ადგილობრივებმა საფრთხე მაშინ იეჭვეს, როცა მთებში მძიმე ტექნიკის აქტიურობა შეამჩნიეს. მუნიციპალიტეტის მერიას პასუხი არ ჰქონდა, სიმართლე კი დრონით გადაღებულმა კადრებმა გამოააშკარავა: მიუვალ მთაზე სამუშაოები იყო გაჩაღებული. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ცხელ ხაზზე შეშფოთებულ მოსახლეობას განუმარტეს, რომ საქმე ლიცენზირებულ საქმიანობას ეხება და სანერვიულო არაფერია.
ექვსმა სოფელმა სახალხო კრება მოიწვია. მათი მოთხოვნები კატეგორიულია: სამუშაოები დაუყოვნებლივ შეჩერდეს, ლიცენზია გაუქმდეს და დარბაზის ხეობაში წიაღისეულის მოპოვება სამუდამოდ აიკრძალოს.
მოსახლეობისთვის ეს ბრძოლა გადარჩენის ტოლფასია. „არემჯის“ კარიერები ჰექტრობით საძოვრებს ყლაპავს, მესაქონლეობა კი აქაურების მთავარი შემოსავალია.
„რიგითმა ადამიანმა რომ ხე მოჭრას, აჯარიმებენ. ესენი კი პირწმინდად ჩეხავენ და არაფერი. 46 წელია ამ საქმეს ვაკეთებ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი რძის პროდუქტებია - ყველი, კარაქი. ჰაერს აბინძურებენ და ბუნებას ანადგურებენ. ამ მთის იქით გადასვლა უკვე შეუძლებელია, ყველაფერი იმათ აქვთ დაკავებული“, - ამბობს ადგილობრივი ალმაზ ნასიბოვი. აბდაქარ ყურბანოვი კი დასძენს: „სოფელში 800-1000 მსხვილფეხა საქონელი იყო, წელს 250-მდე შემცირდა. საძოვრები აღარ არსებობს“.
ადგილობრივები იხსენებენ, როგორ იღებდნენ მიწიდან უძველეს არქეოლოგიურ ნივთებსა და ადამიანების ძვლებს, რომლებსაც კარიერების გაფართოებისას უდიერად ეპყრობოდნენ. „უამრავი საფლავი გაითხარა. ძვლებს ცელოფნის პარკებში ყრიდნენ და ისე გაჰქონდათ. სადაც ქარხანაა, იქ ჩიტებიც კი არ დაფრინავენ“, - ჰყვებიან სოფლის მკვიდრნი.
სასაფლაოს გათხრა და ყველა ის საქმიანობა, რაც „არემჯის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ ხორციელდება, ახალი ტერიტორიების ძებნა-ძიებას ემსახურება - იმის განსაზღვრას, რამდენი ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ამოღებას მოახერხებენ ახალი საბადოდან ყოველწლიურად.
ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იქ ფერადი ლითონების მოპოვება დროებით მაინც შეაჩერა არქეოლოგიური ზონის შენარჩუნების მიზნით.
მომწამვლელი ჯაჭვი
„არემჯის“ მრავალწლიანმა სამთო-მოპოვებითმა საქმიანობამ ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში უმძიმესი ეკოლოგიური კრიზისი გამოიწვია. ექსპერტები ქვემო ქართლში განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ „ეკოციდს“ უწოდებენ. ოქროს, ვერცხლის და სპილენძის მოპოვების პროცესში საწარმოო წყლები წლების განმავლობაში პირდაპირ მაშავერაში, კაზრეთულასა და ფოლადაურში ჩაედინებოდა. ამ მდინარეებით ირწყვება ქვემო ქართლის სავარგულები.
გერმანელი და ქართველი მეცნიერების 2001-2011 წლების კვლევებით დადასტურდა, რომ საწარმოო ტერიტორია მძიმე მეტალებითაა დაბინძურებული. ტოქსინების მომეტებული მაჩვენებელი 15 დასახელების ბოსტნეულში გამოვლინდა, რაც იქაურ ისპანახს, კომბოსტოს, სალათის ფოთოლსა და სხვა მოსავალს ევროკავშირის სტანდარტებით, საკვებად უვარგისს ხდის.
2017 წელს თსუ-ს ფიზიკის ინსტიტუტის კვლევამ კი აჩვენა, რომ ნიადაგში ტყვიის შემცველობა 2014 წელთან შედარებით საგანგაშოდ გაიზარდა. ტყვიის ძალზე დიდი შემცველობები კარიერთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებებში დაფიქსირდა.
სამთო-მოპოვებითი საქმიანობის უარყოფითი გავლენა რეგიონის ფარგლებს შორს სცდება. იქ მოწეული მოსავლით სეზონზე ნახევარი საქართველო იკვებება.
მავნე ქიმიკატების შემცველ პროდუქტსა და კარიერიდან კილომეტრებზე გავრცელებულ დაბინძურებულ ჰაერს უკავშირებენ ონკოლოგიური დაავადებების სიმრავლეს რეგიონში. ქვემო ქართლი სიმსივნის გავრცელების ერთ-ერთ ეპიცენტრად მიიჩნევა.
ყველაზე მძიმე ფასს ბავშვები იხდიან: 2015 წელს ბოლნისა და დმანისის სოფლებში გამოკვლეული 46 მცირეწლოვნიდან ყოველ მესამეს სისხლში ტყვიის საშიში კონცენტრაცია აღმოაჩნდა.
მეცნიერთა გაფრთხილებით, მძიმე მეტალები ნიადაგში 300 წელიც კი რჩება, ხოლო ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნას მინიმუმ 30 წელი სჭირდება.
სისხლში ტყვიის შემცველობა უკიდურესად საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისთვის, რადგან აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იწვევს ინტელექტუალური განვითარების შეფერხებას, მეხსიერებისა და კონცენტრაციის პრობლემებს, ქცევით აშლილობებს, ზრდაში ჩამორჩენასა და სმენის დაქვეითებას. ტყვიის მაღალი კონცენტრაცია მძიმე შემთხვევებში შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.
კომპანია მადანს ღია კარიერული და მიწისქვეშა შახტური მეთოდებით მოიპოვებს. ორივე შემთხვევაში, ტერიტორიის მასშტაბური აფეთქება და ბურღვა ჰაერში მომწამვლელ აეროზოლებს გამოყოფს, რომლებიც შემდგომ ნიადაგში ილექება და მცენარეების მეშვეობით ცოცხალ ორგანიზმებში ხვდება.
ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც ხელმისაწვდომია, სახელმწიფო უწყებებმა 2018 წელს მოამზადეს. დოკუმენტმა დაადასტურა ტყვიის, კადმიუმის, თუთიისა და სპილენძის განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია. საყდრისის საბადოსთან ახლოს მდებარე სოფელ ბალიჭში, ნიადაგში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმას 300%-ით აღემატებოდა. ექსპერიმენტის ფარგლებში იქ დათესილ შაქრის ჭარხალში ტყვიის დონე ზღვრულად დასაშვებზე 30-ჯერ მაღალი აღმოჩნდა. ოფიციალური დასკვნებით პირდაპირ დასტურდება, რომ ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ტყვიის მატების მაღალი ტენდენცია სწორედ „არემჯის“ სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგია.
ვის მიაქვს ქართული ოქრო? - რუსული კაპიტალი და პუტინთან კავშირები
ეს ეკოლოგიური კრიზისი მხოლოდ „არემჯის“ პასუხისმგებლობა არ არის - ეს სახელმწიფოს მიერ წლების განმავლობაში გატარებული მიზანმიმართული პოლიტიკის, გულგრილობისა და კანონმდებლობის კომპანიაზე მორგების შედეგია. გარემოსდაცვითი რეგულაციების სისტემურმა შესუსტებამ და კონტროლის მექანიზმების მოშლამ, რომელიც 2004 წლიდან დაიწყო, კომპანიას ფაქტობრივად ხელ-ფეხი გაუხსნა.
2005 წელს განხორციელდა შპს „კვარციტის“ და სს „მადნეულის“ პრივატიზაცია, რის შედეგადაც მათი მესაკუთრე გახდა რუსული „პრომიშლენი ინვესტორის“ შვილობილი კომპანია − „სთენთონ იქვითიზ ქორფორეიშენს“, რომელიც ოფშორულ ზონაში, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე იყო რეგისტრირებული. 2007 წელს „მადნეულის“ და „კვარციტის“ წილები რუსულ „ჯეოპრომაინინგზე“ გასხვისდა.
ამ პერიოდში (2005 წლიდან), რუსეთიდან ჩამოსულმა კობა ნაყოფიამ, რომელიც საქართველოში დაბრუნებამდე სწორედ აღნიშნული რუსული ჰოლდინგის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, სს „მადნეულისა“ და შპს „კვარციტის“ გენერალური დირექტორის პოზიცია დაიკავა. 2008 წლიდან ნაყოფია საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
სახელმწიფოს მფარველობის კულმინაცია 2012 წლის მაისში ვიხილეთ, როდესაც მთავრობამ უპრეცედენტო აქტი გამოსცა: „მადნეულისა“ და „კვარციტის“ მოთხოვნით, კომპანიებს 13 მილიონი ლარის სანაცვლოდ სრულად ეპატიათ 18 წლის განმავლობაში (1994–2012) ჩადენილი ყველა გარემოსდაცვითი დანაშაული. ამ გარიგებამ კომპანია ყველა პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე დატოვა. ამის შემდეგ, 2012 წელს სს „მადნეული“ და შპს „კვარციტი“ რუსულმა კომპანიამ „კაპიტალ ჯგუფმა“ იყიდა . „კვარციტს“ ეწოდა „RMG Gold“, ხოლო „მადნეულს“ − „RMG Copper“.
მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მსგავსი გარიგებები არაკონსტიტუციურად ცნო, გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, სახელმწიფო შემოწმებით ოფიციალურად დადასტურდა, რომ „RMG Gold“-მა მიწის დეგრადაციით გარემოს 29 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიაყენა, ხოლო „RMG Copper“-მა კაზრეთულაში მჟავე წყლების ჩაღვრით, მილიონ ლარზე მეტი.
აღსანიშნავია, რომ RMG ჯგუფში შემავალი სს „ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის“ გენერალური დირექტორი 2015-2016 წლებში კახაბერ კუჭავა იყო, რომელიც 2016 წელს ჯერ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა, მერე კი პარლამენტის თავმჯდომარედ.
კიდევ უფრო საგულისხმოა ვახტანგ ფარესიშვილის მაგალითი, რომელიც 2014-2017 წლებში RMG ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და რამდენიმე კომპანიის დირექტორი იყო, 2018 წლიდან კი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა, სადაც 2025 წლის აგვისტომდე იმუშავა. ამ ფაქტებიდან ჩანს, რამდენად ხშირი და კანონზომიერი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თუ მასთან დაახლოებულ პირთა მჭიდრო კავშირი კომპანიის მენეჯმენტთან.
დღეს RMG-ის ოფშორული სტრუქტურები „მაინინგ ინვესთმენთმა“ ჩაანაცვლა, თუმცა მმართველ რგოლში კვლავ რუსეთის მოქალაქეები დმიტრი ტროიცკი, დმიტრი კორჟევი და ირინა ნიკიფოროვა სხედან.
ტროიცკი და კორჟევი ვლადიმერ პუტინთან ერთად ბანკ „სანკტ პეტერბურგის“ აქციონერები იყვნენ 2009 წლამდე.

ის, რასაც ახლა უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ეკონომიკურ სიკეთედ“ ასაღებს, სინამდვილეში რუსი ოლიგარქების გამდიდრებას ემსახურება:
RMG ჯგუფს კოლოსალური შემოსავლები აქვს - საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემებით, 2024 წელს RMG ჯგუფის წმინდა მოგებამ 310 მილიონ ლარს გადააჭარბა. ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის „არ ემ ჯი გოლდის“ საერთო მოგებამ 105.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით გაორმაგებული შედეგია. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მხოლოდ ოქროს რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 197.8 მილიონიდან 261.2 მილიონ ლარამდე მოიმატა, რაც გლობალურ ბაზარზე ოქროს ფასების ზრდითაა განპირობებული.
იმ ფონზე, როდესაც კომპანია ასეთ მასშტაბურ მოგებას აღრიცხავს, ბოლნისის 2026 წლის 40-მილიონიან ბიუჯეტში, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის (ხრეშის, ქვიშის, მადნეულის და სხვა წიაღის მოპოვების) გადასახდელი მოსაკრებელი მხოლოდ 10.5 მილიონია, ხოლო დმანისის 29-მილიონიან ბიუჯეტში ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 2 მილიონი ლარია (წლიური შემოსავლების მხოლოდ 7.2%).
ლიცენზიის დანაწევრება
„არემჯის“ ლიცენზია, რომელიც 2011 წლიდან მოქმედებს, საქართველოს ტერიტორიის 2.69%-ს, 187 823 ჰექტარს მოიცავს ბოლნისის, დმანისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.
ნაცვლად იმისა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) მთლიან სალიცენზიო არეალზე ჩატარდეს, რაც სახელმწიფოს ჯამური კუმულაციური ზიანის დანახვის საშუალებას მისცემდა, კომპანია საქმიანობის ხელოვნურად დანაწევრების პრაქტიკას მიმართავს. ისინი ნებართვებს ითხოვენ მხოლოდ მცირე, 10–15 ჰექტრიან მონაკვეთებზე.
„ეს კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, დამალოს პროექტის სრული ეკოლოგიური ზიანი, დაზოგოს ხარჯები და ერთბაშად არ გამოიწვიოს მოსახლეობის დიდი წინააღმდეგობა. გზშ-ის პროცედურა უნდა გაიაროს საბადოს მთლიანმა ტერიტორიამ და არა მისმა ნაწილმა“, - აცხადებს „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე.
იგივე სქემა მზადდება დარბაზის ხეობისთვისაც - თავდაპირველად კვლევა შედარებით მცირე მონაკვეთზე, ხოლო შემდგომ მთელი ტერიტორიის ნაწილ-ნაწილ გადაყლაპვა.
„სამშობლო ვაჭრობის საგანი არ არის“
ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში „არემჯი“, ფაქტობრივად, საკუთარ „პატრულს“ ამუშავებს, რომელიც ადამიანების გადაადგილებასაც კი აკონტროლებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კომპანიას არაფერში ზღუდავს, სანაცვლოდ კი შეუზღუდავ პოლიტიკურ ლოიალობას იღებს.
„სამართლიანი არჩევნების“ ყოფილი დამკვირვებელი, ლაშა ჩხვიმიანი იხსენებს, რომ გასულ არჩევნებში, მის მშობლიურ ქალაქში, დმანისში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ კომპანიამ აგიტაცია პარტიაზე ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ მაისიდან მოსახლეობას სამუშაო ადგილებს სთავაზობდნენ ხმის მიცემის სანაცვლოდ. მერე ყველაფერი ჟანრის კლასიკის მიხედვით მოხდა - ვინც დუმს, მუშაობს, ვინც მუშაობს, დუმს.
ხეირი, რომელიც ქვემო ქართლისთვის „არემჯის“ მოაქვს, ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ეკონომიკური განვითარება და სოციალური პროექტებია. მოსახლეობის დაყოლიება და პროტესტის ჩახშობაც ამ არგუმენტით იწყება, - აი, გაიხსნება კარიერი და ავაშენებთ საბავშვო ბაღს.
თუმცა, დარბაზის ხეობის მკვიდრი, სამოქალაქო აქტივისტი რაბილ ისმაილი ამბობს, რომ ეს დაპირებები რეალობას აცდენილია: „სადაც შედის კომპანია, იქ ცხოვრება იკარგება. მუშევანსა და ბერთაკარში ოქროს, ვერცხლსა და სპილენძს მოიპოვებენ, მაგრამ სოფლებს დღემდე არ აქვს საბავშვო ბაღი, გაზი, სასმელი წყალი, წესიერი სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს სისტემური ჩაგვრაა - მიზანმიმართულად ტოვებენ სოფლებს სერვისების, ინფრასტრუქტურის გარეშე, რათა მოსახლეობა გაიქცეს და კარიერების გახსნას წინაღმდეგობა ვერავინ გაუწიოს“.
ისმაილი ხაზს უსვამს, რომ რაც უნდა შესთავაზონ, სოფლის განადგურების ფასად არაფერზე დათანხმდებიან: „ვიღაცები ცდილობენ გავლენის მოხდენას, რომ სოციალური ფონდი შეიქმნება ან საბავშვო ბაღს აგვიშენებენ, მაგრამ რასაც არ უნდა დაგვპირდნენ, აეროპორტს აგიშენებთო რომ გვითხრან, მათი არანაირი შეთავაზება არ ღირს ჩვენი სოფლის განადგურებად“.
დარბაზის ხეობის პროტესტი ახირებას რომ არ მივაწეროთ, რაბილ ისმაილი მუშევანის მაგალითს იშველიებს. კარიერი იქ 2022 წელს გაიხსნა. ესეც ის სოფელია, ოქროზე რომ ცხოვრობს - გაზის, წყლის, საბავშვო ბაღისა და ტრანსპორტის გარეშე:
„7-თვიანი პროტესტი სხვადასხვა უწყების ზეწოლით ჩაახშეს, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირეს. შიში ყოველდღიური ყოფის ნაწილია აქ. ადგილობრივებმა კომპანიასთან მოლაპარაკებაზე თანხმობა მხოლოდ იმ პირობით განაცხადეს, რომ სამუშაოებს დასახლებულ პუნქტს არ მიუახლოებდნენ, თუმცა წელს უკვე 7,5 ჰექტრით გაფართოებას და სახლებთან უშუალო მიახლოებას გეგმავენ. ბერთაკარი თითქმის დაცლილია. იქ მაღარო მუშაობს. თავის დროზე ჰპირდებოდნენ, რომ არანაირი საფრთხე არ შეექმნებოდა მოსახლეობას, მაგრამ სახლები ინგრევა. 70-მდე სახლია და მხოლოდ 25-მდე ოჯახია დარჩენილი. ისინი კომპანიაზე არიან დამოკიდებულნი“.
საპირისპირო მაგალითად რაბილი სოფელ გეტას ასახელებს, სადაც 2023 წელს მოსახლეობამ ერთიანობით შეძლო 96 ჰექტარი ტყის გადარჩენა და კუდსაცავის მშენებლობის აღკვეთა. მადნის დაქუცმაცებისა და ოქროს ამოღების (ხშირად ციანიდით ან სხვა ქიმიური ხსნარებით გარეცხვის) შემდეგ რჩება ფხვნილისებრი მასა, რომელსაც კუდები ეწოდება. ეს ნარჩენი ხშირად თხევადი ან ლამიანი კონსისტენციისაა. კუდსაცავები სამთო-მომპოვებელი მრეწველობის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ობიექტია.
„ახლა დარბაზის ჯერია. ჩვენ აქ ბევრნი ვართ და არავის მივცემთ სოფლის განადგურების უფლებას. ხალხს უნდა წესიერი ცხოვრება, არა ის მშვიდობა, რასაც პოლიტიკოსების მხრიდან ვისმენთ, არამედ რეალური მშვიდობა გვინდა. ეს არის მომავლის გაქრობა, რაც აქ ხდება“, - ამბობს რაბილი.
კატეგორიულია ნაშირ ორდუხანოვიც: „ჩვენი სამშობლო ვაჭრობის საგანი არ არის. ადამიანების ჯანმრთელობას ვერაფრით ავანაზღაურებთ. სვანეთის ჰესებიდან პანკისის პროცესებამდე ყველგან ვგულშემატკივრობდი ხალხს, რადგან ვიცი, რას ნიშნავს, როცა მიწას გართმევენ. ეს არ არის მარტო ჩემი და ჩვენი სოფლის პრობლემა. ეს არის ყველას პრობლემა იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი სამშობლოა“, - ამბობს ის.
მისივე თქმით, დაგეგმილი საწარმოო ტერიტორია დასახლებიდან 500-600 მეტრშია, რაც ბოლნისის მერიის განცხადებას (სოფლიდან 2 კმ-ის დაშორება) აბსურდულს ხდის. „ქარი მტვერსა და მძიმე მეტალებს ბევრად შორს წაიღებს. ჩვენ ხმაურზე კი არა, ბუნების განადგურებაზე გვაქვს პრეტენზია“.
ბოლნისის მერიამ პროტესტს 7 მაისს უპასუხა და განაცხადა, რომ ტერიტორიაზე მხოლოდ „ძებნა-ძიებითი სამუშაოები“ მიმდინარეობს და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა არ არსებობს.
დარბაზის ხეობაში მასობრივი პროტესტის შემდეგ, კომპანიამ შეაჩერა მუშაობა და ტექნიკა გაიყვანა, თუმცა ადგილობრივები ამას საკმარის გარანტიად არ მიიჩნევენ. ისინი პასუხს არა კერძო კომპანია „არემჯის“, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს სთხოვენ, რომლებიც, მათი აზრით, პირდაპირ ემსახურებიან რუსი მილიარდერების ინტერესებს.
თუმცა, თავად კომპანია სხვაგვარად ხედავს პროცესებს. „მსგავსი სამუშაოები, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სტანდარტულად 2-3 წელი გრძელდება, ამიტომ ახლო მომავალში აქ წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების დაწყება არ განიხილება“, – ვკითხულობთ „არემჯის“ მიერ „საქართველოს ამბებისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში. კომპანია ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობა აღნიშნულ ეტაპზე საჯარო განხილვებს არ ავალდებულებს, მოსახლეობასთან შეხვედრას კი გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოსაპოვებლად მოგვიანებით გამართავენ. ოქროს მომპოვებლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეს კომუნიკაცია ძველებურად უპრობლემოდ ჩაივლის, რამდენადაც, როგორც წერილშია აღნიშნული, „აღნიშნული პროცესი, როგორც წესი, სრულდება სოფელთან მრავალწლიანი მემორანდუმის გაფორმებით“.