იხსენებს ნაზის განსაკუთრებულ სითამამეს - როგორ ჩაწერა ინტერვიუ პატრიარქთან მაშინ, როცა ეკლესიაში შესვლასაც ვერავინ ბედავდა; როგორ აიჭრა სცენაზე ჩარგალში „ვაჟაობის“ დღესასწაულზე და როგორ გამოსტაცა მიკროფონი რაიკომის მდივანს, რათა სიმართლე ეთქვა.
ბელა წვერაძე იმ შემზარავი დღეების მოწმეა, როცა ნაზი შამანაური დედასთან ერთად პირდაპირ სცენიდან ჩასვეს მილიციის მანქანაში და ასათიანზე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს. „აღარც მოიყვანეს, მკვდარი დააბრუნეს“
- ამბობს ის და ახლაც უკვირს, როგორ ვერ იცნო რამდენიმე თვის უნახავი მეგობარი პანაშვიდზე - სრულიად გაჭაღარავებული, ნაწამები ქალი.
დღეს, როცა 85 წლის ფრანგული ენის სპეციალისტი, მთარგმნელი, ჟურნალისტი ბელა წვერაძე რუსთაველის გამზირზე მომიტინგე ახალგაზრდებს უყურებს, მათში კვლავ ნაზი შამანაურს ხედავს. მისთვის ეს წარსულში დაბრუნების წინააღმდეგ ბრძოლაა. ის გაოგნებულია, რომ ერთი ტირანიისგან თავდაღწეული ქვეყანა იგივე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ასაკისა, არ აპირებს გაჩუმებას, რადგან კარგად ახსოვს, რა ფასი აქვს თავისუფლებისთვის შეწირულ სიცოცხლეს.