საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

“ჯარა” კინოთეატრების ეკრანებზე თებერვალში გამოვა

13:23 - 09 იანვარი 2017 hits 3105

სტუდია EcoFilms-ის დოკუმენტური ფილმი - "ჯარა”, რომელიც ტრადიციული ქართული მეფუტკრეობისა და აჭარის მაღალმთიანეთის ველური ბუნების შესახებაა გადაღებული, კინოთეატრების ეკრანებზე თებერვლის ბოლოს გამოვა. “ჯარას” მთავარი პერსონაჟი ქართული ფუტკარია, მოვლენები კი აჭარაში, მაჭახელას ხეობაში, ტყის სიღრმეში ჩადგმულ ტრადიციულ ქართულ სკაში - ჯარაში და მის ირგვლივ ვითარდება. ფილმის სცენარის ავტორი და პროდიუსერი ნიკა წიკლაურია.

ფუტკრის მოშინაურებამდე საქართველოში თაფლს ხის ფუღუროში დაბინავებული ველური ფუტკრისგან მოიპოვებდნენ. მოშინაურების შემდეგ მოსახლეობა ფუტკრის ბინად მათი ყოფისთვის ნაცნობ ჭურჭელს - გრძელი მორისგან, ან ხის ანაძრობი დიდი ქერქისგან გაკეთებულ სკას იყენებდა. ასეთ სკას აჭარაში ჯარას (საქართველოს ზოგიერთ ნაწილში კი გეჯას) უწოდებენ.

“ფილმ „ჯარას“ მთავარი მიზანია წარმოვაჩინოთ აჭარა, როგორც ევროპის  ერთ-ერთი უკანასკნელი ხელუხლებელი ადგილი, სადაც ტრადიციული სოფლის მეურნეობა და ველური ბუნება ერთად თანაარსებობს და ეს თანაარსებობა არის ჰარმონიული. მართალია, მათ შორის კონფლიქტებიც ხდება, მაგრამ ამ კონფლიქტების რაოდენობა ბევრი არ არის. ფილმი ტრადიციული ქართული სკის - ჯარას ირგვლივ ვითარდება. გადაღებები მიმდინარეობდა როგორც ფუტკრის სკის შიგნით, ისე მის გარეთ. ფილმის მთავარი გმირები ფუტკართან ერთად მაღალმთიანი აჭარის ფაუნის წარმომადგენლები: დათვი, შველი, როჭო, კავკასიური სალამანდრა და სხვა ცხოველები და ფრინველები არიან. ფილმის გმირების მეორე ნაწილი კი ადგილობრივი მოსახლეობაა: ტყით მოსარგებლე მეფუტკრეები და მენახირეები. ბევრი დაგეგმილი კადრი ვერ გადავიღეთ, ველური ბუნების გადაღების დროს ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა, ბუნებამ კარგი სიურპრიზებიც შემოგვთავაზა. გვაქვს კადრი, როგორ მისდევს ორი მგელი დათვს. ასეთი კადრები ველურ ბუნებაში ძნელი სანახავი და გადასაღებია,” - ამბობს ნიკა წიკლაური.

როგორც ფილმის რეჟისორი აცხადებს, ფილმი გათვლილია იმ ხალხზე, ვისაც უყვარს ბუნება და ის წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ხელუხლებელი ბუნების მქონე და ნატურალური თაფლის მწარმოებელ ქვეყანას. 

ფილმის ქრონომეტრაჟი 52 წუთია.

"ჯარა" EcoFilms-ის -ის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია. პირველი დოკუმენტური ფილმი მეცხვარეთა ცხოვრების შესახებ - "გზა" 2014 წელს გამოვიდა.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში