საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რიონის ხეობაში პოლიცია შეიყვანეს ნამახვანჰესის მშენებლობის გასაგრძელებლად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

12:34 - 03 აპრილი 2021 hits 8928

დღეს, დილით კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა. რიონის ხეობაში, ნამოხვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან, გუმათსა და ქორენიშში პოლიციას აქვს გადაკეტილი და ჰესის მოწინააღმდეგეებს ხეობაში არ უშვებენ. დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული იმ ადგილას, სადაც 160 დღეა აქტივისტები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად დილით „ნამახვანჰესის“ ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე მივიდა.

აქციის მონაწილე ნუგზარ გოდოლაძემ ლომინაძეს უთხრა, რომ მასთან სასაუბრო არაფერი ჰქონდათ. „ჩვენ მოთხოვნები გვაქვს ხელისუფლებასთან. თქვენთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო. სასაუბრო თუ გქონდათ, პოლიციის ჯარით რას მოდიოდით? 300 პოლიციელი რად გინდოდა, სალაპარაკოდ თუ მოდიოდი?“, - მიმართა გოდოლაძემ „ენკას“დირექტორს.

„მეც ამ ქვეყნის შვილი ვარ და სამაჩაბლო, აფხაზეთი, ყველა კუთხე, ისევეა ჩემი, როგორც თქვენი და მოსავლელია.

მე იმის წინააღმდეგი ვარ, რომ დაპირისპირება მივიდეს მაგ დონემდე. ბევრი გავიარე ცხოვრებაში ასეთი დაპირისპირებები 90-იან წლებში და აღარ მინდა... არავის ვემუქრები, მე მართლა მაქვს დაყენებული ამოცანა, რომ მოსამზადებელი სამუშაო პროცესი უნდა დაიწყოს.

არ ამოვიდოდი და არ დავილაპარაკებდი, რომ არ მიმაჩნდეს ეს სწორად. დავაბალანსოთ ეს ყველაფერი. ცხოვრება ბალანსია, უნდა დაიჭირო ეს ბალანსი, რომ ოქროს შუალედი გააკეთო. მოსამზადებელი სამუშაოები რომ უნდა შესრულდეს, ამაში დარწმუნებული ვარ. მე კანონდარღვევები ვერ ვნახე. ამის მეტი არაფერი არ განხორციელდება, ვიდრე არ მოხდება დასკვნების დადასტურება. შეიძლება მომზადდეს გზა, ხიდისთვის საყრდენები, ადგილები ბანაკისთვის, სადაც მოსამსახურეები იცხოვრებენ“, - განაცხადა ლომინაძემ.

მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ კითხვები აქვთ ხელისუფლებასთან და პასუხები მთავრობამ უნდა გასცეს.

„სხვა რანგზე აწიეს ნამახვანჰესის საკითხი. ელჩები ჩაერივნენ, მინისტრები, რომლებიც კითხვებზე პასუხს ვერ გვცემენ და შეხვედრიდან გაიპარნენ. დღეს მოდის კომპანიის დირექტორი, რომელსაც ხელშეკრულებაც კი არ აქვს ბოლომდე წაკითხული. უნდა გადაწყვიტოს ის საკითხი, რისთვისაც ჩვენ 160 დღეა აქ ვდგავართ.

თქვენ არ ხართ ადრესატი. თქვენი აზრით, ბატონ ზეკი ქოჯა ოღლუს (კომპანიის თურქი დირექტორი) რატომ ვერ დავუსვამდით იგივე კითხვებს, რასაც თქვენ? იმიტომ, რომ არ იყო ადრესატი. იმ კაცს თუ ვეუბნებოდი - არ ხარ ადრესატი, დღეს თქვენ რომ მოგვევლინეთ, რატომ გახდებოდით? რადგან ქართველი ხართ?

ეს არის ზუსტად ქსენოფობია - ხელისუფლებამ გაუშვა თურქი და მოგიყვანა შენ, ქართველი. ჩვენ ამ ქმედებას კატეგორიულად ვემიჯნებით“, - უთხრა გოლეთიანმა ლომინაძეს.

საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, ლომინაძე კომპანიის ქართველ დირექტორად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. „კომპანია მოიწვევს ქართველ დირექტორს. ეს უნდა იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცდილი ენერგეტიკოსი, რომელიც მეტ ნდობას იწვევს საზოგადოებაში. უზრუნველყოფს სახელმწიფოს მეტ ჩართულობას მართვაში და მეტ კომუნიკაციას მოსახლეობასთან. მიადევნებს თვალყურს, რომ დასაქმებული პირების უფლებები და პირობები იყოს დაცული“, - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

რიონის ხეობის მცველების თქმით, ხელისუფლებამ რამდენი პოლიციელიც არ უნდა შეიყვანოს ხეობაში, ნამახვანჰესი მაინც ვერ აშენდება.  

28 თებერვალს და 14 მარტს, ქუთაისში, ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, მთავრობამ განაცხადა, რომ კომპანია არ დაიწყებს 105 მეტრიანი კაშხლის სამშენებლო სამუშაოებს, ვიდრე ზოგიერთი კვლევა სპეციალისტების მიერ არ გადამოწმდება. მთავრობამ რიონის ხეობის მცველებს შესთავაზა, ამ პროცესში მონაწილეობისთვის მათი ნდობით აღჭურვილი ექსპერტებიც წარადგინონ. ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო. რამდენიმე დღეა, რაც პროცესში საქართველოში თურქეთის და ნორვეგიის ელჩები ჩაერთვნენ. თურქეთის ელჩმა განაცხადა, რომ შემაშფოთებელია ანტითურქული ტონი და მისი ინტერესია, ინვესტორი თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ დისკრიმინაციას არ განიცდიდეს რელიგიური ან ეთნიკური მოტივით. ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკას“ 10 % წილი ნორვეგიულ კომპანია „ქლინ ენერჯის“ ეკუთვნის.

გუშინ, 2 აპრილს, თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 29 მარტს თქვა, რომ ნამახვანჰესი უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია, უნდა შეწყდეს ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკა და აჟიოტაჟი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში