საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

      

რა გავლენა იქონია მთიანი ყარაბაღის ომმა საქართველოზე - ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

19:02 - 22 დეკემბერი 2021 hits 19693
ფოტოზე - პაატა ზაქარეიშვილი
პოლიტიკა
ფოტოზე - პაატა ზაქარეიშვილი

რა ახალი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში? რატომ ვერ იყენებს საქართველო ახალ შესაძლებლობებს პოზიციების გასაძლიერებლად? როგორ შეიძლება დავზარალდეთ, თუ სომხეთმა აზერბაიჯანს ნახიჩევანთან დასაკავშირებლად ზანგეზურის გზა გაუხსნა და ამით აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო დერეფანი აღდგა? რა როლი აქვს ამ დროს საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთს? გთავაზობთ ინტერვიუს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრთან, პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილთან.

მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომი უდიდესი გამოწვევა იყო სამხრეთ კავკასიაში ბოლო 100 წლის განმავლობაში. ომები იყო, მათ შორის, ყარაბაღის ომი 90-იან წლებში, მაგრამ სიახლე ისაა, რომ ამ ეტაპზე, აზერბაიჯანმა მნიშვნელოვნად მოახერხა თავისი ტერიტორიული მთლიანობის საკითხის წინ წაწევა. მთავარია, თამაშში შემოვიდა თურქეთი, რომელიც კავკასიიდან 1921 წელს გავიდა ყარსის და მოსკოვის ხელშეკრულებებით და რეგიონში ახლა ბრუნდება ცივილიზაციური ფორმით, ანუ აზერბაიჯანის მოწვევით, მისი მხარდაჭერით. თურქული თუ აზერბაიჯანული ენის, კულტურის, რელიგიის, მენტალობის, იდენტობის ფორმით შემოდის კავკასიაში. ამ დროს თურქეთი საქართველოს საშუალებით არის კიდეც კავკასიაში ნატოს კონტექსტიდან გამომდინარე. საქართველო მიდის ნატოსკენ და თურქეთი არის ერთ-ერთი მოკავშირე სახელმწიფო, რომელიც გვეხმარება ნატოში გაწევრიანებაზე და რაც მთავარია, შავი ზღვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე თურქეთი არის რუსეთის მეტოქე. თურქეთი-ბულგარეთი არიან ნატოს წევრები და უკრაინა-საქართველო არიან ასპირანტები, სურთ ნატოში გაწევრიანება, რაც რუსეთს ძალიან აღიზიანებს. ბოლო ერთი კვირაა რუსეთი საერთოდ აჭრილია, ასეთი აგრესიული არასდროს ყოფილა ნატოს მიმართ შავი ზღვის კონტექსტიდან გამომდინარე. ამ ფონზე, შავის ზღვის გვერდზე, კავკასიაში შემოდის თურქეთი. ეს არსებითად ცვლის ვითარებას. ორი მნიშვნელოვანი უნიკალური სიტუაციაა საქართველოსთვის, რომელიც არცერთ სხვა სახელმწიფოს არ აქვს კავკასიაში. საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია პირდაპირ და ცოტა მკვახედ, მკაცრად ილაპარაკოს რუსეთზე, რომ რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. 3+3 ფორმატი ვერ მუშაობს იმიტომ, რომ საქართველო პრინციპულია და ეს ძალიან კარგია. ამაში ვეთანხმები ჩვენს ხელისუფლებას - არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთ ფორმატში მონაწილეობა, სადაც რუსეთი შემოვა და ლეგიტიმაციას მიიღებს. სამაგიეროდ, ჩვენ ვიცავთ თურქულ და აზერბაიჯანულ პოზიციებს იმიტომ, რომ თურქეთი-აზერბაიჯანი პირდაპირ ვერ ურტყამს რუსეთს. დარწმუნებული ვარ და ასეც უნდა იყოს, ძალიან გაუხარდებათ თუ რუსეთი „შევიწროვდება“ კავკასიაში. ამიტომ, თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ალიანსი უნიკალური ღერძია კავკასიონის ქედის გასწვრივ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა ახალი რეალობა შემოიტანა. საქართველოს შეუძლია გახდეს დამრტყმელი ძალა კარგი გაგებით და რუსეთის, ასე ვთქვათ, გამანეიტრალებელი. მეორე უნიკალური როლი, რაც საქართველოს აქვს და სხვას არავის, არის ის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს. არცერთ სხვა სახელმწიფოს ეს არ აქვს. რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთს შორის ომია, თურქეთი - სომხეთი, ირანი - აზერბაიჯანი, დაძაბულობებია. ჩვენი, საქართველოს ერთადერთი ინტერესია მშვიდობა კავკასიაში. სხვა ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესები აქვს. თურქეთის ინტერესებია, რომ აზერბაიჯანი გაძლიერდეს და მხარს უჭერს. აზერბაიჯანის ინტერესებია, რომ საბოლოო ჯამში აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა სომხეთთან ურთიერთობებში. სომხეთის ინტერესებია არ დაკარგოს სუვერენიტეტი და მეტნაკლებად იარსებოს ამ მტრულად განწყობილ რეგიონში. ამ ფონზე საქართველოს აქვს უნიკალური შანსი გახდეს შუამავალი. ყველა სახელმწიფოსთან ურთიერთობის საშუალებით, მაგალითად, ყველაზე სუსტი რგოლი სომხეთი ამოწიოს. ძალიან კარგი პროცესი მიდის ბოლო დღეებში. თურქეთმა შექმნა სპეციალური წარმომადგენლობა სომხეთის საკითხებში და ყოფილი დიპლომატი, აშშ-ში თურქეთის ელჩი დანიშნა, ეს ძალიან მაღალი დონეა. აშკარად ჩანს, რომ თურქეთი ცდილობს სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. თუ აზერბაიჯანი გადახედავს თავის აგრესიულ რიტორიკას და სომხეთთან დაიწყებს ურთიერთობას, მაშინ სომხეთს გაუქრება თუ არა, შეუმსუბუქდება მაინც განწყობა, რომ რუსეთზე იყოს ჩაბმული.

- ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება რამდენად იყენებს შესაძლებლობებს?

ამ ფონზე საქართველოს აქვს უნიკალური ახალი რეალობა, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ვერ იყენებს. მან ყარაბაღის კონფლიქტი გამოიყენა მხოლოდ პიარისთვის.

მაგალითად, ამერიკელების დახმარებით გაიცვალა 10 პატიმარი. ეს ძალიან კარგია, მაგრამ პროცესი გაჩერდა. პატიმრები კიდევ ძალიან ბევრია დარჩენილი აზერბაიჯანში. მათ გაცვლაზე ჯერ-ჯერობით ლაპარაკი არ მიდის სისტემურად. მეორე, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში დააანონსა ძალიან კარგი ინიციატივა, სამი სახელმწიფოს უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო-აზერბაიჯანი-სომხეთის ურთიერთობებზე, მაგრამ ნიუ-იორკში იყო ყველაზე უნიკალურ ადგილზე, ყველაზე უნიკალური ტრიბუნა ჰქონდა გამოყენებული, გვერდში არც ალიევი ედგა და არც ფაშინიანი. აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო თბილისის ინიციატივა და საერთო არაფერი ჰქონდა აზერბაიჯანთან. აშკარად ჩანს, რომ ეს იყო პიარისთვის განსაზღვრული და არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი არ არიან მზად საქართველოსთან ერთად, რუსეთის, ირანისა და თურქეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე შექმნან რაღაც სამთა კავშირი.

საქართველომ პრაქტიკულად ვერ გამოიყენა ის, რაც მოხდა ყარაბაღში, ეს პოსტფაქტუმ მუშაობს, რაღაცეები ხდება და მერე ერთვება პროცესებში. საქართველოს ტერიტორიაზე ჩვენ გვყავს ჩვენი ღირსეული მოქალაქეები, ეთნიკური აზერბაიჯანელები და სომხები, რომლებიც რა თქმა უნდა განიცდიდნენ, რაც ხდებოდა ყარაბაღში. იყო გარკვეული ვნებათაღელვა, მაგრამ ეს არ გასულა კანონის ფარგლებიდან. იყო პოზიციების დაფიქსირება, მაგრამ ამას არ მიუღია მასობრივი და შეუქცევადი ხასიათი. მადლობა მინდა გადავუხადო ამ მოსახლეობას, რომ მათ თავიანთი ემოციები რაღაცნაირად ჩარჩოში მოაქციეს და დემოკრატიის ჩარჩოებს არ გასცდა ის ვნებათაღელვა, რაც ბუნებრივია მათ გულებში ტრიალებდა.

- სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის საბძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს, რომ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანს სომხეთის გავლით, ე.წ. ზანგეზურის დერეფნით დაუკავშირდება, რაც აზერბაიჯანსა და თურქეთს ერთმანეთთან მოკლე გზითაც დააკავშირებს. ასეთ შემთხვევაში, რა ეკონომიკური ცვლილებებია მოსალოდნელი საქართველოსთვის?

- ზუსტად 100 წლის უკან, ზანგეზურის დერეფანი იყო, რომლითაც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მოხდა მათი გაერთიანება. ზანგეზურის დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალია, რომლითაც აზერბაიჯანი უკავშირდება ნახიჩევანს და ნახიჩევანით თურქეთს. ეს საკითხი ხელახლა წამოაყენა თურქეთ-აზერბაიჯანის საერთო ინიციატივამ. ჩვენ, საქართველო არ უნდა ჩამოვრჩეთ ამას და უნდა გვესმოდეს ეს კონტექსტი. სამწუხაროდ, როცა საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, ჩვენ ვლაპარაკობდით დავით-გარეჯი ვისია და ა.შ. ეს პოლიტიზირებული იყო და რეალურად არაფერი საერთო არ ჰქონდა გარეჯის არსებით საკითხთან. არ შეიძლება იმ თემებზე, რომლებიც შეიძლება მომავალში იყოს განხილული, დღეს გაამწვავო ვითარება. ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქული ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი გამოწვევებიდან გამომდინარე. რუსეთი ხედავს თურქეთის გაძლიერებას, ხელს არ უშლის იმიტომ, რომ უარესი იქნება. აქედან გამომდინარე დაუთმო პოზიციები, რომ აღდგეს როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო გზა ზანგეზურის მიმართულებით, რომელიც 90-იან წლებში ჩაიკეტა.

თუ ზანგეზურის სარკინიგზო გზა აღდგა, მაშინ ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთები წამოვა ამ გზაზე, აზერბაიჯანის გზაზე, გადაკვეთს სომხეთის ტერიტორიის მოკლე მონაკვეთს, გადავა ნახიჩევანზე, იქიდან თურქეთში და თურქეთიდან პორტებში. მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს ტვირთები ფოთსა და ბათუმში.

დიდი ტვირთების ნაწილი გადავა თურქეთის პორტებზე. ეს ეკონომიკურად მომგებიანია თურქეთისთვის, ამაში ორი აზრი არ არსებობს. აქ საქართველოს შეიძლება დააკლდეს გარკვეული ტვირთები. ამიტომ მე ძალიან მიკვირს და უცნაურია, რომ ჩვენ ასე გვეშინია საჯაროდ ვილაპარაკოთ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის განახლებაზე.

ამდენ ხანს აზერბაიჯანი წინააღმდეგი იყო და ჩვენ გვესმოდა მისი. აზერბაიჯანს არ უნდოდა, რომ ამ გზით ევლო სომხეთის ტვირთებს. დღეს, სომხური ტვირთების აბსოლუტური უმრავლესობა, მანქანებით საქართველოს გავლით გადის ლარსის გამშვებ პუნქტზე და ზამთარში მითუმეტეს თვალშისაცემია, რიგები დგას კვირების განმავლობაში. როგორც კი გაიხსნება ზანგეზურის გზა, მთელი ტვირთი დალაგდება მატარებელზე და სამხრეთით წავა, გადაკვეთს აზერბაიჯანს, ბაქოს და ბაქოდან რუსეთში წავა.

ამ დროს საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის საშუალებით, 700 კილომეტრით ნაკლებია გზა და მოგება საქართველოსკენ იქნება.

სომხეთს მორალურადაც უნდა აინტერესებდეს, რომ რაღა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ატაროს თავის ტვირთები, თანაც 700 კილომეტრით გრძელ გზაზე, როცა შეუძლია ნაკლები მანძილით, შედარებით იაფი, სწრაფი იყოს საქართველოს გავლით, რომელიც მისთვის უფრო მეგობრული სახელმწიფოა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ჩვენთან ამაზე მსჯელობა საერთოდ არ მიდის. შეიძლება უვარგისი პროექტია, შეიძლება არ გაამართლოს. ეკონომიკურადაც ძალიან გამართლებულია. სად მანქანებით ტვირთის გადატანა და სად რკინიგზით. არცერთი არაა იდეალურად სუფთა ტრანსპორტი, მაგრამ რკინიგზა ათასჯერ უფრო სჯობს საავტომობილო გადაზიდვებს. ბევრი საკითხებია ისეთი, სადაც საქართველომ შეიძლება მოიგოს, მაგრამ თუ ხელი არ გაანძრია, შეიძლება კი არა, ნამდვილად წააგებს.

- საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნის შესაძლებლობას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებამდე, რისთვისაც მას საქართველოს თანხმობა სჭირდებოდა, რუსეთ-საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში განიხილავთ? რამდენად რეალურია ამ მონაკვეთის გახსნა?

- „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველო დასთანხმდა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე. მაშინ საქართველო-რუსეთმა, ხელი მოაწერეს უნიკალურ ხელშეკრულებას, სადაც საუბარია დერეფნებზე, აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის მიმართულებით. დოკუმენტი ისეა გაწერილი, ნახსენები არ არის საერთოდ არც აფხაზეთი და არც სამხრეთ-ოსეთი. მხოლოდ ორიენტირებია ჩამოყალიბებული. დოკუმეტი უკვე არსებობს. დაქირავებულია შვეიცარიის ფირმა, რომელმაც უნდა გააკონტროლოს საავტომობილო ტვირთები, ფულს ვიხდით, მაგრამ ტვირთები არ მოძრაობს. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ფორმალური იყო, რადგან არ მოქმედებს ეს ყველაფერი. პოლიტიკურად გასაგებია, თუმცა ჯობია რომ იმუშაოს. თუ უკვე დოკუმენტი არსებობს, რატომ არ შეიძლება მას დავუმატოთ რკინიგზის კომპონენტი? გზაც არსებობს. ამ დროს საჭიროა მსჯელობა, კამათი იურისტებთან, საერთაშორისო სამართლის, ტრანსპორტის სპეციალისტებთან.

სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ნაკლებად კომპეტენტურია ასეთ საკითხებში. ეშინია, რომ ოპოზიცია გააკრიტიკებს, ტელევიზიები გააკრიტიკებენ და ურჩევნიათ არაფერი აკეთონ, ვიდრე რამე გააკეთონ და რისხვა მიიღონ.

მიტოვებული აქვთ ეს საკითხი, თორემ კარგი ვარიანტი შემოდის ახლა.

აზერბაიჯანი უკვე თვითონ ხსნის გზას სომხეთისკენ და ჩვენთან ვერანაირად ვერ ექნება პრეტენზია. შენ თუ ხსნი, მე რატომ არ უნდა გავხსნა. თურქეთიდან მოდის ტვირთი, რატომ უნდა წავიდეს ბაქოში, როცა ტვირთი მიდის მაგალითად სოჩაში, რატომ უნდა გაიგრძელოს გზა? სამტრედიაში ჩაჭრის გზას და აფხაზეთით გადავა რუსეთისკენ. ძალიან ბევრი ირანული ტვირთი, რომელიც მოდის და მიდის ევროპულ ნაწილში, რატომ უნდა წავიდეს ბაქოსკენ, როცა შეუძლია პირდაპირ გადაჭრას გზა და წავიდეს ხობისკენ. ეს გზები, რაც შეიძლება ახლა ამუშავდეს, ერთიორად ზრდის საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის მნიშვნელობას. ჩვენთან ამაზე მსჯელობა არ არის. თბილისი არის კავკასიის რკინიგზის ცენტრი. დღეს, პირველად თბილისიდან სამხრეთისკენ გადადის სარკინიგზო კვანძი და ეს ჩემი აზრით, ეს არასწორია. ჩვენ რომ ამისთვის ვიბრძოდეთ და არ გამოგვივიდეს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ამაზე ხმას არ ვიღებთ, არაფერს ვაკეთებთ და ეს არის არაკომპეტენტურობის ბრალი. ამით ჩვენ აფხაზებს პროცესებში ჩავრთავდით რეალურად. სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყებოდა, ვაჭრობა, მეტი ადამიანი ჩაერთვებოდა. რაც უფრო მეტად იქნება მობმული აფხაზეთის მოსახლეობა საერთო ქართულ პროექტებზე, მითუფრო მიხვდებიან, რომ მათი კეთილდღეობა დამოკიდებულია საქართველოდან წამოსულ პროექტებზე.

აფხაზეთის რკინიგზა არის დეტალი, მართლა შეიძლება ძალიან დიდი გავლენა იქონიოს. 100 წლის განმავლობაში პირველად ახალი რეალობა ახლა შემოდის კავკასიაში.

მთავარი ახლა სომხეთის როლია, სომხეთი როგორმე მოახერხებს თუ არა გამოვიდეს რუსული გაბრუებიდან და ჩაერთოს საერთო კავკასიურ პროცესში, იპოვოს თავის როლი. სომხეთმა თავისი ღირსეული როლი უნდა იპოვოს კავკასიაში, დაანებოს თავი ლეგენდებით ცხოვრებას, სადაც იმედი აქვს, რომ თურქეთი რაღაც მიწებს დაუთმობს, აზერბაიჯანი რაღაც მიწებს დაუთმობს. რაც აქვს შემოფარგლული საერთაშორისო სამართლით, ის მისია. დანარჩენზე უნდა იპოვოს საერთო ენა თურქეთთან და აზერბაიჯანთან და ბუნებრივია საქართველოსთანაც. ამ ფონზე, თუ მოვახერხებთ რომ სომხეთი დავაინტერესოთ ჩვენ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, რომ ის სახელმწიფოა კავკასიაში და მას თავისი ადგილი და როლი აქვს, მაშინ ის გადაანაწილებს თავის ინტერესებს. ამ კონტექსტში უნდა გახდეს ძლიერი თურქულ-სომხური კონტაქტები, გაიხსნას საზღვარი და დაიწყოს გარკვეული ურთიერთობები. ოსებს და აფხაზებს უნდა დავანახოთ, რომ რუსეთი გადის და ჩვენ ვიკვრებით. კავკასია ხდება უფრო და უფრო შეკრული რეგიონი, მშვიდობა დამყარდა, ყარაბაღის საკითხი მოგვარებულია. თქვენ სად ხართ ამ დროს? თქვენ ხართ რუსეთის ბაზა თუ თქვენ ხართ კავკასიის ნაწილი? თუ კავკასიის ნაწილი ხართ, ჩვენ გთავაზობთ უამრავ სხვადასხვა სიკეთეს, იგივე რკინიგზა, ვაჭრობა, ტრანსპორტი. მოდით, ხელახლა გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობებს. ოდესღაც, 90-იან წლებში ძალიან დიდი შეცდომა მოგვივიდა ქართველებსაც და არც თქვენ იყავით ანგელოზები, მაგრამ მე ვიტყოდი რომ ჩვენ ბევრი შეცდომები დავუშვით. ხელახლა განვიხილოთ ეს საკითხი, დავუბრუნდეთ ჩვენს ურთიერთობებს. ვიფიქროთ ახალ ფედერაციულ მოწყობაზე, სადაც თქვენი უფლებები იქნება მაქსიმალურზე მეტად დაცული. თქვენ ნახეთ რუსეთი როგორ გეხმარებათ, რუსეთი არ გეხმარებათ. რუსეთი თავის ინტერესებს ახორციელებს. დავსხდეთ, ევროპა ჩავრთოთ, მეზობელი სახელმწიფოები, თურქეთი თუ გნებავთ, რუსეთი არ გავრიცხოთ, მაგრამ ნურც მთავარი მოთამაშე იქნება. თუ რუსეთი გაიყვანს ჯარებს და ამდენს მივაღწევთ, მაშინ რუსეთი შეიძლება ხელახლა ჩავრთოთ რაღაც პროცესებში. დაინახეთ ახალი კავკასიური კონტექსტი. მე მგონია, რომ თუ თურქეთი კავკასიაში ზომიერად გაძლიერდება და ნატოს წევრი სახელმწიფო იქნება. ვფიქრობ, თურქეთი დღეს არის ბევრად მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო, ვიდრე იყო 1921 წლისთვის, როცა ყარსის ხელშეკრულება იწერებოდა. ძალიან რთული ვითარება იყო და მაშინ, ბოლშევიკურმა იმპერიამ პრაქტიკულად ათათურქის თურქეთთან მოახერხა გარიგება კავკასიელი ხალხების ხარჯზე. დღეს ეს მომენტი არაა. დღეს სხვა რეალობაა. თურქეთი არის ნატოს წევრი სახელმწიფო, კეთილი უნდა ვინებოთ და ვითანამშრომლოთ მასთან. თურქეთს თავისი ინტერესები აქვს არა საქართველოსთან, არამედ აზერბაიჯანთან, კასპიის ზღვასთან და იქით. თურქმენეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი ეს თურქულენოვანი კულტურაა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ხიდი თურქეთისთვის, იმიტომ რომ აქეთ არის რუსეთი თავისი ინტერესებით ცენტრალურ აზიაში, აქეთ არის ირანი თავისი შიიტური ინტერესებით ასევე ისლამურ სამყაროში. პატარა გვირაბია, ხეობაა საქართველოს სახით. აქ ქრისტიანული მოსახლეობაა ძირითადად და არა მგონია, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები მცირე ისლამური მოსახლეობის გამო, თურქეთმა გაიფუჭოს ურთიერთობა საქართველოსთან, ეს გამორიცხულია. კარგავს მაშინ მთელ კონტექსტს ცენტრალურ აზიაში. ნუ გვეშინია საკუთარი ჩრდილების. კეთილი ვინებოთ და გავხდეთ სრულფასოვანი სახელმწიფო და ვითანამშრომლოთ ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან. ასე იყო ყოველთვის ვიდრე შემოვიდოდა რუსეთი. ახლა დგება 1802 წელი რეალურად, როცა ჩვენ ისევ ვუბრუნდებით იმ ისტორიულ წიაღს, მოგვწონს არ მოგვწონს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ეს რეალობაა. არ უნდა ვიყუროთ სადღაც ძალიან შორს და ჩვენს მეზობელ ქვეყნებს მივენდოთ და მათთან ვიპოვოთ საერთო ენა.

თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, აფხაზებს და ოსებს სხვა შანსი არ რჩებათ. ან უნდა იყვნენ რუსეთის სამხედრო ბაზები, ან დაინახონ საქართველოში ის სერიოზული დემოკრატიული პოტენციალი, სადაც თავის თავს დაინახავენ, თავის ღირსებას და გარკვეულწილად თავისი ინტერესების რეალიზაციას.

მთელი უბედურება ისაა, რომ თუ ხელი არ გავანძრიეთ, სადღაც 5 წელიწადში შეიძლება უკვე ანექსიაც მოხდეს ამ ტერიტორიების. ძალიან აჭრილია რუსეთი. რაც ხდება ბოლო ერთი წელიწადი, ასეთი აგრესიული, ასეთი რადიკალური, ასეთი უტიფარი და ცინიკური, რუსეთი არასდროს ყოფილა. მე არ ვლაპარაკობ მხოლოდ საქართველოს მიმართ. ამ ფონზე აუცილებლად რუსულ აგრესიაში ჩამჯდარი იქნება აფხაზური ინტერესები. ყარაბაღის ომი დასრულებული არ იყო, 9 ნოემბერს ხელი მოეწერა ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის და 12 ნოემბერს, პუტინმა იპოვა დრო, სოჩაში შეხვდა დეფაქტო პრეზიდენტს ბჟანიას, მასთან ხელი მოაწერა მემორანდუმს აფხაზეთის კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე რუსეთის კანონმდებლობასთან. იქ 45 პუნქტია და ეს ერთ ღამეში არ დაიწერებოდა. თვეები იწერებოდა ეს 45 პუნქტიანი მემორანდუმი, სადაც გაწერილია, პოლიცია როგორ იქნება რუსული, სამხედროები, ენერგეტიკა. უამრავი საკითხია ჩადებული ამ მემორანდუმში. რუსეთმა სამ დღეში მიითვისა აფხაზეთი, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დონეზე. საქმე ისაა, რომ რუსეთი ჩქარობს, რუსეთი ხედავს რომ კარგავს რაღაც კონტროლს კავკასიაში. ამიტომ, უნდა შეინარჩუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. კეთილი ვინებოთ და კარგად გავიაზროთ, რომ საფრთხე უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენი რაღაც გარკვეული ხედვები. ამ დროს, თურქეთი საკმაოდ მკაფიოდ და ცალსახად იცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, მოგვყვება ნატოში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაც კი საშუალება აქვს, ყველაგან ლაპარაკობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი სახელმწიფო. მსოფლიოში გვაქვს უამრავზე უამრავი ფაქტი, ოდესღაც მტრული სახელმწიფოები როგორ რიგდებიან და როგორ აქვთ ერთიანი პროექტები. კეთილი ვინებოთ და ვიცხოვროთ დღეს და არა წარსულში. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თურქეთი შეიძლება არ არის იდეალური დემოკრატიის მატარებელი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ ვართ, რომ თურქეთს ვუყუროთ? ის არ ედავება საქართველოს არაფერში.

საქართველო არ არის მზად დღეს ეს გამოწვევები გაიგოს ისე, როგორც არის და უპასუხოს ისე, როგორც საჭიროა საქართველოს და კავკასიის ინტერესებიდან გამომდინარე. დღევანდელი მთავრობა არაადეკვატურია და ვერ აღიქვამს რეალობას.

„მთის ამბები“ მთიანი ყარაბაღის და სამხრეთ კავკასიის საკითხებზე ინტერვიუების სერიას ამზადებს და მკითხველს მასალებს ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე შესთავაზებს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში