საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ჭიათურაში აქციის სამ მონაწილეს ბრალი წაუყენეს, სასჯელი 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:42 - 01 აგვისტო 2024 hits 2218

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციის სამ მონაწილეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებაში. სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი სასჯელის სახით ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი ნეფარიძის, რომან მეგრელიშვილის და მალხაზ ლაბაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს საჩხერის რაიონული სასამარლო დღეს განიხილავს. სხდომა 17:00 საათზე გაიმართება.

არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. როგორც სამოქალაქო ცენტრის ადვოკატმა ვლადიმერ ქუთათელაძემ „მთის ამბებს“ უთხრა, ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ, პროკურატურა კი თითოეულისთვის 2000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს.

„პოლიცია იყენებს რეპრესიულ ღონისძიებებს, რომ ეს აქცია შეწყდეს“, - აღნიშნა ადვოკატმა.

„2024 წლის მარტის თვიდან გიორგი ნეფარიძეს, მალხაზ ლაბაძეს და რომან მეგრელიშვილს, სხვა პირებთან ერთად, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით, პიკეტირებული აქვთ შპს „მაღაროელი“-ს კუთვნილი კოროხნალისა და შუქრუთის მიწისქვეშა მაღაროები. კერძოდ, ისინი იმყოფებიან მაღაროების შესასვლელების წინ და მათში მომუშავე მუშა-მოსამსახურეებს არ აძლევენ მაღაროებში შესვლისა და მუშაობის საშუალებას. 2024 წლის 21 ივლისს, 07:25 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში, გიორგი ნეფარიძემ, მალხაზი ლაბაძემ და რომან მეგრელიშვილმა შუქრუთის მაღაროს სავენტილაციო შენობის ეზოდან, სავენტილაციო სისტემის მართვის მემანქანის გამოსვლის შემდეგ, ლითონის მავთულით, ჯაჭვით და ბოქლომით ჩაკეტეს ტერიტორიაზე შესასვლელი ლითონის კარი, რითაც ახალ ცვლაში მომუშავე მორიგე-მემანქანეს არ მისცეს შენობაში შესვლის საშუალება, რაც 2024 წლის 31 ივლისამდე გრძელდება.

აღნიშნული ქმედებით, მათ განზრახ შეაფერხეს მიწისქვეშა მაღაროების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სავენტილაციო სისტემის მუშაობა, რამაც შედეგად შესაძლოა გამოიწვიოს მაღაროებში სამაგრი მასალის ლპობა, ელექტრო დანადგარების დაზიანება, სამთო მასების ჩამოქცევა და მთლიანი მიწისქვეშა მაღაროების პარალიზება“, - ნათქვამია ბრალდების დადგენილებაში.

რომან მეგრელიშვილი, რომელსაც მაღაროში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ კოროხნალის მაღაროსთან მდებარე სავენტილაციო სისტემას, მაღაროდან, იქ აფეთქებების ან მადნის მოპოვების დროს დაგროვილი დაბინძურებული ჰაერი გარეთ გამოაქვს. ახლა კი, როცა მაღარო არ ფუნქციონირებს, ვენტილაციის გამორთვა საფრთხეს არავის უქმნის. გვირაბის ის ნაწილიც, რომელსაც ეს სისტემა ემსახურება, ბეტონის არის და შესაბამისად, სამაგრი მასალის ლპობასაც არ გამოიწვევს.

„ეს მიზეზი მხოლოდ ამ აბსურდული ბრალის წარსადგენად დასჭირდათ. მიზანი აქვთ, რომ ეს აქცია დაშალონ და აქ აღარ ვიდგეთ“, - აღნიშნავს რომან მეგრელიშვილი.

საქმის მასალების მიხედვით, „ჯორჯიან მანგანეზის“ კუთვნილი მაღაროს მუშაობის შეფერხების ფაქტზე ჭიათურის პოლიციაში გამოძიება 2024 წლის 14 მარტს დაიწყო. გამომძიებელმა სავენტილაციო სისტემის მემანქანეები გამოკითხა, რომლებიც ჩვენებებში მიუთითებენ, რომ აქციის მონაწილე ქალებმა ისინი გააფრთხილეს, ვენტილაცია აღარ ჩაერთოთ, რადგან მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე უწყვეტი აქციის გამართვას აპირებდნენ.

„დილით, ერთი საათით ვთიშავთ ვენტილაცია, მისი გაგრილების მიზნით. ამ დროს ჩემთან მოვიდა ერთ-ერთი ქალბატონი, სოფელ შუქრუთში ცხოვრობს, მისი სახელი და გვარი არ ვიცი. კატეგორიული ტონით მითხრა, რომ ვენტილაციას არ ჩართავ, რადგან ჩვენ გაფიცვას და აქციას ვაწყობთო. მის მახლობლად იმყოფებოდნენ სხვა ქალები და კაცებიც, მაგრამ ეს ქალბატონი ყველაზე მეტად აქტიურობდა. მე არაფერი მითქვამს, არც დავთანხმდი, არც შევეწინააღმდეგე. შუქრუთის მაღაროს დისპეტჩერს ვაცნობე, რომ ასეთი ამბავი იყო“, - აღნიშნავს 14 მარტით დათარიღებულ ჩვენებაში ლელა ჩაჩანიძე.

გამომძიებელმა აქციის რამდენიმე მონაწილე, მათ შორის, ვერა კუპატაძე, გამოკითხვის მიზნით პოლიციაში დაიბარა, თუმცა შუქრუთის მცხოვრებლებმა თქვეს, რომ ჩვენებას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცემდნენ. გამომძიებელს ისინი სასამართლოში აღარ გამოუკითხავს.

4 თვის განმავლობაში, 21 ივლისამდე, გამოძიებას აღარაფერი გაუკეთებია. 21 ივლისს, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიის - შპს „მაღაროელის“ დირექტორის თანაშემწემ, კონსტანტინე ვაშაძემ პოლიციას აცნობა, რომ შუქრუთის მაღაროზე კოროხნალის სავენტილაციო სისტემა გამორთეს, რის გამოც საფრთხის ქვეშ არიან ადამიანები. სინამდვილეში, ამ დროისთვის გვირაბში არცერთი მაღაროელი არ იმყოფებოდა და არავის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებია. 20 ივლისს, კომპანია ცდილობდა მაღაროს ტერიტორიაზე თანამშრომლების ნაწილი შეეყვანა. ამისათვის აქციის ადგილზე სხვა მოქალაქეებიც მიიყვანეს, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ, თუმცა აქცია მაინც არ შეწყდა.

142 დღეა შუქრუთში მცხოვრები 30-ზე მეტი ოჯახი კოროხნალის მაღაროსთან არის შეკრებილი. მათ ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - კომპანიამ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და არა თავის აუდიტს, დაათვლევინოს მანგანუმის მოპოვების შედეგად ამ მოსახლეებისთვის მიყენებული ზიანი და შესაბამისად აუნაზღაუროს. კომპანიას რამდენიმე ოჯახისთვის გარკვეული თანხა გადახდილი აქვს ავანსის სახით, თუმცა ექსპერტიზის ბიუროს შეფასების გარეშე. იმის პირობა, რომ ადგილობრივებისთვის მიყენებულ ზიანს სამხარაულის ბიუროს ექსპერტებს შეაფასებინებდა, კომპანიამ ჯერ კიდევ 2021 წელს დადო, როცა შუქრუთის იგივე მცხოვრებლებმა ხანგრძლივი აქციის შემდეგ პირი ამოიკერეს. აქციის მონაწილის, გიორგი ნეფარიძის ინფორმაციით, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები მაშინ შუქრუთში მართლაც იმყოფებოდნენ, დასკვნაც მოამზადეს, მაგრამ „ჯორჯიან მანგანეზი“ დოკუმენტს არ ასაჯაროებს. ნეფარიძის ვარაუდით, დასკვნაში აღწერილი ზარალი და საკომპენსაციო თანხის ოდენობა ბევრად აღემატება კომპანიის აუდიტის მიერ განსაზღვრულ ზარალს და „ჯორჯიან მანგანეზი“ დასკვნას ამიტომაც მალავს. აქციის მონაწილეებმა დასკვნის გადაცემა ექსპერტიზის ბიუროსაც მოსთხოვეს, თუმცა უარი მიიღეს იმ განმარტებით, რომ დოკუმენტი მხოლოდ დამკვეთისთვის არის ხელმისაწვდომი. აქციის რამდენიმე მონაწილე „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებმა სამსახურიდან გაათავისუფლეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში