საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

საეჭვო დეტალები მდინარე რიონში ნიკოლოზ ანთიძის გაუჩინარებაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:40 - 18 აპრილი 2021 hits 29189
ფოტო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არქივიდან
საზოგადოება
ფოტო - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის არქივიდან

რაც კეთდება, უსაფრთხოების გამო კეთდება. ვინ აგებს პასუხს, რომ მეორე ასეთი უბედური შემთხვევა არ მოხდება იქ?“, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა რიონის ხეობის მცველების აყრას სოფელ ნამოხვანიდან, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კარვები ჰქონდათ გაშლილი. მინისტრის ამ განცხადებას წინ უძღოდა 10 აპრილს მომხდარი ფაქტი, როცა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, 26 წლის ნიკოლოზ ანთიძე მდინარე რიონში გადახტა. ოფიციალური ინფორმაციით, საგანგებო სიტუციების მართვის სამსახური მას დღემდე ეძებს.

ნიკოლოზ ანთიძე სოფელ ნამოხვანში 8 აპრილს, ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, დავით ჯანიაშვილთან ერთად ჩავიდა. მანამდე, სწორედ დავით ჯანიაშვილი ეკონტაქტებოდა მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთ აქტივისტს, ნუგზარ გოდოლაძეს. ჯანიაშვილმა გოდოლაძისგან იცოდა, რომ 3 აპრილის შემდეგ, როგორც ქუთაისის, ასევე ცაგერის მხრიდან, რიონის ხეობაში შესასვლელი სამანქანო გზა პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა. ხეობაში შესვლა და გადაადგილება შეზღუდული იყო სწორედ იმ მიზეზით, რომ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანში მხარდამჭერები არ შემატებოდნენ.

3 აპრილს, კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ განაახლა ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე თვე შეჩერებული იყო.

რიონის ხეობაში ორივე შესასვლელი, „ენკას“ ყველა საწყობი და სამშენებლო მოედანი საპოლიციო ძალებით იყო სავსე. შსს-ს მობილიზებული ჰყავდა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანაც, რომელსაც აქციების დასაშლელად იყენებენ. გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქორენიშში პოლიცია აჩერებდა ყველა ავტომობილს თუ ქვეითად მოსიარულეს, ახდენდნენ მოქალაქეთა იდენტიფიცირებას და ნამოხვანის მიმართულებით გადაადგილების უფლებას მხოლოდ ჟურნალისტებსა და იმ ადგილობრივ მცხოვრებლებს აძლევდნენ, ვისზეც პოლიციის თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ რიონის ხეობის მცველებთან კავშირი არ ჰქონდათ.

იხილეთ ნამოხვანის ბლოკადა

4 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რიონის ხეობაში გადაადგილების შეზღუდვა უსაფრთხოების ზომების მიღებით განმარტა. „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

„არ ვიცი, საიდან ჰქონდათ ჩემი ტელეფონის ნომერი, მაგრამ ვიდრე ჩამოვიდოდნენ, დათო ჯანიაშვილმა, ასე გამეცნო, დამირეკა და მითხრა, რომ შემოერთება უნდოდათ ჩვენს მხარდასაჭერად. გვინდა, ჩვენი წვლილი შემოვიტანოთ და როგორ მოვიდეთო თქვენამდე. ავუხსენი, რომ გზები გადაკეტილი იყო და ყველას ამოწმებდნენ. ლეჩხუმში, ვინმეს თუ იცნობ და ვინაობას დაუსახელებ, თითქოს მასთან სტუმრად მიდიხარ, შეიძლება გამოძვრე, ოღონდ აუცილებლად გაგაკონტროლებენ მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ, ნამოხვანში რომ მოვიდნენ მანქანით, მძღოლი მომესალმა, გამეცნო, რომ ის იყო დათო და მას თან ახლდა კიდევ ერთი ბიჭი, სახელად ნიკა. მივიწვიე კარავში, ავუხსენი ჩვენი ქცევის წესები“- გვიყვება ნუგზარ გოდოლაძე.

- ბატონო ნუგზარ, იმ პერიოდში, თქვენი კარვების წინ მუდმივად იდგა ათობით პოლიციელი. რამდენჯერაც თქვენთან მოვედით გასაშუქებლად, მანქანას რომ ვაჩერებდით, ჩვენც კი გვაკვირდებოდნენ, მიუხედავად იმისა, იცოდნენ, ჟურნალისტები ვართ. უცხო ადამიანები რომ მოვიდნენ, თან მანქანით, რაც ვერ გამორჩებოდათ, ყურადღება არ მიუქცევიათ, არ უკითხავთ ვინ იყვნენ?

- ეს პიროვნებები, დათო და ნიკა ჩვენთან რომ მოვიდნენ, არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ უკითხავთ, ეს მანქანა საიდან მოვიდა და რატომ იდგა იქ. არადა, ზუსტად იმ დღეებში, ჩემს ძმას სამშენებლო მასალები მოჰქონდა ქუთაისიდან ქორენიშში, სადაც ვცხოვრობთ. პოლიციელებმა 5 წუთით არ მისცეს კარვებთან გაჩერების უფლება, რომ დაგველაპარაკა. იმ ბიჭებმა როგორ მოახერხეს მანქანის გაჩერება, ისე, რომ არავის კითხვა არ დაუსვამს, ამაზე მერე დავეჭვდი, ბიჭი წყალში რომ გადახტა“.

შავი ფერის ავტომობილი ML 320, სახელმწიფო ნომრით SH-888-EF, რომლითაც დავით ჯანიაშვილი და ნიკოლოზ ანთიძე რიონის ხეობაში ჩავიდნენ, ნამოხვანში, კარვების წინ, 3 დღის განმავლობაში იყო გაჩერებული.

„3 აპრილის შემდეგ მხოლოდ რიონის ხეობაში კი არ ზღუდავდნენ გადაადგილებას, კარვების ტერიტორიიდან თუ გამოვდიოდით გარეთ, მაგალითად, სასმელი წყლის მოსატანად, ეგეც კი პოლიციასთან უნდა შეგვეთანხმებინა - ვინ გამოდიოდა, რამდენი ხნით“, - იხსენებს ნუგზარ გოდოლაძე.

ნიკოლოზ ანთიძე და დავით ჯანიაშვილი ნამოხვანში, კარვებში, 2 ღამის განმავლობაში დარჩნენ.

10 აპრილს, საღამოს, აქტივისტები ერთ-ერთ კარავში გადაცემა „რეალურ სივრცეს“ უყურებდნენ, რომლის თემაც ნამოხვანჰესის მოვლენები იყო და მასში მოძრაობის დამფუძნებლები ვარლამ გოლეთიანი, მირზა ნოზაძე და მარიტა მუსელიანი მონაწილეობდნენ. გადაცემა 18:30 საათზე დაიწყო და საათნახევარი გაგრძელდა.

გადაცემა ჯერ დასრულებული არ იყო, კარვებში მყოფებმა ყვირილის ხმა გაიგეს. ნიკოლოზ ანთიძე მდინარე რიონში გადახტა. წყალში გადახტომამდე პირადი მობილური ტელეფონი იქვე მყოფ კახა ავალიშვილს მიაწოდა და უთხრა, რომ ჯანოსთვის (დავით ჯანიაშვილისთვის) გადაეცა. „ტელეფონი გამოვართვი და კარვისკენ გავემართე, მაგრამ მალევე მოვბრუნდი და ვკითხე, შენ რა გქვია მეთქი, ვისგან მიმქონდა ტელეფონი რომ მცოდნოდა. უკვე წყლისკენ მიდიოდა. ტანსაცმელი ზედ ეცვა. წყალში, სიღმეში შესვლა დაიწყო. ამ დროს ყვირილი დავიწყე და ხალხს საშველად ვუხმე. აქტივისტებიც და პოლიციელებიც მაშინვე მოვიდნენ“, - ამბობს კახა ავალიშვილი.

თვითმხილველები - ნუგზარ გოდოლაძე, კახა ავალიშვილი, შოთა რაზმაძე და გიორგი კაცელაშვილი, ვისაც ჩვენ ვესაუბრეთ, ადასტურებენ, რომ ნიკოლოზ ანთიძე მდინარეში კარგად ცურავდა.

„იმ ადგილდან, სადაც ის წყალში ჩახტა, იქამდე, სადაც მდინარე უხვევს, 250 მეტრი მაინც იქნება. ვეძახდით, ვუყვიროდით, რომ ნაპირზე გამოსულიყო. რამდენიმე ბიჭი შევიდა კიდეც წყალში. თოკიც გადაუგდეს. მოგეხსენებათ, რომ მოსახვევში მდინარე ხმელ ხეებს აგროვებს, შეეძლო ხისთვისაც ჩაევლო ხელი. ჰქონდა მას გადარჩენის შანსი. არ მოკიდა ხელი არაფერს, მოტრიალდა და ცურვა გააგრძელა, კარგად ცურავდა“, - იხსენებს გიორგი კაცელაშვილი.

კარვების ტერიტორიიდან დაახლოებით 200 მეტრის ქვემოთ რიონი მოსახვევს აკეთებს. ამ ადგილიდან ნიკოლოზ ანთიძე გაუჩინარდა.

ნუგზარ გოდოლაძე იხსენებს, რომ სადაც მდინარე უხვევს, შენიშნა, ნაპირზე სამი ადამიანი იდგა: „მე როგორც ვიცი, ერთ-ერთი დავით ჯანიაშვილი იყო, ვისთან ერთადაც ნიკა ჩვენთან, ნამოხვანში მოვიდა. დანარჩენი ორი ვინ იყო, არ ვიცი“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ნიკოლოზ ანთიძის სამძებრო სამუშაოები იმავე საღამოს დაიწყეს. მაშველები ნავებითა და საძიებო სკანერის მეშვეობით, მდინარეში მას დღემდე ეძებენ, მაგრამ ვერ ნახეს.

ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა ტელეკომპანია „იმედმა“, ვებგვერდზე imedinews.ge 10 აპრილსვე, საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კაცი, რომელიც მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა, თვითმხილველთა თქმით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა“.

11 აპრილს, პოლიციამ ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს ნამოხვანი იძულებით დაატოვებინა და კარვები დაშალა.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს, მარიტა მუსელიანსა და მაკა სულაძეს უთხრა, რომ შესაძლოა, რიონში კიდევ ვინმე გადამხტარიყო და პოლიცია ვალდებული იყო, აქციის მონაწილეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ეზრუნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ განცხადებაში გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც, მდინარე რიონის წყლის დონე აღემატებოდა სასიგნალო ნიშნულს და მოსალოდნელი იყო წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რასაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოეწვია. მომდევნო დღეებში რიონი მნიშვნელოვნად არ ადიდებულა.

კარვების დაშლის დროს, პოლიციელებმა ერთ-ერთი კარვიდან, რომელსაც აქციის მონაწილეები სასადილოდ იყენებდნენ, არყისა და ლუდის ბოთლები გამოიტანეს, მათ შორის ალკოჰოლით ნახევრადსავსე ჭიქები. „სასმელი ჩაგვიდეს, რომ ეთქვათ, თითქოს აქ სვამდნენ და მერე თავს ვეღარ აკონტროლებდნენ. ამიტომაც მენიშნა, წინა დღეს ერთ-ერთი მედიით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ანთიძე, რომელიც წყალში გადახტა, ნასვამი იყო“, - მაკა სულაძე ირწმუნება, რომ კარვების ტერიტორიაზე კატეგორიულად იყო აკრძალული ალკოჰოლური სასმელი შეტანა და მიღება, პასუხისმგებელი პირები კი ამას მკაცრად აკონტროლებდნენ.

ნიკოლოზ ანთიძის გაუჩინარების შემდეგ, მეორე და მესამე დღეს, ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ მის ბიძასთან და კიდევ ორ ახლობელთან, ასევე დავით ჯანიაშვილთან (პირი, რომელთან ერთადაც ნამოხვანში ჩავიდა) გასაუბრება. ისინი რიონის ხეობაში იმყოფებოდნენ და თვალს ადევნებდნენ მაშველების მუშაობას. მათ უარი გვითხრეს.

რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა შოთა რაზმაძემ ნიკოლოზ ანთიძის ბიძისგან გაიგო, რომ

ნიკოლოზს ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა ჰქონდა და უახლოეს პერიოდში ის აშშ-ში გამგზავრებას აპირებდა, სადაც მამამისი ცხოვრობს.

ნიკოლოზ ანთიძეს დედა გარდაცვლილი ჰყავს.

დაზუსტდა ინფორმაციაც, რომ ნიკოლოზ ანთიძემ რამდენიმე სახეობის ცურვა იცოდა მაღალ დონეზე.

საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ნიკოლოზ ანთიძის გაუჩინარებიდან მეორე, მესამე და მომდევნო დღეებში ნამახვანჰესის მშენებელ კომპანიას მდინარე რიონის ნაპირებზე არ შეუწყვეტია ისეთი სამუშაოები, რამაც შესაძლოა გაართულოს გაუჩინარებულის საძიებო სამუშაოები ან თუ ის გარდაცვლილია, ცხედარი ძლიერად დააზიანოს. 11-13 აპრილს „ენკას“ მძიმე ტექნიკა კლდეებს ჭრიდა და უზარმაზარ ლოდებს პირდაპირ მდინარეში ყრიდნენ.

ავტორები: გელა მთივლიშვილი, გიორგი ბოლქვაძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში