საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„იქ რაც მოხდა, არა მგონია, რომ დაუყოვნებლივ რეაგირებას აზრი ჰქონოდა. ვინც გადარჩა, გადარჩა“

19:29 - 08 აგვისტო 2023 hits 6508

„ვინც არ დაფარულა [ტალახით], ყველა გადარჩა იქ ხომ. არცერთი ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელიც მაგალითად მოგვიანებით და რამდენიმე საათის მოგვიანებით აღმოჩენილიყო დაღუპული. გამოვრიცხავ მე პირადად, გულწრფელად, რომ გითხრათ ვერ ვხედავ ახსნას, როგორ შეიძლება ეს არგუმენტირებული იყოს, რომ მაგალითად 15 წუთში დაიწყებდი თუ ერთ საათში ძებნას, იმ მასის გათვალისწინებით, ამას რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა პერსპექტივების თვალსაზრისით. ვინც იმ წუთას იყო, ისეთ ადგილას სადაც ამ მასამ არ დაფარა, ისეთი ადამიანი გადარჩა, გამიგეთ?“, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით.

„თქვენ რომ გქონდეთ შემთხვევა, რომ მაგალითად იქ მატულობდა დროთა განმავლობაში რაღაცა მასა და მომენტალურად რაც არ ჩამოწვა, ამ შემთხვევაში აზრი ექნებოდა ამ ლაპარაკს. მაგრამ ასე ხომ ნამდვილად აზრი არ აქვს,

იქ რაც მოხდა იმ წუთებში, მე არ მგონია, რომ დაუყოვნებლივ რეაგირებას აზრი ჰქონოდა, რომელიმე ადამიანის...“, - აღნიშნა დეპუტატმა.

რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე 3 აგვისტოს მოვარდნილმა გლაციალურმა ღვარცოფმა კურორტი თითქმის მთლიანად გაანადგურა, ამ დროისთვის ნაპოვნია 19 ცხედარი, საიდანაც 14 ამოცნობილია. ოფიციალური ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა 15, მათ შორის არიან ბავშვები. სტიქიის ადგილას სამაშველო ოპერაცია ღვარცოფის მოვარდნიდან მხოლოდ სამი საათის შემდეგ დაიწყო, ტალახში მოყოლილი ადამიანები გადაუდებელ დახმარებას ითხოვდნენ.

დღესვე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სამაშველო ოპერაციის დაგვიანებით დაწყებაზე ასეთი განმარტება გააკეთა:

„არანაირი დაგვიანებით.

3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, სამ საათში მივიდა ვერტმფრენი. სულ რაღაც სამ საათში.

ერთი საათი უნდა ფრენას. შეტყობინების შემდეგ სჭირდება, რა თქმა უნდა, გადამოწმება, რა ტექნიკა არის საჭირო და ამის შემდეგ, არის მოსამზადებელი პერიოდი თავად ტექნიკისთვის - ეს მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი და ზუსტად ამ პერიოდში, სულ რაღაც 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ.

აბსოლუტურად ყველა ამოცანა, რომელიც დასახული ჰქონდა სამაშველო სამსახურს, შესრულდა. იცით, რომ მეც იქ ადგილზე ვიყავი რამდენიმე დღე. იქ ვინც იყო, იმ სტიქიას გადარჩენილი ადამიანი, ნაწილი პირველივე დღეს იყო გამოყვანილი, მეორე ნაწილი უსაფრთხო ადგილას იქნა მიყვანილი, უზრუნველყოფილი ყველა საჭიროებით და დილით გამოვიყვანეთ“, - უთხრა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

 

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში