საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ზღუდერის ტრაგედია - როგორ გაანადგურა მღვდელმთავარმა VI საუკუნის ძეგლი

23:02 - 22 ივნისი 2026 hits 1154

„ქვა ქვაზე არ დარჩენილა“ - ეს გამოთქმა ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს იმ სურათს, რომელიც ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის მოსანახულებლად მისულ თამთა დოლიძეს დახვდა. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრის თანამშრომელმა შემთხვევით აღმოაჩინა, რომ VI საუკუნის ტაძარი ფიზიკურად აღარ არსებობს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის შესახებ საზოგადოებამ და სპეციალისტებმა სოციალური ქსელიდან შეიტყვეს.

 

ისტორია, რომელიც ბეტონმა დაფარა

„იქ, სადაც ახლა ბეტონის ერთიანი პლატფორმაა დასხმული და ბლოკის კედლებია ამოყვანილი, ქართული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი იდგა.

ის შესაძლოა არ იყო დიდი კათედრალების მასშტაბის, თუმცა ქვეყნის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, განუზომლად მნიშვნელოვანი იყო“

გვიყვება გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი ნოდარ არონიშიძე.

ზღუდერის სამონასტრო კომპლექსი სამი ნაწილისგან შედგებოდა: გალავანი, მცირე ზომის ეკლესია, რომელიც კომუნისტების ეპოქაში ისე შელახეს, რომ კულტურული ღირებულება სრულად დაკარგა და მესამე - ადრეული შუა საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამ ბლოკების ადგილზე იდგა. მეცნიერება ქართულ ხუროთმოძღვრებას 4 ძირითად პერიოდად ყოფს. ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია ამ ოთხიდან სამს საკუთარ თავში ატარებდა. VI-VII საუკუნეებში აშენებული ძეგლი X საუკუნეში სამეკლესიიან ბაზილიკად გადაკეთდა, ოღონდ ცოდნით, სიყვარულით, ოსტატურად. X საუკუნის ოსტატმა სათუთად შეინარჩუნა VI-VII საუკუნეების საკურთხეველი და ბურჯები.

ძველის სტრუქტურული ცვლილება არც XIII-XIV საუკუნეებში შეუტანიათ, როცა ტაძარი მორიგ ჯერზე შეაკეთეს და ამჯერად ფასადი, კერძოდ კი სარკმლის თავები, კონსტრუქციული ნაწილები იმ პერიოდისთვის სახასიათო არქიტექტურული დეტალებით შეამკეს. ეს ზღუდერის ეკლესიის მესამე სიცოცხლე იყო.

ნოდარ არონიშიძეს უსამართლოდ მიაჩნია ამ ვანდალიზმის მხოლოდ არქიტექტურულ დანაკარგად განხილვა, რამდენადაც ძეგლი მოიცავდა სამივე პერიოდის რელიეფურ ქანდაკებასაც და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, XIII-XIV საუკუნეებში ტაძრის ფასადზე გაჩენილ სამ წარწერას:

„ეს იყო ერთგვარი მატიანე, რომელიც საკუთარ სხეულზე ატარებდა VI-დან XIV საუკუნემდე ყველა ეპოქის კვალს. როდესაც ჩვენ არქიტექტურის ისტორიას ვკითხულობთ, რეალურად ქვეყნის მატერიალური კულტურის ისტორიას ვეცნობით. ის, რაც ჩვენ წერილობითი წყაროებით და საბუთებით გვაქვს შემორჩენილი, ამას ვადასტურებთ იმ კულტურული მემკვიდრეობით, რაც იქ გვაქვს. შესაბამისაც, ეს არ არის მხოლოდ ძეგლი, ეს არ არის მხოლოდ ეკლესია. ეს არის შენი ისტორიის ნაწილი, რომელმაც დაახლოებით ათსაუკუნოვანი ისტორია შემოგინახა და ასახა საკუთარ კედლებზე“.

 

„ეს მკვლელობაა“

ზღუდერის ეკლესია, როგორც აღმშენებლობის სამი ეტაპის, ისე ნგრევის ეპოქების მატიანეც აღმოჩნდა. 1940 წელს, მალევე მას შემდეგ, რაც პირველად მოხდა ამ ძეგლის ძირეული შესწავლა ლევან რჩეულიშვილის მიერ, კომუნისტებმა მიწისძვრით დაბზარული ძეგლი სანახევროდ დაანგრიეს - მისი პერანგის ქვებით ყინწვისში სკოლა ააშენეს.

მეორე და საბოლოო ნგრევა ჩვენი დროის საქართველოში მოხდა.

ნოდარ არონიშიძე ამ ტრაგიკულ პარალელს ასე აფასებს: „საბჭოთა ათეისტურმა რეჟიმმა ძეგლი ნახევრად დაანგრია. 86 წლის შემდეგ, იგივე დაწესებულებიდან ჩადის ახალგაზრდა მეცნიერი, რათა ძეგლი ბოლომდე შეისწავლოს, თუმცა მის ნაცვლად ბეტონის პლატფორმასა და ბლოკის კედლებს ხვდება. ეს უმძიმესი რეალობაა. ჩვენ თვალს ვადევნებდით VI–XIV საუკუნეების ქართული სულიერებისა და არქიტექტურის განვითარების ისტორიას, რომელიც საბოლოოდ ძეგლის დეგრადაციითა და განადგურებით დასრულდა“.

ძეგლის განადგურებაზე პასუხისმგებელი რუის-ურბნისის ეპარქიაა. ეპარქიის ლიდერისგან რაიმე განმარტებების მიღების იმედით სოფელ ჭანდრებში ჩავედით. მეუფე იობი ჩინებულის წმინდა გიორგის ტაძრის სადღესასწაულო წირვას აღავლენდა. მრევლი უკვე ტრაპეზისთვის ემზადებოდა. მიტროპოლიტმა იობ აქიაშვილმა ჩვენს შეკითხვას არ უპასუხა. სხვა სასულიერო პირებმა მისი ეპარქიდან თქვეს, რომ ტაძრის აღდგენას მრავალი წელი ითხოვდნენ. ძეგლი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი გამაგრება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ამის გამო იმავე ეკლესიის ანალოგის თავიდან აშენება დაიწყო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ძეგლის შესაძლო შესწავლასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გასულ კვირას გამოვითხოვეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მსგავსი დოკუმენტი არც საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებში იძებნება.

ქარელის ანთიმოზ ივერიელის სახელობის ტაძრის წინამძღოლი დეკანოზი ვიტალი ღვინიაშვილი აცხადებს:

„ეპარქია წლების განმავლობაში ითხოვდა ტაძრის აღდგენას.

ტაძარი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მისი გამაგრება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო - ვერც ერთი ქვა ვეღარ ექვემდებარებოდა გამაგრებას.

სწორედ ამიტომ დაიწყო იმავე ტაძრის ანალოგის თავიდან აშენება. ...რატომ ცდილობთ სიტუაციის დაძაბვას? თქვენ რომ გკითხოთ, მზოვრეთის, ქოზიფას, ყინწვისისა და ორთუბნის ძეგლები, ისევე როგორც მთელი ძამის ხეობა, კვლავ მიწაში ჩაფლული უნდა ყოფილიყო. სწორედ მეუფე იობის ძალისხმევით მოხდა მათი აღმოჩენა, გაწმენდა და აღდგენა. ...როგორც ამ ყველაფრის თვითმხილველი, ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვა სწორედ ჩვენი ეპარქიიდან უნდა იწყებოდეს, რადგან აქ ფუნქციონირებს 100-ზე მეტი მოქმედი დედათა და მამათა მონასტერი, ასევე დაახლოებით 100 საერო ტაძარი. ეპარქიაში მსახურობს 400-მდე სასულიერო პირი“.

ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წარმომადგენელი, მღვდელი შიო უბილავა კი მიიჩნევს: „გელათის ამ დღეში ჩამგდებ ძეგლთა დაცვას რა უნდა ელაპარაკო. სადაც დიდი ფული რჩებათ, იმ ტაძრებს აღდგენენ. სადაც არა, ის არ უნდათ. რამდენი მართლა დაინგრა ამათი უყურადღებობის გამო.“

ნოდარ არონიშიძე პასუხობს შეკითხვას, იყო თუ არა შესაძლებელი ამ ეკლესიის აღდგენა ისე, რომ რაც იყო შემორჩენილი, არ განადგურებულიყო: „რა თქმა უნდა.

ის რაც ადგილზე იყო შემორჩენილი, მისი კონსერვაციაც შეიძლებოდა და რესტავრაციაც ისე, რომ თავდაპირველი ეკლესიის ყველა სტრუქტურა და ყველა ფენა გამოჩენილიყო.

ერთი არის, ტურისტი რომ მივა, რა ჩანს და მეორე, მეცნიერი რას დაინახავს. ჩემთვის და რესტავრატორებისთვის იქ ყველაფერი იყო შემორჩენილი“.

მეორე შეკითხვა სასულიერო პირების ამბიციურ გეგმას შეეხებოდა, რომელიც თავად ასე ჩამოაყალიბეს - იმავე ტაძრის ანალოგის თავიდან აშენება“.

„ისევ ისეთ ეკლესიას ვერ აღადგენ ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ უმთავრესი, აღარ შევალ ახლა ძეგლის მთლიანობაში, ავთენტურობაში. რასაც ჩვენ იქ ვუყურებთ, ბლოკით რაც არის დაწყებული, ტიპოლოგიურად არ არის ის ეკლესია, რომელიც ეს იყო, განსხვავებულია. რაც არ უნდა გააკეთონ, მულაჟი იქნება“, - აღნიშნავს ნოდარ არონიშიძე.

ამ საგანგაშო ვითარებას არქიტექტორ-რესტავრატორი გოგოთურ მისრიაშვილი ასე აფასებს: „გასააზრებლადაც კი ძალიან ძნელია ასეთი ფაქტი. საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანგრეულს დღეს უკვე სასულიერო პირი ანგრევს. ვინ ურჩია, რომელმა კონსტრუქტორმა, რომელმა არქიტექტორმა? გაუჭირდებოდათ ამ ძეგლის ხელყოფა, ძნელი დასანგრევი იქნებოდა, ამხელა ჟამს გაუძლო, ისტორიულ ორომტრიალს და დღეს

ცივილებულ სამყაროში ასე ველური ფორმებით მიადგე და ამტვრიო, ნორმალური ადამიანისთვის გასააზრებლადაც კი ძალიან ძნელია.

როგორ გადაწყვიტა სასულიერო პირმა რომ ასე გაეკეთებინა? იქ რაღაც ტექსტები იყო, ასეთი ფორმა ავირჩიეთო. ეს ფორმა არ არის, ეს არის მკვლელობა. ...ის კადრი, ის სურათი, ბურძგლავს ადამიანს, ისტორიული ქვები, წარწერიანი, რელიეფიანი, მიხვეტილია ერთ ადგილას, ნაგავსაყრელად არის ქცეული. ტენდენციად იქცა უკვე სიძველეთმოძულეობა. ვის რა უნდა გადასცე ამის შემდეგ? რა უნდა ასწავლო? რაზე უნდა მოუყვე? ეს არის გაუნათლებლობის ბრალი“.

 

უმოქმედო სისტემა და წახალისებული ვანდალიზმი

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, თეა ონიანის განცხადებით, სამუშაოები უნებართვოა.

სააგენტომ „საქართველოს ამბებს“ კომენტარზე უარი უთხრა და ბრიფინგზე მხოლოდ 4 პროსახელისუფლებო არხი მიიწვია - საზოგადოებრივი მაუწყებელი, პოსტივი, იმედი და რუსთავი 2. ამიტომ შეკითხვაც არავინ დასვა, სააგენტომ მთელი წელი რომ იცოდა ძეგლის განადგურების შესახებ, რატომ არ იმოქმედა.

ძეგლის დაზიანება ან განადგურება სისხლის სამართლის დანაშაულია, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ერთი წლის წინ რომ ნახეს, მოახდინეს რამე რეაგირება? დაიწყო ან გამოძიება ან გამორკვევა იმისა, რა მოხდა და ვინ გააკეთა? პასუხისმგებლობის საკითხის დასმა დაიწყო? ცხადია, რომ არა. მეორე, მონიტორინგის სამსახურმა როდესაც იცოდა, რომ იქ ეს ფაქტი დადასტურდა, პერმამენტულად რატომ არ ახდენდნენ მონიტორინგს? რატომ არ ჩადიოდნენ? და მესამე,

იქ დამთავრდა ყველაფერი, რომ ძეგლი განადგურდა? მისი მნიშვნელოვანი ნაწილები - წარწერიანი ქვები, რელიეფური კომპოზიციები და ცალკეული რელიეფური გამოსახულებები, ეს ხომ კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია?! დანგრეული, მაგრამ იმ ქვებზე ხომ შემორჩენილი იყო?! ამის დაცვაზე პასუხისმგებლობა ვის ჰქონდა?

გავიგეთ, რომ ავთენტური ძეგლი დაინგრა, მისი ერთიანობა აღარ არსებობს და ნანგრევები ყრია, ქვაყრილის სახით იქ არის წარმოდგენილი ხომ? მას დაცვა არ სჭირდებოდა? ეს ვისი პასუხისმგებლობა იყო? დაინგრა და დანარჩენი მთელი ეს მემკვიდრეობა ეყაროს ასე?“, - კითხულობს ნოდარ არონიშიძე.

ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია მესამე ძეგლია, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სრულიად განადგურდა.

„საყდრისის აფეთქება, ყოვლად ვანდალური და გაუმართლებელი საქციელი, როდესაც ძეგლი ერთ დღეში გაქრა.

ეს იყო ქოროღო, როდესაც ასევე X საუკუნის უმნიშვნელოვანესი ზურგიანი ძეგლი დაანგრიეს, გაქრა.

ახლა არის ზღუდერის შემთხვევა და არსებობს ასობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები.

შემიძლია ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, რომ დღეს საქართველოში საერო არქიტექტურიდან, ტრადიციული ქართული საცხოვრისიდან დაწყებული, გაგრძელებული მემორიალური კულტურით, ინდუსტრიული მემკვიდრეობით, საკულტო, თავდაცვითი არქიტექტურით და აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, ასობით ძეგლი ნადგურდება“, - ამბობს ნოდარ არონიშიძე.

ბოლო წლების განმავლობაში სისტემურად ინგრევა და ნადგურდება ძეგლები, განსაკუთრებით აქტიური ეს პროცესი რუის-ურბნისის ეპარქიაშია. დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ჩამოთვლილია მიტროპოლიტ იობ (ელგუჯა) აქიაშვილის ქმედებები, რაც ზღუდერის ბაზილიკის განადგურებით დაგვირგვინდა.

  1. დაამახინჯა და დააზიანა ყინწვისის მონასტერი უნებართვო მშენებლობებით: ისტორიულ კომპლექსში ახალი ეკლესიის ჩადგმით და მთავარ ეკლესიაში მწვანე მარმარილოს იატაკის მოწყობით, ფრესკებზე ხატების, სახატე კარადების და სკამების მიდგმით. მათ შორის თამარის, ლაშა-გიორგის და გიორგი მესამის ფრესკას მიადგა გრძელი სკამი.
  2. დააზიანა ურბნისის მე-6 საუკუნის ბაზილიკა უნებართვო ახალი იატაკის დაგებით, რამაც გამოიწვია იატაკის საგრძნობი ამაღლება და არქიტექტურის დამახინჯება. გაჯით გალესა ინტერიერი.
  3. დაანგრია მეოცე საუკუნის დასაწყისის ხაშურის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომელიც საბჭოთა ეპოქაშიც კი მოქმედი და ხელუხლებელი იყო და მის ადგილზე სრულიად ახალი ეკლესია ააშენა.
  4. სრულიად გაანადგურა ძამის მძოვრეთის ციხის ავთენტური, ისტორიული სახე ახალმშენებლობებით და იერსახის უდიდესი, კატასტროფული მასშტაბის ცვლილებებით.
  5. მძიმედ დააზიანა სამწევრისის ციციშვილების ციხის ავთენტური, ისტორიული სახე ახალმშენებლობებით და იერსახის ცვლილებებით.
  6. დააზიანა რუისის ღვთაების საეპისკოპოსო ისტორიული ტაძრის ინტერიერი და ექსტერიერი უკანონო კუსტარული რემონტით.
  7. გაანადგურა რუისის წმ. დიმიტრის დარბაზული ეკლესიის შუა საუკუნეების მხატვრობის ნაშთები, რომელიც გაჯით შელესა-შეათეთრა. ხოლო მის ეზოში ძველი სასაფლაო ტრაქტორით მოასწორა და მშენებლობის პოლიგონად აქცია.
  8. გაანადგურა ხაშურის მუნიციპალიტეტის ურთხვის წმ. გიორგის ეკლესიის (XI ს.) შუა საუკუნეების მხატვრობის ნაშთები (გადალესა და მოახატინა თავიდან). ექსტერიერიც დაამახინჯა ახალი მინაშენით და ცემენტის ბათქაშით.
  9. დააზიანა სამწევრისის ჯვრის ეკლესია (VII ს.) უკანონო ჩარევებით.
  10. უმძიმესად დააზიანა და დაამახინჯა ორთუბნის ციციშვილების კომპლექსი ახალმშენებლობებითა და გადაკეთება-გადმოკეთებით.
  11. დაამახინჯა დირბის მონასტერი უკანონო ახალმშენებლობებით და გადაკეთებებით.
  12. სრულიად დაუკარგა იერსახე და სიძველე ქალაქ ხაშურის წმ. მარინეს ეკლესიას, პრაქტიკულად ისტორიული ტაძარი გააქრო ახალმშენებლობით.
  13. ქოზიფის მონასტერში თვითნებური მშენებლობით გაანადგურა გარკვეული სიძველეები, მათ შორის შუა საუკუნეების ფრესკების ნაშთები (გაჯით შელესეს ინტერიერი).
  14. სრულიად გაანადგურა ოსიაურის წმ. გიორგის ისტორიული ეკლესია ახალმშენებლობებით.

ძეგლების დაზიანება-განადგურების მიუხედავად, ამ წლების განმავლობაში არ გვინახავს ადეკვატური რეაგირება დანაშაულზე. დაუსჯელობა რიგით ბიზნესმენებზეც კი ვრცელდება და რა გასაკვირია, თუკი პასუხი თავნებობისთვის სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს საერთოდ არ მოეთხოვება. კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი მდგომარეობა მიუთითებს, რომ ქვეყანა თავის საგანძურს ვერ იცავს და ეს სისტემური პრობლემაა.

ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიის დაცვა კანონის თანახმად ევალებოდა სახელმწიფოს, რომელიც საქმის კურსში იყო და არაფერი იღონა. ძეგლის მფლობელი კი იყო საქართველოს ეკლესია, რომელიც მომხდარის კომენტირებას საჭიროდ საერთოდ არ მიიჩნევს და, სავარაუდოა, რომ პრობლემადაც არ აღიარებს. საპატრიარქო ამ დრომდე არ გამოხმაურებია მღვდელმთავრის მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებას.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

თავში