საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გარემოს დაცვის სამინისტრომ გუდამაყარში ჰესების მშენებლობის პროექტზე კომპანიას უარი უთხრა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:29 - 01 მარტი 2019 hits 11102

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2019 წლის 01 მარტის ბრძანებით, შპს „სოლო ენერჯის“ უარი უთხრა გუდამაყრის ხეობაში „არაგვი ჰესი“ და „არაგვი ჰესი 1“ მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის დამტკიცებაზე. მინისტრის ამ ბრძანებით, გუდამაყრის ხეობაში ამ ეტაპზე „სოლო ენერჯის“ მიერ ჰესების მშენებლობის საკითხზე წარმოება შეწყდა.

„დღეს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და უარი ეთქვა კომპანიას ჰესების მშენებლობაზე. „არაგვი ჰესი“ და „არაგვი ჰესი 1“ საფრთხეს უქმნიდა იმ ლანდშაფტი​ს ბუნებრივი მემკვიდრეობის შენარჩუნებას, რაც ამ ხეობაშია, ვსაუბრობ ფლორის უნიკალურობაზე, წითელი ნუსხის სახეობებზე და ა.შ. პროექტი სამინისტრომ ზედმიწევნით დეტალურად განიხილა, რადგან ჩვენ ენერგეტიკის პოტენციალის გამოყენებას დიდ პრიორიტეტად მივიჩნევთ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ბუნების ხარჯზე. ჩვენ ვერ დავინახეთ სათანადო დასაბუთება წარმოდგენილ პროექტებში. ამიტომ, ეს ჰესები ასეთი პროექტებით ვერ განხორციელდება. ის წინააღმდეგობაში მოდის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან, რაც უკავშირდება არაგვის დაცული ლანდშაფტის​ შექმნას ამ ტერიტორიაზე“, - განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტრო უარის თქმის გადაწყვეტილებას რამდენიმე გარემოებას აფუძნებს:

„სოლო ენერჯის“ სკოპინგის ანგარიშში მითითებულია, რომ შავი არაგვი ჰესის საპროექტო დერეფანი არ მდებარეობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დაცული ტერიტორიების სიახლოვეს, რის გამოც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას დაცულ ტერიტორიებზე არ იქონიებს.

სამინისტროს მიერ დოკუმენტაციის და რუკის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ჰიდროელექტროსადგური „არაგვი ჰესი“ და „არაგვი 1 ჰესი“ მდებარეობს გეგმარებით არაგვის დაცული ტერიტორიების საზღვრებში. არაგვის გეგმარებითი დაცული ლანდშაფტი იქმნება გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვის, აღდგენის და გონივრული გამოყენების მიზნით.

ფშავ-ხევსურეთში წარმოდგენილი ფლორის 20-ზე მეტი სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში. ფშავ-ხევსურეთის ფლორა შეიცავს საქართველოს 11 და კავკასიის 230-ზე მეტ ენდემურ სახეობას, რაც ნიშნავს, რომ ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების 22.5% საქართველოს ან კავკასიის ენდემია. გარდა ამისა, მინიმუმ 8 მათგანი მეტად იშვიათი სახეობების კატეგორიას განეკუთვნება.

გეგმარებითი დაცული ტერიტორიების დაარსების მიზნით მომზადებულია საქართველოს კანონის პროექტი „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“. კანონპროექტის მე-3 მუხლის თანახმად, არაგვის დაცული ლანდშაფტი იქმნება ეროვნული მნიშვნელობის მქონე, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დაცვის, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრეაციულ-ტურისტული და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისთვის. სამინისტროს მიაჩნია, რომ დაგეგმილი ჰესის მშენებლობა გამოიწვევს ბუნებრივი ლანდშაფტების პირვანდელი სახის შეცვლას და უარყოფით ზეგავლენას იქონიებს იქ გავრცელებულ ბიომრავალფეროვნებაზე.

სამინისტროს განცხადებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჰესის ალტერნატივების განხილვის დროს არ იყო შესწავლილი და შეფასებული მისი განთავსებისთვის გარემოსდაცვითი კუთხით ყველაზე ოპტიმალური ტერიტორია, არ შეფასდა გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკები, განსაკუთრებით გეგმარებით დაცულ ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ზეგავლენის ასპექტები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროექტის დაგეგმვის საწყის ეტაპზე განსაკუთრებული აქცენტები არ გაკეთდა ბიომრავალფეროვნებისა და წყლის რესურსების შეფასებაზე.

სკოპინგის ანგარიშში მითითებულია, რომ ექსპლუატაციის ეტაპზე მდინარის საპროექტო მონაკვეთში წყლის ხარჯი შემცირდება. შესაბამისად შეიზღუდება მოსახლეობის მიერ წყლის რესურსებით სარგებლობა. მოსახლეობის ინფორმაციით, იშვიათ შემთხვევებში ასევე ხდება მდინარის წყლის გამოყენება სარწყავი დანიშნულებით. ამასთან, შესაძლოა შეიზღუდოს მდინარის გამოყენება რეკრეაციული დანიშნულებით, „თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე ესეთი სახის ზემოქმედებაც არ იქნება მნიშვნელოვანი“. სამინისტროს შეფასებით, გაურკვეველია რას ეფუძნება აღნიშნული მსჯელობა, რადგან წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის განხილული ზემოთ მოცემული არცერთი საკითხი, აგრეთვე არ არის მოცემული პროექტის განხორციელების შემთხვევაში რა სახის ღონისძიებების გატარება იგეგმება ზემოთ აღნიშნული პრობლემის გადაჭრისთვის.

„ამასთან სკოპინგის ანგარიშში იქტიოფაუნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია ლიტერატურაზე და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით, რაც მიუთითებს ჩატარებული კვლევების უზუსტობაზე და ალტერნატივების შეუფასებლობაზე. ამასთან ანგარიში მოიცავს რიგ უზუსტობებს, როგორც ტექნოლოგიური ნაწილის აღწერის, ასევე ტერმინოლოგიურ საკითხებთან მიმართებით“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.

აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გაიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის გუდამაყრის ხეობის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის შეხვედრა. შეხვედრის ოქმი და განცხადება, რომლებშიც დაფიქსირებულია მოსახლეობის პროტესტი პროექტთან დაკავშირებით, გამოგზავნილ იქნა სამინისტროში. მოსახლეობის განცხადებისა და კრების ოქმის თანახმად, გუდამაყრის მოსახლეობის უმრავალესობა უარყოფითადაა განწყობილი პროექტის მიმართ და ითხოვს მის შეჩერებას.

შპს „სოლო ენერჯის“ შეუძლია სამინისტროს უარყოფითი გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

შპს „სოლო ენერჯი“ მთავრობასთან 2017 წლის ივლისში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გუდამაყრის ხეობაში 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავდა. პროექტის მიხედვით, ორივე ჰესს კაშხალი ექნებოდა - შავ არაგვზე წყალს 9 მეტრის სიმაღლეზე დააგუბებდნენ, ბაკურხევში 7 მეტრზე. შავ არაგვს თითქმის 6 კილომეტრზე მილებში მოაქცევდნენ, ბაკურხევს 4 კილომეტრზე დაამწყვდევდნენ. გუდამაყრელები ხეობაში ასეთი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგები არიან.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში