საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

უკრაინის შემდეგ რიგში საქართველოა - ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

21:51 - 25 თებერვალი 2022 hits 6250
ფოტოზე - პაატა ზაქარეიშვილი
ახალი ამბები
ფოტოზე - პაატა ზაქარეიშვილი

„ღარიბაშვილი ცდილობს, რუსეთმა კარგად და ზუსტად გაიგოს, რისი თქმა უნდა. გამაოგნებელია სილაჩრის ასეთი გამოვლინება. ახლა რომ სხედან მთავრობაში, ალბათ, ფიქრობენ, ეს რა უბედურება მოგვივიდა, ნატოში გაწევრიანება კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთო. ახლა გამოსავალს ეძებენ, როგორ გამოძვრნენ კონსტიტუციიდან. ალბათ, ესაა მათი მთავარი თავისტკივილი. მე ველოდები, რუსეთი მოგვთხოვს, რომ დავამყაროთ დიპლომატიური ურთიერთობები მასთან და დავამყარებთ, შევიდეთ დსთ-ში და ალბათ, შევალთ“, - „მთის ამბები“ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან და საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, რა გავლენას იქონიებს ეს პროცესები საქართველოზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

„უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. პირდაპირ გვეხება, რადგან ეს აგრესია, ზარალი საქართველომ უკვე იწვნია ერთხელ და ამის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ წავიდა ხელისუფლებიდან. ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ალბათ ეს იყო, ომის გამო. ხელისუფლებაში კოალიციით მოვიდა „ქართული ოცნება“, რომელიც 2016 წლიდან მარტოა და აშკარად ატარებს ფრთხილ, არგაღიზიანების პოლიტიკას რუსეთთან. ახლა უნდა გამოჩნდეს ამ არგაღიზიანების პოლიტიკამ რა მოიტანა, ანუ რუსეთი დააფასებს ამას და არ მოსთხოვს საქართველოს შეიცვალოს თავისი საგარეო პოლიტიკა თუ მოსთხოვს.

კონსტიტუციაში პირდაპირ გვიწერია ნატოში გაწევრიანების გარდაუვალობა.

(საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 78. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია - კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად).

ახლა გამოჩნდება, რამდენად გაამართლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ, მშვიდად და კარგად ვიქნებით, საფრთხე არ გვემუქრება, თუ? თუ ასე არ იქნება, მაშინ აღმოჩნდება, რომ ეს იყო აბსოლუტურად სამარცხვინო პოლიტიკა, რომელმაც ჩამოგვაშორა როგორც დასავლურ ღირებულებებსა და ინსტიტუტებს, ისე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე შევდივართ, ვბრუნდებით რუსულ სივრცეში. ვნახოთ, როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, თუმცა უკვე ჩანს კონტურები, როგორც შეიძლება დამთავრდეს. ამ ფონზე ახალი რეალობა დგება საქართველოსთვის. თუ რუსეთმა მიაღწია და საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, არაფერი საფრთხე არ იქნება, მაგრამ თუ საქართველომ წინააღმდეგობა გაუწია, რაშიც მე ეჭვი მეპარება, მაშინ შეიძლება ოკუპირებული ტერიტორიებიდან რაღაც პროცესები ჩაირთოს.

- უკრაინასთან მიმართებაში გულისხმობთ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლის განცხადებას, რომ უკრაინას მშვიდობა სურს და მზად არის რუსეთთან სასაუბროდ, მათ შორის, ნეიტრალურ სტატუსზე ნატოსთან მიმართებაში, რაზეც რუსეთის ხელისუფლებამ მოსალაპარაკებლად მინსკში დელეგაციის გაგზავნა შესთავაზა. ამას გულისხმობდით?

- დიახ, შეთანხმება არის, რომ სამუშაო ჯგუფები მინსკში შეხვდებიან.

- ეკონომიკური ხასიათის სანქციები ჯერ-ჯერობით ვერ აჩერებს რუსეთის პრეზიდენტს. თქვენ რა მოლოდინი გქონდათ ან გაქვთ ევროკავშირის, ნატოს და ამერიკის მხრიდან ომის დაწყებამდე, ახლა, საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას რეაგირების კუთხით.

- მე არასდროს მქონდა მოლოდინი, რომ სანქციები გააჩერებს. რუსეთმა ძალიან კარგად გათვალა, იცოდა, რომ სანქციები იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, უფრო მეტს ელოდებოდა. ეს სანქციები არ არის იმ სიმძიმის, რასაც მოველოდით, თუმცა მე არ მქონია ასეთი მოლოდინი, რადგან სანქციები ურტყამს არამხოლოდ ობიექტს, ვის წინააღმდეგაც არის, არამედ სუბიექტსაც. ის, რომ SWIFT-დან არ გათიშეს, ეს აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია.

(SWIFT იშიფრება როგორც: Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication ბანკთა შორის მსოფლიო ფინანსური ტელეკომუნიკაციის საზოგადოება. ეს სისტემა უზრუნველყოფს ბანკებს შორის ფულად ტრანზაქციებს. SWIFT 1973 წელს შეიქმნა და მისი სათავო ოფისი ბელგიაშია).

ამ სისტემიდან რომ გაეთიშათ, თვითონაც ვეღარ გადაიხდიდნენ რუსეთის საქონელში თანხებს და ღვინო კი არაა, ნავთობია და გაზი. ევროპისთვის ერთი ორად გაიზრდებოდა ნავთობის და გაზის ფასი, თუ რუსეთს SWIFT-დან გათიშავდნენ და შემოვლითი გზებით მოუწევდათ თანხის გადახდა. ამიტომ, ასე იოლი არაა. ამ სანქციების იმედით, რომ რაღაც შეიცვლება, არ არის სწორი. უბრალოდ, სანქციები რომ არ დაადო, გამოდის, პატიობ. ამიტომ, სანქციები არის, თუ შეიძლება ასე ითქვას, არაეფექტური გამოსავალი, ამას აქვს უფრო სიმბოლური დატვირთვა. ეს არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავლის უსუსური მცდელობა, როცა აგრესორი მხარე სხვა არაფერს გიტოვებს - ან ომი უნდა გამოუცხადო და ამით დასაჯო, ან სანქციებით. თუ ყურადღებას არ მიაქცევ, ე.ი. მეტის უფლებას აძლევ. მე არ მესმოდა იმ ხალხის, ვისაც ეგონა, რომ არიქა, სანქციები დაადეთ და ამით რაღაც შეიცვლება.

რაც მახსოვს, ჩვენს წინააღმდეგ იქნებოდა რუსეთი თუ ყირიმის, არცერთმა სანქციამ არ გაამართლა. მე არ ვამბობ, რომ სანქციები საერთოდ არ არის საჭირო, მაგრამ ის უფრო სიმბოლურია, ვიდრე არსებითი დატვირთვის.

- ისეთი პოზიციის შემდეგ, რაც ნატოს შემთხვევაში ასე ჟღერს, რომ თუ არ დაარტყამენ ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანას, ისინი არ ჩაერევიან, ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანების მსურველი ქვეყნების მოსახლეობაში, მათ შორის ჩვენთან, ხომ არ დაასუსტებს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და პირიქით, გაზრდის შიშსა და დამოკიდებულებას რუსეთზე?

სულ ორ სახელმწიფოს უნდა ნატოში გაწევრიანება - საქართველოს და უკრაინას. ჩვენთან ვინ ლაპარაკობს ნატოზე? ოპოზიციის გარდა არავინ. ხელისუფლება დიდი ხანია ხმას აღარ იღებს ნატოზე და 2024 წელს აპირებს ევროკავშირში განაცხადის შეტანას. სასამართლოს ამ სამარცხვინო რეფორმით, გადაგდება-გადმოგდებებით, ვერ ვხედავ ვერანაირ საფუძველს, რომ უახლოეს ხანში შეიძლება დაიწყოს ლაპარაკი გაწევრიანებაზე.

ერთ კვირაში გადაწყდება, უკრაინა რა გადაწყვეტილებას მიიღებს და თუ აღიარებს ნეიტრალიტეტს, აი, ხომ ამბობენ, რუსეთი მოგვადგება, ამიტომ ხმა არ ამოვიღოთო, ვნახოთ, რუსეთი როგორ არ მოგვადგება. მერე რუსეთი გვეტყვის - უკრაინამ მიიღო ნეიტალიტეტი, აბა, შენ რას აკეთებ. ჩვენ პარლამენტი უნდა შევკრიბოთ, კონსტიტუციიდან უნდა ამოვიღოთ მუხლი ნატოში გაწევრიანებაზე, ეს არ იქნება იოლი. დიდი გამოწვევაა ხელისუფლებისთვის. ამიტომ, მე მგონი, რომ ნატოში გაწევრიანებაზე ლაპარაკი, სამწუხაროდ, აღარაა, ჯერ-ჯერობით მაინც.

ღარიბაშვილს შეეძლო თამამად ეთქვა, რომ ჩვენ ვმუშაობთ სანქციებზე, გვაქვს ურთიერთობები პარტნიორ სახელმწიფოებთან, როგორ ჯობია იყოს სანქცია, მაგრამ არა, პირდაპირ თქვა პრორუსული ფრაზა - არავითარ შემთხვევაში არ იქნება სანქციები. ხომ შეიძლებოდა დიპლომატიურად ეთქვა უკრაინაში წასვლაზეც და არა ასე, რომ მე ვერ ხედავს უკრაინაში ჩასვლის აზრს. ან უშიშროების საბჭოს რატომ არ იწვევს, შოუებს არ ვაწყობთო. როდის აქეთ იყო უშიშროების საბჭო შოუ? ღარიბაშვილი ცდილობს, რუსეთმა კარგად და ზუსტად გაიგოს, რისი თქმა უნდა. ამიტომ, რა ნატოზეა ლაპარაკი. ვერ ვხედავ ვერანაირ განწყობას, რომ ნატოში ვაპირებდეთ შესვლას. პირიქით, ახლა რომ სხედან მთავრობაში, ალბათ, ფიქრობენ, ეს რა უბედურება მოგვივიდა, ნატოში გაწევრიანება კონსტიტუციაში რომ ჩავწერეთო. ამ ხელისუფლებამ ჩაწერა, 2017 წელს. ახლა გამოსავალს ეძებენ, როგორ გამოძვრნენ კონსტიტუციიდან. ალბათ, ესაა მათი მთავარი თავისტკივილი.

რუსეთმა ისეთი კატეგორიული სიტუაცია დაუყენა ნატოს, უკან წაიღეთო თქვენი განცხადება, რომელიც არაფრისმთქმელი იყო, ოდესღაც საქართველოსა და უკრაინის ნატოში შესაძლო მიღების შესახებ, ამაზე ატყდა მთელი ომი. კონსტიტუციაში გვიწერია და მაგაზე ხმას არ ამოიღებენ? მე ველოდები, რუსეთი მოგვთხოვს, რომ დავამყაროთ დიპლომატიური ურთიერთობები მასთან და დავამყარებთ, შევიდეთ დსთ-ში და ალბათ, შევალთ.

(დსთ - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა. შედგება 9 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისაგან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, თურქმენეთი, მოლდოვა, სომხეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. თურქმენეთმა 2005 წლის 26 აგვისტოს სრულუფლებიანი წევრობისგან უარი განაცხადა და ამჟამად ასოცირებული წევრია. საქართველომ დსთ 2009 წლის აგვისტოში დატოვა).

ამიტომ, მაინტერესებს იმ ხალხის აზრი, რომლებიც ამბობდნენ, რომ მხარი არ დავუჭიროთ უკრაინას, დასავლეთს, ჩუმად ვიყოთ და რუსეთი ვერ დაგვინახავს. ძალიან კარგად გვხედავს.

უკრაინაში როგორც კი რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რიგში, დღის წესრიგში ჩვენ ვართ, საქართველო.

მოლაპარაკებებზე შეთანხმდე ეს ერთია და მეორეა, როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები. რამდენად დამამცირებელ პირობებს შესთავაზებს რუსეთი, თუმცა რა თქმა უნდა, ჯარი იქაა და შანტაჟით ყველაფრის გამკეთებელია. თუ უკრაინა გატყდება და ის საჯაროდ ცნობს, რომ აღარ მიდის ნატოსა და ევროკავშირში, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვხედავენ.

- ვხედავთ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ლამის საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ინგლისის, ესტონეთის პარლამენტები, ამერიკის კონგრესი. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც საფრთხე მაინც ნაკლებად ემუქრებათ პუტინის ღია მუქარის მიუხედავად, რომ ვინც რუსეთისთვის ხელის შეშლას გაბედავს, პასუხი მყისიერი იქნება. ამ დროს, საქართველოში, ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა კი მოიწვია, თუმცა სხდომა ვერ შედგა, რადგან „ქართული ოცნება“ არ მივიდა და ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომის დარბაზშიც არ შეუშვეს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაა ასეთი - ჩვენ არანაირი ხმა არ უნდა ამოვიღოთ, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს რუსეთს. ეს არის აბსურდი, ცირკის საუკეთესო ნომერი, რაც ახლა ჩაატარეს პარლამენტში. ვაითუ, რუსეთმა ამაში რაღაც ცუდი დაინახოს.

გამაოგნებელია სილაჩრის ასეთი გამოვლინება. რეკორდი დაამყარეს პარლამენტის სხდომის დარბაზის კარის ჩაკეტვით და სხდომის ჩაშლით.

კონსტიტუცია დაარღვიეს - როგორ, რა უფლებით უკრძალავ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს შეკრებას და ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის მიერ მოწვეულ სხდომას რა უფლებით შლი? ვინ მისცათ ამის უფლება? მათმა შიშმა და მეტმა არაფერმა.

ღარიბაშვილის ყველა განცხადება, პარლამენტის ქმედებები მუშაობს ერთ რამეზე - რუსეთს შეიძლება ეს არ მოეწონოს. თუ რუსეთი მაინც გვაიძულებს, რასაც ის მოისურვებს, უარი ვთქვათ ნატოსა და ევროკავშირზე, ღირსეულად მაინც მოვქცეულიყავით, გაგვეკრიტიკებინა და რუსეთს ოფიციალურად მოეთხოვა, რომ თუ არ მოაწერთ ხელს ნატოზე უარს, მაშინ - რუსეთს მუქარის საშუალებასაც კი არ ვაძლევთ, ისე ვეგებით ფეხებში. მონები რომ კარგად გრძნობდნენ პატრონის სურვილებს და ვიდრე პატრონი უბრძანებდა, მანამდე რომ აკეთებდნენ ყველაფერს, აი, ასეა. ღირსებაც კი დავკარგეთ ყველაფერთან ერთად. თუ ჩვენ წავედით ნატოსკენ, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს, მაგრამ მეშინია, რომ ჩვენ არ წავალთ ნატოსკენ.

- ბატონო პაატა, ვიდრე ჩვენი საზოგადოების ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი, ამასობაში „ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუნებულმა პრორუსულმა პარტიამ, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ საქართველოში უკვე გახსნა 39 ოფისი და დაანონსებული აქვთ, რომ აპრილის ბოლომდე სულ 77 ოფისს გახსნიან, არადა, ოფიციალური მონაცემებით, დაფუძნებიდან 18 თებერვლის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიის შემოსავალი, მხოლოდ 36 675 ლარია. რა საფრთხეს შეიცავს ეს პროცესი?

- მე მაქვს განცდა, რომ მათ უფრო მეტი ფინანსური შემოსავალი აქვთ, ვიდრე თქვენ ახლა ახსენეთ. აშკარად შეუსაბამოა ამ თანხებთან, რასაც ისინი ახორციელებენ. ამიტომ, პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ამ პარტიაზეა, არამედ იმ სამსახურებზე, რომლებიც არ იკვლევენ, საიდან აქვთ ეს შემოსავალი.

- ერთი მხრივ უკრაინაში მიმდინარე პროცესები, ის მოლოდინები, რაც შეიძლება საქართველოსთან მიმართებაში გვქონდეს, მეორე მხრივ, ხელისუფლების მიერ არჩეული არგაღიზიანების პოლიტიკა და ამასთან ერთად, ახალი პრორუსული პარტიის გაძლიერება, მთელი საქართველოს დაფარვა, ერთიან კომბინაციაში რას გვაჩვენებს?

- თითქოს „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ყველაზე საყვარელი პარტია იყოს პუტინისთვის, მაგრამ „ალტ-ინფოს“ ასეთი გააქტიურება აჩვენებს, რომ მასაც აქვს პრეტენზია, უფრო საყვარელი პარტია იყოს რუსეთისთვის, ვიდრე „ქართული ოცნებაა“. ყველაფერი დამოკიდებულია ქართველ ამომრჩეველზე. მთავარია, არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პარტიების, სხვადასხვა ჯგუფის და პირველ რიგში რა თქმა უნდა მედიის აქტიურობა, რათა ავუხსნათ ამომრჩეველს, რა საფრთხეები და შედეგები შეიძლება მოგვიტანოს, თუ „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს. თუ ხალხმა მათ მაინც მისცა ხმა და ჩვენ მივიჩნევთ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ეს კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის. ეს იქნება ნახტომი შუასაუკუნეებისაკენ, ნახტომი საბჭოთა კავშირში და არა ნაბიჯი ნატოსკენ და ევროპისკენ. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება და საზოგადოება ასეთ საბედისწერო ნაბიჯს არ გადადგამს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში