საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომ შეიძლება დაკარგოს უშგულმა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:28 - 11 იანვარი 2021 hits 34529

მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანიდან 24 წლის შემდეგ, ზემო სვანეთის სოფელმა ჩაჟაშმა, შესაძლოა, საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი დაკარგოს.

უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 1996 წელს მიენიჭა, როგორც გამორჩეული ლანდშაფტისა და კარგად შემონახული თავდაცვითი კოშკებისა თუ საეკლესიო ნაგებობების მქონე ადგილს. ჩაჟაშთან ერთად უშგულის თემი კიდევ სამ სოფელს აერთიანებს - ჩვიბიანს, ჟიბიანსა და მურყმელს.

2004 წლამდე ძნელად თუ ვინმე გაბედავდა უშგულში ასვლას, სვანეთის გზაზე გახშირებული ყაჩაღობის ფაქტების გამო. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა საპოლიციო ძალებმა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა დაიწყეს, ზემო სვანეთის სოფლები, რომლებსაც ცოცხალი ეთნოგრაფიული მუზეუმი უწოდეს, ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. 2011 წელს ზუგდიდი-მესტიის 136 კილომეტრიანი საავტომობილო გზის და დაბა მესტიის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დასრულდა. ზუგდიდიდან მესტიაში ავტომობილით ასვლა 8 საათის ნაცვლად 2.5 საათში გახდა შესაძლებელი. გაიხსნა მესტიის აეროპორტიც, რომელიც  მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტთა სიაში მოხვდა. ზემო სვანეთში ტურიზმი ეკონომიკის წამყვან დარგად იქცა. სტატისტიკური მონაცემებით, 2015-2019 წლებში მესტიასა და უშგულს 760 ათასზე მეტი საერთაშორისო და შიდა ვიზიტორი ეწვია.

სასტუმროების დეფიციტის გამო, მოსახლეობამ ახალი, უმეტესად უნებართვო მშენებლობები დაიწყო. ზემო სვანეთში არ არსებობდა განაშენიანების რეგულირების გეგმა. ასე დამახინჯდა მესტია და უშგული. მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში მყოფ ჩაჟაშთან ახლოს კი ახალი დასახლება გაჩნდა - ლამჯურიში.

„წარმოგიდგენიათ, რამდენად ძნელია, ადამიანი, რომელიც 30 წელია არ ცხოვრობდა უშგულში, უკან ბრუნდება, სახლის მშენებლობა უნდა, მივიდე და ვუთხრა, არ ააშენო მეთქი“, - კაპიტონ ჟორჟოლიანი, რომელიც 2012 წლიდან მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელია, ამბობს, რომ სვანეთში სახლ-კარის აღდგენის მსურველისთვის უარის თქმა, მას უხერხულობას უქმნის.

2017 წლის ივნისში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უშგულში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდა. ყველა მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო. ხელისუფლება განაშენიანების გეგმის შედგენას 2018 წლის გაზაფხულამდე აანონსებდა. 2021 წელი დაიწყო და სივრცითი მოწყობის დოკუმენტი მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯერაც არ დაუმტკიცებია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, უშგულის თემის განაშენიანების გეგმა მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს გაუგზავნეს შესათანხმებლად, საიდანაც შენიშვნები მიიღეს და შემსრულებელ კომპანიას გადასცეს დასაბუთებული უარყოფისთვის ან გამოსწორებისთვის.

„მორატორიუმი გავაკეთეთ, რომ იმ ადამიანებმა, რომლებმაც გარკვეული ძალისხმევა დახარჯეს, უკანონოდ ააშენეს და დღეს ჩვენი სახელმწიფო არ არის ისე, რომ ვინმეს რამე უნგრიოს, მაგრამ არც ისე ვართ, რომ იუნესკოში ყოფნას საფრთხე შევუქმნათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ განაშენიანების გეგმამ უნდა მოიაზროს ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

გახსოვთ, მცხეთაც და ბაგრატიც, ზუსტად ამ დამოკიდებულებით, რომ UNESCO-თან შეთანხმების გარეშე ხდებოდა ყველაფერი, საფრთხის ქვეშ იყო, რომ გაერიცხათ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან. იმ ადამიანებს, ვინც უშგულში ცხოვრობენ და რამის გაკეთება უნდათ, ბარიერებს კი არ ვუქმნით, არამედ გვინდა, დავეხმაროთ, იგივე ნებართვის მიღებაში, თუ პროექტი იქნება, მაგრამ

მათ უნდათ, პირდაპირ მივიდნენ, ააშენონ და ჩვენ ამაზე თვალი დავხუჭოთ. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ასე ვერ იქნება. ვიღაცას შეიძლება მართლა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება უნდოდეს, მაგრამ ვიღაცას ახალი მშენებლობა. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს, ოთხსართულიანი სასტუმროების, რამაც ძალიან დიდი შიში მაქვს, რომ ჩაჟაშის იუნესკოში ყოფნას შეიძლება საფრთხე შეუქმნას.

ადიხარ ერთ წელს, ახალი ნაგებობა გხვდება, მეორე წელს ადიხარ, მეორე ნაგებობა, მესამე ნაგებობა... ჩვენ შეგვაქვს სასამართლოში ოქმები, კანონით როგორც არის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, მაინც გრძელდება ეს პროცესი. იმ ტოტს ვჭრით, რომელზეც ვზივართ, ეს არის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნა. რადიკალურად პრობლემურ საკითხად იქცევა იმ მოსახლეობისთვის, თუ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ყოფნას საფრთხე დაემუქრა. მუნიციპალიტეტის მერიას იგივე ვალდებულებები აქვს, რაც სააგენტოს, უკანონო მშენებლობების აღკვეთის და ხალხის მხარდაჭერის კუთხით. ადგილობრივ გამგებელთან არაერთი შეხვედრა გვქონდა, მემორანდუმიც გავაფორმეთ მერიასთან, მაგრამ ზედაპირული დამოკიდებულება თუ არის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლისადმი, მივიღებთ შედეგს, რომ ის აღარ იქნება UNESCO-ს ნუსხაში“.

„სტიქიურმა განაშენიანებამ განსაკუთრებით დააზარალა სოფლები ჩვიბიანი და ჟიბიანი, სადაც ისტორიულად დაუსახლებელ, ურბანული ლანდშაფტისათვის მეტად მტკივნეულ ადგილებში, ქაოტური, ყოველგვარ მასშტაბსა და არქიტექტურულ გამომსახველობას მოკლებული უსახური განაშენიანება გაჩნდა.

დღესდღეობით ჩვიბიანის ისტორიული იერსახე და განაშენიანების ქსოვილი დეგრადაციის პირზეა, დაკნინებულია მისი ლანდშაფტურ-არქიტექტურული სახე და ამგვარი მტკივნეული ჩარევები დღესაც გრძელდება ინტენსიური სახით“,

ვკითხულობთ უშგულის თემის სოფლების განაშენიანების რეგულირების დოკუმენტში, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით, კომპანია „გეოგრაფიკმა“ მოამზადა.

ხელოვნებათმცოდნე ირინე ელიზბარაშვილი, რომელიც შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებას იკვლევს, ამბობს, რომ უკანონო მშენებლობების კუთხით უშგულში არსებული მდგომარეობა კატასტროფულია.

უშგულში ვითარების ინსპექტირებისა და გადაწყვეტილების მისაღებად - დარჩება თუ არა ჩაჟაში მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, UNESCO-ს მონიტორინგის მისია საქართველოში 2020 წლის აპრილში უნდა ჩამოსულიყო. Covid 19-ის პანდემიის გამო ვიზიტი გადაიდო.

ეს ერთი წელი, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრები ჩაიკეტა და UNESCO-ს მისიის ვიზიტი დროებით ჩაიშალა, ვერც იმისთვის გამოვიყენეთ, რომ უშგულის თემში X-XII საუკუნეებში აშენებული სვანური კოშკებისა და მაჩუბებისთვის მიგვეხედა. ოთხივე სოფელში სულ 41 კოშკი, 7 ეკლესია და 87 მაჩუბია შემორჩენილი. 700-1000 წელს გაუძლეს და ახლა ინგრევა.

სოფელ ჩვიბიანში ჩარკვიანების საგვარეულო კოშკი 2017 წლის 22 ივნისს ჩამოინგრა. კოშკს დიდი ხნის განმავლობაში ბზარები ჰქონდა და გამაგრებას საჭიროებდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოშიც იცოდნენ. ჩამონგრევის შემდეგ სააგენტომ პირობა დადო, რომ ჩარკვიანების კოშკს აღადგენდნენ  და რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდებოდა. გაწმინდეს და ამ დრომდე ხუთსართულიანი კოშკის მხოლოდ ერთი სართულია აღდგენილი.

სოფელ მურყმელში 2015 წლიდან ინგრეოდა ჩარქსელიანების საგვარეულო, ექვსსართულიანი კოშკი. ბოლოს 2019 წლის ივლისში ჩამოიშალა. მხოლოდ 2 სართულიღა დარჩა. ნიკოლოზ ანთიძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ სააგენტო უზრუნველყოფდა ჩარქსელიანების კოშკის გაწმენდა-რეაბილიტაციის სამუშაოებსაც. ესეც მხოლოდ ნანგრევებისგან გაწმინდეს.

სააგენტოს მონაცემებით, ზემო სვანეთში იდენტიფიცირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან, გადაუდებელ რეაბილიტაციას 150-მდე კოშკი და მაჩუბი საჭიროებს. XIX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული, როდესაც სვანურმა კოშკებმა თავისი თავდაცვითი ფუნქცია დაკარგეს, მათი ნელ-ნელა ნგრევა დაიწყო. ყველაზე მეტად კოშკებსა და მაჩუბებს უშგულში, მულახსა და ადიშში უჭირთ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, 2019 წელს უნდა დაწყებულიყო კომპლექსური პროგრამა, რომელიც უშგულის თემის ორი სოფლის - ჟვიბიანის და ჩვიბიანის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. არც ამ პროგრამის განხორციელება დაწყებულა.  

საგანგაშო ვითარებაა სოფელ მურყმელში - სვანურად კოშკების სოფელს ნიშნავს (მურყვამ „კოშკი“). მე-19 საუკუნის მიწურულს სოფელში 80-მდე სვანური საბრძოლო კოშკი მდგარა. ახლა 10 კოშკიღაა. აქედან 8-ის სახურავი ჩანგრეულია. ერთი, შედარებით დაბალი, ადგილობრივებს გადაუხურავთ საკუთარი ძალებით, თუნუქით, წყალი რომ არ ჩასულიყო.

„არცერთი მაჩუბი და კოშკი არ არის მურყმელში, რომ რესტავრაციას არ ითხოვდეს. რაც თავი მახსოვს, უფრო და უფრო უარესდება მდგომარეობა. ჯერ სახურავი ინგრევა, მერე წყალი კედლებს მოსდევს და ასე გვენგრევა თავზე ჩვენი ისტორია. ახლა გაყინულია, თორემ სულ ცვივა ქვები. ყველა კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჩარქსელიანების კოშკი რამდენიმე წელი მხოლოდ ნახევარი იდგა ფეხზე, ისიც დაინგრა და კინაღამ ნანგრევებში მოვყევით. აქ ხალხი ვცხოვრობთ და საშიშია. ჩემს თვალწინ ჩამოინგრა.

გაზაფხულზე ვაპირებ, რომ ჩემი კოშკი თუნუქით მაინც გადავხურო, წყლისგან რომ დავიცვა. მერე მოვლენ და ჯარიმას დამიწერენ, მაგრამ მაინც გავაკეთებ. მთავარია არ ჩამოიშალოს.

თუნუქით გადახურვისთვის 1000 ლარი საკმარისია, ტრადიციული წესით რომ გადავხუროთ, სპეციალისტები გვჭირდება და მასალაც, სულ მცირე 10-15-ჯერ მეტი ღირს. ამდენის საშუალება კი არ გვაქვს“, - მოსე ჭელიძე 28 წლისაა. მურყმელში 10 წლის წინ დაბრუნდა და პანდემიამდე გიდად მუშაობდა. მისი ოჯახი, 1987 წელს მომხდარი სტიქიის შემდეგ, გარდაბანში ცხოვრობს.

ზვავმა მურყმელს ორჯერ გადაურა, 1976 და 1987 წლებში. ათობით სახლი დაინგრა და რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, მთაზე ტყის საფარი არაა და დიდთოვლობის დროს, ზვავი პირდაპირ მურყმელს უმიზნებს. ზვავგადავლილი კოშკები ისევ ფეხზე დგას, ჩარქსელიანების კოშკის გარდა.

„კვლევამ, რომელიც მურყმელში განაშენიანების გეგმაზე მუშაობისას ჩატარდა, აჩვენა, რომ მურყმელის მთავარი პრობლემა ზვავსაშიში ადგილია. იქ ამიტომ არის დეგრადირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, განსაკუთრებით მაჩუბები. პირველი, რაც მურყმელში უნდა გაკეთდეს, ზვავარიდების ინფრასტრუქტურის მოწყობაა. ეს არის უპირობო იმისთვის, რომ ნებისმიერი ჩარევა, რეაბილიტაცია გამართლებული იყოს. ზვავარიდების ნაგებობის მოწყობა ძეგლთა დაცვის სააგენტოს კომპეტენცია არ არის, მაგრამ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად დაიწყოს ამის მოწყობა“, - ნიკოლოზ ანთიძის თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ აქვს აზრი, მათ შორის, ჩარქსელიანების დანგრეული კოშკის რეაბილიტაციასაც, - „ეს თუ არ გაკეთდა, ზვავს ნებისმიერ დროს შეუძლია დააზიანოს და ისევ დაანგრიოს“.

2019 წლის 12 აგვისტოს, უშგულის მოსახლეობამ კოშკებისა და მაჩუბების გადარჩენის მოთხოვნით გზა გადაკეტა. აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს სოფელ ჩაჟაშში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მათი თქმით, უხარისხო იყო.

„გადახურვა მოხდა წვრილი ბოძებით. ჩაჟაშში ნიჟარაძეების რეაბილიტირებულმა მაჩუბმა ერთ ზამთარსაც ვერ გაუძლო და სახურავი ჩამოინგრა. ჩვენი დანაშაული ისაა, რომ თავის დროზე ხმა არ ამოვიღეთ. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც არ განახორციელა მონიტორინგი. როდესაც ფულს ხარჯავ, წელიწადში სამჯერ შეიძლება ვერ ახვიდე, მაგრამ ერთხელ მაინც უნდა ააკითხო და ნახო, რაში იხარჯება ფული და რამდენად ხარისხიანად მიმდინარეობს სამუშაოები. ბოლოს ისეთ პასუხებს ვიღებდით სააგენტოდან, თითქოს ჩვენ ვტყუოდით, ზამთარში სახლებს არ უვლიან, კოშკების სახურავიდან თოვლს არ ყრიან და უყურადღებობა ანგრევსო“ - მარეხ ჩარქსელიანს უშგულში ძეგლების აღდგენაზე ბევრი დაპირების გახსენება შეუძლია, მაგრამ სარესტავრაციო სამუშაოები მხოლოდ ჩაჟაშში ჩატარდა, ისიც არასრულად.

ნიკოლოზ ანთიძე ირწმუნება, რომ 2014 წლიდან ზემო სვანეთში დაახლოებით 200-მდე ძეგლის რეაბილიტაცია მოხდა: „საკმაოდ ბევრია კიდევ გასაკეთებელი და ამიტომ დაიწყო სამთავრობო პროგრამა სვანეთის ძეგლებისთვის, რაც გულისხმობს, რომ შარშან მომზადებული პროექტების საფუძველზე წელს განხორციელდება რეაბილიტაცია. წელსვე დაფინანსდება სხვა ძეგლებისთვის პროექტების მომზადება და მერე აღდგენა. ჩაჟაში მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია და იმიტომ ავიღეთ მთლიანად სოფელი. ჩაჟაშის შემდეგ უნდა მოხდეს ჟიბიანის, ჩვიბიანისა და მურყმელის რეაბილიტაციაც. ჩვენ რამდენიმე წელია ვაკეთებთ ჩარკვიანების კოშკის რესტავრაციას, ძალიან დიდი კოშკი იყო და დაინგრა უპატრონობისგან, უყურადღებობისგან - მცენარეული საფარი არ მოაშორეს თავის დროზე და ამან შეუწყო ხელი ძეგლის დაშლას. რაც შეეხება ზემო სვანეთის სხვა სოფლებს, ყველგან შევდივართ მცირეოდენი ინვესტიციით“.

სააგენტოს დირექტორი ძეგლების რეაბილიტაციის შეფერხების მიზეზებად არასაკმარის ფინანსებსა და კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს ასახელებს.

„საქართველო გამორჩეულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლით.

კვალიფიციური სპეციალისტები კატასტროფულად ცოტანი არიან. ეს ყველაფერი განაპირობებს, რომ ჩვენ ჯერ-ჯერობით მეხანძრის როლი გვაქვს. ბიუჯეტის და ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, წლის განმავლობაში დაახლოებით 200 ძეგლის რეაბილიტაციას ვახორციელებთ. სულ 35-40 კომპანიაა ამ სამუშაოების შესასრულებლად. ერთ კომპანიას საშუალოდ 4 ძეგლის რეაბილიტაცია უწევს. რა თქმა უნდა აისახება ხარისხზე.

მაგრამ ის მაჩუბი რატომაც ჩამოინგრა ჩაჟაშში, როდესაც რეაბილიტაცია დავასრულეთ, ჩვენგან ითხოვდნენ გადათოვლის სამუშაოების დაფინანსებას. ახლა თქვენ მითხარით, სახლს რომ გამიკეთებ, მადლობელი ხომ უნდა ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მერე მის ექსპლუატაციაში ცალკე თანხა რომ მოგთხოვოთ, მითხარით, ამას რა ჰქვია? ზუსტად, რომ არ გადმოთოვლეს, კოშკიდან დაეცა თოვლის მასა და ჩაამტვრია ის სახურავი. კომპანიას დავაკისრეთ და მეორე წელსვე აღადგინა. არაერთი ფაქტი შეიძლება მოუვლელობით მოხდეს. სწორი გამიჯვნა ხომ უნდა არსებობდეს კომპეტენციებში. შემოვდივარ კერძო საკუთრებაში, ვაკეთებ რეაბილიტაციას და მოვლის პასუხისმგებლობაც სახელმწიფოს უნდა დაეკისროს?

უშგულში საჯილდაო ქვად აქციეს, რომ თურმე მილიონები დაიხარჯა, არადა ჩაჟაშის 70 %-ზე სულ 2 მილიონ ლარზე ოდნავ მეტია დახარჯული, 40-ზე მეტი ძეგლია აღდგენილი მხოლოდ ჩაჟაშში.

2020 წელს ჩაჟაშში ორჯერ ჩაგვივარდა ტენდერი. ერთადერთი კომპანია, ვინც სვანეთში მუშაობდა, აღარ შეუშვეს. ოფიციალურად მომწერა კომპანიამ, რომ ჩაჟაშში აღარ იმუშავებდა.

შევხვდი ადგილობრივებს, თქვენ გააკეთეთ, დაგეხმარებით, რესტავრატორებს დაგახმარებთ, რომ ბაზარზეც დამკვიდრდეთ მეთქი. ორჯერ ჩამიგდეს ტენდერი. ხომ აბრალებდნენ წინა კომპანიას, რომ თურმე მილიონები იშოვეს, თვითონ ტენდერის თანხა ეცოტავათ. აბა, ტენდერი რატომ უნდა ჩამივარდეს? შედეგად რა მივიღეთ? შარშანდელი წელი ჩაჟაშისთვის იყო ამოვარდნილი“.

შპს „თაუერს +“, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იმარჯვებს,  2008 წელსაა დაფუძნებული. კომპანიის 100 % წილის მფლობელი ვახტანგ მარგიანია, დირექტორი კი მურად მარგიანი. შპს „თაუერს + - ს“ 2013 წლიდან, ტენდერების გზით, ზემო სვანეთში ძეგლების რეაბილიტაციისთვის, 5 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

ჩაჟაშში შპს „თაუერს +-ის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს აკრიტიკებდა ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობაც.

„ჩაჟაშის ისტორიულ ნაგებობებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება შემუშავებული პროექტის დარღვევით. მთელ რიგ შემთხვევებში გამოყენებულია არატრადიციული, არათავსებადი მასალები და ტექნოლოგიები (როგორიცაა ცემენტის დუღაბი, გადახურვებში რუბეროიდის ფენილი, გადახურვის გადაკერებული ძელები და ა.შ.). რიგ შემთხვევებში იკვეთება შემსრულებელთა მხრიდან შესაბამისი უნარ-ჩვევების არქონა (ფიქალის გადახურვის მოწყობა და აშ.)“, - ნათქვამია ICOMOS საქართველოს 2019 წელს გავრცელებულ განცხადებაში.

უშგულიდან „თაუერს +-ის“ გასვლის შემდეგ, 2019 წელს, ადგილობრივმა ბეთქილ ღვაჩლიანმა შპს „ქვის საუკუნე“ დააფუძნა. იგი ამ კომპანიის ერთადერთი მფლობელი და დირექტორია. „ქვის საუკუნემ“ 2020 წელს ერთადერთი ტენდერი მოიგო და 17 820 ლარი აქვს მიღებული სოფელ მურყმელში გურამ ჩარქსელიანის კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპისთვის (გაწმენდა).

„აქედან, თბილისიდან უშგულში არავინ წავა სამუშაოდ. მესტიელი არ შეუშვეს და ბოლოს იძულებული იყო, რომ გამოსულიყო. თბილისიდან როგორ წარმოგიდგენიათ, მე ვერ წარმომიდგენია. შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, იქ, სოფლებში განვითარება მოხდება თუ არ მოხდება“, - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

„მთის ამბები“ მურყმელში კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად იწყებს ადვოკატირების კამპანიას #გადავარჩინოთკოშკებისსოფელი. კამპანიის ფარგლებში, 2021 წელს „მთის ამბები“, რომელსაც ყოველწლიურად 40 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, მურყმელს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და კოშკების სოფლიდან კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, არაერთ მულტიმედია რეპორტაჟს მოამზადებს ქართული და უცხოური მედიისთვის, ასევე, დაგეგმავს და განახორციელებს სხვა აქტივობებს.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში