საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

შავი კლდეების ტბის ბილიკზე მობილურების და ფოტოკამერების დამუხტვა უკვე შესაძლებელია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:32 - 15 სექტემბერი 2017 hits 9178

შავი კლდეების ტბა – მარშრუტის სიგრძე 42 კილომეტრი; მარშრუტის ტიპი – საფეხმავლო ან საცხენოსნო; ხანგრძლივობა – 3 დღე და 2 ღამე; სამოგზაურო პერიოდი – ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით. ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარე შავი კლდეების ტბას წელს უკვე 2000–მდე ვიზიტორი ესტუმრა. რამდენიმე დღის წინ, ბილიკზე მდებარე ტურისტულ თავშესაფრებში პირველად გახდა შესაძლებელი მობილურების, ფანრების, ფოტოაპარატებისა და სხვა მოწყობილობების დამუხტვა.

„ეს ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ბილიკია კავკასიაში. ფაქტობრივად ხელუხლებელ ბუნებაში გადის, ზემოდან ალაზნის ხედი იშლება და ამის გვირგვინია შავი კლდეების ტბა. ნახევარი საქართველოს საზღვრებშია, მეორე ნახევარი დაღესტნის მხარეს. ამ ბილიკზე თავისუფლად არის შესაძლებელი გარეული ცხოველების ნახვა, მათ შორის აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის, არჩვის, ირმის. ასევე, ფრინველების – როჭო, კავკასიური შურთხი, ბატკანძერი და სხვადასხვა არწივები. ირმის მყვირალობისთვის ეს ბილიკი ძალიან მოთხოვნადია და ტურებით დატვირთული. ირმის მყვირალობა ოქტომბრიდან იწყება.

ვიზიტორებს განსაკუთრებით მეორე, მესამე დღეს ჰქონდათ ხოლმე პრობლემა. სამეცნიერო ჯგუფებიც ხშირად მუშაობენ ამ მიმართულებით. ველზე სამუშაოდ მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ელექტროხელსაწყოები. დასამუხტად მათ ქვემოთ ჩამოსვლა და მერე უკან დაბრუნება უწევდათ. ახლა უკვე შესაძლებელია იქვე, ტურისტულ თავშესაფრებში დამუხტონ ელექტროხელსაწყოები, კოტეჯებიც განათდა“, – ამბობს გიორგი სულამანიძე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი.

შავი კლდეების ტბის ბილიკზე ორი ტურისტული თავშესაფარია: „მეტეო“ – ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრზე და ე.წ. დემიდოვის ბინა – ზღვის დონიდან 2650 მეტრზე. ორივე თავშესაფარში მზის ფოტოელექტრული სისტემები საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით დამონტაჟდა.

„პროექტის მიზანი იყო ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს 42 ტურისტული ბილიკის საფეხმავლო გზის გაწმენდას მოტეხილი ტოტებისგან, ბილიკის მონიშვნას, მარკირებას. ამავე პროექტის ფარგლებში თავშესაფარი „მეტეო“ აღიჭურვა 16 ორთოპედიული მატრასით, რაც ღამის კომფორტულად გათევის საშუალებას იძლევა. „დემიდოვის ბინასთან“ მოეწყო მეხამრიდი. იქ ტყე არ არის და აუცილებელი იყო უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე. ეს პრობლემაც გადაჭრილია“, – აღნიშნავს გიორგი სულამანიძე.

ტურისტულ თავშესაფრებში ღამის გათევა 20 ლარი ღირს. სულ 16 ადგილია. შესაძლებელია კარვებით სარგებლობაც. ელექტრომოწყობილობების დამუხტვა ყველა ვიზიტორისთვის უფასოა.

„ყველა წადით და ნახეთ რა მაგარი ქვეყანა გვაქვს. ნახავთ როგორია ყვითელი სამოთხე. საქართველოს დაცული ტერიტორიების ერთ–ერთი საუკეთესო ბილიკია შავი კლდეების ტბის ბილიკი. ყველაფერია: ძალიან კომფორტული ტურისტული თავშესაფრები (კოტეჯები), ლამაზი ტყე პროპორციული ხეებით, ულამაზესი კლდეები,გამყინვარების დროინდელი ტბები შიგნით მცურავი ბალახის გველეშაპებით, უცნაური ჭაობები და შავი კლდეების ტბა – გამორჩეულად ლამაზი და მედიდური. როდესაც ზღვის დონიდან 2650 მეტრზე თბილად ხარ მოკალათებული განათებულ და კომფორტულ კოტეჯში სხვადასხვა საინტერესო ადამიანებთან ერთად, საუბრობ, თამაშობ და არ განაღვლებს იქ, დაბლა, ქვეყანაზე რა ხდება – ესაა განცხრომა“, – წერს მოლაშქრეთა ჯგუფი „მწვანე ზებრა“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში