საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სასაზღვრო პოლიცია ხევსურების გარეშე - რატომ იცლება მთა მცველებისგან?

17:32 - 10 ივნისი 2026 hits 585

სასაზღვრო პოლიცია დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის საზღვრისპირა სოფლებში დასაქმების ერთადერთი შესაძლებლობაა. ბარისახოს სამმართველო ხევსურეთში 72-კილომეტრიან პერიმეტრს იცავს. არხოტისა და შატილის მიმართულებით, 44 000 ჰექტარ დასაცავ ფართობზე დღეს სულ 12 ოჯახი ცხოვრობს. ხევსურები, რომლებიც ამ სტრუქტურის დაარსების დღიდან მესაზღვრეებად მუშაობდნენ, სამსახურიდან ერთმანეთის მიყოლებით გაუშვეს. ადრე სამმართველოს 186 თანამშრომლიდან 70 ადგილობრივი იყო, დღეს მათგან მხოლოდ 15 დარჩა.

სამი ხევსური, რომელიც არდოტის ბექიდან არემარეს ათვალიერებს, სასაზღვრო პოლიციაში წლების განმავლობაში მსახურობდა. დღეს ამინდზე, ფიჭვებზე, თუ ნიამორებზე სალაპარაკოდ დრო უამრავი აქვთ. სამივე მესაზღვრე სამსახურიდან დათხოვნილია.

საქართველოს სასაზღვრო სამსახური 1992 წელს შეიქმნა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს სტატუსი მიენიჭა. სამ წელიწადში ბარისახოს მე-6 სამმართველოც ჩამოყალიბდა, რომელიც ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვარს იცავს. თავდაპირველად იქ 6 ადგილობრივი მუშაობდა, მოტო-სამანევრო ჯგუფის და სპეცრაზმის ოფისები კი კარვებში იყო განთავსებული. მერე და მერე უკაცრიელი ხევსურეთი გაცოცხლდა და სასაზღვრო პოლიციაშიც უფრო მეტი ადგილობრივი ჩაირიცხა. მაშინ სახელმწიფო პოლიტიკაც კი ასეთი იყო: ხევსურეთში საცხოვრებლად დაბრუნება ფაქტობრივად დასაქმების პირობას ნიშნავდა.

ნიკო რომ ხევსურეთში დაბრუნდა, არდოტში 12 ბავშვი იყო. ახალგაზრდა ფილოლოგმა მათთვის სკოლა პირდაპირ ღია ცის ქვეშ გახსნა. თავადაც ღია ცის ქვეშ ეძინა და 40 დღის შემდეგ საკუთარი და სასკოლო თავშესაფარი აიშენა, სადაც მერხიც და მაგიდაც თვითონ შეჭედა. 1 წელი შატილის სკოლა ინტერნატშიც ასწავლა.

ხევსურეთისთვის სიცოცხლის დაბრუნება მთაში სასაზღვრო პოლიციის მუშაობის ირიბი სარგებელი იყო. პირდაპირი სიკეთე ამას თავად საზღვრის დაცვის საქმეში მოჰქონდა.

ადგილობრივებმა კარგად იციან რელიეფი, შეგუებულები არიან კლიმატსაც. რასაც სხვა ბინოკლითაც ვერ ამჩნევს, იქაურს შეუიარაღებელი თვალითაც არ გამოეპარება,  - რაც გუშინ არ იყო და დღეს გაჩნდა, უმნიშვნელო ცვლილებაც კი ჰორიზონტზე.

2012 წლიდან სასაზღვრო პოლიციაში პოლიტიკაც შეიცვალა და ხალხიც. წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ეგრეთწოდებული, სხვა კუთხის ხალხი ჩამოჰყავთ ხევსურეთის პერიმეტრის დასაცავად, სულ უფრო ნაკლები ადგილობრივი რჩება სასაზღვრო სამსახურში, არადა ერთ დროს ქვეყნის დასაცავად საკუთარი თოფებით მოსული ხალხი წლების განმავლობაში ატრენინგეს და მაღალი კლასის პროფესიონალებად ჩამოაყალიბეს.

ხევსურეთის პერიმეტრი არხოტისა და შატილის მხარეში 72 კილომეტრს მოიცავს. 44 000 ჰექტარ დასაცავ ფართობზე, საზღვრისპირა სოფლებში სულ 12 ოჯახი ცხოვრობს. თუ სამსახურიდან ადგილობრივების გათავისუფლების ტენდენცია გაგრძელდა, ეს რიცხვი კიდევ უფრო შემცირდება. დღეს ამ სამმართველოში 186 თანამშრომელია, აქედან მხოლოდ 15 ადგილობრივი. ადრე საერთო რიცხოვნობა იგივე იყო, ოღონდ მათ შორის 70-ზე მეტი იყო ხევსური.

სასაზღვრო პოლიციიდან ადგილობრივების გასათავისუფლებლად იყენებენ ყველა ფორმალურ მიზეზს, როგორიც არის, მაგალითად, ასაკი. და როცა ასეთიც კი არ არსებობს, არაფორმალურ მიდგომებს იყენებენ, როგორიც არის, შარის მოდება. სოსო ზვიადაურს, რომელმაც ორი ათწლეული გაატარა ამ ქვეყნის სამსახურში, 55 წლისას უთხრეს, დაბერდიო. ნიკო თავად აიძულეს, წამოსულიყო.

სამსახურიდან გაშვება არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი ოჯახის მთიდან აყრის ტოლფასია. ყოფილი და მოქმედი მესაზღვრეები, რომლებიც კონფიდენციალობის პირობით გვესაუბრნენ, ჰყვებიან, თუ როგორ იქცა წლების განმავლობაში ნაშენი სისტემა ნეპოტიზმისა და ფორმალური ზეწოლის მსხვერპლად.

„ანატორის სექტორის ყოფილ უფროსს, ლევან ზვიადაურს, რომელიც 2000 წლიდან ხელმძღვანელობდა სექტორს ჩეჩნეთის საზღვართან, მოსთხოვეს, ტროსები გაება სექტორთან ასასვლელ ბილიკზე, რომ ვინმე ხევში არ გადავარდნილიყო. გარდა ამისა, უჩივლეს, გვამუშავებსო. არადა, მთელი სექტორი მისი ხელით იყო აშენებული“;

„მსგავსი მიდგომა იყო სხვების მიმართაც. ხევსურებს უთვალთვალებდნენ, ეძებდნენ უმცირეს მიზეზს - დააგვიანა, დალია, რაღაც მოხდა... თუ გინდა, ადამიანს მიზეზს წუთში მოუძებნი. იბარებდნენ გენერალურ ინსპექციაში, უყვიროდნენ, აშინებდნენ, ემუქრებოდნენ. თუ გაიგებდნენ, რომ ვინმეს 90-იან წლებში ნანადირევი ჰქონდა, მაშინვე ათავისუფლებდნენ. აწერინებდნენ პატაკს და მუქარით აიძულებდნენ წასვლას“.

„ბარისახოს სამმართველოს ყოფილ უფროსს, გოგი ლიქოკელს 50-ზე მეტი ჯილდო ჰქონდა მიღებული (მათ შორის საომარი მოქმედებების თავიდან აცილებისთვის). გათავისუფლების დროს მაშინდელმა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ზურაბ გამეზარდაშვილმა უთხრა, „წადი და ვინც მოგცა, იმას უკან გაუკეთეო“.

„ახლა საზღვარზე ადგილობრივების ადგილი ნათესავებსა და დაცვის პოლიციიდან გადმოყვანილებს უკავიათ.

ბარისახოს სამმართველოს უფროსს ორი მოადგილე ჰყავს - არც ერთი არ ყოფილა საზღვარზე, არც შვეულმფრენში ჯდებიან. საზღვარი მარტო კედელზე დაკიდებულ რუკაზე აქვთ ნანახი“.

მანქანა რომ გაუჩერო გზაზე მიმავალ ხევსურს, 15-20 კილომეტრზე გააყოლო სოფლამდე, ბრძანებაა - არ გაუჩეროო. გამარჯობა არ უთხრა, ხელი არ ჩამოართვა, ეს ხომ არანორმალურია?“

„რამდენიმე კვირის წინ იყო შემთხვევა, სამმართველოს ხელმძღვანელმა პირებმა დაამცირეს ერთ-ერთი მესაზღვრე. პასუხის გაცემის მცდელობის შემდეგ კი განცხადება დააწერინეს სამსახურიდან წასვლაზე“.

„გაცილებით მეტს გააკეთებს 2 ადგილობრივი, ვიდრე ის 20 თუ მეტი მესაზღვრე, ვინც სექტორზეა“.

„სინამდვილეში, დღეს საზღვარი არ არსებობს. ვისაც უნდა, შემოვა, ვისაც უნდა – გავა. დამრღვევი ღამე მოდის, ნისლში, წვიმაში, როცა არც სენსორებია და არც მავთულხლართი. ვისაც უნდა შემოვა, ვისაც უნდა გავა. სხედან კარვებში ან შენობაში. როგორც კი შებნელდება, შედიან. ეგ დაცვა არ არის. ამ სოფლებშიც კი არ ამოსულან, სადაც თითო-ოროლა ადამიანი ჯერ კიდევ ვცხოვრობთ“.

„ადრე პოსტები ყველაზე რთულ, სტრატეგიულ წერტილებში იყო, ახლა კი სოფლის ძირში ჩამოიტანეს. მაგალითად, არხოტში, სოფელ ჭიმღასთან, სადაც ეუთო იდგა, პოსტი იყო. ახლა იქ არავინ დგას და ზემოთ რა ხდება, არავინ იცის. მონადირის ღელეზე, სადაც თოვლი რომ დადნება, ყველაზე მარტივად შეიძლება გადმოსვლა, ახლა არც პოსტია და არც მესაზღვრე. ის დამრღვევი გზა და გზა კი არ მოდის, ხელს კი არ დაგიქნევს, თოფს კი არ გაისვრის, აი, მოვდივარო, ღამით მოდის, ნისლში, წვიმაში, ისეთ ამინდში მოდის, როცა შენ მხედველობაც შეზღუდული გაქვს, სმენაც და განათება არ გაქვს“.

„ტურისტებს ითვლიან მუცოს ძირში და ხიდოტანზე. ადრე პოსტი იყო ხუროში. იქ ცოტა რთული მისადგომია, აღარ მოუნდათ და გადმოიტანეს ხიდოტანზე. მაგას საერთოდ დანიშნულება არ აქვს. საზღვრიდან შვეულმფრენით პირდაპირ 8 კილომეტრია იქამდე და ფეხით 2 დღე მაინც უნდა, რომ მიხვიდე“.

„აქედან გათავისუფლებული ბევრი მიდის საზღვარგარეთ, ბევრიც თბილისში, დაცვის პოლიციაში ეძებს სამსახურს. ბარისახოს სამმართველოს ყოფილი უფროსი მამუკა ლიქოკელიც თბილისში წავიდა. კობა ცისკარაული, ტერღის სექტორის უფროსიც გაათავისუფლეს. ტანიეს სექტორის უფროსს, გოგი არაბულს კი ასაკის მიზეზით აღარ გაუგრძელეს კონტრაქტი, მაიორია კაცი.

სასაზღვროდან რომ ათავისუფლებენ, ხევსურეთიდანაც მიდიან, ოჯახები რომ არჩინონ. ბარისახოს სკოლაში მხოლოდ 25 ბავშვი დარჩა, შატილში - ერთი მოსწავლე, ერთადერთი. ეს ტრაგედიაა ქვეყნის და ერის. აქ აღარავინ რჩება“.

ამ რეპორტაჟის გმირები გვიყვებიან, რომ ადრე მესაზღვრე ადგილობრივი მაცხოვრებლის ნუგეში იყო თვეობით ჩაკეტილ უგზო მხარეში, დღეს მესაზღვრეებს ადგილობრივებთან კომუნიკაციაც მკაცრად აკრძალული აქვთ. კარგად ახსოვთ,  ადრე ტექნოლოგიები არ არსებობდა. ეს ინსტიტუციაც რიგითი მესაზღვრის თვალზე, მუხლზე და გულზე იყო დამოკიდებული. დღეს სამმართველოს ხელმძღვნელობა საზღვარზე ნამყოფიც არ არის. გულის რა მოგახსენოთ, საზღვარი მხოლოდ გუგლის რუკაზე უნახავთ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროდან განმარტებების მიღების შემთხვევაში, „მთის ამბები“ მას მაშინვე ასახავს სტატიაში.  

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

თავში