საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ - ბრძოლა ხელედულა ჰესის წინააღმდეგ ქვემო სვანეთში

19:49 - 25 მარტი 2019 hits 5130
ფოტო © გელა მთივლიშვილი | Mtisambebi.ge
გარემოს დაცვა
ფოტო © გელა მთივლიშვილი | Mtisambebi.ge

აქამდე სად იყავით, დღემდე რატომ არ მოდით? ახლა გაგახსენდათ ქვემო სვანეთი?

ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ჰესი არ გაკეთდეს. შეიგნეთ, სვანეთს არ დავთმობთ.

თუ გინდათ ლენტეხში მშვიდობა იყოს, ერთხელ და სამუდამოდ „ხელედულა 3 ჰესზე“ საუბარი შეწყდეს. თუ არა, სისხლი დაიღვრება და თქვენს კისერზე იქნება.

ლენტეხში, 22 მარტს დაგეგმილი „ხელედულა 3 ჰესის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა ვერ შედგა. ხელედის თემის სოფლების - ლესემას, წანაშისა და ხელედის მცხოვრებლებს სპორტული კომპლექსის შესასვლელი დილიდან ჰქონდათ ჩაკეტილი. ჰესის წინააღმდეგ 100-მდე ადამიანი შეიკრიბა. გვითხრეს, რომ ამდენსაც არ ელოდნენ: „ხალხი აღარ დარჩა, დაცლილია სოფლები და ლენტეხი. ეს ჰესი თუ ააშენეს, ვინც აქამდე გავძელით, ჩვენც მოგვიწევს აქედან აყრა“.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნებართვების სამმართველოს უფროსი მაია ბერაძე, სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი - ეს იმ პირთა არასრული სიაა, ვინც ლენტეხში ჩავიდნენ, რათა მოსახლეობა დაერწმუნებინათ, რომ „ქვემო სვანეთს ჰესი იხსნის გაჭირვებისგან“.

აქამდე სად იყავით?

„არ გვინდა ჩვენ ეს განხილვა. წელიწადნახევრის განმავლობაში რამდენი შენიშვნა მოგეცით, ვინ გაითვალისწინა? ხვალ მაინც მისცემთ ნებართვას და მერე გზებზე უნდა ვუდარაჯოთ, რომ ტექნიკა არ შემოვიდეს და არ ააოხრონ აქაურობა“.

„ბატონო სოზარ, ორი კვირის წინ რომ შევხვდით, თქვენი პირით ხომ გვითხარით, რომ აქამდე ყველაფერი უკანონოდ იყო გაკეთებული, მე მარტო ხომ არ ვიყავი, მთელი მოსახლეობა იქ იყო. გვითხარით, კვლევებს ჩავატარებთო, იმაზე შევთანხმდეთ, რომ საკვლევად ჩამოვიდეთო. დღეს მოდიხართ და გვეუბნებით, რომ განხილვა ჩავატაროთ, ნებართვა უნდა მივცეთო. სირცხვილი არ არის ამ ხალხთან?“

სოზარ სუბარი: დაახლოებით 4 თვის წინ, თქვენი მოთხოვნით ჩავერთე ამ საქმეში. ზაზა ლიპარტელიანმა მთხოვა პირველ რიგში და ბადრიმაც, თქვენს მიერ არჩეულმა მერმა. მქონდა ბევრი შეხვედრა, თქვენთან, აქტივისტებთან, ხელედელებთან, ამ ხეობის სხვა მცხოვრებლებთან. დავრწმუნდი იმაში, რომ ამ კვლევაში არის ხარვეზები, რომლის გამოსწორებაც ჩემი აზრით შესაძლებელია, მაგრამ თუ არ შეიძლება, ესეც უნდა მოვისმინოთ. ამას შეიძლება დასჭირდეს დამატებითი კვლევები, ამას სჭირდება მოსმენა და გაგება. ამიტომაც ვართ მოსულები. თუ შევალთ აქ, ხომ კარგი, თუ არ შევალთ, ღმერთმა დამიფაროს ძალადობისგან, მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ და გადავალთ მათთან ერთად სხვა შენობაში“.

აქციის მონაწილე: „ვინც იქ შემოვა, ის იქნება სვანეთის მტერი, ის იქნება ჩვენი მტერი და იმას ჩვენ მივხედავთ აქ. თქვენ იმას აკეთებთ, რომ ერთმანეთს დაგვაპირისპიროთ, მეტს არაფერს აკეთებთ. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ეს ჰესი არ გაკეთდეს. ის მთავრობა წავიდა, კიდევ წავლენ მთავრობები, ეს ჰესი არ გაკეთდება. შეიგნეთ, რომ ვერ გააკეთებთ, ვერა“.

„თქვენ გარემოს დაქცევის სამინისტრო უფრო ხართ, ვიდრე დაცვის. რატომ იბრძვით? ჩვენ სასამართლოში გვაქვს საქმე. აქ რატომ მოდიხართ, იქ გაგვეცით ჯერ პასუხი.

გზშ-ს განხილვა არის სკოპინგის გაგრძელება. სკოპინგი გაყალბებულია და გასაჩივრებულია“, - მიმართა სოფელ წანაშში მცხოვრება, ნატო ლიპარტელიანმა ნებართვების სამმართველოს უფროსს მაია ბერაძეს.

- თქვენ ყველას სახელით რატომ საუბრობთ, არჩეული წარმომადგენელი ხართ ქალბატონო? ნატო ლიპარტელიანს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა შეეპასუხა.

- ჩემი სახლიდან 400 მეტრში შენდება ის ჰესი. ჩემი სახლის უკან გადის გვირაბი. აქ იმიტომ გვაქვს კარი ჩაკეტილი, რომ თქვენი მოსმენა არავის უნდა.

- კარი იმიტომ არის ჩაკეტილი, რომ მოსახლეობის ნაწილს უნდა მოსმენა და არ გინდათ შეშვება.

- ვის, ვის? რომელს უნდა, გამოვიდეს და თქვას.

- გადავალთ იმ შენობაში და რამდენი შემოვა ნახავთ.

- იმათაც გამოვყრით თქვენთან ერთად იმ შენობიდან.

ალვერდ ჩანქსელიანი: „არ გვინდა? რადილალიზმია? ვერ ვთანხმდებით? კი ბატონო, დავშორდეთ ერთმანეთს, მაგრამ დავილაპარაკოთ. მე გესაუბრებით როგორც აქაური კაცი და არცერთ შემთხვევაში როგორც ხელისუფლების ან ვინმეს წარმომადგენელი“.  

აქამდე სად იყავი? მთელი წელი რომ გარეთ ვეყარეთ, სად იყავი ამდენი ხანი, თუ გაინტერესებდა? ახლა მოხვედი და გინდა ქულები დაიწერო, ეს არ გვაინტერესებს!

- შენზე ნაკლებ კაცად ჩემი თავი არ მიმაჩნია. მე იქ ვარ, სადაც საჭიროა. აქტიურობა მარტო იმით კი არ უნდა გამოვაჩინო, რომ დავდგე აქ და რაღაც დავიჭირო ხელში“...

ჰესი არის ლენტეხის გადარჩენა, ხსნა აქაურობისთვის - სუბარი

აქციის რამდენიმე მონაწილემ სოზარ სუბარს უსაყვედურა, მთავრობა რატომ არ უწყობს ხელს ლენტეხში სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას, რატომაა ერთადერთი არჩევანი ჰესების მშენებლობა.

„წეღან აქ ვიქტორ ჯაფარიძეს რომ ეჩხუბებოდნენ, ჩემი და ვიქტორ ჯაფარიძის დაწყებულია გვირაბის საკითხი და მივიყვანთ ამ თემას ბოლომდე. ეს იქნება ქვემო და ზემო სვანეთის ისტორიული კავშირი და ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენ რომ მოვედით 2013-ში ხელისუფლებაში, მესტიის ბიუჯეტი იყო 3 მილიონი, ზუსტად იმდენივე, რამდენიც ახლა ლენტეხის ბიუჯეტია.

ლენტეხის 2018 წლის ბიუჯეტში, მხოლოდ 180 ათასი ლარი იყო ადგილობრივი შენატანი, დანარჩენი იყო ტრანსფერი, ანუ ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხული თანხა. მესტიის ბიუჯეტი წელს არის 9 მილიონი და ამ 9 მილიონიდან იცით რამდენია ადგილობრივი შემოსავალი? 6 მილიონია და არა ტურიზმიდან, არა ჰაწვალიდან, არა თეთნულდიდან, არამედ 6-დან 5 მილიონი არის ჰესებიდან.

ახლა მესტიის რაიონში 13 ჰესი შენდება და ხალხი მეტს ითხოვს.

ხუდონზე პრობლემაა იმიტომ, რომ სოფლის გადასახლების თემაა და რა თქმა უნდა, ასაწონ-დასაწონია, მაგრამ დანარჩენ პატარა ჰესებზე, აი, ისეთ ჰესებზე როგორიც აქ არის, ხალხმა უკვე იგრძნო, რომ ამისგან სიკეთის მეტი არაფერი მოდის, ოღონდ თუ სტანდარტებს დავიცავთ. მარტო ჩემ სოფელში, ჭუბერში, ნენსკრა რომ დავივიწყოთ, ნენსკრას გარდა 4 ჰესი შენდება. ეს არის ხსნა იმ ხეობისთვის, ისევე, როგორც ხსნა იქნება აქაურობისთვის. მოსახლეობის დაბრუნება მოხდება, როცა აქ ეკონომიკა იქნება“.

პრემიერის მრჩეველს ჰკითხეს, რატომ არ ხდება ქარისა და მზის ენერგიის ათვისება, რატომ ამწყვდევენ ყველა რეგიონში მდინარეებს მილებსა და გვირაბებში.

„დაგეგმილია და წელს იწყება 350 მეგავატი სიმძლავრის ქარის სადგურების მშენებლობა, ოღონდ ეს არის მაქსიმუმი, რისი ათვისებაც საქართველოს ენერგეტიკას შეუძლია. ჩვენ გვაკლია, წელს დეფიციტში გავდივართ 2,5 მილიარდ კილოვატში და ყოველწლიურად 1 მილიარდით მოიმატებს. საქართველოს ენერგეტიკა, დღევანდელი სისტემა 350 მეგავატზე მეტს ქარის ენერგიას და მზეს ვერ აითვისებს იმიტომ, რომ შეუძლებელია. სტაბილური წყარო გვჭირდება, ეს შეიძლება იყოს ან თბოენერგეტიკა ან წყალი. ის ვერ არის სტაბილური. თბოენერგეტიკა რას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ თბოელექტროსადგური, რომელშიც აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, საიდანღაც ნაყიდ გაზს შევუშვებთ, ჩვენი გამომუშავებული ფული წავა მეზობელ ქვეყანაში და თან ის ეკოლოგიაში გაცილებით უარესია, წამლავს იქაურობას, მაშინ როცა წყლის ენერგეტიკა გაცილებით სუფთაა ეკოლოგიურად. 2030 წლისთვის დაახლოებით 30 მილიარდ კვტ ავდივართ მოხმარებაში. სამშობლო არ გვექნება, თუ ეკონომიკას არ განვავითარებთ და ეკონომიკა ვერ განვითარდება ენერგეტიკის გარეშე.

ღვთის წინაშე ვფიცავ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, თუ იმ ხარვეზებს ამოვავსებთ, ეს არის ლენტეხის გადარჩენა.

როცა ვამბობთ, რომ მოსახლეობა კატეგორიული წინააღმდეგია, არ არის მართალი. მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ინტერესით არის, რომ გაიგოს რა ხდება, ან მომხრეა. თვითონ იმ სოფელში, ხელედში, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი, ხელედელების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს სასარგებლო პროექტია.

უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, რომ ადამიანებმა ირწმუნონ იმ ყველაფრის სიკეთე, რაც მოსდევს ენერგეტიკის განვითარებას და ასეთ პროექტებს მუნიციპალიტეტში, რომელიც საქართველოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია. აქ არ არის არავითარი წარმოება. აქ არის ენერგეტიკის განვითარების ძალიან დიდი პოტენციალი“.

„მთის ამბების“ არაერთი მიმართვის მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ლენტეხში კომენტარი არ გააკეთეს.

რა დამატებით ვალდებულებებს იღებს ინვესტორი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განმარტებით, მოსახლეობის პროტესტის გათვალისწინებით, ინვესტორმა კომპანიამ უარი თქვა გვირაბის ბურღვა-აფეთქებითი მეთოდით მშენებლობაზე.

„ამ პროექტთან დაკავშირებით თავდაპირველად იყო ძალიან ბევრი შეკითხვა, იყო ნამდვილად ხარვეზები, ამიტომაც არის, რომ უკვე ორ წელიწადზე მეტია გაგრძელდა პროექტის დამუშავება. ინვესტორმა აიღო ძალიან ბევრი ახალი ვალდებულება - მაგალითად, სრულიად უარი თქვა ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე და მზად არის, რომ შემოიყვანოს გვირაბის გამყვანი მანქანა. ასევე, ძალიან დიდი ვალდებულებები აიღო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ეს არის მეწყერსაშიში ზონა, სადაც ისედაც საფრთხის ქვეშ არის ადგილობრივი მოსახლეობა და ჰესის მშენებლობის პროცესში ეს საფრთხე მოიხსნება. ასევე, დაწესდება მუდმივი მონიტორინგი ამ საკითხებზე.

გარდა ამისა, ინვესტორმა იკისრა ვალდებულება, რომ შექმნის სპეციალურ სოციალურ ფონდს, რომელიც მართვაში გადაეცემათ ადგილობრივებს და ეს ფონდი დაახლოებით ათჯერ უფრო აღემატება თავისი თანხით ადგილობრივ ბიუჯეტს და შეიძლება ძალიან ბევრი სიკეთე დაფინანსდეს“.

რატომ მონაწილეობს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის პროცესში და რატომ აქტიურობს ის, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ნაცვლად?

„ჩვენ ჩამოვედით ლენტეხში მოსახლეობასთან სასაუბროდ. გვინდოდა, მოგვეყოლა, რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მათ „ხელედულა ჰესის“ მშენებლობამ, ასევე, მოგვესმინა მათი შეკითხვები, შენიშვნები და მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა, მათ შორის გაგვემკაცრებინა ის კონტროლი ინვესტორზე და ვალდებულები, რაც მან უნდა იკისროს.

დავინახეთ, რომ აზრი არის გაყოფილი ორად - არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა, მოსმენა და კითხვების დასმა და საბოლოო ჯამში აინტერესებს ჰესის მშენებლობის საკითხები, მაგრამ არის ნაწილი, შედარებით მცირე, მაგრამ საკმაოდ ხმაურიანი, რომელსაც არ უნდა საერთოდ კომუნიკაცია ამ საკითხზე, არ უნდა მოსმენა. ჩვენ ამ ეტაპზე მოვერიდეთ დაპირისპირებას, ამის ესკალაციას და გადავწყვიტეთ, რომ გადავდოთ საჯარო განხილვა, მსჯელობა ამ ეტაპზე, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მოსახლეობასთან და ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში მაინც მივაღწევთ წარმატებას“.

რატომ აპროტესტებს მოსახლეობა „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობას

ნატო ლიპარტელიანი სოფელ წანაშში ცხოვრობს. 22 წელია ლენტეხის პირველ საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. არაერთ შემთხვევას იხსენებს, როცა სახლიდან სკოლაში ჩასვლა ვერ შეძლო - მდინარე ხელედურამ გზასთან ერთად საცხოვრებელი სახლებიც წაიღო.

არაპროგნოზირებადი მდინარეა. ნებისმიერ დროს შეიძლება ადიდდეს. 2005-ში წალეკა აქაურობა. უცებ ადიდა, მიწა მოწყვიტა, სახლები ჩაითრია. დიდხანს ბობოქრობდა, ცენტრს მოვწყდით. ვინც კალაპოტში ცხოვრობს, მთებში იყო გახიზნული. რომელი სახლებიც დაანგრია, ის ოჯახები გადაასახლეს კიდეც. ღვარცოფული შენაკადები აქვს, უზარმაზარ ლოდებს და დაგლეჯილ ხეებს მოათრევს ხოლმე. რა დამბა და გვირაბი დაიჭერს?“

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა, 2017 წლის 24 მაისს აქვს დამტკიცებული.

დასკვნის მიხედვით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 50.77 მგვტ იქნება, ხოლო ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 254.934 გვატ.სთ. ჰესის მშენებლობისთვის მდინარე ხელედულაზე გათვალისწინებულია 8 მეტრიანი დამბის მოწყობა (დამბა 1), მდინარე დევაშის კალაპოტში მდინარე ხელედულას გადაგდების მიზნით კი 3816 მეტრი სიგრძის უდაწნეო გვირაბის მშენებლობა, რომლის სიმაღლე 4.25 მეტრი იქნება, სიგანე კი 4.85 მეტრი.

11 მეტრიანი დამბის (დამბა 2) მოწყობაა გათვალისწინებული მდინარე დევაშის ხეობაში, წყალმიმღებიდან წყალი გადავა სადაწნეო აუზში და შემდგომ მიეწოდება 2300 მეტრი სიგრძის სადაწნეო გვირაბს. სადაწნეო გვირაბის შემდეგ წყალი მიეწოდება სადაწნეო მილსადენს, რომლის დიამეტრი 2.60 მეტრია

„ხელედულა 3“ ჰესის მშენებლობით შპს „ხელედულა ენერჯია“ დაინტერესებული, რომელიც 2015 წლის 16 სექტემბერს არის რეგისტრირებული. 100 %-ის მესაკუთრეა თურქული კომპანია „ანადოლუ კავკასია ენერჟი იათურიმლარი“.

წანაშელები შიშობენ, რომ „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობის შემთხვევაში, ხელედის ხეობაში ზვავსაშიში ვითარებაც გამწვავდება.  

20 ჰექტრამდე ტყე უნდა გაიჩეხოს იმის თავზე, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. თითქმის 4 კილომეტრი სიგრძის გვირაბი უნდა გაიყვანონ, მდინარე ხელედულას კალაპოტი შეუცვალონ და გვირაბით დევაშის ხეობაში გადაუშვან. გვირაბიდან შეიძლება წყალმაც გაჟონოს“, - ამბობს რაჯი ლიპარტელიანი, ერთ-ერთი აქტივისტი.

გეოლოგიურ დასკვნებში, რომლებიც 1987, 1999 და 2005 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგადაა მომზადებული, მითითებულია, რომ ხელედის ხეობაში საშიში გეოლოგიური პროცესების გამო, მოსახლეობის ცხოვრება უსაფრთხო არ არის.

„ჩვენი სოფლებიდან მიგრაცია 1987 წელს მომხდარი სტიქიური უბედურების შემდეგ დაიწყო. 70-მდე კომლი ცხოვრობდა, სიცოცხლე ჩქეფდა. დაახლოებით 40 ოჯახი დავრჩით. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი წასულია. რთულია აქ ცხოვრება. მესაქონლეობას მივდევთ ძირითადად. ეს ჰესი რომ აშენდეს, ჩვენც მოგვიწევს აქედან წასვლა.

ბოლოს როცა შეამოწმეს გეოლოგებმა, მაშინაც დაასკვნეს, რომ წყალსაშიში და ზვავსაშიში ვითარებაა. ნაცვლად იმისა, ასეთი დასკვნის შემდეგ დაეწერათ, რომ ჰესის მშენებლობა არ შეიძლება, თქვეს, რომ შეიძლება ყველაფრის განეიტრალება.

როცა ინვესტორს ვეკითხებით, როგორ შეიძლება საფრთხეების განეიტრალება, ამბობს, რომ მდინარის კალაპოტი გაიწმინდება, წყალდიდობისა და ზვასაშიშროების დროს მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება. ესეც არადამაჯერებელია, რადგან წყალდიდობის და დიდთოვლობის დროს ხეობა რაიონულ ცენტრს წყდება და იზოლირებულია ხოლმე. სტიქიასთან ჩვენ დაუცველები ვრჩებით.

ჰესია საფრთხეა. მიწა აღარ იქნება, დატბორვა მოხდება, ისედაც მცირე სათიბები, საძოვრები და სახნავ-სათესი გვაქვს. ფაქტობრივად, მდინარის კალაპოტში ვცხოვრობთ.

გვინდა, რომ აქ ვიყოთ. ჩვენ ხალხი ვართ სვანური ენით, ტრადიციებით, კულტურით, წინაპართა საძვალეებით და არ გვინდა ეს ტერიტორია დავტოვოთ“, - აღნიშნავს ნატო ლიპარტელიანი.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ჰესის მშენებლობამ, შესაძლოა, სოფლებს სასმელი წყლით მომარაგების პრობლემაც შეუქმნას. სოფელ წანაშის მკვიდრის მანანა ლიპარტელიანის თქმით, როცა ამის შესახებ ინვესტორს და მთავრობას ჰკითხეს, უპასუხეს, რომ წყალი თუ დაიკარგება, კვირაში რამდენჯერმე სხვა სოფლიდან შეიტანენ და კასრებით მოამარაგებენენ.

„ჰესის მშენებლობა ტურიზმის განვითარებასაც შეფარხებს“, - ამბობს რაჯი და გვეუბნება, რომ ბოლო დროს მდინარე ხელედურა უცხოელი ჯომარდებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცა: „უკრაინიდან, ბელორუსიიდან ჩამოდიან. ძალიან კარგი საჯომარდო ადგილებია. რამდენიმე ადამიანი უკვე დასაქმდა. მდინარე თუ წაიღეს, ვერაფერი ვეღარ განვითარდება. ხეობაში ხმება მუხა, წაბლი, დაავადება აქვს ხეებს გაჩენილი, ამას გვირაბი და უწყლოდ დარჩენა თუ დაემატა, მთლად სტიქიურ ზონაში მოვექცევით“.

***

სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან კულტურის სახლში კი გადაინაცვლეს, მაგრამ საჯარო განხილვა მაინც ჩაიშალა. ჰესის მშენებლობის მომხრეთა ძებნისას, კულტურის სახლში მყოფ სამ ქალზე მიგვითითეს. მათ გვითხრეს, რომ თანასოფლელების წყევლის ეშინიათ და ვერ გვეტყვიან, რატომ უჭერენ მხარს „ხელედულა 3 ჰესის“ მშენებლობას.

„მხოლოდ ერთი სოფლის, ხელედის მოსახლეობის ის ნაწილია მომხრე, რომელმაც მიწის ნაკვეთები გაყიდა და ინვესტორთან ხელშეკრულება გააფორმა. ეშინიათ, ვაითუ ის თანხა, რაც აიღეს, დაეკარგოთ“, - ამბობს ნატო ლიპარტელიანი.

ისიც, რაჯიც, მანანაც და სხვებიც მტკიცედ ამბობენ, რომ არანაირი კომპენსაცია არ სჭირდებათ: „ვერ გადაგვიბირებენ. აქედან საცხოვრებლად სხვაგან წასვლას არ ვგეგმავთ. შეიძლება ჩამორჩენილობად ჩაგვითვალონ, მაგრამ, ხალხმა ფიცი დადო, ეკლესიაში განამტკიცეს, ხატით შეფიცეს ერთმანეთს, რომ ბოლომდე უერთგულონ ამ ხეობას“.

გამონაკლისი მხოლოდ მცირე ჰესია, ე.წ. „მწვანე ჰესი“, რომელიც გარემოს არ დააზიანებს, მდინარეს მილებსა და გვირაბში არ მოამწყვდევს, კალმახს არ გაწყვეტს და ხეობას უწყლოდ არ დატოვებს.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში