საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ომიდან 13 წლის შემდეგ დამწვარ სახლებსა და ნანგრევებში - რეპორტაჟი ზარდიანთკარიდან

17:02 - 05 მარტი 2022 hits 11682
ზარდიანთკარი, გიორგი გაბლიშვილი დამწვარ სახლში
ახალი ამბები
ზარდიანთკარი, გიორგი გაბლიშვილი დამწვარ სახლში

რუსი სამხედროების მიერ გაბმული მავთულხლართები ზარდიანთკარს შუაზე წყვეტს. გაბლიშვილების დამწვარი სახლის ფანჯრიდან დისევის რუსული ბაზაც ჩანს და ცხინვალი-ახალგორის დამაკავშირებელი ახალი გზაც. სროლისა და აფეთქებების ხმაც ხშირად ესმით. 2008 წლის ომის შემდეგ სოფელში კანტიკუნტად დაბრუნებულ ოჯახებს განსაკუთრებით აღელვებთ - როგორ დამთავრდება ომი უკრაინაში.

„წუხელ საერთოდ არ მეძინა. ახლა უფრო დასტრესილი ვარ. ის უბედურება მაგონდება, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. თვითმფრინავი რომ შემოდიოდა, აქედან გავრბოდით. ზემოთ, ერთ სახლს ბეტონის სარდაფი ჰქონდა, იქ ვიმალებოდით. მეშინია, თან ახლოს ვართ“, - ნანი გაბლიშვილმა, 2008 წელს, ზარდიანთკარი 11 აგვისტოს დატოვა, ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს. მისი მეუღლე, გიორგი, სოფელში უფრო დიდხანს დარჩა. შეესწრო, მათი სახლი როგორ დაწვეს: „სამხედროების ხმა მესმოდა, ეზოში იყვნენ. ბუჩქებში ვიყავი მოფარებული. რომ წავიდნენ, შემოვედი, ვედრო ავიღე. აქვე პატარა მდინარე - ჭარებულა ჩამოდის. მინდოდა, ცეცხლი ჩამექრო. სირბილის დროს ვედრო რკინას მივარტყი. ხმა გაიგეს და უკან მობრუნდნენ, სროლა დაიწყეს. გავიქეცი, არხში ჩავწექი. ვუყურებდი როგორ დაიწვა ჩვენი სახლი. მეორე დილით შემოვიპარე და ვნახე, მთლიანად დამწვარი იყო“.

ომის დროს ზარდიანთკარი ქართული მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალა. 20-მდე ოჯახი გორის საბავშვო ბაღების შენობებში შეასახლეს. 2008 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შიდა ქართლის ტერიტორიის ნაწილი დატოვეს, დევნილები, რომელთა სახლებიც დამწვარი არ იყო, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ნელ-ნელა დაბრუნდნენ. ზარდიანთკარში ეს ვერ მოხერხდა. ქართველმა სამართალდამცავებმა, მიუხედავად იმისა, რომ რუსულ-ოსური მხარე სოფელზე პრეტენზიას არ აცხადებდა, ამ ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენა ვერ შეძლეს. ზარდიანთკარი ბუფერულ ზონად იქცა და ქართველი მოსახლეობის სახლები სრულად გაიძარცვა.

ზარდიაანთკარზე საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი 2012 წლის ზაფხულში აღადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფლის შესასვლელსა და შუაში ორი საგუშაგო განათავსა. არაკონტროლირებად ტერიტორიად დარჩა სოფლის ჩრდილოეთი ნაწილი, სადაც 6 ოსური ოჯახი ქართულ და რუსულ პოსტებს შორის აღმოჩნდა.

გიორგი და ნანი გაბლიშვილები, შვილთან ერთად, ზარდიანთკარში 2013 წლის გაზაფხულზე დაბრუნდნენ. სოფელში, 25 ათასი ლარის ოდენობით, 2008 წელს, მხოლოდ სამ ოჯახს მისცეს კომპენსაცია, მათ, რომელთა სახლებიც მთლიანად დაიწვა. დევნილობაში ყოფნისას, 5 წლის  განმავლობაში, გაბლიშვილებს ეს თანხა სულ დაეხარჯათ. ომის შემდეგ ნანი შაქრიანი დიაბეტით დაავადდა, გიორგის გულზე ოპერაცია დასჭირდა.

დაბრუნების შემდეგ, 10 წელი უსახურავო სახლში ცხოვრობდნენ. გასულ წელს, ცოტა თანხა შეაგროვეს და თუნუქით გადახურეს. ჭურვების ნაკვალევი სახლის ოთხივე კედელზეა დარჩენილი. უკარფანჯროა, არც იატაკი აქვს. ერთადერთი, რაც ცეცხლმა მთლიანად ვერ გაანადგურა, პირველ სართულზე მდებარე სამზარეულოს ოთახია. ნანი ამბობს, რომ ეს 9 კვადრატული მეტრია საძინებელიც და ყველაფერი:

„რომ ვბანაობთ, გარეთ გავდივართ რიგ-რიგობით. გაზქურა ახლა გავიტანე, მანამდე აქ მედგა, საჭმელსაც აქ ვაკეთებდი, სამზარეულოც ეს იყო, საძინებელიც. მე და ჩემი ქმარი აქეთ საწოლზე ვიყოფდით ადგილს, ბიჭს მეორე საწოლზე ეძინა. აქაც წყალი ჩამოგვდიოდა. ზოგჯერ ცელოფანს ვაფარებდით. ღუმელიც ვერ ათბობს, ისე ცივა.

რისი იმედი უნდა მქონდეს. ამდენი წელია აღარაფერია და რაღაა ჩემი ცხოვრება, რაღა დამრჩა. სულ ვიტყვი ხოლმე, რომ უკვე დავიღალე, ძალიან დავიღალე... ფსიქიკურად მოვიშალე. ერთი ოთახი მაინც რომ მქონდეს, აქედან გავიდე და იმ ერთ ოთახში გვეძინოს.

არაფრის იმედი არ მაქვს. რა დავაშავე... ხომ ერთ ოთახში ვარ, მაინც აქ მირჩევნია, ზარდიანთკარში. არც დავტოვებ არასდროს. ხუთი წელი „ციხეში“ ვიყავით“.

ნანი და გიორგი გაბლიშვილების ოჯახი არ არის იმ სიაში, რომელში მყოფებსაც მთავრობა ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაციას რამდენიმე წელია ჰპირდება. სიაში არყოფნის მიზეზი 2008 წელს გაცემული კომპენსაციაა. გასულ წელს, წინასაარჩევნოდ, გორში დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაც გამართეს. მინისტრებმა ირაკლი ქარსელაძემ და თეა ახვლედიანმა თქვეს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიანთკარში ომის შედეგად დევნილი მოსახლეობის დასაბრუნებლად, სოფლის რეაბილიტაცია დაიწყებოდა. ამ დაპირებიდან თითქმის 8 თვის თავზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ვკითხეთ, რატომ არ დაიწყო სახლების აღდგენა.

„გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 28 დაზიანებული სახლის მესაკუთრეებთან, რომლებსაც კომპენსაცია არ მიუღიათ, გააფორმა წერილობითი შეთანხმება, რომ რეაბილიტაციის შემთხვევაში ისინი დაბრუნდებიან სოფელ ზარდიაანთკარში და ასევე, გაათავისუფლებენ ამჟამად საცხოვრებლად დაკავებულ ფართებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტი ამზადებს რეაბილიტაციისთვის შესაბამის პროექტებს. სახელმწიფო მინისტრის მიერ დაწყებულია კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შესაძლო თანადაფინანსების მოსაზიდად“.

2022 წელს, არც გორის მუნიციპალიტეტის და არც ცენტრალურ ბიუჯეტში, ზარდიანთკარში სახლების რეაბილიტაციისთვის თანხა გათვალისწინებული და მითუმეტეს, გამოყოფილი არ არის.

ომამდე ზარდიანთკარში თავს ვაშლის მოსავლით ირჩენდნენ. ხუთწლიანი უპატრონობის პერიოდში ბაღები უწყლობით გახმა. მე-9 წელია მის განახლებას ცდილობენ. ვაშლს თუ ვერ გაყიდიან, სხვა შემოსავალი არც აქვთ, პენსიის ან სოციალური დახმარების გარდა. ნანი და გიორგი გაბლიშვილების ვაშლის ბაღი საოკუპაციო ხაზიდან 50 მეტრშია: „დაახლოებით ერთი ჰექტარი გვაქვს. გასულ წელს მხოლოდ 100 ყუთი მოვკრიფეთ, 2.5 ტონა. 5 წელი რომ ვერ შემოვდიოდით, გახმა ხეები. ვაშლიდან შემოსავალი წელიწადში შეიძლება გვქონდეს 2 ათასი ლარი. 12 კილოგრამს რომ იტევს ყუთი, 7-8 ლარად ვყიდით გორის ბაზარში. პერსპექტივა არ არის აქ. ვაშლი არ გექნება და სხვა შემოსავალი არაფერია ჩვენთან. თუ მთავრობისგან პატარა მხარდაჭერა არ იქნება, ალბათ, ეს სოფელიც დაიცლება. ყოველი დღე მაინც რაღაცას ელოდები, რომ კარგი არაფერი იქნება“.

უსაფრთხოების კუთხით სოფელში სიტუაცია სტაბილურია. პოლიცია მუდმივად პატრულირებს, თუმცა სიმშვიდის განცდა მაინც დაბალია. ზარდიანთკარელი ციცინო ელიკაშვილი ამას რამდენიმე მიზეზით ხსნის:

„საოკუპაციო ხაზთან მაინც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ ვართ. ხშირად ისმის სროლისა და აფეთქების ხმა, ამბობენ, რომ სამხედროებს წვრთნიან. ხან დღისით არის, ხან შუაღამეს. მოქმედებს ეს. სოფლის ბოლოს განთავსებულია რუსული პოსტი, მეზობელ სოფელში დიდი რუსული ბაზა.

ე.წ. საზღვართან იმდენად ახლოს ვართ, მითუფრო, როცა ბაღებში ვმუშაობთ, რუს ჯარისკაცებს ვხედავთ. თან მიწას ვამუშავებთ, თან ვიყურებით, რამე არ მოხდეს. ისევ რომ არ გადმოვიდნენ.

რამდენიმე ჩვენი თანასოფლელი დააკავეს და გაიტაცეს კიდეც. განსაკუთრებით ახლა, როცა რუსეთ-უკრაინის ომია, უფრო დაძაბულები ვართ. ჩვენთანაც ასე დაიწყო ეს სისხლისღვრა, უდანაშაულო ხალხის ხოცვა, ტერიტორიების მიტაცება. ჩემს ძმას, მაშინ 42 წლის იყო, კასეტური ბომბის ნაწილი მოხვდა თავში და იქვე მოკლა. სამი ბავშვი დარჩა და დედა, 85 წლის, დღემდე თვალზე ცრემლი რომ არ შეშრობია. რაც 2008 წელს ჩვენ გამოვიარეთ, ის ჯოჯოხეთური დღეებია ახლა უკრაინაში“.

ზარდიანთაკარიდან იყო გენადი ბესტაევი. საოკუპაციო ხაზი მის ეზოში, სახლიდან ერთ მეტრში გადის. ომის შემდეგ გენადის ცოლ-შვილი საცხოვრებლად ცხინვალში გადავიდა, თვითონ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ მერეთში, დასთან დარჩა. რამდენჯერაც სახლში მივიდა, რუსმა სამხედროებმა ის ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს და ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებდნენ. თანხას თანასოფლელები და ნათესავები უგროვებდნენ. 2019 წლის ნოემბერში, მეხუთედ დააკავეს. ცხინვალის სასამართლომ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და მარიხუანის გადატანის ბრალდება წაუყენა და 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა. 2021 წლის 15 ნოემბერს, 53 წლის გენადი ბესტაევს ცხინვალის ციხეში ინსულტი განუვითარდა. მეორე დღეს, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ბესტაევი საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცეს. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, 16 თებერვალს გარდაიცვალა. ის ზარდიანთკარის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ზარდიანთკარელია მირიან თაზიაშვილიც, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2020 წლის 20 ნოემბერს დააკავეს. მასაც ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავებოდნენ. ცხინვალის დეფაქტო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით, ის ერთ თვეში, 22 დეკემბერს გაათავისუფლეს.

„ხელისუფლების იმედი და მხარდაჭერა უფრო მეტი უნდა იყოს. აქ მცხოვრებ ადამიანებს, რომლებმაც ომის დროს დავკარგეთ შემოსავლის წყარო, საყოფაცხოვრებო ნივთები, სახლები დაგვეწვა და 2013 წელს, ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება, მეტი მხარდაჭერა გვჭირდება. კი, მთავრობამ გზაზე ასფალტი დააგო, ელექტროენერგია აღადგინა, სასმელი წყალიც გვაქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სახლების რეაბილიტაციაა. გვაწვიმს, გვათოვს, სახურავიდან წყალი ჩამოდის. ეს არის სასწრაფოდ მოსაგვარებელი. ჩვენც რომ დავტოვოთ სოფელი, გადმოვლენ, გადმოიწევენ და უფრო მეტი ტერიტორია დაიკარგება“, - ციცინო ელიკაშვილი ითვლის, სოფელში რამდენი ბავშვია - „გაბლიშვილ ზურას ჰყავს ბიჭი, 1 წლის; ჯაბა გაბლიშვილს გოგო, 2 წლის; კახა რაზმაძეს ტყუპები ჰყავს, ქალ-ვაჟი 4 წლის; დათო თაზიაშვილის ბავშვი, საბა სკოლაში დადის, მე-3 კლასში - ესაა 33 ოჯახის მონაგარი. ახალგაზრდები როგორმე უნდა გავაჩეროთ, ხელი უნდა შევუწყოთ“.

რით ეხმარება სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას?

  • ზამთრის პერიოდში გათბობისთვის თითოეული ოჯახი იღებს 200 ლარის დახმარებას;
  • სტუდენტებს უფინანსდებათ სწავლის საფასური;
  • კოვიდ-19 პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით, 2020-2021 წლებში, მთელს საქართველოში 3353 ოჯახს გადაეცა ჰიგიენური საშუალებებისა და საკვები პროდუქტების კალათები, მათ შორის, შშმ პირებს, მრავალშვილიან ოჯახებს, ობოლ ბავშვებსა და მარტოხელა მოხუცებს.
  • გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ნაწილს მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და მოსახლეობა იღებს 40 ლარიან დანამატს პენსიაზე;

მინისტრის აპარატი გვწერს, რომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში  ხდება მიკრო და მცირე ბიზნესის წახალისება დაზარალებული სოფლების მოსახლეობისთვის. ზარდიანთკარში არცერთი ასეთი პროექტი არ დაფინანსებულა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში