამავე კომპანიაში ამდენივე წილის მფლობელია ლაშა იორდანიშვილი. შპს „ჰიდროენერჯი“ ფლობს „შილდაჰესი 1“-ს, დადგმული სიმძლავრით 1.2 მგვტ. „შილდა ჰესი 1“-მა გასულ წელს 9.9 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა.

რუსეთის ფედერაციის მოქალაქისა და მსხვილი რუსული კომპანიის ხელმძღვანელის, მევლუდ ბლიაძის პარტნიორები - ლაშა იორდანიშვილი და მისი კომპანიები, ასევე, შპს „ფერი“ საქართველოში კიდევ რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურს ფლობენ. 

„ყაზბეგი ჰესი“

შპს „ყაზბეგი ჰესი“ 2011 წლის აგვისტომდე ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა. ეს ჰესის საქართველო-რუსეთის საზღვართან, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 აგვისტოს N15/08/07 განკარგულებით და ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან 2011 წლის 16 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ყაზბეგი ჰესი“, პირდაპირი მიყიდვის წესით, შპს „ფერიმ“ 200 ათას ლარად იყიდა. მდინარე ბროლისწყალზე (ხდისწყალზე) განთავსებული ჰესის სიმძლავრე 0.38 მგვტ იყო. შესყიდვიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ 2012 წლის აპრილში, „ფერიმ“ ყაზბეგი ჰესის 100 %-იანი წილი ლაშა იორდანიშვილსა (66.67 %) და ლელა იოსელიანზე (33.33 %) გაასხვისა. ნასყიდობის ხელშეკრულებით, ლელა იოსელიანის წილის საფასური შპს „ფერის“ თანამფლობელს იოსებ მჭედლიშვილს უნდა გადაეხადა. 

2013 წელს „ყაზბეგი ჰესის“ ადგილას, 6 მგვტ სიმძლავრის ახალი ჰესი აშენდა. შპს „ყაზბეგი ჰესმა“ გასულ წელს 30.4 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. 

ბლიაძესთან დაკავშირებული პირები, კომპანიები და სხვა ჰესები

შპს „ყაზბეგი ჰესის“ დირექტორი გიორგი გოგავაა, რომელიც ამავე დროს არის მევლუდ ბლიაძესთან დაკავშირებული და პარტნიორი კომპანიების შპს „ჰიდროენერჯის“ და შპს „ალაზანი ენერჯის“ დირექტორიც. 

„ალაზანი ენერჯის“ 100 % წილის მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილია. კომპანიას კახეთში, პანკისის ხეობაში „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის ნებართვა აქვს, რომლის სიმძლავრეც 5.4 მგვტ-ია. ჰესის სამშენებლო სამუშაოები 2018 წელს დაიწყო, თუმცა მოსახლეობა ხეობაში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ წავიდა, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კომპანიამ ხალხი ვერ დაარწმუნა, რომ „ხადორი 3 ჰესი“ უსაფრთხო იყო და 2019 წლის 21 აპრილს, მშენებლობა სპეცრაზმისა და ასზე მეტი პოლიციელის თანხლებით გააგრძელა, რასაც ადგილობრივ მცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოჰყვა. 

ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების გამოყენებისა და ცეცხლის წაკიდების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით დაშავდა 55 ადამიანი, 38 პოლიციელი და 17 ადგილობრივი მოსახლე. დაიწვა პოლიციის სპეცტექნიკა და ავტომანქანები. ვითარება ხეობაში შინაგან საქმეთა მინისტრის ჩასვლის შემდეგ განიმუხტა. ჰესის მშენებლობით დაინტერესებულ ჯგუფსა და მოწინააღმდეგეებს შორის, 2019 წლის 29 ნოემბერს კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც შეიარაღებულმა ჯგუფმა ათამდე პოლიციელის თვალწინ, 37 წლის ვისური მუთოშვილი მოკლა. 

მევლუდ ბლიაძის პარტნიორ კომპანიას - შპს „ფერი“-ს აქვს პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, „სამწყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობის ნებართვა. ჰესის სიმძლავრე 27 მგვტ უნდა იყოს. ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2021 წლის აპრილში უნდა შესულიყო, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, ვერც ამ პროექტის განხორციელება მოხერხდა. მშენებლობის დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლოშიც აქვთ გასაჩივრებული. 

შპს „ფერი“ 1996 წელს დაფუძნდა. დღეის მდგომარეობით, კომპანიის უდიდესი წილის მფლობელია იოსებ მჭედლიშვილი (96 %) და 4 %-იან წილს ფლობს კახაბერ შევარდნაძე. კომპანიის გენერალური დირექტორია იოსებ მჭედლიშვილი, დირექტორის თანამდებობა კი მერაბ იორდანიშვილს უკავია. იგი ლაშა იორდანიშვილის მამაა.

შპს „ფერი“ პანკისის ხეობაში 6 მგვტ დადგმული სიმძლავრის „ხადორი 2 ჰესის“ მესაკუთრეცაა. ჰესი ექსპლუატაციაში 2012 წელს გაუშვეს. გასულ წელს „ხადორი 2 ჰესმა“ 26.5 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. 

„ფერი“ ს/ს „ვინდ ფაუერის“ ერთადერთი აქციონერია. ამ კომპანიას სახელი 2022 წლის 25 თებერვალს შეეცვალა. მანამდე მას ს/ს „ონის კასკადი“ ერქვა და რაჭაში, 206.16 მგვტ სიმძლავრის, ონის ჰესების კასკადის მშენებლობის ნებართვა აქვს. კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილია. 

რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების საკუთრებაშია საშუალო და მცირე ზომის ჰესები:

სკურდიდიჰესი - (1.33 მგვტ სიმძლავრის) - მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სკურდიდში. ექსპლუატაციაში გაუშვეს 2018 წელს. სკურდიდიჰესს 2014 წელს რეგისტრირებული შპს „ფშავი ჰიდრო“ ფლობს. კომპანიის წილის 87 %-ის მესაკუთრე რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი რაულ ქურდაძეა, წილის 13 %-ს ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონე ზვიად გუგავა ფლობს. 

მაშავერაჰესი - (0.8 მგვტ სიმძლავრის) - მდებარეობს ქვემო ქართლში. ექსპლუატაციაშია 1949 წლიდან. მაშავერაჰესს შპს „მცირე“ ფლობს, რომლის 100 % წილის მესაკუთრეა 2013 წელს რეგისტრირებული შპს „ეიჩ პი პი ინვესტი“. კომპანიის 80 %-ის მფლობელი რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი თეიმურაზ არონიაა. 

სტორი 1 ჰესი - მშენებარე (33.6 მგვტ სიმძლავრის) - ახმეტის სოფელ ლეჩურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. „სტორი 1 ჰესს“ შპს „სტორი“ აშენებს. დღეისათვის, კომპანიის 95 %-ის მესაკუთრე რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მფლობელი ვაჟა ციგროშვილია, 5 %-ს კი ბეჟან ანუაშვილი ფლობს. ხეობაში სტორის ჰესების კასკადიის მშენებლობაა დაგეგმილი. 

დაშბაშიჰესი - (1.3 დადგმული სიმძლარის) - მდებარეობს წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაშბაშის ტერიტორიაზე, მდინარე ხრამის ხეობაში. დაშბაშიჰესი ექსპლუატაციაში 1935 წელს შევიდა და დღემდე ფუნქციონირებს. მისი მშენებლობის ძირითადი მიზეზი, აქ არსებული „ხრამჰესი I“-ის მშენებლობის ეტაპის ელექტროენერგიით მომარაგება იყო. მშენებლობის დასრულების შემდგომ დაშბაშიჰესმა დამოუკიდებლად განაგრძო ფუნქციონირება და გამომუშავებულ ენერგიას დღემდე აწვდის საქართველოს ენერგოსისტემას. „დაშბაშიჰესმა“ გასულ წელს 12.6 მლნ კვტსთ ელექტროენერგია გამოიმუშავა. ჰესის მესაკუთრეა შპს „ქცია 94“, რომლის 12 %-ს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები აგნესა და რაიმონდ საკარაულები და არნოლდ გალუსტოვი ფლობენ; 21 % ოთარ ჩართოლანს ეკუთვნის, 67 %-ს კი ნათია ხვისტანი ფლობს. იგი პარტია „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლეა. 

„საქრუსენერგო“

სააქციო საზოგადოება გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგო“ 1996 წლის 27 მაისს დაფუძნდა. „საქრუსენერგოს“ აქციების 50 %-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 50 %-ს კი რუეთის ფედერაცია - „ერთიანი ენერგეტიკული სისტემის ფედერალური საქსელო კომპანია“ (ПАО «ФСК ЕЭС»).

„საქრუსენერგო“ ფლობს და ექსპლუატაციას უწევს საქართველო - რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელ 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, ასევე, შიდა სასისტემო 500 კვ ელექტროგადამცემ ხაზებს: „იმერეთს“, „ქართლი-1“-ს , „ქართლი-2“-ს, „მუხრანს“ და „ასურეთს“.

კომპანიის მიზანია ელექტროენერგიის შეუფერხებელი გადაცემა, მათ შორის, ტრანზიტული გადაცემის უზრუნველყოფა.

კომპანიის გენერალური დირექტორი საქართველოს მოქალაქე ბაჩანა სულაძეა, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალექსეი მოლსკი. საბჭოს 8 წევრიდან 4 საქართველოს მოქალაქეა (ავთანდილ თევზაძე, ივანე როსტიაშვილი, თეა გაბადაძე, ალექსანდრე ჩივაძე), ხოლო 4 რუსეთის ფედერაციის (ალექსეი მოლსკი, მადინა კალოევა, პაველ გრებცოვ, დმიტრი უსტიუგოვი).

აუდიტორული კომპანია შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „საქრუსენერგოს“ აქტივები 133 669 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიას 11.3 მილიონი ლარის  ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი 13.9 მილიონი ლარის.

2009 წლიდან, „საქრუსენერგოში“ მაღალ თანამდებობებს იკავებდა რომეო მიქაუტაძე, მანამდე ის რუსული „ინტერ რაოს“ საკუთრებაში არსებული ჰესების „ხრამჰესი I“-ის და „ხრამჰესი II-ის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო. 2013 წელს მიქაუტაძე „საქრუსენერგოს“ გენერალურ დირექტორად გადაიყვანეს, სადაც 2017 წლის ჩათვლით იმუშავა, ვიდრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დანიშნავდნენ. ის ახლაც მინისტრის მოადგილეა და ქვეყანაში ენერგეტიკის მიმართულება აბარია.

ავტორები: გელა მთივლიშვილი, ეთერ ფანგანი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში