საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„უბედურ დღეშია ცხვარ-მეცხვარე“ - რეპორტაჟი შირაქიდან

12:40 - 20 თებერვალი 2017 hits 18805

52 წლის ივანე შამშალაიძე წლების წინ, სამხედრო სამსახურის დასრულების მერე წავიდა ცხვარში და მას მერე აღარ უღალატია ამ საქმისთვის, 30 წელია მეცხვარეა. წელიწადში ერთი თვე თუ არის შინ, დანარჩენ დროს, ზამთარ-ზაფხულ, დარსა თუ ავდარში, იალაღზეა. ადრე თავისი ცხვარიც ჰყავდა, ახლა უმეტესად სხვებთან მუშაობს. მეცხვარის ცხოვრება იოლი როგორი იქნება, მაგრამ ივანეს თქმით, ასეთი მძიმე წელი მაინც არ ახსოვს: შირაქსა და ელდარში ცხვარი მასობრივად იხოცება.  

ორი-სამი კვირაა დოლი დაიწყო. „მთის ამბებმა“ ცხვარ-მეცხვარის სანახავად ზამთრის საძოვრებს მიაშურა. ადგილზე საკმაოდ მძიმე რეალობა დაგვხვდა. ჯერ უგზოობისა და ტალახის გამო ძალიან რთული იყო გადაადგილება, სრიალებდა მანქანა, ამიტომ ბევრგან ვერც მივედით. თუმცა უგზოობას ვინ ჩივის, ამინდისა და ცხვრის მდგომარეობის გამო თითქმის სასოწარკვეთილებაში მყოფი მეცხვარეები დაგვხვდნენ.  

„ეს ბატკნები ერთი საათის წინ დაიბადნენ. ასე ხურჯინით მოგვყავს ხოლმე მინდვრიდან. დედა ცხვარი უმეტესად მინდორში მშობიარობს. სადმე დაწოლილი ცხვარი თუ დაინახეთ, ალბათ ბატკანს აჩენს. ახლა დედები ისევ მინდორში არიან, საღამოს მორეკავს მწყემსი.  ბატკნები ჯერ თავისით ვერ მოვიდოდნენ და ასე მოგვყავს“, - გვიამბობს ივანე შამშალაიძე და ხურჯინში ჩასმულ ბატკნებს გვიჩვენებს. ბატკნების გადარჩენა მეცხვარეების მთავარი საზრუნავია, რადგან, მათი თქმით, წელს საძოვრებზე  ბალახი არ არის და დედებს რძე თითქმის არ აქვთ.  

„30 წელია ცხვარში ვარ და ასეთი რთული ზამთარი, ასეთი ყინვა არ მახსოვს. თერმომეტრი არ მაქვს და ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი გრადუსია, მაგრამ არნახული ყინვებია. ამ სიცივის გამო გადაიწვა ყველაფერი. ალაგ-ალაგ მხოლოდ ცოტა ურო ბალახია. შიმშილითა და სიცივით იხოცება ცხვარი: ჩვენც 40-მდე ბატკანი და 30-მდე ცხვარი მოგვიკვდა.

ყიზლარის გზებზე წასვლისას მთელი თვე ვიყავით ხოლმე გზაში, უღელტეხილებზე გადაგვყავდა ცხვარი, მაგრამ ორი-სამი სუსტი თუ მოკვდებოდა გზაში, მეტი არა. ასეთი მასობრივი დახოცვა არ მახსოვს.

ველით გაზაფხულს, დათბება და მიწაც გათბება, წამოვა ბალახი. რაც გადარჩება, იმას ეშველება, მოკეთდება, რაც მოკვდება, რაღას ვუზამთ“, - გვეუბნება ივანე შამშალაიძე, რომელიც ახლა ზვიად მურთაზაშვილთან მუშაობს. თავად ზვიადი მინდორში იყო და ვერ შევხვდით.

კიდევ უფრო რთული მდგომარეობა დაგვხვდა მურთაზაშვლების მეზობლად მდებარე ბიღოიძეების ბინაში.

„ის შემოსავალი, რაც წელს მეცხვარეებს უნდა ჰქონოდათ, აგერ ამ მანქანაზე ასვენია, - ხელს იშვერს დიდი სატვირთო მანქანისკენ ლევან შაბალაიძე. ის მძღოლია, მაგრამ დოლის დროს მეცხვარეების დასახმარებლად ჩადის ხოლმე ელდარში - „ხომ ხედავთ ძარა სავსეა დახოცილი ბატკნებით. დედა ცხვარს უჭმელობის გამო რძე არ აქვს და ამიტომ იხოცება ბატკანი. ძალიან უბედურ დღეშია ცხვარ-მეცხვარე“.

ფარეხში, მართლაც, ძალიან გამხდარი საქონელი დადის. ბატკნებიც და დედებიც ძლივს დალასლასებენ. მანქანის ძარაზე კი 100-მდე ბატკანი ყრია უსულოდ.

„ჩვენს ფერმაში 800 სული იყო მოსაგები და ამ დროისთვის ჯერ 200 ბატკანიც არ გვყავს. ბევრიც აღარ არის მოსაგები. გაგვყავს საქონელი საბალახოდ, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია საძოვარი, მშიერი ბრუნდება ცხვარი. გასულ წლებში ასეთი რამ არ მოხდარა, ყოველთვის იყო აქ ბალახი, წელს დაემთხვა ასეთი წელი და მოუმზადებელი აღმოჩნდა მეცხვარე. არადა, ზამთარში ბატკანს რომ გაზრდის მწყემსი და შემოდგომით გაყიდის თოხლს, ეგ არის მისი შემოსავალი. კიდევ ყველი შეუძლია გაყიდოს, მაგრამ რძეც არ ექნება, რადგან ბატკანი რომ მოუკვდება, ცხვარი გაშრება. ისედაც ძალიან სეზონურია მეცხვარის შემოსავალი, ბანკის ვალები აქვს ყველას, ისესხებენ და შემოდგომით ისტუმრებენ. წელს კი ტყუილად იმუშავებენ, შემოსავალი არ ექნებათ“, - წუხს ლევან შაბალაიძე.  

ვაშლოვანის ეროვნული პარკის შესასვლელთან, ოლეს რომ ეძახიან იმ ადგილას, კიდევ ერთი თუში მეცხვარის, ილო ჯაგოდანიძის ფერმაა. წინაპრების მსგავსად, ილოსაც ყველა უშიშაიძეს ეძახის.  

ილოს ფერმაში ცოტა მოსუქებული ბატკნები დაგვხვდნენ. ბინაზე მყოფი მეცხვარეები: ფშაველი ლუხუმ მესაბლიშვილი და მთიული ელგუჯა გამხიტაშვილი ილოსთან ერთად საქონლის ასაცრელად ემზადებოდნენ. აქ შედარებით მომზადებული შეხვდნენ ზამთარს და უბალახობას, საქონელი ბაგურ კვებაზე ჰყავთ. ამიტომ ფერმაში ცოტა უფრო იმედიანად დაგვხვდნენ. თუმცა აქაც, ცხადია, საყოველთაო გასაჭირზე და მეცხვარეების რთულ ყოფაზე ვისაუბრეთ.

„კოდექსის მიხედვით, ჰექტარზე სახელმწიფოს 3 ლარს ვუხდიდით, თუმცა, 2003 წლის მერე ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს მისცეს საძოვრების განკარგვის უფლება და ისინი გაქირავებისას თვითნებურად ადებენ ფასს, როგორც მოინდომებენ, 9-10-12 ლარსაც ახდევინებენ მეცხვარეებს. ბევრგან საძოვარი კერძო პირებმა ჩაიგდეს ხელში და ისინიც აქირავებენ, ანუ კიდევ უფრო ძვირდება ფასი.  

მეც, ჰექტარზე 3 ლარს სახელმწიფოს ვუხდი, კიდევ 6 ლარი ემატება ადგილობრივი გადასახადი.

აქედან თუშეთში საქონლის გადარეკვას ერთ თვეს ვანდომებთ, ერთი თვეც უკანა გზაზე გვჭირდება. გზაზეც ხომ უნდა საქონელს კვება და იქ კერძო პირებისგან ვქირაობთ საძოვარს. ცხადია, ესაც გვიძვირებს ხარჯს.

მომთაბარეობა დიდ სირთულეებთან და დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ყველაფერი მძიმედ აწვება მესაქონლეს: დანახარჯი, დანაკარგი, დახოცილი საქონელი... ხარჯი დიდია და დარგი წამგებიანი გახდა. ამიტომ, ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ჩამოაშორონ საძოვრების განკარგვა, ან შეძლებისდაგვარად, მთაში ან შირაქში საძოვრების გადასახადის გადახდისას შეღავათი გაგვიწიონ მეცხვარეებს.

ითვლება, რომ ჰექტარზე 2-4 ცხვარზე მეტი არ უნდა ძოვდეს, რადგან მეტის ძოვება ნიადაგის ეროზიას და, შესაბამისად, უბალახობას იწვევს. 500-მდე ცხვარი, 80-მდე ძროხა და 30-მდე ცხენი მყავს. მიუხედავად იმისა, რომ 300-მდე ჰექტარი მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ საძოვარი არ მყოფნის“, - გვეუბნება ილო ჯადოგანიძე.

თუში კაცები, ტრადიციულად, მეცხვარეები იყვნენ. ეს ვაჟკაცის საქმედ ითვლებოდა. „ვინაც კარგი ვართ, ცხვარში ვართო“, - ამბობდნენ თუშები. რთულია მეცხვარის ყოფა და რთულია მეცხვარის ცოლობაც.

„ბალღები ბიძას მეძახიანო“, - ამბობს ილო. დოლის მერე ორ-ორი კვირით თუ მიდიან ხოლმე მეცხვარეები შინ, სანამ მთისკენ წავლენ. მთელი წელი იალაღზე არიან.  

„ყოველ წელს, მთიდან რომ ვბრუნდები, ვამბობ, რომ ეს ბოლო წელია, მაგრამ მერე შინ გული არ მიდგება“, - ამბობს ლუხუმ მესაბლიშვილი.   

მეცხვარეების თქმით, გასაკვირი არ არის, რომ ახალგაზრდები აღარ ირჩევენ ამ პროფესიას, უმეტესობა ქალაქისკენ მიდის და იოლ ცხოვრებას ეძებს.  

ილო კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს, მესაქონლეებს მთის კანონით მინიჭებული შეღავათები არ ეხებათ.  

„მეცხვარეებს, რადგან ცხრა თვე არ ცხოვრობენ მთაში, მთის სტატუსი არ ეხებათ. არადა, რა მნიშვნელობა აქვს, ცხრა თვე და მთელი წელი თუშეთში იქნებიან, თუ შირაქში? ეს ადამიანები ოჯახს მოწყვეტილები, მძიმე ყოფაში არიან მთელი წელი.

თუმცა მთის კანონი რომ ეხებოდეთ კიდეც, გაზისა და შუქის გადასახადის შეღავათი რომ შეგვეხოს, არც აქ და არც თუშეთში არც გაზია და არც ელექტროენერგია; ხელფასი არ გვაქვს, რომ საშემოსავლო არ გვექვითებოდეს. სხვა სიკეთე კი მთის კანონს ჯერჯერობით არც მოაქვს“.

ზოგიერთ მწყემსს პრობლემა ექმნება იმითაც, რომ მისი საძოვარი ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ტრადიციული გამოყენების ფარგლებშია და ამიტომ ვერ იკანონებს.  

„მეცხვარეები რომ არ ყოფილიყვნენ, ეს შირაქ-სამუხისა და თუშეთის ტერიტორიებიც  შეიძლება დაკარგულიყო, რადგან ასწლეულებია, ამ მხარეებში მეცხვარეები უიარაღო მესაზღვრის ფუნქციასაც ასრულებენ“, - ამბობს ილო ჯაგოდანიძე.   

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში