საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მთავრობამ „ნენსკრა ჰიდროს“ ჭუბერში 97 ჰექტარი მიწა ერთ დოლარად გადასცა

19:33 - 26 მარტი 2017 hits 2483

საქართველოს მთავრობამ სს „ნენსკრა ჰიდროს“, რომელიც სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე 280 მეგავატი სიმძლავრის ნენსკრა ჰესს აშენებს, სოფელ ჭუბერში 97,5 ჰექტარი მიწა საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის წესით, ერთ აშშ დოლარად გადასცა.

შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 2017 წლის 14 მარტს გამოსცა.

„ნენსკრა ჰიდრო“ ჰესს საპარტნიორო ფონდთან ერთად აშენებს. ჰესის პოტენციური გამომუშავება წელიწადში 1.2 მლრდ კვტ/სთ იქნება. მშენებლობა 2021 წელს დასრულდება, ჰესი კი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს.

ჰესის წყალსაცავში, რომელიც 200 ჰა ტერიტორიას დაფარავს, 182 მილიონი ტონა წყალი დაგროვდება. წყლის ამ მარაგს საქართველო ზამთრის პრობლემურ სეზონზე გამოიყენებს: 135 მეტრის სიმაღლის ნენსკრას კაშხლის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ, რომელიც მთლიანად საქართველოში დარჩება, ადგილობრივ ბაზარზე ზამთრის განმავლობაში იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის ნაწილი უნდა ჩაანაცვლოს. „ნენსკრა ჰესის“ მიერ გამომუშავებული 1 კვტ დენის ფასი, სავარაუდოდ, 6,5-7 აშშ ცენტი იქნება.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი დოლარია. მის დაფინანსებაში მონაწილეობენ: EBRD, აზიის განვითარების ბანკი -ADB და კორეის ექსიმ ბანკი. უშუალოდ ჰესის მშენებლობაზე 575 მლნ დოლარი დაიხარჯება, მისი შენახვისა და 35-წლიანი მართვის განმავლობაში კი დამატებით კიდევ 430 მლნ დოლარი. „ნენსკრა ჰესი“ ექსპლუატაციის პირველი 35 წლის მანძილზე კერძო საკუთრება იქნება, შემდეგ კი ინვესტორი კომპანია მას საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცემს. ჰესის სამშენებლო სამუშაოებს იტალიური კომპანია - SALINI IMPREGILO შეასრულებს. კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სვანეთში ამჟამად ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში