საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

კაის წელი ჩამდგარიყოს! იმედი გაჩნდა, რომ მთას ეშველება - ნიკო არდოტელი

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:54 - 31 დეკემბერი 2018 hits 9173

ჩემებო, ჩემო ფხოველნო არხვატს, გორშეღმისკენ, შუაფხოსკენ, სადაც ვინ ხართ, ჩემო გუდანელნო, მოგილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ღმერთმა კაის წელი გამოგვიცვალა, კაის წელი ჩამდგარიყოს ქუდოსნი-მანდილოსნისთვის, ორფეხ-ოთხფეხისთვის, ნაქონ-ნაყოლისთვის. გფარავდეთ და გიცავდეთ სალოცავები ფშავ-ხევსურეთისა, მთიულეთ-გუდამაყრისა.

ჯვარი სწერებიყოს იმ ნასოფლარებს, სადაც აღარვინ ჩქამობს, აღარვინ დადის, ციხე-კოშკები შემოგვტირიან, გვესაუბრებიან. საფლავ-სამარეები გაჩუმებულან, თოვლში მიტოვებულნი, ამძრახვდომი რომ არავინ ჰყავთ, სანთლის მიმტანი.

ნუ დავივიწყებთ წინაპართა დარეკილ ზარებს, იმათ ნაოფლარს, იმათ ნაომარს, ხმლით მოტანილ ტერიტორიას, სამშობლოს, ამ პატარა კუთხეს მოვეალერსოთ.

2018 წელი ხალისიანად წავიდა - იმედი გაჩნდა სულში, რომ მთას ეშველება, ინტერნეტი გაკეთდება. ხმას მივაწვდენთ, ერთმანეთისას გავიგებთ. ჩემი საფიქრალიდან ვხედავ, რომ არის ნიშანი იმისა - შემოიხედონ ხეობებში, სოფლებში, გზა იყოს, ხიდი იყოს.

ჭირზე, ლხინზე მიმავალი იქ მივიდეს, საითკესაც მიდიან და აღარ დატრიალდეს ის უბედურება, რაც მთას, სიმარტოვეს გამოუვლია. არ მინდა რომ მთა დაცარიელდეს.

2019 წელი ჩემთვის იმედის მომცემია. მპირდებიან, მეუბნებიან, მიხარია, რომ 2019 წელს ჩემს ადგილის ნაპირისად სოფლებს ტელეფონი ექნება. შეგვეძლება მთას, ბარს დავუკავშირდეთ,სამეგობროს, ოჯახებს. ვაგრძნობინოთ ერთმანეთს, რომ ჯერ არ დავთავებულვართ ქართველები, ჯერ შეგვიძლია მოფერება, მამულის სიყვარული.

ერთმანეთის მტრობა, შური, გაუტანლობა, ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ და ვისაც რა შეგვიძლია, ქვა ქვაზე დავდოთ და ავაშენოთ ქვეყანა. მე შემიძლია არდოტს ვიცოცხლო, ვცოცხლობ კიდევაც და არდოტში დავრჩე სამარისს. არსად ფეხის გამდგმელი არა ვარ, მაგრამ ჩემებო, ხანდახან გადმოგვხედეთ, შემოგვეფერეთ, იქნებ რა გვტკივა.

მთაზე ნაწერს, ნაფიქრალს, გადაღებულს რომ ვნახავ, ეს ჩემთვის უზარმაზარი იმედია. პირველ რიგში მთის ამბები მაინტერესებს. ბევრი კარგი საქმე კეთდება იმიტომ, რომ ინფორმაცია მიაქვს, შრომობენ, წვალობენ, აკეთებენ. ვთქვათ ინტერნეტის საქმე, რომელსაც უძღვებიან, ხედავენ. ხალხთან ურთიერთობა, შეხვედრები. ეს მაძლევს იმედს, მთაში ვიყვე. ხალისია, როცა შენიანი მოდის, შენს ტკივილებზე გელაპარაკება, გიიოლებს ცხოვრებას და ადამიანს მარტოობისა და სიკვდილის ხმა-ჩქამს გიკლავს, თორემ მარტოობაში დარჩენა ყველაზე დიდი სასჯელია - როცა მარტო ხარ ჭირთანაც, ლხინთანაც და შენი თანამოძმენნი ვერ მოვლენ იმიტომ, რომ ხან მთა იკეტება, თოვლია, ზამთარია. არსად არავინ, არაფერი ჩანს, მხოლოდ ყორნის ხმას გაიგონებ. მდინარეების ჩქამ-ჩქუმიც კი არ ისმის, გაყინულია მდინარეც და საკუთარ თავთან რჩები ძალიან ობლად. არდოტელი კაცი ვარ, არდოტის დამსხვრეულ, დაშლილ ციხე-კოშკებს, ნაშალ-ნაფუძარ კერებს რომ შევხედავ, სადაც წინაპარნი იდგნენ ხმლით, ფარით, საკარყმო იდგმოდა ჯვარისკარში. იმათ სასაფლაოებს რომ ჩავუვლი, რა ვუთხრა იმათ მარტუამ, ვერაფერს ვეჩქამები, ვერ ვესაუბრები.

როცა გაზაფხული მოვა, შენიანები ამოვლენ, სამშობლოზე შეყვარებული ხალხი ამოვა, მთის ამბებს ამოგიტანენ და ახალს გაიგებ, სხვანაირად ძგერს გულიც, სისხლიც, სიყვარულიც. სხვა ცეცხლი გეკიდება და ფიქრობ, რომ ჩემი სამშობლო ასე იოლად არც მოსაკლავია, არც წასაქცევია, არც დასაღუპია.

მთის საქმეს ვენაცვალე და ვინც მთაზე ფიქრობთ, ვისაც გიფიქრიათ, ვისაც გულთან ახლოს მიგიტანიათ, სალოცავთა წინ პირჯვარი გადაგიწერიათ და გიხვეწნიათ, ღმერთო მთა გადაარჩინეო, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში