საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შავი კლდეების ტბის მარშრუტზე ყველაზე პატარა ვიზიტორი 7 თვის იდა მეჰლერია

15:19 - 08 ოქტომბერი 2017 hits 10489

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების შავი კლდეების ტბის მარშრუტზე, რომლის გავლასაც ფეხით ან ცხენით 3 დღე და 2 ღამე სჭირდება და ზღვის დონიდან 2800 მეტრზეა, ყველაზე პატარა ვიზიტორი 7 თვის იდა მეჰლერია, გერმანიიდან. პატარამ ლაგოდეხის ნაკრძალში მშობლებთან ერთად, წელს, ივლისში იმოგზაურა.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი სულამანაძის განცხადებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, შავი კლდეების ტბის მარშრუტზე რეგისტრირებულ ვიზიტორებს შორის, ის ყველაზე პატარაა.

შავი კლდეების ტბის მარშრუტი ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ბილიკია კავკასიაში. ბილიკი ხელუხლებელ ბუნებაში გადის, ზემოდან ალაზნის ხედი იშლება, თავზე კი შავი კლდეების ტბაა, რომლის ნახევარი საქართველოს საზღვრებშია, მეორე ნახევარი კი დაღესტნის მხარეს.

ეს ბილიკი ძალიან მოთხოვნადია ირმის მყვირალობისთვის, რომელიც 1–ლი ოქტომბრიდან იწყება და 20 ოქტომბრამდე გრძელდება. „ირმის ნახვა“ ყველაზე ადვილი ამ დროს არის. ხარირემი არ მოძრაობს, ძირითადად ერთ ტერიტორიაზე დგას და „მყვირალობს“, პარტნიორს უხმობს.

მყვირალობა ხშირად დაბინდებიდან ან ადრე დილით იწყება და საათობით გრძელდება. ამ დროს ხარირემი აგრესიულია და ადამიანსაც ერჩის. იმ ადგილებში, სადაც ხარირემმა გაიარა, „ირმის“ სუნი დგას. მონდომებულ ადამიანს შეუძლია არა მარტო მოუსმინოს ირმის მყვირალობას, არამედ „ფოტო ნადირობაც“ მოაწყოს, რადგან ამ პერიოდში თითოეულ ხართან, რამდენიმე ფურიცაა. მაკეობა დაახლოებით 8 თვე გრძელდება. შობს ერთ ან იშვიათად 2 ნაშიერს. ირმის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წელია.

შავი კლდეების ტბას წელს უკვე 2000–მდე ვიზიტორი ესტუმრა. ამჟამად ტბებზე თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს აღწევს, თუმცა იქ ვიზიტორების რამდენიმე ჯგუფი იმყოფება. ბილიკზე 2 ტურისტული თავშესაფარია, სადაც ცოტა ხნის წინ, მზის ფოტოელექტრული სისტემები დამონტაჟდა და პირველად გახდა შესაძლებელი მობილურების, ფანრების, ფოტოაპარატებისა და სხვა მოწყობილობების დამუხტვა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში