საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„საქართველოს არ აქვს სამთო ცნობადობა“ - ია თაბაგარი

19:13 - 27 მარტი 2017 hits 4301

„საქართველოს არ აქვს სამთო ცნობადობა. არც ინფრასტრუქტურა აქვს. სამთო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ყოველი წელი წინაზე უკეთესია, მაგრამ განვითარების ეს ტემპი საკმარისი არ არის. მაგალითად, კურორტ გოდერძიზე, სადაც ერთდროულად 6000 ადამიანს შეუძლია სრიალი, ამჟამად მხოლოდ 20 ადამიანი თუ სრიალებს. რატომ? გზა არ არის! ამ კურორტზე რომ მოხვდეთ, ბათუმიდან 5 საათი უნდა იაროთ,“ - ამბობს „მთის ამბებთან“ საუბარში ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ია თაბაგარი.

ტურიზმის ეროვნული სააგენტო წელს ქვეყანაში 7 მილიონამდე ვიზიტორის და 2 მილიონზე მეტი ტურისტის ჩამოსვლას ელოდება. საქართველოს შეუძლია ტურისტებს კავკასიონიდან შავი ზღვის სანაპიროს ფარგლებში მრავალფეროვანი ტურისტული მომსახურება შესთავაზოს: მთამსვლელობა, ფეხით მოგზაურობა, მთებში ველოსიპედებით მოგზაურობა, თხილამურებით სრიალი, პარაპლანით ფრენა, ნავით გასეირნება, რაფტინგი თუ ველური ბუნების მონახულება. მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ქვეყანა, სადაც 250 კმ-ის რადიუსში სუბტროპიკული ტყე (მტირალას პარკი), ნახევარუდაბნო (ვაშლოვანი), ზღვის სანაპირო (აჭარა და გურია), სამთო კურორტები (მესტია, გუდაური, ბაკურიანი) და კარსტული მღვიმეები ერთად თანაარსებობს. როგორ იყენებს ამ პოტენციალს ქვეყანა და როგორ იყო ის წარმოდგენილი გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე? ამ საკითხებზე „მთის ამბები“ ია თაბაგარს ესაუბრა.

- თქვენ გერმანიაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - ITB BERLIN მონაწილეობდით. ამ გამოფენას, სადაც 180-ზე მეტი ქვეყანაა ხოლმე წარმოდგენილი, ტურისტული ინდუსტრიის 10 ათასზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. როგორ იყო წელს წარმოდგენილი საქართველო და რა შედეგებს უნდა ველოდოთ ამ გამოფენიდან?

- გამოფენას 23 ქართული კომპანია ესწრებოდა. მოეწყო ღვინის დეგუსტაცია, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ტუროპერატორებთან და ჟურნალისტებთან. ზოგადად, მოთხოვნა საქართველოზე არის და ის მზარდია. წელს შარშანდელთან შედარებით უცხოელი ტურისტების რაოდენობა სავარაუდოდ, ისევ გაიზრდება, თუმცა, ეს საკმარისი არ არის.

უცხოელი მარკეტოლოგების შეფასებითაც კი, საქართველო თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობებით გამორჩეული ქვეყანაა და ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ტურიზმში განსხვავებული ნიშა გვქონდეს. სამწუხაროდ, ჩვენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სრულად ვერ ვიყენებთ. დღეს მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი მოთხოვნა სათავგადასავლო ტურიზმზეა, ჩვენ კი ამ მხრივ მომხმარებელს ვერაფერს ვთავაზობთ. არ გვაქვს სამთო ველოსიპედების და საცხენოსნო ტურები, სამთო ქოხები და ბილიკები, ჯომარდობისთვის და კლდეზე ცოცვისთვის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. მსოფლიო სათავგადასავლო ტურიზმში საქართველოს წილი მიზერულია, სამყარომ არ იცის რატომ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და აქ რისი ნახვა შეუძლია.

- ITB BERLIN-ზე წელს პირველად იყო წარმოდგენილი სამეგრელოს და ზემო სვანეთის მაღალმთიანეთი. როგორ ჩაიარა ამ წარდგენამ? ზოგადად, როგორია საქართველოს მაღალმთიანეთის და სამთო კურორტების პოტენციალი და არის თუ არა ინტერესი უცხოეთში ამ კურორტების მიმართ?

- ძალიან უცნაური იყო, რომ სამეგრელოს და ზემო სვანეთის მაღალმთიანეთი გერმანიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა და მისმა დელეგაციამ წარმოადგინა - ადამიანებმა, რომლებმაც არც უცხო ენა იცოდნენ და ზოგადად, არც ტურიზმის შესახებ ჰქონდათ ცოდნა და ინფორმაცია. რამდენიმეწუთიანი სარეკლამო რგოლის ჩვენება ასეთი მასშტაბის საერთაშორისო გამოფენისთვის საკმარისი არ არის.

რაც შეეხება მთის კურორტებს: საქართველოს არ აქვს სამთო ცნობადობა. არც ინფრასტრუქტურა აქვს. სამთო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ყოველი წელი წინაზე უკეთესია, მაგრამ განვითარების ეს ტემპი საკმარისი არ არის. მაგალითად, კურორტ გოდერძიზე, სადაც ერთდროულად 6000 ადამიანს შეუძლია სრიალი, ამჟამად მხოლოდ 20 ადამიანი თუ სრიალებს. რატომ? გზა არ არის! ამ კურორტზე რომ მოხვდეთ, ბათუმიდან 5 საათი უნდა იაროთ. არც მესტია მუშაობს კარგად - ნაკლები უცხოელი ტურისტი მიდის იქ. მესტია ახლა დაახლოებით ისეთ დონეზეა, გასული საუკუნის 40-იან წლებში ბაკურიანი რომ იყო. კიდევ უფრო ნაკლები მომხმარებელი ჰყავს თეთნულდს, რადგან ის შედარებით ახალი კურორტია. კარგია საბაგიროები, ტრასებიც ასე თუ ისე მოწყობილია, მოთხილამურე პატრულიც პატრულირებს, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ტრასების იქეთ ინფრასტრუქტურა არ არის. არა გვაქვს ტურისტული სასტუმრო ინფრასტრუქტურა და რაც გვაქვს, იქ ძალიან დაბალი ხარისხის მომსახურებაა. თვითონ ვარ მომხმარებელი და ეს კარგად ვიცი. არც საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური სამთო გიდები გვყავს. ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია. არ მინდა ამ სიტყვების თქმა, მაგრამ დავით გარეჯი გადაიქცა დიდ ტუალეტად. დღეში 1000 კაცი ჩადის იქ და ტუალეტი არ არის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზრუნოთ არა მარტო იმაზე, რომ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, არამედ იმაზეც, რომ მაღალმხარჯველი ტურისტი მოვიზიდოთ. საქართველოში ახლა ნაკლებშემოსავლიანი ტურისტები შემოდიან - პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოსული ტურისტი აქ ბევრ ფულს არ ხარჯავს. ჩვენ გვჭირდება ტურისტები მდიდარი და განვითარებული ქვეყნებიდან. ასეთი ქვეყნებია: იაპონია, ჰონკონგი, სინგაპური, სამხრეთ კორეა... ამ ქვეყნებს წინა წლებში ეკონომიკური კრიზისი არ შეხებია. საგანგებო მარკეტინგული პროგრამა უნდა შეიქმნას გერმანიის ბაზრისთვის. ეს არის ძალიან სტაბილური ბაზარი. სტატისტიკის მიხედვით, გერმანელები ყველაზე მოგზაური და ინტერესიანი ხალხია  ევროპაში და ამავე დროს მაღალმხარჯველიც. ასეთი ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტი მოითხოვს ხარისხიან მომსახურებას და დროთა განმავლობაში მიმწოდებელიც იძულებული გახდება, რომ სერვისი გააუმჯობესოს. დღეს ხარისხიან მომსახურებაზე მოთხოვნა საქართველოში არ არსებობს. ჩვენი პრიორიტეტი მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა უნდა იყოს. სპეციალური ნაბიჯები რომ გადავდგათ ამ მიმართულებით და მარკეტინგული კამპანიაც სწორად რომ წარვმართოთ, შედეგს ძალიან მალე მივიღებთ.

სახელმწიფომ კი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს: მეტად იზრუნოს რეგიონებში სასტუმროებისთვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა თუ წყლის უწყვეტ მიწოდებასა და გზების ხარისხზე, განსაკუთრებით, მაღალმთიან რეგიონებში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში