საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მთაზე მორგებული პროფესიული სასწავლებელი ფშავ-ხევსურეთს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:21 - 15 დეკემბერი 2018 hits 14791

მესაქონლეობა ფშავ-ხევსურეთში შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, მთელ მხარეს კი ერთი ვეტერინარიც არ ჰყავს. ქვეყანაში კვალიფიციური ვეტერინარების დეფიციტია, მთაში მცხოვრებ ახალგაზრდებს კი პროფესიულ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ.

თათია ლიქოკელი სამ და-ძმასთან ერთად ბარისახოს სკოლაში სწავლობს. და-ძმა ლიქოკელები ჭალისოფლიდან არიან. სოფელი ბარისახოდან 9 კილომეტრშია, ლიქოკის ხეობაში. სახლიდან სკოლაში კვირას მოდიან და ამინდმა თუ ხელი შეუწყო, უკან, პარასკევს, გაკვეთილების შემდეგ ბრუნდებიან. სხვა ბავშვებთან ერთად, მთელი კვირა პანსიონში ცხოვრობენ. პანსიონი მათთვის არის, ვინც სკოლაში შორი მანძილიდან დადის, ზამთარში კი სახლში დაბრუნებას ზოგჯერ შაბათ-კვირასაც ვერ ახერხებს. „რთული გზაა ძალიან. გაზაფხულზე ქვები ჩამოდის, ზამთარში ზვავები. როდესაც დათოვს, ფეხით სიარული გვიწევს. კვირას ჩამოვდივართ, შუადღეს, უფრო უსაფრთხო დროა, ნადირი გარეთ არ არის გამოსული. როცა გზა გაწმენდილია, კვირაში ერთხელ სკოლის მანქანას დავყავართ, მაგრამ ზამთარში სახიფათოა. ადგილ-ადგილ წყაროები გამოდის, იყინება და საშიშია მანქანით სიარული. ხან ფეხით, ხან ცხენებით დავდივართ“, - თათია ახლა მე-10 კლასშია. უმაღლესში სწავლის გაგრძელება ჯერ არ გადაუწყვეტია, მაგრამ ზუსტად იცის, რომ პროფესიული განათლების მიღება სურს. მისი არჩევანი ვეტერინარობაა.

რატომ ვეტერინარი?

თათიას არაერთი არგუმენტი აქვს:

საკმარისი რაოდენობის სპეციალისტები აღარ არიან, იშვიათი პროფესია გახდა;

ფშავ-ხევსურეთის სოფლებში საქონელი მოსახლეობის 95 %-ს ჰყავს, ჩვენს ოჯახსაც - რამდენიმე ძროხა და ცხენი;

ადგილობრივი მოსახლეობა ძირითადად რძის ნაწარმით იკვებება, რძე, ყველი, მაწონი, ხაჭო, ერბო. რძის ნაწარმს ყიდიან კიდეც. ზაფხულობით ფშავ-ხევსურეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. სამწუხაროდ, არავინ ამოწმებს რამდენად უსაფრთხოა რძის პროდუქტები;

ვეტექიმები უმეტესად ხანშიშესულები არიან, რომლებმაც ადრე ისწავლეს ვეტერინარია, უჭირთ ახალ დაავადებებთან გამკლავება. ხშირად ყოფილა ისეთი შემთხვევები, რომ ბევრი საქონელი დაიხოცა. არ ვიცით როგორ ვუმკურნალოთ;

ვეტექიმი აქ, ბარისახოშიც კი არ არის, სხვა სოფლებზე აღარაფერს ვამბობ. როცა პირუტყვს რამე უჭირს, ტელეფონით ვუკავშირდებით, რა წამალი შეიძლება მივცეთ;

არსად მთელ ფშავ-ხევსურეთში არ არის ვეტაფთიაქი. ვერავისგან მიიღებთ პროფესიონალურ რჩევას;

ვეტექიმები აქ ძალიან იშვიათად ამოდიან, ძირითადად ზაფხულში. აცრებს ატარებენ, წელიწადში ერთხელ თუ ორჯერ, ისეთ გამოკვეთილ დაავადებებზე, რომლებიც სახიფათოა, ადამიანებზეც შეიძლება გადავიდეს.

ზაფხულობით ათი ათასზე მეტი ცხვარი და ძროხაა ამოყვანილი ფშავსა და ხევსურეთში. მეცხვარეები ცდილობენ საქონელი მაღალ მთაში აიყვანონ, სადაც ბალახი მეტია, ალპური ზონაა და რძის ნაწარმიც განსაკუთრებული თვისებებით გამოირჩევა. ასეთ ადგილებში ვეტექიმები ვერ მიდიან.

ძალიან იშვიათია, როცა დათოვს, მაგალითად ხევსურეთში ვეტექიმი ამოვიდეს. მითუმეტეს ისეთ სოფლებში, სადაც გზა არ იწმინდება ყოველდღიურად. არც არის იმდენი ვეტექიმი. ბევრი საქონელი ჰყავთ თუნდაც იმ სოფლებში, სადაც თვითონ ცხოვრობენ და ვერ ახერხებენ, შეიძლება ასეც ითქვას.

ვეტექიმებს, ვინც ბარში ცხოვრობენ და მუშაობენ, არ აქვთ იმის გამოცდილება, მაგალითად, მთაში თოვლში როგორ იარონ. მე ბავშობიდანვე დავდიოდი ასე, თოვლში, მთებზეც ხშირად მივლია და გამოცდილება მაქვს. უფრო კარგად ვიცი, როგორ უნდა გავიარო, სად არის სახიფათო. ამ ცოდნასაც გამოვიყენებ. ცხენზეც ვზივარ ძალიან პატარა ასაკიდან.

აუცილებელია, რომ მთის სოფლებში თანამედროვე განათლების ვეტერინარები იყვნენ. ეს მთაში მესაქონლეობის განვითარებასაც შეუწყობს ხელს, ტურიზმსაც, სოფლებზეც დადებითად იმოქმედებს და ქვეყანაზეც.

პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობები

რა შანსი აქვს თათიას პროფესიული განათლება რეგიონში რომ მიიღოს?

მცხეთა-მთიანეთში საზოგადოებრივი კოლეჯი მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში ფუნქციონირებს. კოლეჯს რეგიონში ორი ფილიალიც აქვს, სტეფანწმინდასა და თიანეთში. სტეფანწმინდაში მხოლოდ სატყეო საქმე და ელექტროობა ისწავლება, თიანეთში - სატყეო საქმე და მეფუტკრეობა. უფრო მეტი სასწავლო პროგრამაა წინამძღვრიანთკარის კოლეჯში - სატყეო საქმე, ელექტროობა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი, ტრაქტორისტ-მემანქანე, თმის სტილისტი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, მეფუტკრე, მეხილეობა და მევენახეობა - მეღვინეობა. სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობა 10-22 თვეა. სწავლა ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი გაიცემა.

წინამძღვრიანთკარი ფშავ-ხევსურეთის სოფლებიდან 50-120 კილომეტრით არის დაშორებული. კოლეჯს და არცერთ მის ფილიალს არ აქვს სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკიც არ იძლევა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას: ბარისახო-თბილისი-ბარისახოს ავტობუსი მხოლოდ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას მოძრაობს. უკანაფშავიდან, შუაფხო-თბილისი-შუაფხოს მიმართულებით კი, ორშაბათსა და შაბათს. ერთ გზაზე მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათია, ღირებულება 6 ლარი.

„მანქანითაც ძალიან რთულია, მცხეთაში, ამხელა გზაზე რომ წახვიდე. ბევრს არ ექნება ამის საშუალება, დროც. აქ ყველას საქონელი გვყავს მოსავლელი. მუდმივი ყურადღება სჭირდება. რთულია, ასე შორ მანძილზე წასვლა“, - თათიას, მეგობრებთან ერთად, გამოსავალზეც აქვს ნაფიქრი - მთის პირობებზე მორგებული პროფესიული სასწავლებელი ბარისახოში გაიხსნას:

„შესაძლებლობა მოგვცენ ისეთი პროფესიები შევისწავლოთ, რაც მთაში ყველას გვჭირდება - ვეტერინარია, მეფუტკრეობა, სასტუმრო საქმე, მშენებლობა. შეიძლება ახალგაზრდები თბილისში აღარ წავიდნენ, აქვე ისწავლონ და მთაში დამკვიდრდნენ. თბილისში წასულები უკან აღარ ბრუნდებიან.

ფშავიდანაც შეძლებდნენ ბავშვები აქ სწავლას. მათთვის, ვინც ბარისახოდან შორს ცხოვრობს, მაგალითად, შატილში ან არხოტში, ბევრი გამოუყენებელი შენობაა აქ და რამდენიმე ოთახი შეიძლება საცხოვრებლად მოეწყოს. ფშავ-ხევსურეთი ახალგაზრდებისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს“.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში, ვეტერინარების დეფიციტია. ვეტერინარის საშუალო ასაკი 60 წელია, ახალგაზრდებში კი ეს პროფესია პოპულარული არ არის.

„აგრარული უნივერსიტეტის გარდა არ არსებობს უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ვეტერინარებს მოამზადებს. წელს არც აგრარულ უნივერსიტეტს ჰქონდა გამოშვება, რადგან სასწავლო პროგრამა 5 წლიანი გახდა. უნივერსიტეტი წლის განმავლობაში 10-12 ვეტერინარს უშვებს, არადა ქვეყნის მასშტაბით 600-მდე ვეტერინარი გვჭირდება. ახალ კურსდამთავრებულთაგან უმეტესობა ვეტერინარულ კლინიკებში იწყებს მუშაობას, ძირითადად თბილისში. ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში ვეტერინარების კატასტროფულად მცირე რაოდენობის მომზადება ხდება“.

მოქმედი წესებით, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტს, რომელიც პროფესიულ განათლებას საზოგადოებრივ კოლეჯში მიიღებს, შეუძლია: ცხოველისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა; ცხოველებისა და ფრინველების მკურნალობის პროცედურების ჩატარება და მკურნალობის დაგეგმვა ლიცენზირებული ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ; ცხოველთა სამეანო დახმარება; კვების კონტროლი; საბაზისო სავეტერინარო პროცედურების ჩატარება; ცხოველის დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი ვეტერინარული ზედამხედველობა.

ფშავ-ხევსურეთში მთის პირობებზე მორგებული პროფესიული სასწავლებლის გახსნის გადაწყვეტილება მთავრობამ უნდა მიიღოს. თათიას ხევსურეთში უკვე ათამდე თანამოაზრე ჰყავს. პროფესიული განათლების მიღების მსურველებს კიდევ ეძებს, რომ პრემიერ-მინისტრს ერთობლივად მიმართონ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში