საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გიგა ჩოხელი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პროექტით და სახელმწიფოს უარი მხარდაჭერაზე

22:56 - 20 აგვისტო 2019 hits 5208

„არა მგონია ბევრი მიზეზი სჭირდებოდეს აქეთ წამოსვლას. ხედავთ რა ბუნებაა, რა სუფთა ჰაერი, რა გარემოა. ბავშვობაში მთელ ზაფხულს აქ ვატარებდი. ჩემები აქ არიან - მეგობრები, ნათესავები. ერთიანობის განცდა მნიშვნელოვანია და აქ ბევრად კარგად ჩანს, ვიდრე თბილისში“.

27 წლის გიგა ჩოხელი წელიწადნახევარია რაც მასაჩუსეტსის შტატიდან საქართველოში დაბრუნდა. ბოსტონის საზოგადოებრივ კოლეჯში ფილოსოფია/კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებაზე სწავლობდა.

2018 წელს გაიარა სტარტაპ კომბინატორის სკოლის ონლაინ კურსი, ასევე მონაცემთა ანალიზის ტრენინგები ესპანეთში. მანამდე ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეუფლებოდა კომპიუტერულ მეცნიერებებს, თუმცა მერე არჩევანი შეცვალა და სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიაზე გააგრძელა. სწავლის პარალელურად მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, საქართველოს ბანკში და სხვა კერძო კომპანიებში მანქანური სწავლების ინჟინრად. არაერთი ჰაკათონის მონაწილე და გამარჯვებულია.

აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, საცხოვრებლად თბილისიდან ხადაში გადასვლა გადაწყვიტა. ამბობს, რომ თბილისში ცხოვრება მისთვის არასასიამოვნო ბევრი რამის გამო გახდა, თუმცა გამოყოფს ერთ მთავარ მიზეზს - დაბინძირებული ჰაერი:

„რეალურად თბილისში ცხოვრება საშიშია. პირველ რიგში, ძალიან ბევრი ავტომობილი, გამონაბოლქვი და ტყვიის შემცველობა, უკონტროლო რაოდენობის ტყვიაა საწვავში. ამას ემატება არც ისე სასიამოვნო საზოგადოებრივი ტრანსპორტი“.

მამით გუდამაყრელია, დედით მთიული. დედა ხადის ხეობის სოფელ ბენიან-ბეგონიდან ჰყავს. ხადა დუშეთის მუნიციპალიტეტშია, ზღვის დონიდან დაახლოებით 1700 მეტრზე.

„შინაგანი კავშირი მაქვს ამ ადგილთან - ადამიანები, ბავშვობის მოგონებები, სუფთა ჰაერი, გარემო. სამსახურში დისტანციურად ვმუშაობ. ადგილმდებარეობაზე შეზღუდვა, მიჯაჭვულობის მომენტი არ მაქვს. მუშაობის პროცეში ძალიან დიდი გონებრივი ენერგიაა საჭირო, გონებრივ ენერგიას კი სუფთა ჰაერი, ჟანგბადი სჭირდება. თბილისში ჟანგბადის დეფიციტიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში ჩემი პროდუქტიულობა ძალიან დაბლა მიდიოდა. მოთენთილობა, ძილის პროცესი და ა.შ. აქ ლაღად და კარგად ვარ“.

პროფესიას რაც შეეხება, გიგა ხელოვნური ინტელექტით კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტაზე მუშაობს.

გასულ წელს მძღოლის უსაფრთხოების სამეთვალყურეო სისტემის პროტოტიპი შეიმუშავა - ავტომობილში დამონტაჟებული კამერა მძღოლის თვალებს აკონტროლებს და თუ თვალები 2 წამის განმავლობაში დახუჭულ მდგომარეობაში დააფიქსირა, სისტემა ხმაურს იწყებს რომ მძღოლი გააღვიძოს.

„ძალიან ბევრ ადამიანს ეძინება საჭესთან გადაღლილობით თუ სხვა მიზეზით. სამწუხაროდ, ტრაგიკულად სრულდება ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ოდენობა. თუ შეგვიძლია ტექნოლოგია და ამ შემთხვევაში ხელოვნური ინტელექტი გამოყენებული იყოს თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად, ნამდვილად ღირს ამაზე მუშაობა“.

გიგამ პროექტის განსახორციელებლად „სტარტაპ საქართველოს“ მიმართა. დაფინანსებაზე უარი მიიღო. „ამ ეტაპზე მარტო ვმუშაობ. დაფინანსების შემთხვევაში გუნდს შევკრავდი. პროექტს სხვადასხვა მიმართულებით განვავითარებდით. შედეგს 3-4 თვეში დავდებდით“.

„სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი გიორგი ლომიძე განმარტავს, რომ კომისია იდეებს სამომავლო პერსპექტივის და კომერციალიზაციის შესაძლებლობებით აფასებს: „რადგან პროტოტიპიც არ იყო სრულყოფილ დონეზე, შესაბამისად არც გაყიდვის ბაზრები იყო იდენტიფიცირებული, კომიტეტის გადაწყვეტილებით აღნიშნული პროექტის დაფინანსება მაღალრისკიანად მივიჩნიეთ“.

გიგას ურჩიეს, განაცხადი grants.gov.ge-ზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში შეეტანა. ასეც მოიქცა. რამდენიმე დღის წინ იქიდანაც უარი უთხრეს. სააგენტოში განმარტეს, რომ განაცხადმა ტექნიკური შეფასების ეტაპი ვერ გაიარა.

საქართველოში ავარიიების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი საგანგაშოა. 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას 459 ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 10 წელიწადში 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 დაშავდა.

მოგვიანებით გიგამ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ნახა, რომ მისი იდეის მსგავსი პროექტის განხორციელებას სხვა ჯგუფი აპირებდა. პროექტზე საავტორო უფლების რეგისტრაციისთვის მან ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“ მიმართა და გადაწყვეტილებას ელოდება.

ბევრი საქმე აქვს, მაგრამ დრო მაინც გამონახა, რომ ცოდნა ხადის ხეობაში ზაფხულობითღა შემორჩენილ ახალგაზრდებს გაუზიაროს. მეგობრის სახლში ყოველ შაბათს, პირველ საათზე იკრიბებიან. ჯგუფში ერთი გოგო და სამი ბიჭია. გიგა მათ პროგრამირებას ასწავლის.

მთიულეთში ბევრი პრობლემაა, თუმცა ხადელებისთვის ახლა მთავარი ქვეშეთი-კობის 23 კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობის პროექტია, რომელიც ხადის ხეობაზე უნდა გაატარონ.

თბილისიდან წამოვედი იმის გამო, რომ ქალაქში გამონაბოლქვი იყო უზარმაზარი ოდენობით და ახლა, აქ, ჩემი სახლის გვერდით აპირებენ სატრანზიტო მაგისტრალის გაყვანას, რომელმაც დღიურად 5-დან-15 ათასამდე მანქანა უნდა გაატაროს. ეს კატასტროფაა ამ ხეობისთვის იმიტომ, რომ პატარა, ვიწრო ხეობაა. ამ ოდენობის გამონაბოლქვი არც ჯანმრთელი ჰაერის სუნთქვის საშუალებას მოგვცემს, არც ჯანმრთელი მოსავლის მოყვანის და ფაქტობრივად, ის ღირებულებები, რაც ამ ადგილს აქვს, განადგურდება, აღარ იქნება“.

ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტი 9 კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში თვითონვე უწერიათ, რომ გამოიწვევს უამრავ ეკოლოგიურ პრობლემას. გრუნტის წყლები დაიკარგება, რომლითაც სოფელ წკერესთან ავზებია გაკეთებული და ამ წყაროზეა დამოკიდებული 5-6 სოფელი. 4-5 წელი უნდა გაგრძელდეს გზის მშენებლობა, 150-მდე მძიმე ტექნიკამ უნდა იაროს. ამხელა სამუშაოებს ნამდვილად ვერ აიტანს ჩვენი ხეობა, მითუფრო რომ ხეობაში ათობით კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლია.

ახალი გზა შეიძლება გვჭირდება, მაგრამ ახალი გზის საჭიროება არ უნდა გულისხმობდეს კონკრეტული ხეობის მსხვერპლად შეწირვას, ხეობის მოსახლეობის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და მომავლის მსხვერპლად გაღებას“.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრის მხარდაჭერით, უახლოეს დღეებში, გიგა ახალგაზრდებთან ერთად მთიულეთის სათემო ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს. პირველი, რაზეც გიგა და ორგანიზაციის სხვა წევრები მუშაობას დაიწყებენ, სწორედ გზის პროექტია - უნდათ ქვეშეთი-კობის მაგისტრალის მშენებლობის მხარდამჭერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ხადის მოსახლეობის ხმა გააგონონ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში