საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პატრიარქი მთიულების და მოხევეების პროტესტზე ხელისუფლებას მიმართავს

20:49 - 15 მაისი 2017 hits 12588

დუშეთისა და ყაზბეგის რაიონებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აწერს.

„დიდად ვწუხვართ იმ მღელვარების გამო, რაც ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მოვიდა და არსებული ვითარება გაგავაცნო.

ერთი მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია. გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.

უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ. მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. არადა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.

რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს“,-ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

რუსეთის ენერგოსისტემასთან დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის მშენებარე ხაზი მთიულეთში ათამდე სოფელს კვეთს. გეგმის მიხედვით, ჭართალში ანძები სახლებიდან 30-40 მეტრითაა დაშორებული. სოფლიდან დაახლოებით 2 კილომეტრშია ოკუპირებული ახალგორის რაიონი. ადგილობრივები შიშობენ, რომ მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობისა და მოსალოდნელი დაავადებების რისკის გამო, ჭართალი მოსახლეობისგან დაიცლება, მიტოვებული ადგილები კი შესაძლოა რუსმა სამხედროებმა დაიკავონ.

მუგუდაში ანძის მშენებლობა სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ახალი საფლავებიდან მშენებარე ანძა რამდენიმე მეტრშია, ირგვლივ კი მე-19 საუკუნის საფლავებია. მუგუდაში გამართული აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ანძისთვის ადგილის თხრისას, შესაძლოა ძველი საფლავები ან სრულად განადგურდეს ან დაზიანდეს - მათი პროტესტის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. 13 მაისს გამართულ აქციაში დაახლოებით 150–მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნით სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში შეჩერებული იყო, თუმცა ასზე მეტი პოლიციელის და სპეცრაზმის მობილიზების შემდეგ, სამუშაოები განახლდა.

ხაზის მშენებლობის მარშრუტი რომ შეიცვალოს და დასახლებულ პუნქტებს დააშორონ, ამ მოთხოვნით უკვე რამდენჯერმე გაიმართა აქცია სნოს ხეობაში, ფასანაურსა და რამდენიმე დღის წინ თბილისში.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მისი მოადგილე ილია ელოშვილი აცხადებენ, რომ მთიულეთსა და ხევში აქციების მონაწილეებს დესტრუქციული ჯგუფები, კერძოდ კი არასამთავრობოები მართავენ.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში