საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბექა გონაშვილი მეცხვარეების პრობლემებზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:22 - 12 აგვისტო 2016 hits 5168

თუშეთობის დღესასწაულზე, თუშ მეცხვარეებთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს მეცხვარეთა პრობლემების შესწავლა და მაქსიმალური ხელშეწყობა დაავალა.

რა პრობლემები აქვთ მეცხვარეებს საქართველოში, რატომ შემცირდა ქართული ცხვრის რეალიზაცია არაბულ ქვეყნებში, რა საკითხების მოგვარებას ითხოვენ მეცხვარეები სახელმწიფოსგან, კახეთის საინფორმაციო ცენტრი მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელს ბექა გონაშვილს ესაუბრა.

- ძალიან ბევრი პრობლემაა, უამრავი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ცხვარს ვერ ვყიდით. ეს ის პრობლემაა, რომელიც ძალიან დაგვაზარალებს. დიდი ხანია მეცხვარეები ამაზე ვსაუბრობთ. სამწლიანი აღვირახსნილი ქმედებების შედეგია ის, რომ საქართველოში დღეს ძალიან ცოტა კლიენტი გვყვავს. ფაქტობრივად ცხვრის რეალიზაციას ძალიან დიდი პრობლემა აქვს. ამ წელს მოგებული ბატკანი რაც არის, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნიდან გასულია მაქსიმუმ 10 ათასი სული. აქ, ადგილზეც, კარანტინში დაახლოებით 10 ათას სულამდეა, რომელიც შეიძლება უახლოეს დღეებში გავიდეს. ამაზე მეტი არ გაყიდულა. ამ დროს, საქართველოს ყოველწლიურად 170-200 ათას სულამდე ექსპორტის პოტენციალი აქვს და აქედან წელს დაახლოებით 10%-ია გაყიდული. ჩვენთვის რეალიზაციის მთავარი შესაძლებლობა მუსლიმური დღესასწაულებია. დღესასწაულების შემდეგ ცხვარზე მოთხოვნა იკლებს.

ყველა ქვეყანას ჩვენს მიმართ საკმაოდ რთული მოთხოვნები აქვს დაწესებული. ეს გამოიწვია იმან, რომ ბოლო სამ წელში ქვეყანაში ორი ახალი დაავადება დაგვიფიქსირდა. ერთი დაავადება არის ცხვრის ყვავილი, რომელიც ბოლო შემთხვევამდე, 27-28 წლის წინ დაფიქსირდა საქართველოში. მანამდე არც ყოფილა და მეორედ გასულ წელს. მეორე დაავადება კი წელს, იანვარში დაფიქსირდა. ეს არის ცხვრის ჭირი, რომელიც არასდროს ყოფილა საქართველოში. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ცდილობს, ეს გაამართლოს და თქვას, რომ დაავადება თურქეთიდან შემოვიდა. ეს ასე არ არის, რადგან ყველანაირი ლოგიკური ჯაჭვით, ეს ყველაფერი გამოიწვია სომხეთიდან, რუსეთიდან და ა.შ. ცხვრის იმპორტმა, რომელიც არ კონტროლდებოდა და არ ექცეოდა შესაბამისი დაკვირვების ქვეშ, კარანტინში. უფრო მეტიც, სახელმწიფო, რომელიც ადგილობრივი მეცხვარეებისგან კარანტინს ითხოვს, ამას არ სთხოვდა იმ ორგანიზაციებს, ვისაც ცხვარი შემოჰყავდა იმპორტზე.

მყიდველები საქართველოში ცხვრის შესყიდვას ერიდებიან. ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტირება, რასაც ექსპორტიორი ქვეყნები ითხოვენ (არაბული ქვეყნები), საქართველოში საკმაოდ ძვირი ჯდება. მათ შორისაა  საქონლის გამოკვლევა „თურქულზე“. ერთი ცხვრიდან აღებულ სინჯში სახელმწიფო ლაბორატორია 26 ლარს მახდევინებს. ესეც შეღავათიანი ტარიფია, თორემ ისე 40 ლარი ღირს. ეს მაშინ, როდესაც ამ მომსახურების თვითღირებულება მათ 5 ლარი უჯდებათ. რომ ვეკითხები, 21 ლარს რაში მახდევინებთ მეთქი, მეუბნებიან, რომ ეს არის დენი, წყალი, სახარჯი მასალა, ხელფასები და ა.შ. თუ ვყიდით 2 ათას ცხვარს, 2 ათასი სინჯი უნდა ავიღოთ, რის შედეგადაც  საქართველოდან ცხვრის გაყიდვა 10 დოლარით გვიძვირდება და შემსყიდველებს კონკურენტუნარიან ფასს ვერ ვთავაზობთ. ასეთი შემოწმების ჩატარება მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაშია შესაძლებელი.

- ახლა რა ღირს ერთი ცხვარი?

- დღეისათვის ორი ჯგუფი მუშაობს, რომელიც ცხვარს იბარებს. ამბობენ, 150 ლარზე მეტს არ გადავიხდითო და თან მოთხოვნები აქვთ, რომ ცხვარი 35 კილოგრამზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ეს ის კომპანიები და ის ჯგუფები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოში სომხური და მერე უკვე რუსული ცხვრის იმპორტს ახდენდნენ, აქედან ერთი კვირის შემდეგ ახორციელებდნენ რეექსპორტს და ასაღებდნენ ქართულ ცხვრად.

ეს იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება და ა.შ. სამი წელია ამისთვის ვიბრძვით და არავინ მოგვისმინა. მათ საქმიანობას აბრალებენ კიდეც ყველანაირი დაავადების შემოტანას საქართველოში.

- როდესაც ეს ცხვარი შემოჰყავდათ საქართველოში, ჩვენი ქვეყნის შესაბამისი ორგანოები ცხვრის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტებს არ ითხოვდნენ?

- მაგაშია საქმე. ისინი აცხადებდნენ, ეს რეექსპორტია და რეექსპორტს როგორ გავაკონტროლებთო. ის ქვეყანა, სადაც საქართველოდან ეს ცხვარი შედიოდა როგორც ქართული, იყო იორდანია. იორდანიამ შარშან ჩაგვკეტა ამ თაღლითობების გამო. იქ ქართული ცხვარი აღარ შედის. დავკარგეთ ეს ბაზარიც. ახლა მხოლოდ საუდის არაბეთის ბაზარია დარჩენილი, რომელსაც ეს ტიპები არიან მორგებული. ამათ გარდა იქ სხვას არავის გაჰყავს და ფასსაც ისე არეგულირებენ, როგორც უნდათ. მაგალითად, შარშან იყო ასეთი შემთხვევა: 6 წლის განმავლობაში ერთი კაცი მუშაობდა აქ ცხვრის რეალიზაციაზე, წარმოშობით თურქი იყო, ისმაილი. ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ქვეყნიდან გააქციეს. არადა ეს იყო ერთ-ერთი ისეთი კლიენტი, რომელიც ყოველთვის კარგად, მაღალ ფასს და სწორად იხდიდა. საქართველოდან ცხვარი 2009 წლიდან გაჰყავდა. ერთ მეცხვარეს ვერ ნახავთ საქართველოში, ვინც მასზე იტყვის, მომატყუა ან გვაზარალაო.

უამრავ ფერმერს შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ბანკებიდან სესხი გვაქვს გამოტანილი. რამდენიმე დღის წინ, ყაზბეგში, შევხვდი მეცხვარეებს და ყველამ დააყენა საკითხი, რომ ცხვარს ვერ ყიდიან და ბანკის ვალის გადახდის საშუალება არ აქვთ.  საბოლოო ჯამში, იაფი კრედიტი კი არა, უძვირესი კრედიტი გამოგვივა, რადგან ცხვარსა და მატყლს ვერ ვყიდით.

ერთი კილოგრამი მატყლი 30 თეთრი ღირს. დღეს ამ ფასად ჩავაბარე 10 ტონა და ისიც იმ პირობით, რომ თანხას მოგვიანებით გადამიხდიან. თუ ამ ფასადაც არ გავყიდე, მაშინ ცეცხლი უნდა წავუკიდო და დავწვა.

- მატყლის რეალიზაციის პრობლემა მსოფლიო ბაზარზე ფასების ვარდნით არის გამოწვეული, თუ სხვა ფაქტორებიც ახდენს უარყოფით გავლენას?

- მსოფლიო ბაზარზეა ფასები დავარდნილი, მაგრამ ისე არა, როგორც საქართველოში. მსოფლიოში 30 თეთრი მაინც არ ღირს. აქაც ისეთივე მონოპოლიაა, როგორც ცხვარზე. მეცხვარე თავად ვერ მოახერხებს იმას, რომ მატყლი საქართველოდან დამოუკიდებლად გაიტანოს, ამიტომ მიბმულია შუამავლებზე, ვაჭრებზე, რომლებიც 30 თეთრზე მეტს არ იხდიან. სად წახვალ? ამიტომ არის, რომ მატყლს წვავენ ან ყრიან.

- როგორც ვიცით, კიდევ ერთი პრობლემა რაც მეცხვარეებს აქვთ, ცხვრის გადასარეკი ტრასებია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად რამე კეთდება?

- ცხვრის გადასარეკი ტრასები ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასასრულებელი საქმეა. დეტალურად გვაქვს მინიშნული ის ადგილები, სადაც ცხვრის გადასარეკი ტრასები უნდა იყოს, მაგრამ ეს ტერიტორიები არ არის სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული და ვინმეზე სამართავად გადაცემული. ვინმემ უნდა მართოს, სახელმწიფომ, სურსათის უვნებლობის სამსახურმა ან სხვა უწყებამ, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგებული იყოს.

სამი წლის წინ, როდესაც ბოლოს ამ თემაზე ვისაუბრეთ, 108 გადაფარვა იყო, ანუ კერძო პირებს თავის დროზე ის ტერიტორიები აქვთ ნაყიდი, სადაც ცხვრის გადასარეკი ტრასა გადის. მაშინ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა. ამიტომ ახლა ეს ადამიანები რომ არ დაზარალდნენ, სხვა ტერიტორიებით უნდა დაკმაყოფილდნენ, რასაც ეკონომიკის სამინისტრომ უკვე მესამე წელია თავი ვერ მოაბა. ამის მოწმე თვითონ ვარ. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა გამოყოს ერთი ადამიანი, რომელიც ამ საკითხს თავიდან ბოლომდე მიხედავს. დაახლოებით 1 მილიონი ცხვარი და 300 ათასი სული ძროხა წელიწადში ორჯერ გადის ამ ტრასებს. მე პირადად წელს რამდენჯერმე მომივიდა კონფლიქტი კაცთან, რომელიც მეუბნებოდა, ჩემს ადგილზე ნუ მოდიხარო. ამ დროს მე ვიცი, რომ ის გადასარეკი ტრასაა. ხელჩართული ჩხუბებია ხოლმე ამის გამო. ეს ყველაფერი როდესმე ხომ უნდა დასრულდეს?  

გადასარეკი ტრასების მოუწესრიგებლობის გამო მეცხვარეებს ცხვარი გამოჰყავთ საავტომობილო გზებზე, რაც უბედური შემთხვევის მიზეზი ხდება ხოლმე. ვიღაც შევარდება ავტომობილით ფარაში, ხოცავს ცხვარს, ამტვრევს მანქანას და ზარალის ანაზღაურებას ისევ მეცხვარეს აკისრებენ.

ამიტომ, ყველას უნდა ჰქონდეს თავისი გზა: მეცხვარესაც და მძღოლსაც.

- საძოვრებზეც მინდა გკითხოთ. მიწის გაზრდილი გადასახადის შემცირების მოთხოვნით ცოტა ხნის წინ პეტიციაც შეადგინეთ. რომელიმე სახელმწიფო უწყებიდან თუ მიიქციეთ ყურადღება?

- საძოვრების პრობლემა მწვავედ დგას. მაგალითად, კახეთში, ახმეტაში, არის რაღაც მუნიციპალური შპს „თუშური ცხვრის ჯიშსაშენი“. თუშ მეცხვარეებს ამ ორგანიზაციისგან უწევთ საძოვრების ქირაობა. რატომ უნდა ქირაობდეს საძოვარს მეცხვარე იმ შპს-სგან, რომელიც უფუნქციოა და ვერაფერს ვერ აკეთებს? მაშინ, როდესაც შესაძლებელია, რომ მეცხვარემ საძოვარი იჯარით პირდაპირ სახელმწიფოსგან მიიღოს, ან იყიდოს და საკუთრებაში ჰქონდეს. ამ შპს-ს 30 ათას ჰექტრამდე საძოვრები აქვს ზოგი ვაშლოვანის ნაკრძალისკენ და ზოგი მთაში და მისგან საძოვრების ქირაობა გადასახადს აძვირებს. თუშებისგან ვიცი, რომ ერთ ჰექტარ საძოვარში იხდიან 5 ლარს და კიდევ 8 ლარს. 5 ლარი ეს არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი გადასახადი, 8 ლარი კი სავარაუდოდ შპს–ს მოგებაა. ყველა, ვისთვისაც მიკითხავს, 13 ლარს იხდის.

რაც შეეხება პეტიციას, 2012 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ახალი ტარიფები სასოფლო-სამეურნეო მიწებზე, კერძოდ სახნავზე, სათესზე, საძოვარსა და სათიბზე, რაც დაიყო რაიონული პრინციპით. ასე მაგალითად, სახნავი: დედოფლისწყარო - 87 ლარი, სიღნაღი - 86 ლარი, მარნეული -100 ლარი და სხვა; საძოვარი - ახმეტა - 5 ლარი, დედოფლისწყარო - 7 ლარი, ხოლო სიღნაღში 16 ლარი და სხვა. ამ ცვლილებას არ ახლდა არავითარი შეფასება, არ მომხდარა საჯარო განხილვა და არ შემუშავებულა არანაირი ერთგვერდიანი დოკუმენტიც კი, რომლითაც დადასტურდებოდა აღნიშნული გადაწყვეტილების სისწორე თუნდაც თეორიულად. 2013 წელს აღნიშნული დადგენილების კოპირება მოხდა საგადასახადო კოდექსში, ასევე ყოველგვარი დასაბუთების და გააზრების გარეშე.

ხელისუფლების არცერთმა ორგანომ არ გაითვალისწინა საქართველოს მრავალფეროვანი კლიმატური ბუნებრივი რესურსები, სარწყავების და ირიგაციის ხელმისაწვდომობა, მიწების სხვადასხვა ხარისხობრივი მდგომარეობა. პეტიციით მოვითხოვეთ, რომ დაუბრუნდეს მიწის გადასახადები ძველ ნიშნულს და სასწრაფო წესით დაიწყოს მუშაობა ახალ განაკვეთზე, რომელიც ყველანაირად იქნება შესწავლილი და დასაბუთებული, მაგრამ ვინ გისმენს.

- რამდენიმე დღის წინ, ჩვენი ჯგუფი თუშეთში იმყოფებოდა და მეცხვარეებმა შემოგვჩივლეს, რომ მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსს ვერ იღებენ, რის გამოც კანონით გათვალისწინებული სოციალური და საგადასახადო შეღავათებითაც ვერ ისარგებლებენ. ამ საკითხზე ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან?

- კანონში არსებული ჩანაწერის მიხედვით, თუში მეცხვარე მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად 9 თვე მთაში უნდა ცხოვრობდეს. მერე ცხვარი? თუში მეცხვარე ხომ მომთაბარე ცხოვრებით ცხოვრობს, 6 თვე მთაშია, 6 თვე ბარში. როცა დაწერეს ეს კანონი, ვინმემ რამე იკითხა? არა.

- ბოლოს, პრემიერ – მინისტრის გუშინდელ განცხადებებს როგორ შეაფასებთ, წინასაარჩევნო პიარის ნაწილია მხოლოდ თუ რამე შედეგსაც ელოდებით?

- პრემიერის განცხადება სწორია და ძალიან გვინდა, ვინმემ ყურადღება მოგვაქციოს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყურადღებას არ გვაქცევს, გვეჯინავება. რასაც ესენი აკეთებენ დანაშაულია. იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდება. საქართველოში 2014 წლის აღწერა რომ ჩატარდა, 17 ათასზე მეტი ოჯახი იყო ნაჩვენები, რომელსაც 10 და მეტი ცხვარი ჰყავს. მაგალითად ჩემთან 10 კაცი მწყემსია ისეთი, ვისაც ცხვარი არ ჰყავს. ყველაზე პატარა ციფრი რომ აიღო, 50 ათას კაცამდე ვართ დასაქმებული მეცხვარეობის სფეროში და ეს არის ჩვენი შემოსავლის წყარო. იორმუღანლო, ყარაჯალა, ზემო და ქვემო ალვანი - მარტო კახეთის ამ სოფლებში მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყარო ცხვარია. ძალიან დიდ ელექტორატზეა საუბარი, რომელიც დღეს განაწყენებულია. არა მგონია, მთავრობას ეს ციფრი გაანალიზებული ჰქონდეს და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაინც ასე თავნებობდეს.

ვინმემ ამიხსნას, ცხვრის ანალიზში ამხელა თანხას რატომ მახდევინებენ. პირველი მე ვიყავი, ვისაც ეს ტესტი დასჭირდა, როცა ცხვარი გამყავდა ისრაელში. 5 ლარზე მეტი მაგათ ეს პრეპარატი არ უჯდებათ. ამ ზამთარს რომ ცხვარი გავუშვი, მხოლოდ ანალიზებში 75 ათასი ლარი გადავიხადე.  დაახლოებით 50 ათასი რაში გადამახდევინეს არვიცი. ბამბა როგორ ჯდება 50 ათასი, ან დენი, ან წყალი, ან თანამშრომლებს, რომლებმაც ეს სინჯები 3-4 დღის განმავლობაში დაასრულეს, ასეთი რა ხელფასი გადაუხადეს?

წელს კვირიკაშვილი ახალი დანიშნული იყო პრემიერად, როცა დაავადება ცხვრის ჭირი გავრცელდა. პირადად მასთან მივიტანეთ ამბავი, რომ ვაქცინა შეეძინათ. მაშინ მართლა დაგვეხმარა. ახლაც გვაქვს დახმარების იმედი.

- რამდენიმე დღის წინ დაანონსეთ შეხვედრები მეცხვარეებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. რა მიზანს ემსახურება ეს შეხვედრები ძირითადად?

- ჩვენი მიზანია, რომ მეცხვარეთა ასოციაცია უფრო მეტად კონსოლიდირებული და კონცენტრირებული იყოს თავისი პრობლემების გადასაწყვეტად. არცერთი ნაბიჯით უკან არ უნდა დავიხიოთ და ის, რაც მოსათხოვი და გასაკეთებელია სახელმწიფოს მხრიდან, უნდა მოვითხოვოთ და გავაკეთებინოთ. სექტემბრის ბოლოს, თბილისში მეცხვარეების დიდ შეკრებას ვგეგმავთ , სადაც ყველა ჩვენს პრობლემას სახელმწიფოს წინ დავუდებთ.

ეთერ ფანგანი

Mtisambebi.ge-ს რეპორტიორი. პროფესიით ჟურნალისტია. აშუქებს ადამიანის უფლებების, სოციალურ, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების, გარემოს დაცვის თემებს, სამხრეთ და ჩრდილოკავკასიის მაღალმთიანი რეგიონების აქტუალურ ამბებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში