საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა დარღვევები აღმოჩნდა ურავის დარიშხანის ქარხნის ნარჩენების კონსერვაციის ტენდერებში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:39 - 08 თებერვალი 2020 hits 16880

„სამშენებლო ნარჩენები ქარხნის დაშლის ტერიტორიაზე განთავსებული იყო დაახლოებით 4 თვის მანძილზე. ნაშალი მასალა საფრთხის შემცველი იყო მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და აბინძურებდა გარემოს. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ვერ დააწესა შესაბამისი კონტროლი და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ სამუშაოები დროულად დასრულებულიყო“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში. ყოფილი სამთო-ქიმიური ქარხანა და სამარხში მოთავსებული ტოქსიკური ნარჩენები ურავის ხეობის სოფლებს და არამხოლოდ, საფრთხეს ახლაც უქმნის.

ამბროლაურის რაიონის სოფელ ურავში დარიშხანის საბადო 1933 წელს გაიხსნა და გადამუშავება 1937 წელს დაიწყო. წარმოების პროდუქციის ძირითადი სახეობა იყო დარიშხანის ანჰიდრიდი, დარიშხანმჟავა კალა, ზესუფთა მეტალური დარიშხანი, აურიპიგმენტი. მადნის მოპოვება ლუხუნის საბადოზე ხდებოდა, გადამუშავება – სოფელ ურავის მიმდებარედ არსებულ ქარხანაში. ძირითადი პროდუქცია დარიშხანის სამვალენტიანი ოქსიდი As203 ე.წ თეთრი დარიშხანი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირში როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო მიზნებით იყენებდნენ (ტყავის მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა, ელექტრონიკა). წარმოებამ მადნის ამოღება და გადამუშავება 1991 წლიდან შეწყვიტა. ურავის ქარხანა, ყველა თავისი დამხმარე ნაგებობა და ინფრასტრუქტურა ამჟამად დანგრეულია. ნარჩენების სამარხები რამდენიმე ადგილას არის მოწყობილი. დარიშხანი და ყველა მისი ნაერთი საწამლავია. ნიადაგში, წყალსა და ჰაერში დარიშხანის ჭარბი ოდენობა დაავადებებს იწვევს.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 29 ივნისს გამოაცხადა ტენდერი სოფელ ურავში ყოფილი სამთო-ქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე არსებული მავნე ნარჩენების საკონსერვაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით.

ტენდერში გაიმარჯვა შპს „ორნამენტმა“, ღირებულებით 749.8 ათასი ლარი. „ორნამენტის“ დამფუძნებელი და 100 % წილის მფლობელი გიორგი ციცქიშვილია. ხელშეკრულების პირობის მიხედვით, სამუშაოები ორ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო. პირველ ეტაპზე შესრულდებოდა 472.5 ათასი ლარის სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარულ დღეში, 2017 წლის 7 ნოემბრამდე. მეორე ეტაპის სამუშაოები, ღირებულებით 277.3 ათასი ლარი, დაიწყებოდა 2018 წელს - ხელსაყრელი კლიმატური პირობების დადგომისთანავე გაფორმდებოდა ხელშეკრულება და სამუშაოები დასრულდებოდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 დღეში.

ურავის ტერიტორიაზე შესასრულებელი სამუშაოები გულისხმობდა ყოფილი სამთო-ქიმიური ქარხნების შენობების დემონტაჟს, დაბინძურებული გრუნტის მოხსნას, წარმოქმნილი ნარჩენების სარკოფაგში განთავსებას და სხვა. მუნიციპალიტეტმა 2017 წლის 22 სექტემბერს ჩაიბარა და შპს „ორნამენტს“ აუნაზღაურა, მის მიერ დაქირავებული ექსპერტიზის და ტექნიკური ზედამხედველის მიერ დადასტურებული სამუშაოები, თანხით 180.2 ათასი ლარი. გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მიმწოდებელს ამ პერიოდისთვის შესრულებული უნდა ჰქონოდა სამუშაოების ძირითადი ნაწილი, თუმცა შეასრულა მხოლოდ 38%. მიუხედავად ამისა, არც მუნიციპალიტეტს და არც სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს არ დაუფიქსირებია მიმწოდებლის მიერ სამუშაოების შესრულების ნელი ტემპი და გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა.

სამუშაოებს ზედამხედველობას შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“ უწევდა, რომლის ვალდებულება იყო მუდმივი კონტროლი გაეწია სამუშაოების მიმდინარეობის პროცესისთვის და მუნიციპალიტეტისთვის დროულად მიეწოდებინა ინფორმაცია სამუშაოების ნელი ტემპით მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ტექნიკურ ზედამხედველს სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში არსებულ ხარვეზებზე დროული რეაგირება არ მოუხდენია. შპს შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრე ოთარ კერვალიშვილია, რომელიც ამავე დროს რაჭის გადარჩენისა და განვითარების კავშირის თანათავმჯდომარეა.

შპს „ორნამენტმა“ სამუშაოების ვადის დასრულებამდე 4 დღით ადრე, 2017 წლის 3-7 ნოემბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტს მისწერა წერილები, სადაც დააფიქსირა სამუშაოების შესრულებისათვის ხელისშემშლელი გარემოებები, კერძოდ: ხარჯთაღრიცხვის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელს სარკოფაგის ირგვლივ უნდა განეხორციელებინა მიწაყრილისა და პანდუსის მოწყობა, რისთვისაც საჭირო იყო მიწის მოსაჭრელად ტერიტორიის გამოყოფა. შპს „ორნამენტი“ ითხოვდა აღნიშნული ტერიტორიის მითითებას. ასევე, გამოიკვეთა, რომ სამშენებლო ნაშალის ფაქტობრივმა მოცულობამ შესაძლოა გადააჭარბოს ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულს, რის გამოც არსებობს რისკი, რომ ნარჩენი არ ჩაეტიოს სარკოფაგში; ასევე ბეტონის გადახურვის ფილები დემონტაჟის დროს იმსხვრეოდა და შესაძლოა, არ ყოფილიყო საკმარისი სარკოფაგის გადასახურად.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, მიმწოდებელი ითხოვდა პროექტის კორექტირებას და შესრულების ვადის გაზრდას. 2017 წლის 8 ნოემბრის შეთანხმებით, სამუშაოების მიწოდების ვადა გადაიწია 6 დეკემბრამდე. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, მოსაჭრელი მიწის ტერიტორია მიმწოდებელს სიტყვიერად უკვე ჰქონდა მითითებული, ასევე დოკუმენტების შესწავლით გამოვლინდა, რომ ნარჩენის სრული მოცულობის დათვლა შესაძლებელი იქნებოდა მათი სარკოფაგში სრული გადატვირთვის შემდგომ. შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ხელისშემშლელი გარემოებები არ იყო შესრულების ვადების ცვლილებისთვის საკმარისი საფუძველი, რადგან მიმწოდებელი სამუშაოებს არ ასრულებდა გეგმა-გრაფიკით და აღნიშნული პრობლემები ვადის ამოწურვამდე მხოლოდ 4 დღით ადრე დააფიქსირა. ვადის გადაწევაზე უარის თქმის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების პირობების მიხედვით მიმწოდებელს დაარიცხავდა პირგასამტეხლოს 34.7 ათასი ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს აქტებით ირკვევა, რომ 2017 წლის ბოლოსთვის მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა 241.3 ათასი ლარის სამუშაოები, რომლებიც მუნიციპალიტეტმა ტექნიკური ზედამხედველის და მიმწოდებლის მიერ დაქირავებული ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, სრულად ჩაიბარა და აანაზღაურა. ამ პერიოდისთვის, მიმწოდებელმა დაშალა ყოფილი სამთო ქიმიური ქარხნების შენობები, ასევე სამშენებლო ნაშალის ნაწილი მოათავსა სარკოფაგში. აღსანიშნავია, რომ

ჯანმრთელობისათვის სახიფათო სამშენებლო ნარჩენი, დაახლოებით 1000 კუბ.მეტრი, განთავსებული იყო ქარხნების დაშლის ტერიტორიაზე, სარკოფაგში განთავსების გარეშე.

სამუშაოების შესრულების ვადის გადაწევის მიუხედავად, მიმწოდებელი მაინც ვერ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს. იქიდან გამომდინარე, რომ საჯარიმო სანქციამ გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ს, 2018 წლის 13 მარტს მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

2018 წლის 15 მარტს მუნიციპალიტეტში შეიქმნა კომისია, რომელსაც უნდა შეესწავლა შპს „ორნამენტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი. 23 მარტის ბრძანებით, გაუქმდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და კომპანიას მიეცა სამუშაოების გაგრძელების შესაძლებლობა. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს: ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა სამუშაოს შესრულებისთვის ტენდერის მეშვეობით ახალი მიმწოდებლის გამოვლენის პერიოდი. ასევე ქარხნების ტერიტორიაზე განთავსებული ნარჩენების კონსერვაციის სამუშაოების დაუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია გარემოს დამატებითი დაბინძურება.

აღსანიშნავია, რომ სამშენებლო ნარჩენი ქარხნის დაშლის ტერიტორიაზე განთავსებული იყო დაახლოებით 4 თვის მანძილზე. ვინაიდან ნაშალი მასალა საფრთხის შემცველი იყო მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, მუნიციპალიტეტს პროცესები უნდა წარემართა იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ნარჩენების სარკოფაგში დროულად განთავსება.

მიმწოდებელმა პირველ ეტაპზე გათვალისწინებული სამუშაოები დაასრულა 8 თვის დაგვიანებით, 2018 წლის პირველ აგვისტოს.

შპს „ორნამენტთან“ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების მეორე ეტაპი უნდა დაწყებულიყო 2018 წელს ხელსაყრელი კლიმატური პირობების დადგომისთანავე. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობდა ხარვეზებით და დასრულდა 2018 წლის აგვისტოში, მეორე ეტაპის სამუშაოების გაგრძელებაზე შეთანხმება გაფორმდა 2018 წლის 4 სექტემბერს, ღირებულებით 277.3 ათასი ლარი. სამუშაოების მიწოდების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 22 ნოემბერი.

მიმწოდებელი დადგენილ ვადაში ვერ ასრულებდა მეორე ეტაპით განსაზღვრულ სამუშაოებს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2018 წლის 30 დეკემბერს, რის გამოც მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელთან შეწყვიტა ხელშეკრულება. ამ დროისთვის ტექნიკურ ზედამხედველს და მიმწოდებლის მიერ დაქირავებულ ინსპექტირების ორგანოს - შპს „რეალექსპერტს“ დადასტურებული ჰქონდა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები, თანხით 58.6 ათასი ლარი.

2019 წლის 23 იანვარს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ობიექტზე არსებული ხარვეზები. კერძოდ, დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მოწყობილი გეომემბრანა და გეოპლასტი არ შეესაბამებოდა საპროექტო მოთხოვნებს, ასევე გეოტექსტილი მოწყობილი იყო ხარვეზებით. აღნიშნული ხარვეზების შესახებ წერილობით ეცნობა შპს „ორნამენტს“ და შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოედგინა შესრულებული სამუშაოს აქტი ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გარეშე. მოთხოვნა არ შესრულებულა.

შპს „ორნამენტის“ მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოების მოცულობითი და ხარისხობრივი შეფასებისთვის, ამბროლაურის მერიამ 2019 წლის 29 იანვარს მიმართა „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“. საექსპერტო კომპანიამ დასკვნა წარმოადგინა 7 მარტს. დასკვნის მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 51.3 ათასი ლარი. ასევე დააფიქსირა სხვადასხვა ხარვეზი. გარდა მოცულობითი სხვაობებისა, გამოვლენილია გეომემბრანის ხარვეზი, რომლის ანაზღაურების უფლებამოსილება შემსყიდველს დაეკისრა. სამხარაულის დასკვნის საფუძველზე, მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს აუნაზღაურა მხოლოდ 22.4 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები.

ფარული სამუშაოს აქტები დამოწმებულია მიმწოდებლისა და შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ მიერ. ტექნიკური ზედამხედველი ვალდებულია სამუშაოების მიღება-ჩაბარებამდე ზედამხედველობა გაუწიოს მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, მხედველობაში მიიღოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფიქსირებული ხარვეზები და მუნიციპალიტეტს წარუდგინოს დაზუსტებული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს მოცულობების შესახებ, რაც შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ არ განუხორციელებია.

მიმწოდებელმა ორივე ეტაპზე განსაზღვრული სამუშაოები შეასრულა მიწოდების ვადების დარღვევით, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა მიმწოდებელს დაარიცხა საჯარიმო სანქცია, თანხით 219.1 ათასი ლარი.

შპს „ორნამენტთან“ გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან საჯარიმო სანქციის დაკავებას და გადარიცხვას ხაზინის ანგარიშზე, თუმცა მუნიციპალიტეტს შეეძლო მიემართა მიმწოდებლისათვის და არ გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება მანამ, სანამ მიმწოდებელი არ დაფარავდა მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ ვალდებულებას. მუნიციპალიტეტმა საჯარიმო სანქციის ამოღების მიზნით მიმართა სასამართლოს. იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტმა ვადის უსაფუძვლო გადაწევის გამო მიმწოდებელს არ დაარიცხა 34.6 ათასი ლარის პირგასამტეხლო, დავა მიმდინარეობს 219.1 ათასი ლარის საჯარიმო სანქციის მიღებაზე, ნაცვლად 253.7 ათასი ლარისა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა სამუშაოების მიმდინარეობისას ვერ დააწესა შესაბამისი კონტროლი და პროცესები ვერ წარმართა იმგვარად, რომ სამუშაოები დასრულებულიყო დროულად. ასევე, ქიმიური სამშენებლო ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში განთავსებული იყო ქარხნის ტერიტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას და აბინძურებდა გარემოს. ვადის უსაფუძვლო გადაწევის გამო, მიმწოდებელს არ დაერიცხა შესაბამისი პირგასამტეხლო და სასამართლო დავა მიმდინარეობს 34.6 ათასი ლარით ნაკლებ საჯარიმო სანქციაზე.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მუნიციპალიტეტმა ორჯერ გამოაცხადა ტენდერი დარჩენილი სამუშაოების დასრულების მიზნით. პირველი ტენდერი გამოცხადდა მაისში, რომელიც არ შედგა. მეორე ტენდერში გაიმარჯვა ამხანაგობა „ფარაონი და კომპანიამ“, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის 5 ივლისს. მიმწოდებელი სამუშაოებს ახორციელებდა გეგმა-გრაფიკთან მნიშვნელოვანი ჩამორჩენით, საჯარიმო თანხამ გადააჭარბა ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს, შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა მიიღო ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება. აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზანი იყო სოფელ ურავში არსებული სახიფათო ნარჩენებით დაბინძურებული ყველა წყაროს ლიკვიდაცია. შესაბამისად, მისი დროული განხორციელება განსკუთრებით მნიშვნელოვანი იყო როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის, ასევე გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების კუთხით. მიუხედავად პროექტის მნიშვნელობისა, მუნიციპალიტეტმა 2017 წლიდან აუდიტის მიმდინარეობის პერიოდამდე ვერ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება.  

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის ზვიად მხეიძის განმარტებით, ურავის სამთო-ქიმიური ქარხნის მავნე ნარჩენების კონსერვაციის პროექტი 2016 წელს მომზადდა და მისი განხორციელება 2017 წელს იქამდე დაიწყო, ვიდრე მას მერად აირჩევდნენ. მერი აუდიტის შენიშვნებს არ იზიარებს და ამბობს, რომ მერიას რაც შეეძლო, ყველა დარღვევაზე რეაგირება მოახდინა. მდინარემ ადიდების შემთხვევაში სარკოფაკის კედლები რომ არ გამორეცხოს, მერია ნაპირსამაგრების მოწყობაზე ტენდერის გამოცხადებას უახლოეს პერიოდში აპირებს და სამუშაოების დასრულებას 2020 წლის ზაფხულში ვარაუდობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში