საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა არგუმენტები აქვთ პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

01:08 - 19 თებერვალი 2018 hits 9878

19 თებერვალს, 15:00 საათზე, ქვემო ალვანში თუშების შეკრება დაიგეგმა. შეკრების ორგანიზატორები სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, პანკისიდან თუშეთში ახალი გზის გაყვანის წინააღმდეგები არიან. „ვიკრიბებით, რომ უარი ვუთხრათ ამ პროექტს, რომელიც დამღუპველია თუშეთის ბუნებისთვის, მისი თვითმყოფადობისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის“, - ამბობს სოსო ბაბულაიძე, ომალოში მდებარე სასტუმრო „თუშეთის“ მეპატრონე.

თუშების ნაწილი, ძირითადად ისინი, ვინც ომალოს, შენაქოს და მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები არიან და საოჯახო სასტუმროებს, კვების ობიექტებს ან სხვა ტურისტულ სერვისებს ფლობენ, თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობას რამდენიმე მიზეზის გამო ეწინააღმდეგებიან. ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი ის არის, რომ პროექტის მიხედვით, ახალი გზა პანკისიდან დაიწყება, გაივლის ხადორის ხეობას და წოვათაში, შავწყალას ტერიტორიაზე გავა.

თუშეთში, პირიქითის ხეობაში, სოფელ დართლოში მდებარე საოჯახო სასტუმროს და რესტორნის მფლობელი ბესო ელანიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც უგზოობა ყველაზე მეტად უშლის ხელს. 2017 წელს, როცა თუშეთის გზაზე, სოფელ ხისოსთან მოწყვეტილმა კლდოვანმა მასამ მდინარე ალაზანი ჩაკეტა, გზა წაიღო და ტერიტორია დატბორა, აღდგენითი სამუშაოები კი გაჭიანურდა, ბესო და სხვა მცირე მეწარმეები დატბორილ მდინარეში ნავებით გადაადგილდებოდნენ. თუმცა, ბესო, ხადორის ხეობის გავლით თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის გაჭრას მაინც ეწინააღმდეგება. რატომ?

„გარემოს დაზიანებაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ, რადგან ეს ისედაც ნათელია.

როგორც დაანონსდა, ეს გზა წლის განმავლობაში 7-8 თვე იმუშავებს, ე.ი მთელი წელი არ იქნება. გამოდის, რომ ზამთარში თუშების თუშეთში დამაგრებას ვერ წაახალისებს, ვერც ზამთრის ტურიზმის განვითარებას წაადგება.

ამ ეტაპზე თუშეთში დასაქმებული ხალხისთვის გზის საჭიროება მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდეა. დიდი ალბათობით, ახალი გზაც მაისის შუა რიცხვებზე ადრე არ გაიხსნება და ღია იქნება ნოემბერ-დეკემბერშიც. ამ პერიოდში, როცა თუშეთის ბევრ სოფელში მოსახლეობა უკვე აღარ რჩება, გზით ისარგებლებენ ბრაკონიერები და ქურდ-ბაცაცები, რომლებიც ხალხისგან დაცლილ სოფლებში თავისუფლად ითარეშებენ და გაძარცვავენ ან დააზიანებენ ინფრასტრუქტურას“, - ამბობს ბესო და იხსენებს, რომ 10 წელია, ზამთარში, თუშეთში ათეულობით ათასი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურას ტოვებენ იქ დასაქმებული ადამიანები და გაზაფხულზე ხელუხლებელი ხვდებათ: „ეს პრობლემა პირველ რიგში გომეწრის და წოვათის თემებს დაატყდება. ვფიქრობ, კარგად გვახსოვს, რაც ტბათანას დაემართა ახლო წარსულში“.

ბესოს აზრით, ზაფხულში საქონელსაც ვეღარ გაუშვებენ საძოვარზე თამამად, რადგან ორი გზის არსებობის შემთხვევაში, ადვილად მოსაპარი იქნება.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბესო და მისი თანამოაზრეები პანკისი-ხადორის გავლით თუშეთის ახალი გზის გაყვანის წინააღმდეგები არიან, ის არის, რომ მათი ვარაუდით, ზემო და ქვემო ალვანი ტურისტული მარშრუტიდან საერთოდ ამოვარდება.

„ახმეტა - თიანეთის გზის ამოქმედების შემდეგ, ზემო ალვანს ტურისტულ მარშრუტში ჩაჯდომის კარგი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ თუ ეს გზა პანკისისკენ მიბრუნდება, ზემო ალვანი კი არა, ქვემო ალვანიც ამოვარდება მარშრუტიდან, რაც საკმაოდ წამგებიანია თუშებისთვის“, - აღნიშნავს ბესო. ზაფხულობით, თუშეთში წამსვლელი ტურისტების ძირითადი ნაწილი სწორედ ქვემო ალვანში იყრის თავს, რადგან აქ დგანან ხოლმე მაღალი გამავლობის მანქანები (ტაქსები), რომლითაც თუშებს მგზავრები მთაში გადაჰყავთ და ემსახურებიან.

ბესო ელანიძეს მიაჩნია, რომ ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის შედეგად, რომელიც შეიძლება უფრო კომფორტული და უსაფრთხო იყოს, თუშეთში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა მაღალი ალბათობით, ტურისტული ბიზნესის შემოსავალი შემცირდება: „ვიზიტორი შეძლებს ერთ დღეში ასვლას და უკან დაბრუნებას, ფულს არ დატოვებს. ამის პრაქტიკული მაგალითია ყაზბეგი, ჯუთა. იგივე შედეგი ექნება ყაზბეგი თუშეთის გზასაც. ძალიან აქტიური მარშრუტია თუშეთი-ხევსურეთი და ფეხს იკიდებს თუშეთი-ყაზბეგიც. ასეულობით ტურისტი მოძრაობს ამ გზაზე. თუშეთიდან ყაზბეგამდე 10-12 დღის სავალია. თითოეული ტურისტი დღეში 80-100 დოლარს ტოვებს. საავტომობილო გზის შემთხვევაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ ამ მანძილის გავლა შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 2 დღეში და ტურისტი 200 დოლარს დახარჯავს“.

პანკისი-ხადორის ხეობა-თუშეთის გზის მშენებლობის მომხრეა სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები, ახმეტის საკრებულოს ყოფილი წევრი ირაკლი უჯირაული. ირაკლი ფიქრობს, რომ ახალი გზით თუშეთის მნიშვნელოვანი ნაწილი ამოისუნთქებს, მათ შორის გომეწრის ხეობა, წოვათას ჩათვლით, რადგან "დღეისათვის, ის სიკეთეები, ტურიზმის განვითარებას ვგულისხმობ, ამ ხეობებისთვის არ არის. წოვათაში გზაც კი არაა და შესვლაც კი გვიჭირს".

„მეორე საკითხი არის ის, რომ გაიზრდება თუშეთში ყოფნის ხანგრძლივობა. როგორც პროექტის ავტორები გვეუბნებიან, გზა უფრო ადრე გაიხსნება და უფრო გვიან დაიკეტება. პირველ რიგში ეს მთაში მუდმივად მცხოვრებ პირებს შეღავათს მისცემს. ეს გამოიწვევს იმას, რომ არა მხოლოდ ტურისტული სეზონი გაიხსნება დროულად, არამედ მესაქონლეებიც დროულად ავლენ და თავის დროზე ჩამოვლენ. ახლა აჩქარებით ცდილობენ, რომ გამოასწრონ იქიდან, დოვლათი - რაც თუშეთში შექმნეს, ყველი იქნება თუ სხვა ნაწარმი, იქ არ დარჩეთ და დროულად ჩამოიტანონ ბარში, ვიდრე კომპანია, რომელიც თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი, სამუშაოებს შეწყვეტს. გარკვეულწილად ეს პრობლემაც აღმოიფხვრება. არსებულ გზაზე მეწყრული პროცესების გამო თუ რომელიმე მონაკვეთი ჩაიკეტება, მეორე გზა ღია იქნება“, - ამბობს ირაკლი უჯირაული.

მისივე თქმით, ტურისტისთვის საინტერესო უნდა იყოს, რომ ერთი გზით ავიდეს და მეორე გზით ჩამოვიდეს: „ვფიქრობ, ეს არ არის მეორეხარისხოვანი მომენტი. რაც შეეხება იმას, რომ თუშეთში დაყოვნების დრო შემცირდება, მაშინ ეს გზაც გავაუქმოთ და შეკავების დროც უზარმაზარი იქნება.

ხალხი, ვინც გომეწრის ხეობის სათავეებთან ცხოვრობს, ახალი გზის მშენებლობის მომხრეა. დღეს გომეწრის ხეობა, წოვათა პერიფერიაშია, იზოლირებულია და არის იმედი, რომ ეს გზა გააცოცხლებს იქაურობას.

იმის ხსენება, რომ ვიღაც ისარგებლებს ამ გზით, ქურდობის ფაქტები გაიზრდება და ა.შ. მე ვფიქრობ ამაზე ხაზგასმა შეცდომაა. თუშები სულ პანკისზე დადიოდნენ. გაიხსენონ ამ ადამიანებმა თავისი წინაპრების „ბახტრიონის“ აჯანყება, რომელი გზით ჩამოვიდნენ კახეთში, ეს იყო პანკისის გზა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის, რომ თუშეთის გზის მშენებლობა თავიდან სწორედ პანკისიდან იგეგმებოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, მარშრუტი შეიცვალა და აბანოს უღელტეხილით გადავედით“.

ირაკლის მიაჩნია, რომ ჭანჭახოვანის და პირიქითის ხეობების სოფლებში მცხოვრებლებს ეკონომიკური შიში აქვთ, ახალი გზა თუ გაკეთდება, დღის წესრიგიდან მოხსნის ძველი გზის შენახვას, რადგან ძვირი ჯდება: "ხალხს ომალოში, შენაქოში, დართლოში მცირე ბიზნესი აქვთ და ტურისტი თუ მხოლოდ ახალი გზით იმოძრავებს, ისინი დაზარალდებიან. მე როგორც წოვა თუში, ახალი გზიდან ხეირი უნდა ვნახო, მაგრამ ჩემი მიდგომა ასეთია, რომ ხელისუფლებამ ახალი გზის ამოქმედების შემდეგაც უნდა უზრუნველყოს არსებული, ძველი გზის სრული რეაბილიტაცია, მისი შენარჩუნება და გაუმჯობესება, რომ რაიმეთი ჩემი თანამოძმეები არ დაზარალდნენ. მე ვისურვებდი, რომ ჩემს თანამოძმეებსაც ქვემოთ მხარეს, ასეთივე მიდგომა ჰქონდეთ ამ საკითხის მიმართ, მაგრამ სამწუხაროდ ამას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის და თუშების სახელით საუბრობენ, მოსახლეობის აზრი უნდა იცოდნენ სრულად. მათ შეუძლიათ პირადი პოზიცია გამოხატონ, როგორც მე გამოვხატე ამ შემთხვევაში და მხარს ვუჭერ ამ პროექტს, თუმცა ვიცი ჩემი თემის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერაც ამ საკითხში“.

ირაკლი უჯირაული მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით შექმნილი პეტიციის ავტორებს მოუწოდებს, ადგილობრივი მოსახლეობის არგუმენტებსაც მოუსმინონ: „მოვუსმინოთ ერთმანეთს, რა ზიანდება, რა კეთდება, როგორია თანაფარდობა ეკოლოგიურ ზიანსა და იმ სიკეთეებს შორის, რომელსაც ეს გზა მოგვიტანს და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება ერთობლივად. თუ დაინგრევა და დაიქცევა იქაურობა, არც მე ვიქნები თანახმა. ეს ყურადღება, რაც ახლა ამ პროექტის მიმართ არის ყველა მხრიდან, კარგია. ეს ხელს შეუწყობს, რომ ხელისუფლებამ გაუმჯობესებული პროექტი წარმოადგინოს, დაცული იყოს სხვადასხვა სტანდარტები და მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში, ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ყველა ეს პირობა, რომ გზა იყოს უსაფრთხო და კარგი“.

სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ცალკეული ნაწილების საჯარო განხილვა 20 თებერვალს ახმეტაში, ხოლო 21-ში დუშეთში გაიმართება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში