საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მიკროგრანტები მთის განვითარებისთვის 27 ივნისიდან 29 ივლისამდე

13:50 - 23 ივნისი 2016 hits 2324

მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობის მიზნით, 27 ივნისიდან მთის განვითარების მიკროგრანტების პროგრამა ამოქმედდა. ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება, რა არის პრიორიტეტული, რა ეტაპების გავლა მოუწევთ განმცხადებლებს, როდის მოხდება განაცხადების შერჩევა და დაფინანსება? საინფორმაციო ცენტრების ქსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს ქეთევან ბოჭორიშვილს ესაუბრა.

- როდის დაიწყება და როდის დასრულდება მთის განვითარების მიკროგრანტების პროგრამა, რა თანხა გამოიყო პროგრამისთვის და რა არის პროგრამის ამოცანები?

- პროგრამა „მიკრო გარანტები მთის განვითარებისათვის“ ახალი პროექტია, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. პროექტი საშუალებას იძლევა მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და წამოიწყოს ბიზნესი, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამა განხორციელდება უშუალოდ მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში, იგულისხმება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტერიტორიული ერთეულები. განაცხადების მიღება დაიწყება 2016 წლის 27 ივნისს და გაგრძელდება 2016 წლის 29 ივლისის ჩათვლით. ხოლო უშუალოდ პროგრამა დასრულდება 2017 წლის აგვისტოში.

აღნიშნული პროექტისთვის ბიუჯეტით განსაზღვრულია 10 000 000 ლარი, რაც გათვალისწინებულია მაღალმთიან რეგიონებში ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობისთვის, რეგიონული პროდუქციის დივერსიფიკაციისა და მაღალმთიან რეგიონებში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის.

- ვინ განახორციელებს ამ პროგრამას, რომელი ორგანიზაციები მოახდენენ პროგრამის ადმინისტრირებას რეგიონებში და რა პრინციპით?

- აღნიშნულ პროგრამას, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მსგავსად ადგილობრივ დონეზე განახორციელებენ იგივე კონტრაქტორი ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალური სამთავრობო კომისიის მიხედვით შეიქმნა.

აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით განმახორციელებელი ორგანიზაციაა შპს „ჯი-ემ-სი-ჯი - INNOVA“;

კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის მასშტაბით განმახორციელებელი ორგანიზაციაა შპს „თბილისის ბიზნეს ტრენინგის ცენტრი“;

სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მასშტაბით - ა(ა)იპ RDA - რეგიონული განვითარების ასოციაცია;

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - ა(ა)იპ საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია - საქართველოს სკაუტები.

- როგორც ვიცით პროგრამა ორი კომპონენტისაგან შედგება - პირველია გრანტები 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე, ხოლო მეორეა წვდომა განათლებისა და უნარების განვითარებაზე. კონკრეტულად რას გეგმავთ მეორე მიმართულებით?

- აღნიშნული პროგრამა ანალოგიურად გულისხმობს დაინტერესებული პირისთვის ორი ტიპის მხარდაჭერის აღმოჩენას:

ახალი ბიზნესის წამოსაწყებად და/ან არსებული გაფართოება/გადაიარაღებისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსის მიწოდებას: (1) ერთი მეწარმე სუბიექტი - 5000 ლარი; (2) ორი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში - 10 000 ლარი; (3) სამი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში - 15 000 ლარი. ამასთან, აუცილებელია მონაწილის მხრიდან მინიმუმ 20% თანხობრივი თანამონაწილეობა.

თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკების შესახებ ცოდნის მიწოდება ტრენინგ/სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით. პროგრამის მონაწილეები აბსოლუტურად უსასყიდლოდ მიიღებენ ცოდნას ბიზნესის ეფექტიანად მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, პროგრამის ბენეფიციარებს თანადაფინანსების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში გაეწევათ ინდივიდუალური კონსულტაციები.

- ვის შეუძლია პროგრამაში მონაწილეობის მიღება? მხოლოდ იმ დასახლებების მაცხოვრებლებს, ვინც მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონის ჩამონათვალში მოხვდნენ და ვისაც მთაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი აქვს?

- პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც ბიზნესის განხორციელება დაგეგმილი აქვს მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში და აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: სრულწლოვანი (18 წელს მიღწეული); საქართველოს მოქალაქე; არ არის საჯარო მოხელე; არ არის ს.ს.ი.პ. მეწარმეობის განვითარების სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი (დედა, მამა, შვილი, და, ძმა); არ იღებს ანაზღაურებას მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტიდან; არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში; აცხადებს მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, რომელსაც მინიჭებული აქვს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გარდა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა

- რას მიენიჭება პრიორიტეტი, სასოფლო სამეურნეო წარმოებას თუ მომსახურებას? კონკრეტული სფერო ხომ არ გაქვთ გამოკვეთილი? მთაში ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ და რამდენად პრიორიტეტული იქნება ამ მიმართულებით შემოსული იდეები?

- აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ეკონომიკური საქმიანობის ტიპი არ არის შეზღუდული, პრიორიტეტი ენიჭება შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებულ ბიზნეს იდეას, რომელიც განხორციელდება სოფლად და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. პროგრამის ფარგლებში ასევე პრიორიტეტი ენიჭებათ ქალბატონ და ახალგაზრდა (35 წლამდე) მეწარმე სუბიექტებს.

- რა ეტაპების გავლა მოუწევთ განმცხადებლებს? პროგრამის განხორციელება 27 ივნისიდან რომ დაიწყება და 29 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, როდის მოხდება განაცხადების შერჩევა, ბიზნესგეგმების შევსება და დაფინანსება?

- პროგრამაში ჩართვისთვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა შეავსოს ონლაინ აპლიკაციის ფორმა ვებგვერდზე www.qartuli.ge, რომელზეც ხდება პერსონალური მონაცემების შეყვანა და სადაც უნდა მოხდეს ბიზნეს იდეის აღწერა, რომელიც მაქსიმუმ 2000 სიმბოლოსგან იქნება შემდგარი.

ბიზნეს იდეების კონკურსის დასრულების შემდგომ ხდება იდეების შეფასება და მოწონებული იდეის ავტორები მონაწილეობას იღებენ ბიზნეს გეგმის შედგენის ტრენინგებში. ბიზნეს გეგმის ტრენინგზე ხდება სწავლება, თუ რა ინფორმაციას უნდა მოიცავდეს ბიზნეს გეგმა, ამის შემდგომ კი ხდება პირველ ეტაპზე შევსებული განაცხადის ფორმაში აღწერილი ბიზნეს იდეის უფრო კვალიფიციურ ბიზნეს გეგმად გადაქცევა. ამ ეტაპის დასრულებისას პოტენციური ბენეფიციარები მონაწილეობას იღებენ ბიზნეს გეგმების კონკურსში.

გამარჯვებული ბიზნეს პროექტის ავტორი ან ავტორთა ჯგუფი აცხადებს მზაობას, რომ დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად და მიენიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი. ერთი პირის შემთხვევაში შეუძლია გახდეს მიკრო, მცირე, ფიქსირებული ან ინდივიდუალური მეწარმე პირი, ხოლო ორი ან სამი პირის გაერთიანების შემთხვევაში უნდა შექმნან ამხანაგობა, უნდა გახსნან საბანკო ანგარიში და შემდგომ ხდება ხელშეკრულების გაფორმება სააგენტოსთან.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ბენეფიციარს ან ბენეფიციართა ჯგუფს ეძლევა გონივრული ვადა, რათა დახარჯონ თავიანთი თანამონაწილეობა მინიმუმ 20%. შემდგომ, ბენეფიციარები განმახორციელებელ ორგანიზაციას წარუდგენენ ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რის შემდეგაც ხდება, განხორციელებული სამუშაოების ადგილზე მონიტორინგი და შეფასება თუ რამდენად სწორად მოხდა თანხების ათვისება.

დადებითი შეფასების შემთხვევაში კონტრაქტორი ორგანიზაცია წარუდგენს სააგენტოს რეკომენდაციას, რის საფუძველზეც მოხდება ბენეფიციარის/ბენეფიციართა ჯგუფის საბანკო ანგარიშზე, პროგრამით გათვალისწინებული, თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა. ანალოგიურად ხდება თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი და ბიზნეს პროექტის განხორციელების მონიტორინგი.

- მასწავლებლებს შეუძლიათ პროგრამაში მონაწილეობის მიღება? ისინი ხომ არ არიან საჯარო მოსამსახურეები. მთაში ძირითადად პედაგოგებად, მესაზღვრეებად და რეინჯერებად არიან დასაქმებულები. იყო ბევრი შემთხვევა, როცა მათივე თქმით, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უთქვამთ, რომ არ ჰქონდათ პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება, რადგან საჯარო სამსახურებში მუშაობდნენ.

- პროგრამით ვერ სარგებლობენ მხოლოდ საჯარო მოხელეები, მასწავლებლები არ წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, შესაბამისად მათზე შეზღუდვა არ ვრცელდება. რაც შეეხება მესაზღვრეებს, აღნიშნულს არეგულირებს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც ისინი ითვლებიან საჯარო მოსამსახურეებად.

- პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს იგივე იდეების წარდგენის უფლება თუ აქვთ, რაც წინა ორ კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში დაწუნებულ იქნა, ან სარეზერვო სიაში მოხვდა და არ დაფინანსდა?

- აღნიშნულთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არის, თუმცა ვინაიდან ბიზნეს იდეა მოხვდა დაწუნებულთა ან სარეზერვო სიაში, ესეიგი ბიზნეს იდეა შეიცავს გარკვეული ტიპის ხარვეზს. უმჯობესი იქნება ასეთმა ბენეფიციარმა გაიაროს კონსულტაციები პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციებთან და გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები ახალი ბიზნეს იდეის შევსების დროს.

- როგორ უზრუნველყოფთ პროგრამის შესახებ მთაში მცხოვრებთა ეფექტურად ინფორმირებას? ვისაც თბილისთან ან რაიონულ ცენტრთან კომუნიკაცია არ აქვს, ჩვენი დაკვირვებით, ბევრს არ ჰქონდა ინფორმაცია წინა ორი კონკურსის და საერთოდ პროგრამის შესახებ.

- სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თითოეული ეტაპის დაწყების წინ „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“ ახორციელებს ფართომასშტაბიან რეგიონულ გასვლით შეხვედრებს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ პროგრამაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით განხორციელდა შეხვედრა საქართველოს მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების გამგებლებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხრიდან მიეწოდა დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის დეტალებზე. აგრეთვე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ თავად გამგეობებში მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია. გარდა ამისა, კონტრაქტორი ორგანიზაციები ახდენენ მთელი გეოგრაფიული არეალის ათვისებას და საზოგადოების მაქსიმალურად ფართო მასებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. პროგრამაში მონაწილე ფიზიკური პირებისთვის ზედმეტი დაბრკოლების თავიდან ასარიდებლად კონტრაქტორ ორგანიზაციებს ჰყავთ მობილიზატორები თითოეული მუნიციპალიტეტისთვის.

- მთის ბევრ სოფელში არათუ ინტერნეტი, არამედ სატელეფონო კავშირიც არ არის. პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით სხვა ხელშემწყობ ღონისძიებებს ხომ არ გეგმავთ?

- პროგრამის განხორციელებისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მაღალმთიან დასახლებაზე, როგორც კონტრაქტორი ორგანიზაციების, ასევე ჩვენი სააგენტოს მხრიდან. იგეგმება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც იქნება ყველა დასახლებული პუნქტისთვის ინფორმაციის მიწოდება აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში