საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რა გავლენას ახდენს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ადამიანის ჯანმრთელობაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:37 - 07 აპრილი 2017 hits 19301

ლეიკემია, არაჰოჯკინის ლიმფომა, კუჭ-ნაწლავის კიბო, ტვინის სიმსივნე, იმუნური სისტემის დაქვეითება, თავის ტკივილი, მამაკაცის სექსუალური დისფუნქცია, ემბრიონის გარდაცვალება, - ეს იმ დაავადებების არასრული ჩამონათვალია, რაც სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივებას უკავშირდება.

რამდენიმე დღის წინ, მთიულეთში, ფასანაურის მცხოვრებლებმა დასახლებულ პუნქტთან ახლოს 500 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებელი კომპანია „ენერგოტრანსის“ ტექნიკურმა დირექტორმა ჯემალ ახალაიამ განაცხადა, რომ პროექტის მიხედვით, ხაზი ორ საცხოვრებელ სახლთანაა ახლოს, მათ შორის, ერთი სახლიდან 50 მეტრით იქნება დაშორებული, მეორე სახლიდან 38 მეტრით, დანარჩენი სახლებიდან კი უფრო მეტი მანძილით, 70-100 მეტრით. მისივე თქმით, დაშორების რეკომენდირებული მანძილი 30 მეტრია.

500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით შენდება, ფასანაურის გარდა ხევის ტერიტორიაზე, კერძოდ კი სნოს ხეობის სოფლებს, სნოს, ახალციხეს და კარკუჩასაც გაივლის. მაღალი ძაბვის ხაზების მშენებლობას მოხევეებიც აპროტესტებენ.

„ეს ხაზები თუ გაიყვანეს, აქ აღარ იცხოვრება. სისხლის გათეთრებას და სიმსივნურ დაავადებებს იწვევსო. რამდენჯერ ვთხოვეთ ხელისუფლებას, რომ შეხვედრა შემდგარიყო, მარშრუტი შეეცვალათ, მაგრამ ყურს არავინ გვიგდებს, არავინ მოდის“, – ამბობს კარკუჩაში მცხოვრები ნუნუ ღუდუშაური.

„საცხოვრებელი სახლები ძალიან ახლოს არის იმ ადგილთან, 30–40 მეტრში, სადაც ანძების დადგმას და ხაზის გატარებას აპირებენ. ზოგიერთ ადგილზე პირდაპირ ეზოში გადის“, - უთხრა „მთის ამბებს“ სნოს მკვიდრმა ომარ პაპიაშვილმა.

2007 წლის 12 ივლისამდე საქართველოში მოქმედებდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №234/ნ ბრძანება, სადაც მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზებით წარმოქმნილი ელექტრული ველის გავლენისგან მოსახლეობის დაცვის საკითხი.

ბრძანების თანახმად, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების სანიტარიული დაცვის ზონას წარმოადგენდა მაღალი ძაბვის გადამცემების ტრასის მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც ელექტრული ველის დაძაბულობა აღემატება 1 ვ/მ-ს. დასაპროექტებელი 500-750კვტ-მდე ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემი ხაზების ღერძიდან დასახლებულ პუნქტამდე უახლოესი მანძილი, უნდა ყოფილიყო არანაკლებ 250 მეტრისა.

ბრძანება 2007 წელს იმ მიზეზით გაუქმდა, რომ უნდა მომხდარიყო მისი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონთან ინტეგრირება, მაგრამ კანონის მიღების შემდეგ გაირკვა, რომ საკითხი დაურეგულირებელი დარჩა.

„დღეს მოქმედი ნორმებიდან საკითხს არეგულირებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №347 დადგენილება „ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის და ელექტრომოწყობილობების ელექტროსამონტაჟო და გაწყობის სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“. თუმცა, წესები ეხება თავად ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხოებას და მშენებლობაზე დასაქმებული პერსონალის (რომელიც მცირე დროით იმყოფება ზეგავლენის ქვეშ) უსაფრთხოებას და არ ეხება ხაზებთან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და/ან მუდმივად სიახლოვეში ყოფნის წესებს“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ დირექტორი ნინო გუჯარაიძე.

2014 წელს, ელექტრომაგნიტური დაბინძურების პრაქტიკული კვლევა ჩატარდა ალჟირში, ქალაქ თებესაში. სპეციალისტების მტკიცებით, ელექტროგადამცემი ხაზების კონფიგურაცია (მდებარეობა) მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ელექტრომაგნიტური ველის ბიო ეფექტებზე. ჩატარებული კვლევების შედეგად არსებობს მონაცემთა ბაზა, რომელიც მიუთითებს ელექტრომაგნიტური ველების გამოსხივებასა და ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენას შორის კავშირზე.

„მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები არის გარემოს დაბიძურების წყარო თავისი პირდაპირი ზემოქმედებით ლანდშაფტზე, ქალაქის ან სასოფლო სამეურნეო მიწის გამოყენებაზე და თავისი ელექტრომაგნიტური რადიაციით, რომლითაც ზეგავლენას ახდენს ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე“, - ნათქვამია დასკვნაში.

სამეცნიერო-კვლევითი ნამუშევრების მიხედვით, რეკომენდირებულია, რომ ადამიანები 90 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისგან 45 მეტრის მოშორებით ცხოვრობდნენ.

130 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისთვის რეკომენდირებულია - 65 მეტრი;

225 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისთვის - 112,5 მეტრი;

400 კილოვოლტი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისთვის - 200 მეტრი.

თამარ მოდებაძე

საინფორმაციო ცენტრების ქსელის ჟურნალისტი. აშუქებს საზოგადოების, სოციალურ, გარემოსდაცვით და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში