საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გარემოს დაცვის სამინისტროს 26 შენიშვნა როშკა-ღელისვაკის გზის მშენებლობის პროექტზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:23 - 24 თებერვალი 2018 hits 9352

„სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის საპროექტო გზის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა და მონაკვეთებად წარმოდგენა, ვერ იძლევა მთლიანი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესაძლებლობას. რაც შეეხება როშკა-ღელისვაკის მონაკვეთს, გზშ-ს ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ჰიდროლოგიური ნაწილი; გეოდინამიკური პროცესების დახასიათება არ ეხება უშუალოდ საპროექტო ტერიტორიას; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ანგარიში შესრულებულია არადამაკმაყოფილებელ დონეზე, ვერ აკმაყოფილებს საინჟინრო - გეოლოგიური კვლევების ვერცერთ საფეხურს; საკვლევი რაიონის კლიმატური დახასიათება ეყრდნობა გუდამაყრის, არხოტისა და შატილის მეტეოროლოგიური სადგურების მასალებს, არადა აღნიშნულ პუნქტებში მეტეოროლოგიური დაკვირვების სადგურები არ ფუნქციონირებდა“, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ხევსურეთში, როშკა-ღელისვაკეს გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის შესახებ, ხორვატიული კომპანიის მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში დაიწუნა და სავტომობილო გზების დეპარტამენტს 26 შენიშვნით უკან დაუბრუნა.

სამინისტროს შენიშვნები

1. წარმოდგენილი საპროექტო გზა ეხება უშუალოდ როშკა - ღელისვაკის მონაკვეთის მშენებლობა/რეკონსტრუქციას, თუმცა როგორც უშუალოდ მთლიანი გზის სათაურიდან იკვეთება, საპროექტო გზა შესაძლოა გაგრძელდეს. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია, ვინაიდან საპროექტო გზის გაგრძელებამ შესაძლოა გადაკვეთოს ბერნის კონვენციით დაცული თუშეთის კანდიდატი საიტი („თუშეთი“ GE0000008), საქართველოში მნიშვნელოვან ფრინველთა გავრცელების ტერიტორია (IBA), თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორია), თუშეთის ეროვნული პარკი (II კატეგორია) და თუშეთის დაცული ლანდშაფტი (V კატეგორია), სადაც წარმოდგენილია ბიომრავალფეროვნების მაღალი საკონსერვაციო ღირებულების დიდი სპექტრი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსალოდნელია ძლიერ უარყოფითი ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე და საერთაშორისო ქსელში ჩართულ დაცულ ტერიტორიებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გზშ-ს ანგარიშში უნდა აისახოს მითითებულ საიტებზე, იქ არსებულ სახეობებსა და ჰაბიტატებზე ზეგავლენის შეფასება ე.წ. „მიზანშეწონილობის შეფასება“, მათზე შესაძლო ზემოქმედება, ამ ზემოქმედების თავიდან აცილების და საჭიროების შემთხვევაში საკომპენსაციო ღონისძიებები. შეფასებაში ასახული უნდა იქნას, საქმიანობის სახეების მიხედვით მოსალოდნელი ზეგავლენა, სათანადო დასაბუთებებით ბერნის დანართებში აღწერილი თითოეული სახეობისა და ჰაბიტატის ტიპის დონეზე; შემარბილებელი და ზემოქმედების თავიდან აცილების ქმედებები; წარმოდგენილ უნდა იქნას, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებული საკონსერვაციო გეგმა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გზშ-ს ანგარიშით წარმოდგენილი საპროექტო გზის ცალკეულ ნაწილებად დაყოფა და მონაკვეთებად წარმოდგენა, ვერ იძლევა გზის მთლიანი მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციით გამოწვეული ზემოქმედების შეფასების შესაძლებლობას. ცალკეული მონაკვეთების განხილვა ვერ ქმნის სრულ სურათს გარემოს ყველა კომპონენტის შეფასებისთვის. შესაბამისად, უმჯობესია განსახილველად წარმოდგენილ იქნას მთლიანი საპროექტო არეალის გარემოზე ზეგავლენის შეფასება;

2. იქიდან გამომდინარე, რომ ხევსურეთის ტერიტორია ხასიათდება მაღალმთიანი და დიდი დაქანების მქონე კლდოვანი ფერდობებით, საპროექტო გზის გაყვანისთვის საჭირო გახდება აფეთქებითი სამუშაოები, რაც გამოიწვევს დამატებით უარყოფით ზემოქმედებას არა მარტო ბიომრავალფეროვნებაზე, არამედ სხვადასხვა ბუნებრივ პროცესზეც. აღნიშნული ზეგავლენის შეფასება თან არ ახლავს წარმოდგენილ დოკუმენტს, რის გამოც შეუძლებელია შესაბამისი დასკვნების გაკეთება.

3. წარმოდგენილი 139869 კვ.მ. ფართობიდან, „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების მიხედვით - 70444 კვ.მ. ფართობი მდებარეობს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში. კერძოდ, ბარისახოს სატყეო უბნის ბარისახოს სატყეოში. გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე საქმიანობა საჭიროებს შეთანხმებას ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოსთან;

4. გზშ-ს ანგარიშში არ არის წარმოდგენილი ჰიდროლოგიური ნაწილი, მოცემულია მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მდინარეთა და მათ რესურსული პოტენციალის შესახებ. გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: - საავტომობილო გზის გადამკვეთი ყველა მდინარის და ხევის მაქსიმალურ ხარჯებზე; - ძირითადი მდინარეების (რომელსაც გზა მიუყვება) მაქსიმალურ ხარჯებზე და დონეებზე; - მდინარეთა ნაპირების სენსიტიურ უბნებზე და ნაპირდაცვის ღონისძიებებზე; - სახიდე გადასასვლელებთან წყლის დონეებზე და გარეცხვის ზოგად სიღრმეებზე;

5. საავტომობილო გზა გადის ძალიან რთულ და სენსიტიურ უბნებზე, აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი უნდა იყოს შესწავლაზე დაფუძნებული დეტალური ინფორმაცია ღვარცოფულ ნაკადებზე და საჭიროების შემთხვევაში ღვარცოფსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე;

6. გზშ-ს ანგარიშში განხილული უნდა იყოს საკვლევი ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობები;

7. გეოდინამიკური პროცესების დახასიათება წარმოდგენილია ზოგადად არაგვის აუზისათვის და იგი არ ეხება უშუალოდ საპროექტო ტერიტორიას. შესაბამისად რთულია საავტომობილო გზის მშენებლობის (მიუხედავად იმისა, რომ ხდება არსებული გზის რეკონსტრუქცია) შესაძლო ზემოქმედების განსაზღვრა ფერდობების მდგრადობაზე. ტერიტორიის რთული რელიეფური და გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, გზშ-ს ანგარიშში საჭიროა საპროექტო სივრცეში არსებული საშიში გეოდინამიკური პროცესების პიკეტური აღწერა, მათი კოორდინატების და შებასამისი პრევენციული ღონისძიებების მითითებით;

8. იმ მონაკვეთებზე სადაც გზის გაყვანის დროს საჭირო იქნება ფერდობების ჩამოჭრა, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით, ფერდობების მდგრადობის გათვალისწინებით, რის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ექსპერტიზაზე;

9. ფერდობების ჩამოჭრის უბნებზე მოსალოდნელია ქვათაცვენა - კლდეზვავების გააქტიურება, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას საავტომობილო გზის მშენებლობა-ექსპლუატაციის პერიოდში. დასახული უნდა იყოს შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები და წარმოდგენილი იქნას ექსპერტიზაზე;

10. წარმოდგენილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ანგარიში, კვლევების შედეგების მიხედვით, შესრულებულია არადამაკმაყოფილებელ დონეზე, იგი ვერ აკმაყოფილებს საინჟინრო - გეოლოგიური კვლევების ვერცერთ საფეხურს.

ფაქტობრივად, მხოლოდ გეოფიზიკური კვლევების მონაცემებს ეყრდნობა, რაც ვერ ასახავს იმ საინჟინრო-გეოლოგიურ ფონურ მდგომარეობას, რომელიც საჭიროა გეოლოგიურ გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად. კერძოდ, მასში არ ფიგურირებს არცერთი გრაფიკული ან სხვა რაიმე კვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი, ძალზე ზედაპირულადაა მოცემული იქ მიმდინარე თანამედროვე გეოდინამიკური პროცესები და მოვლენები, რაც საბოლოოდ, ცხრილი 6.7.3.1-ში (,,გეოდინამიკური პროცესების განვითარების რისკების შეჯამება”), ზოგადი ინფორმაციის სახითაა მოცემული. რაც შეეხება შემარბილებელ ღონისძიებებს, ისინი უმეტესად გათვალისწინებულია, როგორც გზის დამცავი საშუალება და არა გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი მექანიზმი. განსახილველი საკვლევი ტერიტორია გეოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთ ურთულეს რეგიონთანაა დაკავშირებული, სადაც გეოდინამიკური პროცესები განსაკუთრებული სენსიტიურობით გამოირჩევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია საავტომობილო გზის გასწვრივ ჩატარდეს სრული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები გეოდინამიკური პროცესების კვლევის კუთხით, შემუშავდეს შესაბამისი რუკა, გამოიყოს საფრთხის შემცველი უბნები და რისკის შეფასების საფუძველზე დადგინდეს ის პრევენციული და აღმკვეთი ღონისძიებები, რომელიც რეალურადაა საჭირო გზის მშენებლობისა და ფუნქციონირების პერიოდში გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად და ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოდგენილი იყოს გზშ-ს ანგარიშში;

11. გზშ-ს ანგარიშის თანახმად (3.3.1, გვ. 14) სამშენებლო ბაზების, მანქანა- დანადგარების განთავსების მოედნების ადგილმდებარეობას განსაზღვრავს და მათ გამოყენებაზე ნებართვას მიიღებს მობილიზაციის ფაზაზე (სამუშაოთა დაწყებამდე) ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი მშენებელი კონტრაქტორი. გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს სამშენებლო ბაზის ადგილმდებარეობა, ბაზის გენ-გეგმა გაფრქვევის სტაციონარული წყაროების (სამშენებლო მასალების საწყობი, დიზელის საწვავის რეზერვუარი, ...) მითითებით;

12. გზშ-ს ანგარიშის თანახმად (6.2.1.1, გვ. 35) „მავნე ნივთიერებათა ატმოსფერულ ჰაერში გაბნევის გაანგარიშება არ ჩაითვალა მიზანშეწონილად“ (წარმოდგენილია მხოლოდ გაფრქვევების მაქსიმალური და წლიური სიდიდეები). გაბნევის გაანგარიშების შედეგების წარმოდგენის გარეშე გაკეთებულია დასკვნა, რომ (6.2.1.1, გვ. 38) „მშენებლობის პროცესში ატმოსფერული ჰაერის ხარისხი როგორც 500 მ-იანი ნორმირებული ზონის მიმართ, აგრეთვე უახლოესი დასახლებული ზონის მიმართ არ გადააჭარბებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს“. გზშ-ს ანგარიშში გაანგარიშების გარეშე გაკეთებული ზემოაღნიშნული დასკვნა მიუღებელია;

13. ხმაურის გავრცელებასთან (6.3, გვ. 41) დაკავშირებული ზემოქმედების განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს „საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 აგვისტოს მთავრობის № 398 დადგენილებით დამტკიცებული 2/14/2018 ტექნიკური რეგლამენტი - საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულებების შენობების სათავსებში და ტერიტორიებზე აკუსტიკური ხმაურის ნორმების შესახებ”;

14. ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს საპროექტო დერეფანში განსახორციელებელი სამუშოების პროექტი – სად მოხდება ფერდობების ჩამოჭრა, გზების გაფართოება და სხვა;

15. გზშ-ს ანგარიშში (თავი 6.5) აღნიშნულია, რომ ფუჭი ქანების განთავსებისთვის ცალკე, შესაბამისი წესების დაცვით მოწყობილი სანაყაროს გამოყენება ვერ ხერხდება. ასევე (გვ. 16) აღნიშნულია, რომ „მოცემული მიწის სამუშაოთა მოცულობების გათვალისწინებით, ვაკისის მოწყობის პროცესში წარმოქმნილი ფუჭი ქანების რაოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვანია. რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე ქანების სანაყაროსთვის შესაბამისი ტერიტორიის მოძიება პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი შორ მანძილზე ტრანსპორტირება დაკავშირებული იქნება მაღალ ხარჯებთან და ეკონომიკურად გაუმართლებელია. გამომდინარე აღნიშნულიდან გამომუშავებული ქანების განთავსება მოხდება მათი წარმოქმნის ადგილზე, კერძოდ: ნაწილი გამოყენებული იქნება გზის ვაკისის მოსაწყობად, ხოლო უმეტესი ნაწილი დასაწყობდება გზის მომიჯნავე ზოლში ნაყარის სახით“ აღნიშნული ფორმულირება მიუღებელია რადგან ფუჭი ქანების ამ ფორმით განთავსება უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს გარემოზე. შესაბამისად გადაწყვეტას საჭიროებს ფუჭი ქანების მართვის და სანაყაროების მოწყობის საკითხი. ასევე უნდა შემუშავდეს შესაბამისი შემარბილებელ ღონისძიებები; ასევე მოცემული უნდა იყოს ფუჭი ქანების განთავსების და რეკულტივაციის დეტალური პროექტები ნაპირსამაგრი ღონისძიებების გათვალისწინებით.

16. გზშ-ს ანგარიშზე თანდართულ ფაილში მოცემული უნდა იყოს სამშენებლო ბანაკის, სანაყაროების მდებარეობები. დატანილი უნდა იყოს სახიდე გადასასვლელები და მათი კოორდინატები.

17. გზშ-ს ანგარიშში მითითებული უნდა იყოს საპროექტო არეალის კრიტიკული წერტილები, მათი მახასიათებლები და პრევენციული/სარეაბილიტაციო სამუშაოები.

18. დასაზუსტებელია რამდენ წლიან პერიოდზეა შედგენილი ნარჩენების მართვის გეგმა. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს;

19. გზშ-ს ანგარიშზე თანდართულ ნარჩენების მართვის გეგმაში ნარჩენების კოდი და დასახელება წარმოდგენილი უნდა იყოს „სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით ნარჩენების ნუსხის განსაზღვრისა და კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 აგვისტოს N426 დადგენილებით დამტკიცებული II დანართის შესაბამისად;

20. ნარჩენების სახიფათოობის მახასიათებლები წარმოდგენილი უნდა იყოს ნარჩენების მართვის კოდექსის III დანართის მიხედვით;

21. ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებული აღდგენა/განთავსების ოპერაციები მოცემული უნდა იყოს ნარჩენების მართვის კოდექსის I და II დანართებით განსაზღვრული კოდების შესაბამისად;

22. ნარჩენების მართვის გეგმაში მოცემული უნდა იყოს იმ პირების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც გადაეცემა ნარჩენები შეგროვების, ტრანსპორტირების ან/და დამუშავების მიზნით, შესაბამისი ნებართვის ან/და რეგისტრაციის მონაცემების მიხედვით.

23. საკვლევი რაიონის კლიმატური დახასიათებისას. გვ. 18, თავი 5.2.1. მითითებულია: „ნალექების რაოდენობა 740 მმ წელიწადში. ზამთარი საკმაოდ მკაცრი იცის, 1200-1600 მმ წლიური ნალექიანობით“. აღნიშნული ჩანაწერი შესასწორებელია ვინაიდან, ნალექების სეზონური რაოდენობა შეუძლებელია აღემატებოდეს წლიურ მნიშვნელობებს;

24. ანგარიშში (გვ.18) მითითებულია, რომ გეგმარებითი ტერიტორიის ქვედა ზონის დახასიათება ეყრდნობა გუდამაყრის, არხოტის და შატილის მეტეოროლოგიური სადგურების მასალებს. აღნიშნულ პუნქტებში მეტეოროლოგიური დაკვირვების სადგურები არ ფუნქციონირებდა.

25. გზშ-ს ანგარიშში მოცემული (გვ. 19) საშუალო ფარდობითი ტენიანობისა და ატმოსფერული ნალექების რაოდენობის შესახებ მონაცემები არ შეესაბამება გამოყენებული წყაროს ინფორმაციას მითითებული პუნქტისთვის (ბარისახო);

26. ანგარიშშის სარჩევში მოცემულია ქვეთავი 5.2.4.4 „დაცული ტერიტორიები და ზურმუხტის ქსელი“ თუმცა ტექსტურ ნაწილში მის ნაცვლად მოცემულია „სატყეო ფონდი“. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს: შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტები იმ სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან, რომელთა კომპეტენციის სფეროსაც განეკუთვნება გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის პროექტირების სხვადასხვა სტადიის განხორციელებასთან დაკავშირებით ცალკეულ ასპექტებზე.

პროექტის შესახებ

ხევის, ხევსურეთის, თუშეთისა და პანკისის ხეობის შემაერთებელი გზების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზიდან სოფელ როშკამდე მისასვლელი ახალი, 6.4 კილომეტრიანი გზის მშენებლობას გეგმავს, დღეს არსებული გზის ნაცვლად. დეპარტამენტის განცხადებით, არსებული გზა ვერ აკმაყოფილებს საჭირო ტექნიკურ პარამეტრებს (მცირე რადიუსები სერპანტინებზე 3-5 მეტრი, მაღალი გრძივი ქანობები 14-16% და უსაფრთხოების ნორმები. ახალი საპროექტო გზა იწყება ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 57 კილომეტრზე, ზღვის დონიდან 1471 მეტრ სიმაღლეზე მიუყვება მდინარე ბლოსღელეს ხეობის მარჯვენა ფერდს და მთავრდება სოფელ როშკაში, ზღვის დონიდან 2014 მეტრ სიმაღლეზე.

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზას ხორვატიული კომპანია („სს ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“) აპროექტებს. აღნიშნული ორგანიზაცია ხორვატიაში დაფუძნებული ამავე სახელწოდების კომპანიის ქართული ფილიალია და 2016 წლის 26 სექტემბერს არის დარეგისტრირებული. სამუშაოების შესრულებისთვის გზების დეპარტამენტი კომპანიას 4 986 600 ლარს უხდის.  

ამ თემაზე:

რატომ ითხოვენ მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის პროექტის შეჩერებას

რა არგუმენტები აქვთ პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს

დაპირისპირება თუშებს შორის ახალი გზის პროექტის გამო

რით ასაბუთებს მთავრობა მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობას - ინტერვიუ

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში