საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი ძიუდოში საქართველოდან - 20 წლის ეთერ ლიპარტელიანი

16:52 - 27 ივნისი 2020 hits 6031
ფოტო - ijf.org
სპორტი
ფოტო - ijf.org

ოქროს მედალი ჩემპიონის გულზე ირეკლავს საქართველოს დროშას, რომელიც ეს ესაა, ჰიმნის თანხლებით, სავსე დარბაზის თავზე აცურდა. ჩემპიონს სახე მედალზე მეტად უბრწყინავს, რადგან ხვდება, რომ ამ წამს სრულიად ახალ ისტორიას ქმნის - ეთერ ლიპარტელიანის, საქართველოდან ძიუდოში პირველი მსოფლიო ჩემპიონი ქალის ისტორიას.

ვიდრე ძიუდოში მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენი დადგებოდა და მეტოქეებს იპონით დაამარცხებდა, პატარა, კიკინებიანმა ლენტეხელმა გოგომ გაუგონარი რამ ჩაიდინა. რვა წლის ეთო ტოლ გოგონებთან დედა - შვილობანას და სახლობანას თამაშის ნაცვლად, ძიუდოს წრეზე შევიდა, ოცდაათ ბიჭს შორის ჩადგა, ილეთები ისწავლა და ჭიდაობა დაიწყო.

დედა და ნათესავ-მეზობლები გადაირივნენ, ვის გაუგია გოგო ჭიდაობდეს, ცეკვაზე მაინც იარეო, არიგებდნენ. მხოლოდ მამა აგულიანებდა, ბიძამ კი ეთოს სიჯიუტე და მონდომება რომ დაინახა, ხელი დაავლო და თბილისში წაიყვანა პროფესიონალ მასწავლებელთან ქალთა გუნდში საწვრთნელად.

ლენტეხში ამ მხრივ განვითარების საშუალება არ იყო. იქ არც კი გაეგოთ ძიუდოს ქალთა გუნდი თუ არსებობდა. ეთოს წამოსვლიდან ორ წელში ძიუდოს ვაჟთა წრეც გაუქმდა.

ათი წლის გოგო ოჯახისგან მოწყვეტის ტრავმას თავის გამხნევებით შველოდა. სჯეროდა, რომ თუ ივარჯიშებდა და გაიმარჯვებდა, გაახარებდა დედ-მამას, საყვარელ ლენტეხსა და საქართველოს.

„ყველაზე დიდი დაბრკოლება ჩემთვის ის იყო, რომ მომიწია მშობლების გარეშე გავზრდილიყავი, რადგანაც სვანეთში გვაქვს სახლი. იქ გვყავდა მოხუცები, დედაჩემის მშობლები და არ გვინდოდა მათი დატოვება. გამოვიდა, რომ მე დავრჩი მარტო, მაგრამ საჭიროება მოითხოვდა. ათი წლის ასაკში წამოვედი და ბიძა მზრდიდა. მართლაც მამობას მიწევდა, ყველანაირად გვერდში მედგა. რუსთავიდან ყოველდღე თბილისში დავდიოდი, ბიძაჩემიც თან დამყვებოდა,“ - იხსენებს ეთო და გვიყვება, რომ მთელი მისი დრო ძიუდოს ეკუთვნოდა. თუმცა სახლი-სკოლა-დარბაზის რეჟიმში აღზრდამ მალე მოუტანა პირველი დიდი წარმატება - 2015 წელს, ეთერ ლიპარტელიანი თბილისში გამართული ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა.

ყველაზე ტიტულოვანი გამოსვლები გასულ წელს მიაყოლა ერთმანეთს. 10 აგვისტოს, რუმინეთში კლუჟ - ნაპოკას ევროპის ჯუნიორთა ჩემპიონის თასი მოიგო. 12 სექტემბერს, ფინეთში ევროპის ჯუნიორთა ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. ოქტომბრის მსოფლიო ჩემპიონატამდე ავტორიტეტულმა გამოცემამ JUDOINSIDE-მა ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ხუთ საუკეთესო გოგონა ძიუდოისტს შორის დაასახელა. მალევე, 16 ოქტომბერს მარაკეშში იაპონელი მოწინააღმდეგის დამარცხებით, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ორი კვირის შემდეგ, პირველ ნოემბერს, რუსეთში გამართული ევროპის ოცდასამწლამდელთა ჩემპიონატიდანაც ოქროს მედლით დაბრუნდა.

„ისტორია დაიწერა, ძიუდოში არ გვყოლია ქალი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი და მე გავხდი პირველი. ამ ჩემპიონობამ დიდი მოტივაცია მომცა სამომავლოდ. ჩვენ უკვე ისეთი ასაკი გვაქვს, ოლიმპიადისთვის ვემზადებით და ვცდილობთ, კარგად მომზადებული შევხვდეთ ოლიმპიადას და მოვახერხოთ უმაღლესი სინჯის მედლის წამოღება საქართველოში და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი.“

დატვირთული რეჟიმის გამო, ეთო მშობლებს ხშირად ვერ ნახულობს. ათი წლის განმავლობაში მხოლოდ პანდემიის დროს შეძლო ლენტეხში სამი თვით ჩასვლა. დასავლეთ საქართველოს პრესამ დრო იხელთა და მის ინტერვიუს ინტერვიუზე აქვეყნებდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი, საქართველოდან პირველი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოისტი გოგოსთვის დრო ვერ გამონახა. უყურადღებობისგან გულდაწყვეტილი ეთო ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერდა, რაც მერიის თანამშრომლებმა ამპარტავნობად და ქედმაღლობად ჩაუთვალეს.

ერთი ვარ, განა ბევრი ჰყავთ მსოფლიო ჩემპიონი? ერთი ვარ, თან პირველი მსოფლიო ჩემპიონი და... რა უნდა მეთხოვა ისეთი? უბრალოდ, სიყვარულს ვითხოვდი. ყველაზე მეტად გული იმიტომ მწყდება, რომ მიყვარს ჩემი სვანები, სვანეთი და მაინც ყველაზე მეტად მათგან ვითხოვ სითბოს. მინდა, ისინი ყოველთვის გავახარო.

ჩემი ლენტეხის სახელით ვჭიდაობ. როცა ვიტყვი, რომ ლენტეხიდან ვარ, დიდად არავინ იცის. მეკითხებიან, სად არის ეს ლენტეხი და მინდა, რომ ასე არ მეკითხებოდნენ და მთელმა საქართველომ იცოდეს, სად მდებარეობს ლენტეხი და საიდან არიან ლენტეხელები ანუ სვანები“.

სამაგიეროდ, ვინც მსოფლიო ჩემპიონს მხარი დაუჭირა, მისი ნახვისა და გამოცდილების გაზიარების შანსი ხელიდან არ გაუშვა, მოზარდები არიან, რომელთაც ლენტეხში სპორტული აქტივობისთვის არავითარი საშუალება არ აქვთ. მიზნის მისაღწევად აუცილებლად დიდ ქალაქებში უნდა წავიდნენ, რაც ეთოს მსგავსად ოჯახისგან და ახლობლებისგან მოწყვეტის ფასად უჯდებათ. წასულებს კი, კარიერული მიზნების გამო, უკან დაბრუნება უძნელდებათ, რადგან მთაში დაბრუნება სპორტული კარიერის დასასრულს ნიშნავს.

ეთო წუხს, რომ ქალაქში შვილის გაგზავნაც ყველას არ შეუძლია და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა იკარგება. ლენტეხში ახლა რომ იყოს კიდეც სპორტული კლუბები, რაიონის სოფლებში უგზოობისა და მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გამო, მაინც ვერ იქნებოდა ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი.

„ადრე თუ მთიანი რაიონებიდან მოდიოდნენ უძლიერესი სპორტსმენები, ახლა ასე აღარ არის. სხვანაირი გეგმა სჭირდება ამ ყველაფერს, სხვანაირი განვითარება და რაც მთავარია, ხელშეწყობა.“ - ამბობს ჩემპიონი.

ეთო ლენტეხში დაბრუნებას და სპორტული კლუბის დაარსებას ჯერჯერობით გამორიცხავს, რადგან მიაჩნია, რომ პატარაა და ამ პასუხისმგებლობისთვის მზად არ არის, მაგრამ თუ ლენტეხელი ახალგაზრდები თავად მიმართავენ ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბის დაარსების ინიციატივით, ეთო მხარს აქტიურად დაუჭერს.

ჩემპიონი ჯერ თავადაც დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ის თბილისში ვარჯიშობს და მნიშვნელოვანი შეჯიბრებებისთვის ემზადება, რათა ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვოს, ღირსეულად წარადგინოს თავი, ქვეყანა, გაახაროს ლენტეხელები და ქართული სპორტის ისტორიის ის ახალი ფურცელი შეავსოს, რომელიც მისით იწყება.

ავტორები: ლაშა ორჯონიკიძე, ქეთი მაღრაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში