საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა პროექტებს განახორციელებს გზების დეპარტამენტი 2019-2020 წლებში ხევსურეთში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:37 - 19 თებერვალი 2019 hits 15702

„პირველ რიგში ვაკეთებთ გზას იქ, სადაც არის და სჭირდება რეაბილიტაცია. შატილის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლისთვის დასრულდება. წელსვე დაიწყება შატილიდან ხევსურეთის ბოლო სოფლამდე, არჭილომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. შესაძლოა გზა მივიყვანოთ სოფელ ხახაბომდეც“, - აცხადებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე „მთის ამბებთან“ ინტერვიუში.

2018 წელს დასრულდა ჩინთი-თვალივის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოების ღირებულება 8 562 700 ლარი იყო. პროექტი მსოფლიო ბანკმა დააფინანსა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 ლოტად მიმდინარეობს სოფელ თვალივიდან ჩარგლის გადასახვევამდე, ჯამში 16 კილომეტრი. სამუშაოების დასრულება 2019 წლის ივლისშია დაგეგმილი. პროექტის ჯამური ღირებულება 11 964 900 ლარია.

სატენდერო პროცედურებია დაწყებული ჩარგლის გადასახვევიდან სოფელ კორშამდე, ბარისახოს ჩათვლით (33 კმ - 51,15 კმ) გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით. სავარაუდო ღირებულება 11 473 022 ლარია.

ბარისახო-შატილის გზის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 5 ლოტზე, სამუშაოების ღირებულება შეადგენს 21 367 426 ლარს, მანძილი 53,8 კილომეტრს.

I ლოტი, კორშიდან სოფელ ბისომდე (ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ 52 - კმ 63), სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოიცავს; პროექტის ღირებულება 6 453 299 ლარია.

მე-2 და მე-3 ლოტის ფარგლებში გზის რეაბილიტაცია (21.5 კილომეტრი) მოხდება ბისოდან კისტანამდე. ორივე ლოტის სამუშაოების ღირებულება 8 109 659 ლარია.

მე-4 და მე-5 ლოტი მოიცავს კისტანიდან შატილამდე გზის რეაბილიტაციას (ჯამში დაახლოებით 21 კილომეტრი). ამ მონაკვეთის რეაბილიტაციის ღირებულება 6 804 468 ლარია.

მე-6 ლოტი მოიცავს 8 ხიდის მშენებლობას, სავარაუდო ღირებულება შეადგენს 8 977 000 ლარს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბარისახო-შატილის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს დაიწყება და 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.

„ჩარგლის გადასახვევამდე ასფალტირებული გზა იქნება, იქიდან ბარისახოს ჩათვლით კი ბეტონის საფარით. კორშის ზემოთ გზას პარამეტრებში მოვაქცევთ. ჩვენ ვსაუბრობთ გერმანული სტანდარტის გზაზე, რომლის სიგანე უნდა იყოს 5.5 მეტრი.

რატომ ვამბობ ამას, წარმოდგენა რომ შეექმნას ადამიანს. აქ არ არის საუბარი მაგისტრალური და განიერი გზის მშენებლობაზე. ეს არის ის მინიმუმი, რომ ორმა მანქანამ ერთმანეთს გვერდი აუაროს, დაუბრკოლებელი იყოს მოძრაობა როგორც მაღალი გამავლობის, ასევე სამგზავრო, მსუბუქი და სხვა ავტომობილებისთვის. საუბარია მიწის, ხრეშოვან გზაზე, სადაც 40-50 კმ საათში სიჩქარით მანქანების გადაადგილება უნდა იყოს თავისუფლად შესაძლებელი.

ამასთან, გზის რეაბილიტაციის შემდეგ, უამინდობის დროს გაწმენდით სამუშაოებს, ბევრად მეტი ეფექტი ექნება, ვიდრე დღეს აქვს. შესაბამისად, წლის განმავლობაში შატილამდე გზა უფრო დიდხანს იქნება ღია, ვიდრე დღეს არის“, - აცხადებს გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე.

2019 წლის სექტემბერში დაიწყება შატილიდან არჭილომდე მისასვლელი, 16.3 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია და 2020 წლის ნოემბერში დასრულდება.

სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 29 მილიონი ლარია. გზების დეპარტამენტში პროექტის შეთანხმება ახლა მიმდინარეობს. ირაკლი ქარსელაძის თქმით, არჭილომდეც ისეთი გზა უნდა გაკეთდეს, რომ მსუბუქმა მანქანებმა თავისუფლად იმოძრაონ.

მისივე თქმით, საავტომობილო გზა შესაძლოა სოფელ ხახაბომდეც მოეწყოს.

ციხე-სოფელი ხახაბო პირიქითა ხევსურეთშია. სოფლამდე სამანქანო გზა არასდროს ყოფილა. დათვიჯვრის უღელტეხილიდან ჭანჭახის წყლის გავლით ხახაბომდე 10 კილომეტრია. ამდენივეა არდოტიდან. ციხე-სოფლამდე საფეხმავლო ბილიკები მიდის. ბილიკებს რამდენიმე ადგილას მდინარე კვეთს. მდინარეზე საცალფეხო ხიდებიც არაა. ხახაბოში ზამთარში აღარავინ რჩება. ზაფხულობით ხახაბოსჭალაში 78 წლის მარიამ მინდიკაური და მისი შვილი, ბადრი ცხოვრობენ, ციხესოფელ ხახაბოში კი 36 წლის პაატა ხახიაური. 3-4 სართულიანი ციხე-სახლების ნანგრევები ჯერ კიდევ არის შემორჩენილი, მაგრამ აღდგენას ვერავინ ახერხებს. უგზოობას ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ასახელებენ.

რაც შეეხება სნო-ჯუთა-როშკის ახალი გზის მშენებლობას, ქარსელაძის განცხადებით, მშენებლობა მიმდინარეობს ორ ლოტზე, ღირებულება შეადგენს 4 850 000 ლარს, მანძილი 11,7 კილომეტრს. სამუშაოები დაიწყო 2018 წლის აპრილში და დასრულდება 2019 წლის ივნისში. ასევე, პროექტირება მიმდინარეობს ორ ლოტზე (ჯუთა-როშკა) საერთო სიგრძით 21,9 კილომეტრი, რომლის სავარაუდო ღირებულება 67 მილიონი ლარია.

„რატომ უნდა იყოს საავტომობილო გზა ჯუთიდან როშკამდე? ტურისტს, რომელსაც ყაზბეგიდან ხევსურეთში წასვლა სურს მანქანით, არ უნდა სჭირდებოდეს ჟინვალში ჩამოსვლა. ეს იქნება მოკლე გზა ჯუთიდან როშკაში, საიდანაც არჩევანი ექნებათ შატილისკენ, არხოტისკენ და ფშავისკენ“, - აღნიშნავს ირაკლი ქარსელაძე.

ბარისახო-შატილის და შატილი-არჭილოს გზების რეაბილიტაცია, ასევე სნო-ჯუთა-როშკას გზის გაჭრა, მაღალმთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზების მშენებლობის პროექტის ნაწილია. ამ პროექტის განხორციელების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის აგვისტოში განაცხადა.

სნო-ჯუთა-როშკა-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია საერთო ჯამში 24 ლოტად არის დაყოფილი. აღნიშნული გზის საერთო მანძილი 236,7 კილომეტრია, სავარაუდო ღირებულება 460 მილიონი ლარი. პანკისი-თუშეთისა და ხევსურეთი-თუშეთის გზების მშენებლობის პროექტები ჩავარდა.

„მთის ამბებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ქარსელაძე აცხადებს, რომ პროექტის მიხედვით, არჭილო-პატარა ბორბალოს გზა (ხევსურეთი-თუშეთი) გადის ზღვის დონიდან 3100 მეტრზე მაღლა, რის გამოც წელიწადში მხოლოდ ორი თვე იქნება განვლადი და მოვლა-შენახვა გაჭირდება. პროექტის თანახმად, არჭილოდან ბორბალომდე მანძილი 20 კილომეტრია, გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულებაა 64 მილიონი ლარი. პატარა ბორბალოდან თუშეთის ომალომდე 50 კილომეტრია, გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 58 500 000 ლარს შეადგენს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში