საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

როგორ ჩაიგდეს ხელში თავშესაფარი მყინვარწვერზე და როგორ იქცა ნაგვის ბუდედ

16:28 - 23 სექტემბერი 2020 hits 9800
ფოტო დაცული ტერიტორიების სააგენტოს არქივიდან - დასუფთავების აქცია მყინვარწვერზე, 2019 წლის ოქტომბერი
ბიზნესი
ფოტო დაცული ტერიტორიების სააგენტოს არქივიდან - დასუფთავების აქცია მყინვარწვერზე, 2019 წლის ოქტომბერი

მყინვარწვერი თეთრი ქუდითა და მის ფონზე გუმბათიანი გერგეტის სამებით მთელი მსოფლიოდან ათასობით პროფესიონალ თუ მოყვარულ ალპინისტს იზიდავს. ბევრი საქართველოში მხოლოდ მის დასალაშქრად ჩამოდის. ჩრდილოელი მეზობლებიც კი, ვისთანაც საზღვარი მწვერვალს ორად ჰყოფს, ჩვენი მხრიდან ასვლას არჩევენ, რადგან აქ, ხუთ ან ექვსდღიან მარშრუტზე ერთადერთი ტურისტული თავშესაფარი ეგულებათ. „ბეთლემის ქოხს“ შვიდი მეპატრონე ჰყავს, მათ შორის ყოფილი მაღალჩინოსნებიც. მყინვარწვერისკენ მიმავალ რთულ გზაზე მდებარე უალტერნატივო თავშესაფრიდან მფლობელები მილიონობით შემოსავალს იღებენ, იქაურობა კი ნაგვითაა სავსე და სახელმწიფოსგან ითხოვენ გაწმენდას.

შიგნით ჭუჭყი, გარეთ ნაგავი

სამთო გამყოლები მწვერვალზე ასვლამდე უთუოდ „ბეთლემის ქოხში“ გაჩერებას გირჩევენ. შენობა ზღვის დონიდან 3656 მეტრზე, 1931-40 წლებში აშენდა როგორც მეტეოსადგური. მკვლევარები კლიმატურ პროცესებს 90-იან წლებამდე აკვირდებოდნენ. დღეს ნაგებობას ალპინისტური თავშესაფრის ფუნქცია აქვს და 80 ალპინისტის განთავსებაა შესაძლებელი.

შენობაში ოთხ კაცზე გათვლილი, 6 კვმ, ცივი, ნესტიანი ოთახები დაგხვდებათ, ჩამოტყავებული კედლებითა და ჭერით. ნარებზე აქა-იქ ახეული, დამტვერილი დერმატინიდან ყვითელი ღრუბელი მოჩანს. საწოლის ქვეშ ჯობია უბრალოდ არ შეიხედოთ. თუ რაიმე ნივთი შეგიგორდათ, დიდი შანსია იქ შეყრილ ნაგვის გროვაში ვეღარასდროს იპოვნოთ. საძინებლის ერთადერთი გასაღები თავშესაფრის ადმინისტრატორს აქვს. ასეთ ოთახში დასაბინავებლად, მისთვის, ერთს 50 ლარის გადახდა მოგიწევთ.

შენობის მიმდებარე პერიმეტრზე ქვის წრიული ყორე-საფარით ქარისგან დაცულ საკარვეებში აქტიურ სეზონზე 100 მდე კარავიც იშლება. საკემპინგეზე ღამისთევა 10 ლარი ღირს. უკეთესი არჩევანი არც აქ გაქვთ. შეიძლება კარვის გაშლა უზარმაზარი ნაგავსაყრელის გვერდით მოგიწიოთ.

სველი წერტილებიც შენობის გარეთ, ეზოშია. ქარბუქიან დღეებში თავშესაფრიდან ტუალეტამდე დამცავი ქამრით ტროსზე მიბმული თუ მიაღწევთ.

ორკაბინიანი ჩვეულებრივი სოფლის ჩეჩმა მუდამ დაკავებულია და ხშირად ბუნებრივ მოთხოვნებს ვიზიტორები დიდ ლოდებს მოფარებულები იკმაყოფილებენ. მზიან დღეებში, როცა თეთრად მბზინავი „ხევის პატარძალი“ ფერადი კარვების „ქალაქს“ დაჰყურებს, ჟანგბადგაუხშოებული ჰაერი ნაგავსაყრელის, ჩეჩმის უკან ფერდზე ჩამოღვრილი ფეკალური მასისა და ღია ტუალეტად ქცეული ქვაყრილების მომწამვლელი სუნით ივსება.

ალპინისტთა შეფასებით

მყინვარწვერი 2018 წლის 27 დეკემბრიდან ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია. ტურისტული კომპანია „ჯორჯია ინსაითის“ დამფუძნებელი კატრინ თევდორაშვილი ამბობს, რომ დაცულ ტერიტორიაზე მსგავსი დაბინძურებული ადგილი ტურისტებს აფრთხობს და მასპინძელი ქვეყნის სახელზე უარყოფითად მოქმედებს.

„ჩვენი სტუმრები მწერენ - ნუ მიდიხართ იქამდე. გავიგეთ, რომ ნაგვიანი ადგილია და ყაზბეგში არ გვინდა. არც ევროპულ თავშესაფრებშია დიდი კომფორტი, მაგრამ სისუფთავე და წესრიგია. მყინვარწვერიდან რომ ბრუნდებიან, პირდაპირ თბილისში გამომგზავრებას ითხოვენ. ამბობენ, მწვერვალის მერე არცერთი წუთი აღარ გვინდა აქ ყოფნა. პირველ რიგში უნდა გაუმჯობესდეს საპირფარეშო, სისუფთავე და სამზარეულო უფრო დიდი უნდა იყოს“- გვიყვება კატრინი, რომლის კომპანიასაც მყინვარწვერზე ყოველწლიურად ოცზე მეტი ჯგუფის გაგზავნის გამოცდილება აქვს.

„ბეთლემის ქოხში“ დამხვედრი სამთო გამყოლებისა და ტურისტების ნაწილი მედიასთან ღიად საუბრისგან თავს იკავებს, რადგან მყინვარწვერზე ერთადერთი ტურისტული თავშესაფრის მფლობელებსა და ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებიან. მხოლოდ პირად საუბრებში ლაპარაკობენ ალპინისტური თავშესაფრის სავალალო მდგომარეობისა და მფლობელთა უყურადღებობის შესახებ.

ტურისტებისგან განსხვავებით, სამთო გამყოლებს დიდხანს უწევთ ადგილზე გაჩერება. მათთვის კიდევ ერთი პრობლემა სასმელი წყალია. ყოველ დილით ელოდებიან მყინვარის ფერდზე ყინულის გალღობასა და ეზოში სახელდახელოდ მოწყობილი, პოლიეთილენის პარკებში ჩაფლული, დაჟანგული სადინარიდან თოვლის ნადნობი წყლის წამოსვლას. სამთო გიდები წყლის გამო დიზინტერიის შემთხვევებსაც იხსენებენ.

„ვფიქრობ, საჭიროა არსებობდეს გარკვეული სახის სამთავრობო ორგანო, რომელიც ჩაერევა. ამ ადგილით ფულს აკეთებენ და მიღებული შემოსავლიდან პროცენტი უნდა დაიხარჯოს გარემოს დაცვაზე“ - ბრიტანეთის მოქალაქე ქორენ ბამრა პანდემიის გამო საქართველოში შემორჩა და ქვეყნის დათვალიერების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. სექტემბრის დასაწყისში მყინვარზე ასვლაც მოასწრო.

„აქ ძალიან საბაზისო პირობებია, თუმცა, ამ სიმაღლეზე დიდი კომფორტის მოლოდინი ვერ გექნება.ბნაგვისა და ტუალეტის მხრივ არსებული მდგომარეობა ნამდვილად საჭიროებს გამოსწორებას. ვფიქრობ, რომ ეს იგნორირებულია ამ დაწესებულების მეპატრონეების მხრიდან და შესაძლოა, მთავრობის მხრიდანაც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მწვერვალია და ისინი ნამდვილად უნდა იყვნენ უფრო მგრძნობიარეები გარემოს მიმართ და უნდა დაიცვან, რადგან ის ასეთი უნიკალურია“, - ამბობს ქორენი.

გამოსავლის ძიებაში

„ბეთლლემის ქოხის“ ერთ-ერთი ვიზიტორი, რომელიც თავშესაფრით ხშირად სარგებლობს და ამის გამო, კამერის წინ საუბარს თავი აარიდა, პირად საუბარში ადმინისტრაციას სხვა, იაფ გამოსავალს სთავაზობს - ტურისტებს თავშესაფრამდე რამდენიმე დღის სამყოფი საგზალი დაქირავებული ცხენებით ააქვთ. ცხენი უკან ტვირთის გარეშე ბრუნდება. თანხა გადახდილია და შეუძლიათ, წინა ჯერზე ამოტანილი საკვების ნარჩენები აჰკიდონ და სტეფანწმინდამდე გაატანონ. ასე ნაგავი აღარ დაგროვდება.

„ადამიანი მთაში რომ მოდიხარ, უნდა გქონდეს იმის სოციალური პასუხისმგებლობა, თუ საჭმელი ამოიტანე, მისი ნარჩენებიც შენვე წაიღო და ნაგავი არ დაყარო,“- თენგიზ ღანიშაშვილი მოლაშქრეთა კლუბ „ფენიქსის“ ლიდერი „ბეთლემის ქოხში“ ყოველ წელს ადის -

„ქვეყნის მასშტაბით უამრავ ადგილას ვარ ნამყოფი და ეს ადგილი არის ყველაზე დაბინძურებული მათ შორის, რაც მინახავს.“

კლუბის ლიდერი მიიჩნევს, რომ ნაგავსაყრელის სრულად გაწმენდა, რადგან დიდ თანხებთან და ფიზიკურ რესურსებთანაა დაკავშირებული, სახელმწიფომ და შენობის მფლობელებმა ერთად, შეთანხმებულად უნდა მოახერხონ. მისი თქმით, თუკი დასუფთავების მასშტაბური აქცია ჩატარდება, მოლაშქრეების ნაწილი მზადაა, აქციას მოხალისეობრივად შეუერთდეს. „ვიზიტორიც რომ ნახავს, გარემო სუთაა, თავადაც არ დატოვებს ნაგავს და თან წაიღებს. რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ესაა სველი წერტილებისა და ინტერიერის მოწესრიგება, მხოლოდ მფლობელმა უნდა მოაგვაროს. საპირფარეშო ვერ აკაყოფილებს მოთხოვნებს, რის გამო გზაზეც კი ძალიან ბევრგანაა ფეკალიები. ასეთ ბილიკზე ამოსვლის სურვილი ვის ექნება, ეს მოქმედებს ქვეყნის იმიჯზე“.

სამთო გამყოლს ოთარ ჯაფარიძეს, ვისაც ტურისტები 2004 წლიდან დაჰყავს მყინვარწვერზე, მიაჩნია, რომ ნაგვის ერთჯერადად გატანა პრობლემას ვერ მოაგვარებს - თუ ადგილი ხშირად არ დასუფთავდება, ერთი სეზონიც კი საკმარისი იქნება, რომ ისვე ნაგვით გაივსოს.

ოთარის აზრით - „საკემპინგეს საფასური შესაძლოა სრულად მოხმარდეს ნაგვის გატანას. სახელმწიფომ უნდა გაიღოს ფინანსური და მენეჯმენტური რესურსი და მერე წავიდეს სახელმწიფო კონტროლი. მხოლოდ მფლობელი ამას ვერ გადაჭრის. მფლობელმა საპირფარეშო და სამზარეულო უნდა მოაწესრიგოს, ხოლო ნარჩენების მართვას სჭირდება ცენტრალიზებული სახელმწიფო მიდგომა, იგივე დაცული ტერიტორიებისგან, რეგულეციებითა და სანქციებით“.

„მეტეო - ბეთლემის ქოხი“ თუ ახდევინებს ვიზიტორს გარკვეულ გადასახადს და ეს მათი ბიზნესია, უნდა ჰქონდეთ ვალდებულება მათი სტუმრების წარმოქმნილი ნარჩენები მართონ სათანადოდ“- აღნიშნავს გიორგი სულამანიძე, ქვეყნის ყველაზე ძველი ნაკრძალის, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი. ლაგოდეხის ნაკრძალში ნარჩენების მართვას სხვადასხვა პროგრამებით წლებია უმკლავდებიან. არანაკლებ რთულ ბილიკებზე განლაგებული თავშესაფრებიდან, ნაგავი სისტემატურად ცხენებით ჩამოაქვთ. გიორგი სულამანაძის თქმით, დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციას აქვს ვალდებულება სეზონურად დამატებითი შტატით პერსონალი აიყვანოს „ნარჩენების მართვის სპეციალისტი“- ადამიანი, რომელიც ნარჩენებს გამოიტანს. 

არსებობს დაცულ ტერიტორიებზე ნარჩენების მართვის ზოგადი სახელმძღვანელო დოკუმენტი, თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა ინდივიდუალური პროგრამის შედგენა, რადგან „ბეთლემის ქოხს“ კერძო მესაკუთრეები ჰყავს, ხოლო მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო ბალანსზეა.

კვლავ უცხოელთა დახმარებით

„ბეთლემის ქოხის“ მიმდებარე ტერიტორია სულ სამჯერ დაასუფთავეს. პირველად, 2004 წელს, გერმანელ და შვეიცარიელ მთამსვლელებთან ერთად მოხევეებმა 2 ტონა ნაგავი გაზიდეს. მეორედ, 2014 წელს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხარჯით, ტერიტორია 9 ტონა ნაგვისგან გაასუფთავეს. მესამედ, გასული წლის ოქტომბერში, დაცული ტერიტორიების სააგენტომ 20 ტონა ნარჩენი ვერტმფრენებით გაიტანა, რაც იმ პერიოდში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის დამსახურებაა. მან მყინვარწვერი 2019 წლის 26 ივლისს დალაშქრა და იქ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო უწყებებში განგაში ატეხა.

„ბეთლემის ქოხის“ ადმინისტრატორის, დავით თუხარელის თქმით, ელჩმა ნაგვის გატანის სანაცვლოდ, თავშესაფრის მფლობელებისგან სველი წერტილების მოწყობის პირობა მიიღო. თუხარელი პირობის შეუსრულებლობის მიზეზად კორონავირუსის პანდემიას ასახელებს, „რის გამოც, თავშესაფარს აღარც საკმარისი ვიზიტორი ჰყავს და აღარც იმდენი შემოსავალი აქვს. რომ არა პანდემიით გამოწვეული კრიზისი, უნდა ჩატარებულიყო რემონტი და აშენებულიყო ბიოტუალეტები“.

რაც ძველად შესაძლებელი იყო, შეუძლებელია ახლა

თუხარელს ბევრჯერ უსაუბრია მფლობელებთან თავშესაფარში არსებულ პრობლემებზე. მისი თქმით, შენობაში წყლის შეყვანა, ოთახების თუნდაც კოსმეტიკური რემონტი და გათბობის მოწყობა შეუძლებელია, რადგან სარემონტო მასალების ატანა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, წყალი კი მხოლოდ თბილ სეზონზე მოდის, როცა ყინული ლღვება. ცივ თვეებში სასმელი წყლის მისაღებად, თოვლს ღუმელზე ადნობენ. სამაგიეროდ, მსგავსი ინფრასტრუქტურით აღჭურვა მეტეოსადგურის მშენებლებისთვის ჯერ კიდევ გასული საუკუნის 40-იან წლებში შეუძლებელი არ ყოფილა. შენობიდან გამოტანილ ძველი გათბობის მილებსა და რადიატორებს დღესაც ნახავთ სტიქიურ ნაგავსაყრელზე.

„ბეთლემის ქოხის“ ადმინისტრაციაში ნაგვის სისტემატურად გატანას შეუძლებლად მიიჩნევენ. მიზეზად ვერტმფრენის ქირის დიდ თანხას სახელებენ - წუთი 45 ევრო. ამიტომ, ნარჩენების მართვის საქმეში დავით თუხარელიც სახელმწიფოსგან ითხოვს  დახმარებას - „დაიდგას გამაფრთხილებელი ბანერები, სადაც ნაგვის დაყრის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობაც იქნება მითითებული, დანაგვიანებაზე კონტროლი და ჯარიმის გამოწერა დაცული ტერიტორიების წარმომადგენლებმა განახორციელონ“. თუხარელი სხვა გამოსავალსაც განიხილავს - შესაძლებელია დაიდგას დიდი კაბინა, სადაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ის ვიზიტორი დატოვებს ნაგავს, ვისაც მისი წაღება დაეზარება. შემოსული თანხით კაბინის დაცლას თავშესაფრის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.

პანდემიამდე, ყოველწლიურად, ბეთლემის ქოხს ათასობით ვიზიტორისგან საკმაოდ დიდი შემოსავალი ჰქონდა.

ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით, თავშესაფრის 80 ადგილი მუდმივად დაკავებულია. ამას ემატება საკემპინგე. ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით 150 ათასლარიანი შემოსავლის პირობებში, რამდენიმე წლის წინ, მფლობელებმა მხოლოდ სახურავი და ძველი კარ-ფანჯარა შეცვალეს. სახურავიდან უკვე წყალი ჟონავს.

სახელმწიფო საკუთრებაზე მოწყობილ საკემპინგეზე ვიზიტორი თანხას „ბეთლემის ქოხის“ ადმინისტრაციას უხდის. დავით თუხარელის განმარტებით, ეს თანხა სამზარეულოთი და ელექტროენერგიით სარგებლობის საფასურია. ამასთან, ქარიშხლიან დღეებში, მოკარვეებსაც შენობაში იფარებენ. რეალურად, სამზარეულოს ფართით ყველა ვერ სარგებლობს, რადგან მხოლოდ 30 მ² და ერთ ჯერზე მაქსიმუმ 12 ვიზიტორი ეტევა.

 „ბეთლემის ქოხის“ მფლობელები

შპს „ბეთლემის ქოხს“ შვიდი მფლობელი ჰყავს. დამფუძნებლები ბენო ქაშაკაშვილი, დათუნა რაქვიაშვილი, საბა კიკნაძე და გიორგი ქირიკაშვილი არიან. ეს კომპანია ოთხეულმა სამთო ტურიზმის ბიზნესის განვითარების მიზნით 1997 წლის ნოემბერში დააფუძნა.

2008 წლის სექტემბერში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის აღიარების კომისიამ, მყინვარწვერზე, 90-იან წლებში უფუნქციოდ დარჩენილი მეტეოსადგურის შენობა შპს „ბეთლემის ქოხის“ საკუთრებაში აღიარა. იმ პერიოდში მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ქირიკაშვილი იყო, რომელმაც კომპანიის 10 % დაიტოვა, დანარჩენებმა 30-30 % გადაინაწილეს.

2010 წლის მარტსა და აპრილში ირაკლი უგულავა და ზვიად ბეგლარიშვილი კიკნაძის, რაქვიაშვილისა და ქაშაკაშვილისგან ჯამში 25.5 -25.5 % წილს ყიდულობენ. მეწილეებში ამ დროს კიდევ ერთი ადამიანი ჩნდება - გელა ოთარაშვილი, საბა კიკნაძისგან შეძენილი 5 %-ით. ამ დროიდან შპს-ს დირექტორი ზვიად ბეგლარიშვილია.

დღევანდელი მონაცემებით, დათუნა რაქვიაშვილი „ბეთლემის ქოხის“ 10 %-ს ფლობს. ის 2016 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო 2018 წლის ჩათვლით. გიორგი ქირიკაშვილმა კუთვნილი 10 % შეინარჩუნა. საბა კიკნაძეს 15 % ეკუთვნის, ის ტურიზმის ბიზნესში აქტიურადაა ჩართული. არის ტურისტული კომპანია „კავკაზუს ტრაველის“ დამფუძნებელი. 2004-2006 წლებში იყო ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

ბენედიქტე ქაშაკაშვილი I კატეგორიის სამთო გიდი, მთამსვლელი, სამთო ინსტრუქტორი და მაშველი, „ბეთლემის ქოხის“ 9% -ს განკარგავს. გელა ოთარაშვილი 5 %-ს ფლობს.

25.5% წილით მოსარგებლე, „ბეთლემის ქოხის“ დირექტორი ზვიად ბეგლარიშვილი ასევე არის შპს „ჯეოლენდის“, შპს „ჯოილენდ პლიუსის“, შპს „ინჯოი პლიუსის“, შპს „ჯეოლენდ თრეველის“ დირექტორი.

ბეგლარიშვილის მსგავსად, „ბეთლემის ქოხში“ ირაკლი უგულავასაც 25.5% ეკუთვნის. უგულავას შპს „ჯეოლენდსა“ და „ჯეოლენდ თრეველში“ 50 % -იანი წილები აქვს, ხოლო შპს „ჯოილენდ პლიუსსა“ და შპს „ინჯოი პლიუსში“ 21 %-იანი წილების მფლობელია.

ავტორები: ქეთი მაღრაძე, ლაშა ორჯონიკიძე

„მთის ამბები“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და მეორე ნაწილსაც შემოგთავაზებთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში